საჯარო სამსახურში ვაკანსიაზე განაცხადის გაკეთება მხოლოდ სერტიფიცირებულ კანდიდატს შეეძლება
“...არ გექნებათ ისეთი მოდელი, სადაც ყოველი არჩევნების დროს ხალხის ნაწილი სამსახურს კარგავს და ახალი კადრებით ხდება დაკომპლექტება.”
ევროკომისიამ ვიზის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის განხორციელების შესახებ მესამე ანგარიშში კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა მხოლოდ ნაწილობრივ დაკმაყოფილებულად ჩათვალა და მთავრობას რამდენიმე რეკომენდაციით მიმართა. ერთ-ერთი, რასაც ევროპა კორუფციის პრევენციისა და მის წინააღმდეგ ბრძოლისათვის ითხოვს, საჯარო სამსახურის რეფორმა და ახალი კანონის მიღებაა. საჯარო სამსახურის ბიურო საჯარო სამსახურის შესახებ კანონპროექტს რამდენიმე დღეში გაასაჯაროვებს. უქმდება მოვალეობის შემსრულებლის ინსტიტუტი. ამასთან, ახალმა კანონმა ე.წ. ჩაწყობის მექანიზმის გაუქმებაც უნდა უზრუნველყოს-საჯარო სამსახურში მოსახვედრად აუცილებელი გახდება სასერტიფიკატო გამოცდის ჩაბარება. რეფორმის განხორციელების პროცესს კოორდინაციას საჯარო სამსახურის ბიურო უწევს.
eugeorgia.info შეეცადა გაერკვია რა კავშირია საჯარო სამსახურის რეფორმასა და კორუფციას შორის, ასევე, კორუფციის რა რისკებს აჩენს დღეს მოქმედი კანონი და როგორ უზრუნველყოფს მის წინააღმდეგ ბრძოლას საჯარო სამსახურის შესახებ ახალი კანონმდებლობის მიღება.
დღეს საქართველოში საჯარო სამსახურები ჯერ კიდევ 1997 წელს მიღებული კანონით მუშაობს. ახალი კანონის მიღების მცდელობა ხელისუფლებას დღემდე არ ჰქონია, არსებულში კი 90-ზე მეტი ცვლილება და დამატება შევიდა. “საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველოს” იურისტ გიგი ჩიხლაძის თქმით, ერთ-ერთი პუნქტი, რაც დღეს კანონში კორუფციისა და თანამდებობრივი უფლებამოსილების გადამეტების საფრთხეს ტოვებს, საჯარო მოხელის განვითარების პოლიტიკის არარსებობაა, რის გამოც მოქალაქე დამოკიდებული ხდება პოლიტიკურ გარემოსა და ხელისუფლების ცვლილებაზე.
“ყველას აქვს განცდა, რომ სამსახური არასტაბილურია. თუ მოხელეს ეცოდინება, რომ კვალიფიკაციის ამაღლებისა თუ კონკრეტული გეგმის შესრულების შემთხვევაში მას დააწინაურებენ, მაშინ ამით დასრულდებოდა საუბარი საჯარო სამსახურში ნეპოტიზმზეც. დღეს ეს კანონით გაწერილი არ არის და დამოკიდებულია საეჭვო პრეფერენციების მქონე თანამდებობის პირებზე, რომლებიც ტოვებენ შთაბეჭდილებას, რომ მათთვის მთავარი არა პროფესიონალიზმი, არამედ ერთგულება და წარსულში გაწეული პარტიული სამსახურია” -ამბობს გიგი ჩიხლაძე.
eugeorgia.info-თან საუბრისას USAID-ის (აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტო)დემოკრატიისა და მმართველობის ოფისის დირექტორის მოადგილემაც აღნიშნა, რომ მთავარი, რაც საჯარო სამსახურის რეფორმასა და კორუფციას აკავშირებს, სამსახურში აყვანის პროცესია. დევიდ სთოუნჰილის თქმით, რეფორმა შეამცირებს ალბათობას, რომ მოქალაქე მუშაობას კავშირების, მეგობრებისა თუ ოჯახის წევრების მეშვეობით დაიწყებს. საჯარო სამსახურის რეფორმის კონცეფციის შემუშავება USAID-ის პროგრამის – „დემოკრატიული მმართველობა საქართველოში“ – მხარდაჭერით განხორციელდა, სწორედ, აღნიშნულ კონცეფციაზე დაყრდნობით მოამზადა საჯარო სამსახურის ბიურომ კანონპროექტი.
“რეფორმით მოხდება საჯარო სამსახურის დეპოლიტიზება, არ გექნებათ ისეთი მოდელი, სადაც ყოველი არჩევნების დროს ხალხის ნაწილი სამსახურს კარგავს და ახალი კადრებით ხდება დაკომპლექტება. ერთ-ერთი განხილვისას ერთ-ერთმა პარლამენტარმა ნახევრად ხუმრობით თქვა: იმიტომ მომწონს საჯარო სამსახურის რეფორმა, რომ როდესაც მეზობელი დასაქმებას მთხოვს, შემეძლება ვუთხრა: ვწუხვარ, მაგრამ ვერ დაგაწყებინებ მუშაობას, რადგან უნდა გაიარო ტესტირება, აიღო სერტიფიკატი, ოფიციალური ვებგვერდით მიმართო და ეს მთელი პროცესია”- ამბობს სთოუნჰილი.
სამსახურში მიღების პროცესის მიმართ საზოგადოებაში ნდობის გაზრდას საჯარო სამსახურის ბიურო სავალდებულო სერტიფიცირებით გეგმავს. ბიუროს ხელმძღვანელის ეკა ქარდავას თქმით, ახალი კანონის დამტკიცების შემდეგ მხოლოდ სერტიფიკატის მქონე საჯარო მოხელეობის მსურველი კანდიდატები შეძლებენ გამოცხადებულ ვაკანსიაზე განაცხადის შევსებასა და კონკურსში მონაწილეობას. ასევე, ახალი კანონით დროებითი მოვალეობის შემსრულებლის ინსტიტუტიც უნდა გაუქმდეს, რომლის პრაქტიკაც ჯერ კიდევ 1997 წლიდან არსებობს.
“სერტიფიცრება ნეპოტიზმს გამორიცხავს. ეს იქნება უნიფიცირებული გამოცდა, რომლის მენეჯმენტსაც ბიურო გააკეთებს. გვაქვს ერთიანი ეროვნული გამოცდების გამოცდილება, ასევე, არსებობს ადვოკატთა უნიფიცირებული გამოცდები. მოქალაქეებს ექნებათ ნდობა, რომ თუ საკითხი კარგად ვიცი, შემიძლია სერტიფიკატი ჩემი ცოდნით ავიღო და არა ერთი ზარით განახორციელონ ე.წ. ჩაწყობა. ამასთან, მოვალეობის შემსრულებლად ვეღარ დავნიშნავთ პირს საჯარო სამსახურში, მხოლოდ კონკურსით შეიძლება შეირჩეს სერტიფიკატის მქონე კანდიდატებიდან ადამიანი, ვინც პროფესიული საჯარო მოხელე გახდება “- აცხადებს ქარდავა.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რაც საჯარო სამსახურის შესახებ ახალი კანონით უნდა დარეგულირდეს ანაზღაურების სისტემაა. დღეს კანონმდებლობაში სათანადოდ არ არის გამიჯნული თანამდებობრივი სარგო, დანამატი და პრემიები. საჯარო სამსახურში პრემიების გაცემის საკითხი არაერთხელ გახდა ხელისუფლების კრიტიკის მიზეზიც. საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 ივლისის N449 დადგენილებით, დამტკიცდა საჯარო დაწესებულებებში პრემიის ოდენობის განსაზღვრის წესი. “ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის” ანალიტიკოსის ნინო მერებაშვილის თქმით, დადგენილება მხოლოდ საჯარო მოსამსახურეთა პრემიებით წახალისების სისტემის დარეგულირებას ითვალისწინებდა და არაფერი იყო ნახსენები სახელფასო დანამატებზე, რის გამოც, ზოგ შემთხვევაში სახელწოდება პრემია უბრალოდ დანამატმა ჩაანაცვლა.
“მნიშვნელოვანია კომპლექსურად დარეგულირდეს ანაზღაურების სისტემა. როდესაც მხოლოდ პრემია ან დანამატია დარეგულირებული, კონკრეტული საჯარო უწყებები ცუდად იყენებენ კანონის ჩანაწერებს. მაგალითად, ენერგეტიკის სამინისტროში ამ აქტის ძალაში შესვლამდე იყო პრემიები, რაც შემდგომ დანამატებმა შეცვალა და დანახარჯი ზუსტად იგივე დარჩა”-ამბობს მერებაშვილი.
როგორც საჯარო სამსახურის ბიუროს ხელმძღვანელმა ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, ახალ კანონში გაიწერება, რომ პრემია მხოლოდ შეფასების სისტემაზე უნდა იყოს მიბმული, დანამატის გაცემის საფუძველი კი შეიძლება გახდეს კლასი, რომელიც მოხელეს გააჩნია, ზეგანაკვეთური სამუშაო და განსაკუთრებით საპასუხისმგებლო ფუნქციური დატვირთვა.
საჯარო სამსახურის რეფორმის კონცეფციის შემუშავებაში სამართლის დოქტორი პაატა ტურავაც მონაწილეობდა. ტურავას თქმით, კორუფციასა და ნეპოტიზმთან ბრძოლის მექანიზმების შექმნას საჯარო მოხელის სტატუსთან დაკავშირებული გარანტიები უზრუნველყოფს, თუმცა ვინ არის დღეს საჯარო მოხელე- ეს კვლავ შეკითხვად რჩება.
“მოხელის სტატუსი დღესაც არსებობს, მაგრამ არ ჩანს, რომ ის გარკვეული პროფესიული ჯგუფია და რომ ამ სტატუსს უკავშირდება გარკვეული გარანტიები, უფლება-ვალდებულებები და შეზღუდვებიც. რეფორმის შედეგად მოქალაქე მოხელის სტატუსს სერტიფიცრების გზით შეიძენს და ყოველთვის ექნება ეს სტატუსი, როგორც მოსამართლეს. მისი კარიერული წინსვლაც მოხდება უკვე შიდა დახურულ სისტემაში ქვემოდან ზევით. თუ არ ხარ სერტიფიცირებული, გარედან, უცებ ზედა საფეხურზე ვიღაცის ნათესაობის გამო ვერ აღმოჩნდები, რაც დღეს მარტივად ხდება”-ამბობს ტურავა.
დღეს საჯარო მოხელედ არ ითვლება სსიპ-ებში (საჯარო სამართლის იურიდიული პირი) დასაქმებულები, გარდა გამონაკლისი შემთხვევებისა. კონცეფციის მიხედვით, ფუნქციური ანალიზის შედეგად უნდა დადგინდეს თითოეული დაწესებულების ძირითადი და დამხმარე ფუნქციები, ასევე, დასაქმებული პირების რა ნაწილია მოხელე. ამ ეტაპზე მიმდინარეობს სამინისტროების ფუნქციური ანალიზი, 2016 წლიდან კი ანალოგიური კვლევა თვითმმართველობებსა და სსიპ-ებში ჩატარდება. საჯარო სამსახურის ბიუროს ფუნქციური ანალიზის მეთოდოლოგიის შემუშავებაში USAID ეხმარება.
“ზოგ შემთხვევაში, სსიპ-ებს მკაფიოდ გამოხატული საჯარო ფუნქციები აქვს, ზოგ შემთხვევაში-არა. უნდა გაიმიჯნოს რა არის თითოეულ სამინისტროში საჯარო სამსახურის საზღვრები, ასევე, არის თუ არა სამინისტრო ლოგიკურად სტრუქტურირებული, არის თუ არა მკაფიო თოთოეული დეპარტამენტის ფუნქცია. რეფორმა საშუალებას მისცემს სამინისტროებს მოახდინონ სტრუქტურირება, ისე რომ უფრო მეტ ეფექტიანობას მიაღწიონ”- ამბობს USAID-ის დემოკრატიისა და მმართველობის ოფისის დირექტორის მოადგილე დევიდ სთოუნჰილი.
საჯარო სამსახურის რეფორმის კონცეფცია ხელისუფლებამ გასული წლის ნოემბერში დაამტკიცა, რის საფუძველზეც შეიმუშავა ბიურომ საჯარო სამსახურის შესახებ კანონპროექტი, თუმცა რეფორმა კანონის მიღებით ვერ დასრულდება. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი თავად კანონში გაწერილი ღონისძიებების პრაქტიკაში განხორციელება იქნება. სამართლის დოქტორის, პაატა ტურავას თქმით, მთავარი რისკი რეფორმის პროცესში სწორედ ის არის, რომ თუ ყველა მექანიზმმა არ იმუშავა, სისტემა აზრს დაკარგავს- “კანონში დევს მთელი რიგი შემდგომი ღონისძიებები-რა უნდა გაკეთდეს. ეს ერთიანი სისტემაა, თუ შეფასების სისტემამ არ იმუშავა, იმაზეა მიბმული პრემიები და დანამატები. ამ მოდელის რისკი არის ის, რომ თუ მთლიანობაში ყველა დეტალი არ აამუშავე, სისტემა არ იმუშავებს. ცალკე აღებული - გააკეთო ან შეფასების სისტემა ან სერტიფიცრება, აზრი არ ექნება, თუ ერთად არ მოხდა ეს ყველაფერი. დღეს მხოლოდ კანონის მიღება შედეგს არ მოგვცემს“- ამბობს ტურავა.
eugeorgia.info-ს შეკითხვაზე-რატომ ვერ მოხერხდა კანონპროექტის შემუშავება მაინც ევროკომისიის მესამე ანგარიშამდე, მაშინ როდესაც ეს მოთხოვნა ვიზის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმაშიც იყო გაწერილი, საჯარო სამსაუხრის ბიუროს ხელმძღვანელმა გვიპასუხა:“კონცეფციის მიღებიდან 8 თვე გვქონდა ვადა კანონპროექტის შესადგენად, ჩვენ 5 თვეში შევქმენით. არ გვინდა მოკლევადიან შედეგზე ორიენტირებული კანონი და ამიტომ კონცეფციის შემუშავებას, რომელიც ძირითადი დოკუმენტია- თუ როგორი საჯარო სამსახურის შექმნა უნდა სახელმწიფოს- თითქმის 1.5 წელი მოვანდომეთ”
ევროკომისია წლის ბოლოს წარადგენს ვიზის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის შესახებ მორიგ ანგარიშს, სადაც ყურადღება იმ რეკომენდაციების შესრულებაზეც იქნება გამახვილებული, რომელიც კომისიის რიგით მესამე ანგარიშშია. შესაბამისად, ერთ-ერთი, რასაც ევროპელი ექსპერტები ყურადღებას მიაქცევენ საჯარო სამსახურის რეფორმაა. როგორც საჯარო სამსახურის ბიუროში განაცხადეს, საჯარო სამსახურის შესახებ კანონპროექტი მთავრობას განსახილველად თვის ბოლოს წარედგინება. როდის დაამტკიცებს მთავრობა ახალ კანონს, ეს უკვე პარლამენტსა და პოლიტიკოსების გადაწყვეტილებაზე იქნება დამოკიდებული. შედეგი კი წლის ბოლოს ევროკომისიის მეოთხე ანგარიშში აისახება, რომელზეც მნიშვნელოვანწილად იქნება დამოკიდებული საქართველოს მოქალაქეების ევროკავშირში უვიზო მიმოსვლა.
მაიკო გაბულდანი