ევროპაში ადრეული შეტყობინებისა და მონიტორინგის სისტემებით წყალდიდობის დროს ზარალი მინიმუმამდე დაყავთ
“სანამ არ დავიწყებთ ხარჯვას სწორი კვლევების ჩატარებასა და მონიტორინგის სისტემებში, ნებისმიერი მმართველი განწირული იქნება მსგავსი მოუმზადებლობებისთვის.”
ევროპაში მოქალაქეებს მოსალოდნელი წყალდიდობებისა და სხვა სტიქიური უბედურებების შესახებ რამდენიმე დღით ადრე აფრთხილებენ. ამერიკის შეერთებულ შტატებში შეტყობინების ნაციონალური სისტემა 1994 წლიდან მოქმედებს, იაპონია კი მოსახლეობის ინფორმირებისთვის ყოველწლიურად მილიონობით დოლარს ხარჯავს. დაზღვეული ამ ქვეყნებშიც არავინაა, თუმცა რისკები მინიმუმამდეა დაყვანილი. ადრეული შეტყობინებისა და მონიტორინგის სისტემების მნიშვნელობა საქართველოს კიდევ ერთხელ მწვავედ შეახსენა გასულ კვირას მდინარე ვერეს ხეობაში წყალდიდობამ.
eugeorgia.info უცხოური გამოცდილებით დაინტერსდა - როგორ აფრთხილებენ მოქალაქეებს, როგორ ხდება რისკების პროგნოზირება და სტიქიური უბედურებების მართვა ქვეყნებში, სადაც მთის მდინარეები მრავლადაა. “რაც არ უნდა იკამათონ, ასეთ მომაკვდინებელ ადგილებზე ადრეული შეტყობინების სისტემა, რაც შეიძლება მალე უნდა დამონტაჟდეს”- გვითხრა გეომორფოლოგმა გიორგი გოცირიძემ.
2002 წელს ელბასა და დუნაის ადიდებით გამოწვეული ძლიერი წყალდიდობის შემდეგ, ევროკომისიამ შეტყობინების ერთიანი ევროპული სისტემის შემუშავება დაიწყო. ეს სისტემა ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან დღეში ორჯერ იღებს მონაცემებს ამინდის პროგნოზისა და მდინარეების ნაკადების შესახებ. მიღებული ინფორმაციის საფუძველზე კი ქვეყნების შესაბამის ინსტიტუტებსა და ევროკომისიას შესაძლო წყალდიდობის შესახებ მინიმუმ 3 დღით ადრე აფრთხილებს. საშიშროების კრიტიკული ნიშნულის მიღწევის შემთხვევაში მოქალაქეებს ელექტრონული შეტყობინებებიც ეგზავნებათ.
“სპეციალისტების, ტექნიკის, კარგად გაწერილი პროცედურებისა და სწორად აწყობილი მენეჯმენტის კომბინაცია იძლევა საშუალებას რამდენიმე დღით ადრე მოხდეს შესაძლო განგაშის სიტუაციების შესახებ ინფორმირება და საევაკუაციო გეგმის არსებობის შემთხვევაში, სწორი მენეჯმენტით ხალხის გაყვანა შესაძლო კატასტროფის ადგილიდან. ვერეს მსგავსი ხეობები ნანახი მაქვს შვეიცარიაში, საფრანგეთში, ავსტრიაში, ასევე, ცნობილია ინდონეზიასა და იმ ქვეყნებში, სადაც მუსონური წვიმები ინტენსიურ გავლენას ახდენს მდინარის კატასტროფული ბუნების ფორმირებაზე. ძნელია ყველაფერი გათვალო. შეიძლება ყველაფერი სწორად დაგეგმო, მაგრამ გარდა სწორი დაგეგმვისა, არის საინფორმაციო ანუ ადრეული შეტყობინების სისტემები, რომელიც ასეთ შემთხვევებში, ადამიანთა სიცოცხლის გადარჩენას უზრუნველყოფს.”
ავსტრიაში აქტიურად იყენებენ ხმოვან სირენებს. დღეს ქვეყანაში დაახლოებით 70 ათასი სირენაა დამონტაჟებული და არცერთი დასახლებული პუნქტი შეტყობინების გარეშე არ რჩება. გაფრთხილების სისტემა მოქმედებს საფრანგეთის მთელ ტერიტორიაზე, დაახლოებით 4500 ელექტრონული ან ელექტრომექანიკური სირენის გამოცდა თვეში ერთხელ ხდება. შვეიცარიას 8500 სამოქალაქო თავდაცვის სირენების ქსელი აქვს, რომელსაც შეუძლია მოსახლეობის 99%-ის გაფრთხილება, ასევე, არსებობს კაშხლებთან ახლოს განთავსებული სირენების სისტემა. აშშ-ში კი ტელერადიოკომპანიები და მობილური კავშირის ოპერატორები მოსალოდნელი კატასტროფის შემთხვევაში კოდირებულ სიგნალს იღებენ, მათ კანონი ავალდებულებს მნიშვნელოვანი ინფორმაცია მოსახლეობას ოპერატიულად მიაწოდონ.
მენაშენეთა ასოციაციის თავმჯდომარე ირაკლი როსტომაშვილის თქმით, ვერეს მსგავს მდინარეებს უნდა ჰქოდეს საკუთარი ლაბორატორია, რომელიც მდინარის ქცევას დააკვირდება და შესაბამის შეტყობინებას გაგზავნის, იმ შემთხვევაში თუ მდინარე წვიმის შედეგად ან სხვა მიზეზით ჩაიხერგა. “დაკვირვება ხდება ძირითადად წვიმის დროს. მთის მდინარეს წყლის დებეტი პატარა აქვს და თუ არაწვიმიან დღეს ნაკადი შემცირდა, ესეც სიგნალია, რომ სადღაც ჩაიკეტა და ამას აკვირდებიან. სახელმწიფომ უნდა დაგვიცვას, ჩვენთვის საფრთხეა მდ. ვერე, სადაც გვჭირდება დარაჯი, რომელიც პრევენციას გააკეთებს და დროულად გვეტყვის- ხალხო, წყალი წამოვა მალე და გაიქეცითო. საცხოვრებლებზე უკვე აღარ არის საუბარი, მდინარის ხეობაში ხალხი არ უნდა ცხოვრობდეს.” - ამბობს როსტომაშვილი.
მდ. ვერეს ჰიდროლოგიურ რეჟიმს 1962 წელს გახსნილი ლაბორატორია სწავლობდა, რომელიც 13 ივნისის შემდეგ აღარ არსებობს. წყალდიდობის შედეგად ლაბორატორიის ერთ-ერთი შენობა მთლიანად დაინგრა და განადგურდა აპარატურა. ამ ეტაპზე მაქსიმალური, რაც საქართველოს მონიტორინგისთვის გააჩნია მეტეოროლოგიური სადგურების მცირე ქსელია. “შეიძლება, ერთი ადამიანი იდგეს მთის თავში, მეორე ქვემოთ და ამასაც მონიტორინგის სისტემა ერქვას. შეიძლება ავტომატიზებული იყოს და ყოველ 5 წუთში ერთხელ მოდიოდეს მდინარის დონის ცვალებადობის შესახებ ინფორმაცია ერთიან სისტემაში, რომელსაც ხედავს ყველა ჩართული უწყება, როგორც ეს უცხოეთშია. სხვადასხვა მიდგომაა, რაც უფრო ძვირია და მაღალტექნოლოგიური, მით უფრო ეფექტურია. ასეთი შემთხვევები მოტივია იმისა, რომ გავიღოთ ხარჯები უკეთესი სისტემების დასაყენებლად.“-ამბობს გეომორფოლოგი გიორგი გოცირიძე.
გოცირიძე ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრობლემად სათანადო და სწორი კვლევების ნაკლებობასაც ასახელებს და ამბობს, რომ დეტალური ზონირების რუკის არარსებობა მომავალში ყველა ხელისუფალს მსგავს სიტუაციაში ჩააყენებს.
“ამ ვითარებაში ვერაფერს გავაკეთებდით. ვინც არ უნდა მოვიდეს ხელისუფლებაში და მეორე დღეს აღმოჩნდეს კატასტროფული პროცესის რისკის წინაშე, მას არ ექნება რისკების ზონირების რუკა, რომლის მიხდევითაც დაგეგმავს. სამწუხაროდ, ახლა კარგი მომენტია ამის გასაკეთებლად, უნდა დაიხარჯოს რესურსი, დრო. ხვალ შეიძლება ჩამოწვეს მეწყერი, სადღაც 20 ან 120 კმ-ში, სადაც ასევე არ არის დეტალური ზონირების რისკის რუკა- იქ ვინღა იქნება დამნაშავე? სანამ არ დავიწყებთ ხარჯვას სწორი კვლევების ჩატარებასა და მონიტორინგის სისტემებში, ნებისმიერი მმართველი განწირული იქნება მსგავსი მოუმზადებლობებისთვის. ჩემთვის დაბრალებები მიუღებელია, როდესაც კვლევებისა და ანალიზის მიმართულებით მთელი ერი რაღაც ხაზს მიღმა ვიმყოფებით.”- ამბობს გოცირიძე.
მენაშენეთა ასოაციაციის ხელმძღვანელი ქალაქის ყოფილი მთავარი არქიტექტორი ფიქრობს, რომ დღეს ვერეს ხეობაში სარეკრეაციო ზონა უნდა შეიქმნას, წყლის ნაკადის შეჩერება კი მდინარის აუზში გაკეთებულ რეზერვუარში უნდა მოხდეს, სადაც წვიმის დროს წყალი დაგროვდება, დამბის გაკეთებამდე კი წვიმის დროს მდინარე ვერეში ჩასასვლელი გზები უნდა ჩაიკეტოს.
“როცა მაისსა და ივნისში დიდი წვიმა მოვა, ეს ტერიტორია დაცლილი უნდა გვქონდეს და წვიმის დაწყებისთანავე უნდა დავკეტოთ მდინარეში ჩასასვლელი გზები. ღვარცოფს მიიღებს და გაჩერდება, შესაბამისად, გზაც შეიძლება იყოს და პარკიც, ევაკუაციისთვისაც დრო გაქვს. როცა წვიმები გადაივლის, ამ წყალს ვაკეთებთ წყალსაცავად, იქნება უზარმაზარი ტექნიკური წყლის მარაგიც. წარმოიდგინეთ, ლისის ტბაზე დიდი ტბა, რომლის დაცლასაც მარტში დავიწყებთ, ისევე როგორც ამას ჟინვალი აკეთებს. ამისთვის საჭიროა მენეჯმენტი, რომ წვიმის შესახებ სიგნალის მიღებისთანავე ვიღაცამ გადაკეტოს. ასევე, საჭიროა ლოჯისტიკური და საორგანიზაციო გადაწყვეტა- იქ არავინ უნდა ცხოვრობდეს. ქალაქის ხელისუფლება ასე წარმომიდგენია- არქიტექტურის სამსახურმა აკონტროლო უნებართვო მშენებლობა, რომ იქ მუდმივი საცხოვრებელი არ გაკეთდეს, საინჟინრო სამსახურმა კი აკონტროლოს, რომ სისტემა გამართული იყოს და საჭიროების შემთხვევაში დაიკეტოს. ვერე აგრესიული მდინარეა და წვიმა დაიწყება თუ არა ვერეში ჩასასვლელი გზები უნდა დაიკეტოს, პატრულმა იაროს და ყველა გამოყაროს იმ ტერიტორიიდან, სანამ ეს დამბა გაკეთდება, ასევე, სვანიძის ქუჩაზე ხალხი არ უნდა ცხოვრობდეს, კიდევ რომ წამოვიდეს წვიმა და რამე ჩაიხერგოს ან პირობითად, გადავარდა სატვირთო მანქანა, გაიჭედა გვირაბში, უკვე ჩახერგილია, კიდევ უნდა დაიხრჩოს ხალხი?
2012 წელს კრასნოდარის მხარეში წყალდიდობამ 170-ზე მეტი მოქალაქე იმსხვერპლა. მაშინ გამოძიებამ დაადგინა, რომ ქალაქში საგანგებო მდგომარეობების დროს შეტყობინების სისტემა არ მუშაობდა, რის შემდეგაც რუსეთის პრეზიდენტმა ელექტრონული სისტემის შექმნის განკარგულება გასცა, თუმცა სისტემა დღემდე არ ამოქმედებულა.
სირენებს იყენებენ ჩინეთში, იაპონელებმა კი 2011 წელს მომხდარი ცუნამისა და მიწისძვრის შემდეგ წყნარ ოკეანეში მოწყობილობები განათავსეს, რითაც ხდება ცუნამის წარმოქმნის ადრეული დაფიქსირება.
1953 წელს ევროპის ჩრდილოეთ ნაწილში ძლიერი წყალდიდობის შემდეგ ჩრდილო ატლანტიკურმა ალიანსმა (ნატო) უბედური შემთხვევების დროს დახმარების პირველი სქემა აამუშავა. 1998 წელს შეიქმნა უბედურ შემთხვევებზე საპასუხო ევრო-ატლანტიკური კოორდინაციის ცენტრიც, აღნიშნული ცენტრის მეშვეობით მოხდა დახმარების კოორდინაცია წყალდიდობით დაზარალებულ ქვეყნებში, მათ შორის ალბანეთში, ბოსნია-ჰერცეგოვინაში, ჩეხეთის რესპუბლიკაში, რუმინეთსა და უკრაინაში.
ევროპის ქვეყნებისგან განსხვავებით, 13 ივნისის ღამეს მოსალოდნელი წყალდიდობის შესახებ ვერეს ხეობის მცხოვრებლები არავის გაუფრთხილებია, იმის მიუხედავად, რომ დაახლოებით, ერთი კვირით ადრე მიმდებარე ტერიტორიაზე ძლიერი წვიმის დროს ძაღლების თავშესაფარი დაიტბორა. 13 ივნისის ტრაგიკულმა შედეგმა ადრეული შეტყობინებისა და მონიტორინგის სათანადო სისტემების აუცილებლობა საზოგადოებასაც და ხელისუფლებას კიდევ ერთხელ დაანახა.
მაიკო გაბულდანი