ვის დაევალება შევსებული დეკლარაციების მონიტორინგი? - ევროკავშირი კანონში ცვლილებას წლის ბოლომდე ითხოვს
"ქონებრივი დეკლარაციების შევსებას აზრი აქვს იმ შემთხვევაში, როდესაც თანამდებობის პირმა იცის, რომ თუ მას თანამდებობასთან შეუთავსებელი ინტერესი ან დაუსაბუთებელი ქონება აქვს, დიდი ალბათობაა, რომ ამას აღმოაჩენენ. ეს ალბათობა დღეს არ არსებობს საქართველოში, ვინაიდან არა გვაქვს გადამოწმების სისტემა"
თანამდებობის პირთა ქონებრივი დეკლარაციების ნახვა ონალაინ რეჟიმში ყველა მსურველს შეუძლია, თუმცა საჯაროობა დეკლარაციებში ასახული ინფორმაციის სიზუსტეს ვერ უზრუნველყოფს. დღეს არცერთ სახელმწიფო უწყებას არ ევალება გადაამოწმოს declaration.gov.ge-ზე გამოქვეყნებული დეკლარაციები. საქართველოს ასოცირების შეთანხმების ფარგლებში აქვს ვალდებულება, რომ შექმნის დეკლარაციების მონიტორინგის სისტემას, როგორც კორუფციასთან ბრძოლის ერთ-ერთ საშუალებას. კორუფციასთან ბრძოლის მიზნით, დეკლარაციების მონიტორინგის მექანიზმის შექმნა იყო ევროკომისიის ერთ-ერთი რეკომენდაცია ვიზის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის მესამე შეფასებაშიც.
eugeorgia.info შეეცადა გაერკვია ვინ როგორ ავსებს დღეს ქონებრივ დეკლარაციას, რატომ ითხოვს ევროპა მონიტორინგს და რა ფაქტორები აფერხებს საქართველოს შეასრულოს ნაკისრი ვალდებულება.
ქონებრივი დეკლარაციების შესახებ რეგულაციები "საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ კანონშია” გაწერილი. “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” მკვლევარის ერეკლე ურუშაძის განცხადებით, დეკლარაციების სისტემის არსებობას აზრი მხოლოდ იმ შემთხვევაში აქვს თუ შესაძლებელია გადამოწმება და დარღვევების აღმოჩენა.
“დეკლარაციების სისტემას ორი მიზანი აქვს: ინტერესთა კონფლიქტის პრევენცია- ხომ არა აქვს თანამდებობის პირს მის თანამდებობასთან შეუთავსებელი ეკონომიკური ინტერესი და მეორე მიზანია უკანონო გამდიდრების პრევენეცია ან აღმოჩენა- ხომ არა აქვს თანამდებობის პირს ქონება, რაც ალოგიკურია მისი შემოსავლებიდან გამომდინარე და არალეგალური გზითაა მიღებული. ქონებრივი დეკლარაციების შევსებას აზრი აქვს იმ შემთხვევაში, როდესაც თანამდებობის პირმა იცის, რომ თუ მას თანამდებობასთან შეუთავსებელი ინტერესი ან დაუსაბუთებელი ქონება აქვს, დიდი ალბათობაა, რომ ამას აღმოაჩენენ. ეს ალბათობა დღეს არ არსებობს საქართველოში, ვინაიდან არა გვაქვს გადამოწმების სისტემა”-ამბობს ერეკლე ურუშაძე.
დღეს დეკლარაციების ნაწილს მხოლოდ არასამთავრობო ორგანიზაციები ან მედია ამოწმებს, თუმცა მათ მხოლოდ საჯარო ინფორმაციაზე დაყრდნობით შეუძლიათ დაასკვნან რამდენად შეესაბამება დეკლარაციაში მოყვანილი მონაცემები სამეწარმეო რეესტრში დაფიქსირებულ ინფორმაციას. “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” ერთ-ერთი ბოლო კვლევა ბათუმის მერიის თანამდებობის პირების კომერციულ საქმიანობაში მონაწილეობას შეეხება. კვლევის თანახმად გამოიკვეთა, რომ მერიის რამდენიმე თანამდებობის პირი რეესტრის მონაცემების მიხედვით სხვადასხვა კომპანიას მართავს და შპს-ს მეწილეა.
2014 წლის თებერვალში ადგილობრივი თვითმმართველობების შესახებ კანონში შესული ცვლილებების თანახმად, ქონებრივი დეკლარაციის შევსება ადგილობრივი თვითმმართველობის თანამდებობის პირებსაც დაევალათ, თუმცა ეს წესი კვლავ არ ვრცელდება საკრებულოს წევრთა უმრავლესობაზე, რომლებიც ასევე მონაწილეობენ გადაწყვეტილების მიღებაში.
“როდესაც კენჭისყრაზე საკითხი დგება, თუ საკრებულოს წევრს კერძო ინტერესები აქვს, კანონი ავალდებულებს თავი შეიკავოს კენჭისყრაში მონაწილეობისგან, მაგრამ როგორ უნდა გავიგოთ რა ინტერესები აქვს თუ მას არა აქვს ინტერესების დეკლარირების ვალდებულება. სასურველია, მცირე მოცულობის დეკლარაციების შევსების ვალდებულება მაინც დადგინდეს საკრებულოს რიგითი წვერებისთვის. მეორე კომპრომისული ვარიანტია, რომ მხოლოდ თვითთმართველი ქალაქების საკრებულოს წევრებზე გავრცელდეს და არა ყველა მუნიციპალიტეტის საკრებულოზე, რადგან თვითმმართველ ქალაქებს მეტი ბიუჯეტი აქვთ და კორუფციის მეტი რისკია”-აცხადებს ურუშაძე.
ვინ უნდა განახორციელოს მონიტორინგი-ეს ერთ-ერთი პრობლემური საკითხია. საქართველოს არა აქვს ანტიკორუფციული ბიურო, რომელიც ამ ფუნქციას შეითავსებდა. დღეს მხოლოდ ქონებრივი დეკლარაციების კანონით დადგენილ ვადებში წარდგენა კონტროლდება და ეს ფუნქციაც საჯარო სამსახურის ბიუროს აკისრია.“ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი” ხელისუფლებას ორფაზიანი მონიტორინგის სისტემას სთავაზობს-“პირველ ფაზაზე საჯარო სამსახურის ბიურო ამოწმებს დეკლარაციის სისწორეს, შევსების მექანიზმებს, თანხები ემთხვევა თუ არა, აქვს წვდომა ყველა ღია ინფორმაციაზე. თუ პირველადი მონიტორინგის პროცესში გაჩნდება კითხვის ნიშნები, უნდა გადაამისამართოს შესაბამის საგამოძიებო სამსახურთან, რომელსაც აქვს საბანკო ინფორმაციის გადამოწმების კომპეტენცია და უფრო დეტალურ მოკვლევას დაიწყებს”-ამბობს “ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის” გამგეობის თავმჯდომარე ლევან ავალიშილი.
ამ ეტაზე მონიტორინგზე პასუხისმგებელ ორგანოდ მხოლოდ საჯარო სამსახურის ბიურო განიხილება, ამის შესახებ eugeorgia.info-სთან ბიუროს ხელმძღვანელმა ეკა ქარდავამაც ისაუბრა.
“საჯარო სამსახურის ბიუროს, ალბათ, ცლილებების შესაბამისად დაეკისრება ვალდებულება, რომ განახორციელოს შევსებული დეკლარაციების მონიტორინგი. ეს არის მარტივი, რადგან ხშირ შემთხვევაში დაკავშირებულია ისეთ საკითხებთან, როგორიცაა: ფინანსები, პირადი ცხოვრება, პირადი მიზნებისათვის სხვადასხვა ნივთების შეძენა და ა.შ. რა მიმართულებით უნდა განხორციელდეს ეს მონიტორინგი ამას კანონი მოაწესრიგებს, მაგრამ მთავარია პროცესი იყოს გამჭვირვალე. ის თუ რამდენ დეკლარაციას გადაამოწმებს საჯარო სამსახურის ბიურო, იქნება საჯარო ინფორმაცია, გადამოწმების პროცესი შეიძლება იყოს კონფიდენციალური, რადგან ბევრ პირად ინფორმაციასთან გვექნება საქმე, თუნდაც იგივე საბანკო მონაცემები, რაც არ შეიძლება გახდეს საჯარო, პირის ნებართვის გარეშე მითუმეტეს. ასევე, შედეგებიც გახდება საჯარო, რომელსაც ბიურო მონიტორინგის შედეგად დადებს.“-აცხადებს ქარდავა.
საჯარო სამსახურის ბიურო შერჩევის მეთოდოლოგიაზეც უნდა შეთანხმდეს. შესაძლოა, რამდენიმე მეთოდი ერთად გამოიყენონ, მათ შორის რისკზე დაფუძნებული მოდელი- რამდენად რისკიანია თანამდებობა კორუფციის კუთხით, ასევე, რომელიმე არასამთავრობო ორგანიზაციის ან მედიის დასაბუთებული მიმართვის საფუძველზე დაიწყონ მოკვლევა. განიხლებოდა ალბანეთის გამოცდილებაც, სადაც ცალკეა ანტიკორუფციული ბიურო. “არის რბილი და ძალიან მკაცრი სისტემები. ალბანეთში ძალიან მკაცრი სისტემაა, იქ ცალკეა ანტიკორუფციული ბიურო, რომლის ვალდებულებაშიც შედის ამ ყველაფრის მართვა. მსგავსი სისტემაა მოლდოვაშიც, მაგრამ იქ არ არის ეფექტური, დეტალებში შემოწმების არანაირი უფლებამოსილება არ არსებობს და რეალურად, არაეფექტურად მუშაობს. გააჩნია როგორ სისტემას ვირჩევთ- მკაცრს, სადაც შესაბამის ორგანოებს აქვთ უფლებამოსილება, რომ შეამოწმონ ყველაფერი, საბანკო ანგარიშების დონეზე თუ არა, იმიტომ რომ ბევრ კანონში იქნება ცვლილებები შესატანი, საბანკო საიდუმლოება კიდევ ცალკე კანონია. რამდენად უნდა იყოს დაშვებული, რომ სახელმწიფომ აკონტროლოს ჩვეულებრივი მოქალაქეების საბანკო მონაცემები, იმიტომ რომ ეს სერიოზული ინსტრუმენტია ზემოქმედების, მათ შორის საჯარო მოხელეებზე, ბევრი რისკია და არ არის მარტივი.”- ამბობს ავალიშვილი.
შეკითხვაზე უზრუნველყოფს თუ არა დეკლარაციების მონიტორინგი პრობლემის აღმოფხვრას?-“საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” მკვლევარი ერეკლე ურუშაძე აცხადებს, რომ მხოლოდ ნაწილობრივ, რადგან კანონით თანამდებობის პირებს მთელი რიგი წესების დაცვა მოეთხოვებათ, რომელთა პრაქტიკაში შესრულების უზრუნველყოფის მექანიზმი კვლავ არ იარსებებს.
“ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ კანონი“ დღესაც ადგენს მთელ რიგ შეზღუდვებს თანამდებობის პირებისთვის- ბიზნესში როგორ შეუძლიათ ან არ შეუძლიათ მონაწილეობა, საჩუქრების მიღება. ასევე, არის შეზღუდვები საჯარო სამსახურის კანონის მიხედვით - როდესაც თანამდებობის პირები ტოვებენ სამსახურს, მათ არ შეუძლიათ 3 წლის განმავლობაში მუშაობა დაიწყონ კერძო სექტორის კომპანიაში, რომელსაც ზედამხედველობდნენ საჯარო სამსახურში ყოფნისას, ასევე ლობისტური საქმიანობის შესახებ კანონი არეგულირებს პარლამენტარების ლობისტებთან ურთიერთობას. ყველა ეს დებულება კანონშია, მაგრამ არ არსებობს პრაქტიკაში მათ შესრულებაზე მონიტორინგის მექანიზმი. არცერთ საჯარო უწყებას არა აქვს დავალებული, რომ მოახდინოს ყველა ამ წესის დაცვის მონიტორინგი და დიდია ალბათობა, რომ ეს წესები ირღვევა თანამდებობის თუ საჯარო მოხელეების მხრიდან”-ამბობს ურუშაძე.
როგორც საჯარო სამსახურის ბიუროს ხელმძღვანელმა eugeorgia.info-თან საუბრისას აღნიშნა, ამ ეტაპზე "საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ კანონში" შესატანი ცვლილებების რამდენიმე ვარიანტზე მიმდინარეობს მუშაობა და კანონში ცვლილებები წლის ბოლომდე შევა, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ მონიტორინგიც ავტომატურად დაიწყება. ქარდავას თქმით, მონიტორინგის განსახორციელებლად ბიუროს სჭირდება კადრების დამატება, ფინანსური უზრუნველყოფა და შესაბამისი ბაზების ელექტრონული გამართვა, რათა ინფორმაცია ტექნიკური საშუალებებით მოიძიოს, რაც მას დღეს არ გააჩნია.
ასოცირების შეთანხმების 2015 წლის სამოქმედო გეგმის მიხედვით, "საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ კანონში” ცვლილებების დასამტკიცებლად ხელისუფლებას ვადა წლის ბოლომდე აქვს.
მაიკო გაბულდანი