როგორ გახდა ესტონეთი ევროპული ქვეყანა
„მიწების გაყიდვას ყველგან ნეგატიურად უყურებენ, ეს პრობლემა ესტონეთშიც იყო“
„წლების წინ ესტონელები გაცილებით ემოციურად იღებდნენ უცხოელი ინვესტორების შემოსვლას და მიწების შესყიდვას, მაგრამ ჩვენ ევროკავშირში ვართ და ვიცით, რომ ერთიანი ოჯახი უნდა ავაშენოთ. ვხედავთ ევროკავშირის პოტენციალს და მზად ვართ მათთან ერთად ვიმუშაოთ“, – ამბობს ივარი პადარი, ესტონეთის სოფლის მეურნეობის ყოფილი მინისტრი, რომელიც ამჟამად პარლამენტის შესაბამის კომიტეტს ხელმძღვანელობს.
ესტონეთი უკვე 11 წელია ევროკავშირის წევრია, მაგრამ უცხოელების მიერ მიწის ყიდვას ქვეყნის მოსახლეობა დღესაც გულგრილად ვერ უყურებს, განსაკუთრებით რეგიონებში. მართალია, საზღვრების გახსნის შემდეგ ესტონეთში ბევრი უცხოელი არ ჩასულა (ემიგრანტების რიცხვი დღესაც ძალიან მცირეა ესტონეთში), უცხოელი ინვესტორების მიმართ დამოკიდებულება უკეთესობისკენ შეიცვალა, მაგრამ ამ საკითხის მიმართ მოსახლეობა კვლავაც სენსიტიურია. ბოლო დროს მოსახლეობის უკმაყოფილებას იწვევს გავრცელებული ინფორმაცია ევროკავშირში შემავალი ქვეყნების ტერიტორიაზე ხმელთაშუაზღვისპირეთიდან ემიგრანტების განაწილების შესახებ. უფროსი ასაკის ესტონელები სხვა ეროვნების ადამიანებთან ასიმილაციის საფრთხესაც ხედავენ.
„მიწის რესურსს ყველა ქვეყანაში მთავარ სიმდიდრედ მიიჩნევენ, ამიტომ მოსახლეობა მიწების გაყიდვას ყველგან ნეგატიურად უყურებს. რა თქმა უნდა, ეს პრობლემა ესტონეთშიც იყო, – ამბობს ივარი პადარი,– თუმცა, წარმატებული ინვესტიციის ბევრი პოზიტიური მაგალითი გვაქვს. მაგალითად, ფინელმა ფერმერმა გაკოტრების პირას მყოფი საწარმო იყიდა და იმისგან მთელი რეგიონისთვის საჩვენებელი საწარმო გააკეთა. ასევე, ესტონეთში ჩამოვიდა ამერიკელი ბიზნესმენი, რომელსაც ერთ–ერთი პირველი მეცხვარეობის ფერმა აქვს. ხშირად უცხოელ ინვესტორებს კარგი პრაქტიკა შემოაქვთ ესტონეთში. ასე, რომ ესტონეთის გამოცდილება ამ მხრივ პოზიტიურია“.
დამოუკიდებლობის მოპოვებისთანავე ესტონეთმა საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლის შესახებ განაცხადა და საზღვრები გახსნა. ბუნებრივია, თავიდან დახლები იმპორტირებული პროდუქციით გაივსო. ადგილობრივი წარმოებისთვის რთული დრო დადგა. მათ გაცილებით მაღალი ხარისხის, ლამაზად შეფუთული პროდუქტისთვის უნდა გაეწიათ კონკურენცია. დღეს ესტონეთში ამბობენ, რომ თავისუფალი ბაზრის პრინციპმა გაამართლა, ადგილობრივმა წარმოებამ ევროსტანდარტებზე გადაწყობა რთულად, მაგრამ მაინც მოახერხა და დღეს უკვე ბევრი პროდუქტით ადგილობრივ მოთხოვნას სრულად აკმაყოფილებს და ექსპორტზეც გააქვს. მაგალითად, ნატურალური რძით ადგილობრივი ფერმები ბოლო წლები რძის პროდუქტების საწარმოებსაც სრულად აკმაყოფილებენ და ნატურალურ რძეს მეზობელ ლატვიასაც აწვდიან. საინტერესო ფაქტია, რომ ქვეყანაში ძროხების რაოდენობა მცირდება, მათი პროდუქტიულობა კი მატულობს. ესტონეთი სრულად აკმაყოფილებს ადგილობრივ მოთხოვნას ხორბალსა და კარტოფილზე.
„ამის გაკეთება რთული იყო, მაგრამ ამ კონკურენციის მეშვეობით გავძლიერდით. ადრე სავაჭრო დახლებზე რძის პროდუქტების უმეტესობა იმპორტული იყო. ახლა პირიქითაა–მხოლოდ რამდენიმე პროცენტია უცხოური. ეს იმიტომ, რომ უფრო კონკურენტუნარიანი პროდუქტის წარმოება დავიწყეთ. ბევრი პროდუქტი, რასაც მოვიხმართ, ადგილობრივია. ლიბერალიზაცია ძალიან რთული იყო, მაგრამ გადავიტანეთ. გამოჩნდა, რომ 90-იანში გარდაქმნა ერთბაშად რომ დავიწყეთ უცხოელიც და ადგილობრივიც თანაბარ პირობებში ჩავაყენეთ, სწორი იყო“, ამბობს პადარი.
მიწის რეფორმა ესტონეთში
ბოლო დროს ესტონეთში ფერმების გამსხვილების პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. აგროწარმოებაც თავს იყრის მსხვილი ჰოლდინგების ხელში. კონკურენციის ზრდის გამო ბევრმა მცირე ჰოლდინგმა აგროსფეროში მუშაობა შეწყვიტა. 2013 წლის მონაცემებით, ქვეყანაში სულ 19 200 აგროჰოლდინგია. სახნავ–სათეს მიწას ესტონეთში მთლიანი მიწის 25% უკავია, გაცილებით დიდ ტერიტორიას ტყე იკავებს– 45%–ს. 17%–საძოვარი და სათიბია.
მსხვილი ფერმერული მეურნეობების შექმნა ესტონეთში მიწის რეფორმის შემდეგ დაიწყო. მიწის ახალი რეფორმა ესტონეთმა დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ 1991 წელს წამოიწყო. რეფორმას ორი მიზანი ჰქონდა: მიწის დაბრუნება ძველი მფლობელებისთვის, ვისაც საბჭოთა რეჟიმის დროს უკანონო ექსპროპრიაციის დროს ჩამოართვეს და მეორე– მიწის, როგორც ძვირფასი რესურსის დამუშავება და ათვისება. მიწის გარეშე დარჩენილ ფერმერებს მისი ყიდვა საბაზრო ფასზე გაცილებით დაბალ ფასად შეეძლოთ ანუ მთავრობის გადაწყვეტილებას ნაწილობივ სოციალური ხასიათი ჰქონდა. ქვეყნის ევროკავშირში შესვლის შემდეგ ესტონეთმა ყველა ბარიერი მოხსნა ინვესტორებისთვის. ნებისმიერ მსურველს შეეძლო მიწის ყიდვა.
სირე ენსალუ ესტონელი ფერმერი ქალია. მეცხოველეობის ფერმა ტალინის გარეუბან საკუში აქვს. ესტონეთის დედაქალაქიდან მის ფერმამდე 20 კილომეტრია. კეთილმოწყობილი გზა ტალინიდან თვალუწვდენელი, მწვანედ მოხასხასე მინდვრების გასწვრივ მიდის. სირე ენსალუს ფერმა „ესკო“ ეკოლოგიურად სუფთა გარემოში მდებარეობს, ლამაზად მოწყობილი ეზოებით, ყვავილნარით და დეკორატიული ხეებით. ეზოში ძველებური ხის 2 სახლი დგას, ჩვენთან ფინურ სახლს რომ ეძახიან. ასეთ ხის სახლებში ცხოვრობენ ყველა ესტონურ ხუტორში. ბუნებრივი აირი ესტონეთის რეგიონებში არ არის, ამიტომ სახლებს ძველებური შეშის ღუმელით ათბობენ. ფერმა „ესკო“–ში, ისევე როგორც სხვა ფერმებში, სწრაფი wi-fi -ია. ინტერნეტი ფერმის ნებისმიერ წერტილში შეუფერხებლად მუშაობს. ქვეყნის სრული ინტერნეტიზაცია ესტონეთის კიდევ ერთი პლიუსია.
შვეიცარიული ჯიშის საუკეთესო მეწველი ძროხები სირე ენსალუს დღეში 800 ლიტრამდე რძეს აძლევენ. ხაჭოს, კარაქს, იოგურტსა და გაუდას ტიპის ყველს ფერმაშივე მოწყობილ საწარმოში ამზადებს. იქვე აფასოვებს და სარეალიზაციოდ 50 პუნქტში მიაქვს. რძის პროდუქტებს „ესკოს“ ბრენდით სავაჭრო ცენტრები, საბავშვო ბაღები, საკონდიტროები და რესტორნები ყიდულობენ.
„კვირაში 2-ჯერ ვაკეთებთ იოგურტს და აქვე ვაფასოვებთ. ყველი გაუდას ტიპის არის. მისი რეცეპტი ინტერნეტში მოვიძიე წავიკითხე და დამზადების წესიც ვისწავლე. კლიენტებთან უმეტესად ჩვენ თვითონ მიგვაქვს. ვისაც ნატურალური და ახალი პროდუქტი უნდა, ჩამოდის და ადგილზე ხუტორში ყიდულობს. ჩვენი კარაქი 12 ევრო ღირს“, –ამბობს ესტონელი ფერმერი.
რა მისცა ევროკავშირმა ესტონეთს
პროფესიით ექიმმა სირე ენსალუმ 90–იანი წლების დასაწყისში გადაწყიტა სოფლად გადასახლება და ფერმის მოწყობა. 46 ჰექტარი მიწა და 8 ძროხა მთავრობამ უსასყიდლოდ მისცა. მეორადი სასოფლო–სამეურნეო ტექნიკა ფერმერებს მეზობელმა ქვეყნებმა ფინეთმა, შვედეთმა და გერმანიამ აჩუქეს. როგორც სირე ენსალუ ამბობს, იმ პერიოდში ბევრმა ესტონელმა გადაწყვიტა ხელი ფერმერობისთვის მოეკიდა.
ამის შემდეგ ფერმერებს სახელმწიფოსგან სუბსიდიები აღარ მიუღიათ. მათ გაფართოებაზე ზრუნვა თავად მოუხდათ.
„ამის შემდეგ 10 რთული წელი გავიარეთ. სახელმწიფო არც სუბსიდიით დაგვხმარებია, არც შეღვათები მოუცია, ამბობს ენსალუ,–სესხებზე ბანკთან პირდაპირ ჩვენ უნდა მოგველაპარაკა. გაფართოებისთვის თვითონ მოვიძიეთ ფინანსები, ახალი სახძოხე ავაშენეთ. სახელმწიფოს მხრიდან დახმარება ის იყო, რომ შვედეთიდან ჩამოდიოდნენ სპეციალისტები, ათვალიერებდნენ საძოვრებს, გვაძლევდნენ რჩევებს, რადგან თავიდან რა გაგვეკეთებინა არ ვიცოდით. ესტონეთშიც იყვნენ სპეციალისტები, ვინც პროცესს აკვირდებოდა, გვასწავლიდა და ჩვენ ამაში ფულს ვიხდიდით. ახალ სტანდარტებზე გადაწყობა იყო საჭირო. ეს დიდ დროს და ცოდნას მოითხოვდა, ამ დროს უამრავი საქმე გვქონდა ფერმაში“.
ფერმერი ამბობს, რომ სახელმწიფოს მხრიდან მათ მიმართ თავიდანვე იყო მოთხოვნა, რომ წარმოებული პროდუქცია ევროსტანდარტის შესაბამისი უნდა ყოფილიყო.
„თუ თანამედროვე მეთოდების შესახებ არ იცი და ვერ აკეთებ, პროდუქციის გაყიდვის ნებას არავინ მოგცემს. მაქვს ყველა საჭირო სერთიფიკატი, რასაც ევროკავშრირის კანონმდებლობა ითხოვს. ყველა დიდი ქალაქში არის ლაბორატორია, სადაც ვგზავნით პროდუქციას, რძეს, ხაჭოს, კარაქს, ანალიზი უკეთდება. ამის გარდა ჩამოდიან მაკონტროლებლები. მათ შეუძლიათ ნებისმიერ დროს შემოვიდნენ ფერმაში და გააკეთონ ანალიზები, რომ ყველაფერი წესრიგში იყოს“, ამბობს სირე ენსალუ.
ფერმერები სახელმწიფო სუბსიდიების გაერშე
ესტონეთის მთავრობამ სუბსიდიებზე თავიდანვე უარი თქვა და ფერმერებსაც ფინანსების მოძიება საკუთარი ძალებით დასჭირდათ(დახმარების პროგრამებს ესტონეთში ძირითადად ევროკავშირი ახორციელებს). ბანკებთან რთული იყო მოლაპარაკება, ამიტომ ესტონეთის ხელისუფლებამ ფერმერთა დახმარების ფონდი შექმნა. ეს ფონდი დღესაც ფუნქციონირებს. ფერმერთა საქმიანობას ბანკის ნაცვლად ფონდი სწავლობს. ანუ სახელმწიფომ რისკი გადაინაწილა ბანკებთან ერთად. როცა ფონდის ექსპერტები დარწმუნდებიან, რომ ფერმერს შეუძლია სასოფლო– სამეურნეო საქმიანობის განხორციელება, ფონდი გარანტად უდგება ბანკის წინაშე. ექსპერტები ფერმერს ბიზნეს-გეგმის განხორციელებაშიც ეხმარებიან. ესტონელი ფერმერები ამბობენ, რომ ეს სქემა იმდენად ეფექტურია, რომ დღემდე წარმატებით მუშაობს.
რძის პროდუქტების მწარმოებელთა კავშირის ხელმძღვანელი დინა სარონი ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების გაფორმების პერიოდში ესტონეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროში მუშაობდა. ის ამბობს, რომ სახელმწიფოს მხრიდან ფერმერების დახმარება საერთაშორისო გამოფენებში მათი მონაწილეობითა და სარეკლამო კამპანიის განხორციელებით შემოიფარგლება.
„როცა ევროკავშირში გასაწევრიანებლად ვემზადებოდით, საკვები პროდუქტების შესახებ კანონმდებლობის შექმნა დავიწყეთ. მანამდე გოსტის სტანდარტები გვქონდა, –ამბობს დინა სარონი. – სპეციალური კანონმდებლობა არ არსებობდა. გვქონდა კანონი ვეტერინარული სამსახურის შესახებ და კიდევ რამდენიმე კანონი, რომელზე დაყრდნობითაც დავიწყეთ ახალი კანონმდებლობის შექმნა საერთაშორისო პრინციპების გათვალისწინებით. ეს არ იყო იოლი პროცესი. პირველი, იმიტომ, რომ ჩინოვნიკებს სათანადო გამოცდილება არ ჰქონდათ. ამ ეტაპზე ჩვენ საერთაშორისო ექსპერტებს ვიყენებდით. ისინი ძალიან დაგვეხმარნენ, გვასწავლეს. მეორე, კანონი საკვები პროდუქტების შესახებ 1995 წელს მივიღეთ. 4 წლით ადრე დამოუკიდებლობის მიღებამდე. ამის შემდეგ მუდმივად ვმუშაობდით ამ კანონმდებლობის დახვეწაზე. ვთვლიდით, რადგან კანონი უნდა შეესაბამებოდეს რეალობას. ფერმერებისთვისა და მეწარმეებისთვის ეს პროცესი კიდევ უფრო რთული აღმოჩნდა. იმ დროს საზღვრები ღია იყო. საბაჟო გადასახადები არ გვქონდა. ჩვენი კომპანიები სუსტები იყვნენ, ტექნიკა და მოწყობილობები არ ჰქონდათ, დიდ შენობებში იყვნენ განთავსებული. თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, ჩვენ მეწარმეებს ინტენსიური ინვესტირების საშუალება მიეცათ. იმ დროს სახელმწიფოს მხრიდან დახმარება მინიმალური იყო. დახმარება მხოლოდ მცირე მეწარმეებისთვის არსებობდა. საშუალო საწარმოებისთვის არ იყო.ინვესტირება მათ უმეტესად რძის წარმოებაში დაიწყეს. რძის სექტორში ჩვენ სატარიფო ქვოტებით ვსარგებლობდით, ამიტომ ამ სფეროში მუშაობაც უფრო მომგებიანი იყო და ინვესტირებაც. ხორცის სექტორში მაგალითად, მეწარმეები ინვესტირებას არ აკეთებდნენ. რადგან იმ დროს ისინი ქვოტებით ვერ სარგებლობდნენ. ხორცის სექტროში ფასებიც არ იყო კონკურენტუნარიანი და საწარმოებიც გაცილებით უარეს მდგომარეობაში იყო. პროცესები რთულად განვითარდა, ყველა ვერ გადარჩა. არა მარტო მცირე, დიდი საწარმოებიც დაიკეტა. რომელიც გადარჩა, მუდმივი ინვესტირება უნდა გაეგრძელებინათ. თანდათან საწარმოების რიცხვი შემცირდა, კონცენტრაცია, გაერთიანება და გამსხვილება დაიწყო. დღეს სახელმწიფო ფინანსურად არ ეხმარება საწარმოებს. 2000 წელს ევროკავშირისგან დაფინანსების ხაზი გაიხსნა. არის პროგრამები, რომლებიც ფერმერებსა და გადამამუშავებელ საწარმოებს აფინანსებენ. დღესაც ესტონეთში რძის სექტორი პრიორიტეტულია. ადგილობრივ მოთხოვნილებაზე 80% -ით მეტ რძეს ვაწარმოებთ. ყველაზე მნიშვნელოვანი საექსპორტო პროდუქტია. ამ სფეროში ბევრი საწარმო აღჭურვილია თანამედროვე ტექნიკით, ახალი ტექნოლოგიებით. ბოლო წლებში ხორცის წარმოებაც აქტიურად ვითარდება, ფერმერებმა სპეციალური ჯიშის ძროხები შემოიყვანეს“.
პოსტსაბჭოური კვალი
ესტონეთი თანდათან იშორებს კვალს, რომელიც საბჭოთა კავშირში თითქმის 50–წლიანმა ყოფნამ დაამჩნია. საწარმოები ევროპულ სტანდარტებზე გადაეწყო. ესტონეთი გამოირჩევა მაქსიმალურად გამწვანებული ქალაქებით და მინიმალური მავნე გამონაბოლქვით. განათლების სისტემაც ევროპულს დაუახლოვდა. ცხოვრების დონე თანდათან იზრდება. მინიმალური და საშუალო ხელფასი ყოველწლიურად მზარდია. უმუშევრობის მაჩვენებელიც მცირდება. თუმცა, ეკონომიკურ პრობლემებს ესტონეთშიც უჩივიან. მაღალი ანაზღაურებისთვის ბევრი ესტონელი ემიგრაციაში უკეთ განვითარებულ ფინეთსა და შვედეთში მიდის.
ტალინისა და ტარტუს – ესტონეთის ორი უმსხვილესი ქალაქის საკოლმეურნეო ბაზრებში სიძვირეა. ივნისის დასაწყისში კილოგრამი მარწყვი 5 ევრო ღირს, ბალი –9 ევროდ იყიდება. კიდევ უფრო ძვირად ფასობს მოცვი– კილოგრამის ფასი 15 ევროსაც აღწევს. ხილი უმეტესად შედარებით თბილი ლიტვიდანაა იმპორტირებული. საზამთროს აზერბაიჯანელი გამყიდველი კილოგრამს 1,5 ევროს აფასებს. ესტონელი მოვაჭრეები ამბობენ, რომ გაყიდვებმა ბოლო ერთი წელია იკლო. პენსიონრებს, რომლებიც თვეში 300–350 ევროს იღებენ, ხილის ყიდვა უჭირთ. შრომისუნარიანი მოსახლეობის ნაწილი ემიგრაციაში წავიდა. მათ მაღალანაზღაურებადი სამუშაოს მოსაძებნად უმეტესად მეზობელ ფინეთსა და შვედეთს მიაშურეს. დაბალი სოციალური ფენის წარმომადგენლები ცხოვრების გაძვირების მიზეზად ევროკავშირში გაწევრიანებასა და ევროს შემოღებას მიიჩნევენ. თუმცა, მოსახლეობის უმრავლესობა ევროკავშირში შესვლას დადებითად აფასებს.
„საბჭოთა დროს სამსახური ყველასთვის იყო, სახელმწიფო ბინას გვაძლევდა. ახალგაზრდებს დღეს სამსახურის შოვნა უჭირთ. ახალგაზრდა ოჯახებისთვის ხელფასით ცხოვრება რთულია. მე პენსიონერი ვარ, მაგრამ ბაზარშიც ვვაჭრობ და დამატებითი შემოსავალი მაქვს, ამიტომ ვწვდები ხარჯებს, – ამბობს პენსიონერი მოვაჭრე,– კარგი კი ის არის, რომ დღეს საზღვრები გახსნილია. ახალგაზრდებს შეუძლიათ საზღვარგარეთ სასწავლებლად წავიდნენ და მერე ისევ სამშობლოში დაბრუნდნენ. აი, სოფლის მეურნეობის სფერო სულ სხვა საქმეა. ფერმერებს უფრო მეტად ეხმარებიან. თუმცა, ხალხი, ვისაც 2-3 ძროხა ჰყავდა, ვეღარაფერს გააკეთებს. ვისაც ბევრი ფული აქვს, ისინი ყიდულობენ მიწებსაც და საქონელსაც“.
„ევროკავშირში შესვლის შემდეგ ჩვენი ცხოვრება შეიცვალა,– ამბობს საშუალო ასაკის მოვაჭრე ქალი, რომელიც ტარტუს საკოლმეურნეო ბაზარში ბოსტნეულს ყიდის,– საზღვები გაიხსნა და შეგვიძლია ნებისმიერ ქვეყანაში წავიდეთ. ევროკავშირი გვეხმარება, ფულს გვაძლევს სხვადასხვა პროგრამებზე. განსაკუთრებით სოფლის მეურნეობაში დასაქმებულ ხალხს ეხმარება. როცა ევრო შემოვიდა, ფასებმა მოიმატა, მაგრამ ბევრად არა. ასე ვფიქრობ, ფასები ისედაც გაიზრდებოდა“.
საქართველოს ბევრი შეუძლია ისწავლოს ესტონეთისგან, რომელმაც პრობლემების მიუხედავად მოახერხა ევროპულ რელსებზე გადასვლა. თანაც ისე, რომ ევროპული მოთხოვნები საკუთარი რეალობისთვის მოერგო.
ნონა ქვლივიძე ტალინი-თბილისი