ქართული თევზის წარმოება, ექსპორტი და დამაბრკოლებელი ფაქტორები
![ქართული თევზის წარმოება, ექსპორტი და დამაბრკოლებელი ფაქტორები](https://eugeorgia.info/uploads/news/55f808cb0cc68.jpg)
საქართველოში თევზის მოხმარება არა მარტო საერთაშორისო, არამედ ჩვენივე ჯანდაცვის სამინისტროს სტანდარტებსაც კი რამდენიმეჯერ ჩამორჩება: გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) მონაცემებით, საქართველოში ერთი ადამიანი საშუალოდ წელიწადში 8,2 კგ თევზის პროდუქტს მიირთმევს, მაშინ როცა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციით, ეს მაჩვენებელი 23 კგ-ს უნდა შეადგენდეს, ქვეყნის ოფიციალურ საარსებო მინიმუმში კი 14,4 კგ-ია გათვალისწინებული. თევზეულის ჩანაცვლება სხვა ცხოველური ცილებით რეკომენდებული არ არის, რადგან აუცილებელ მჟავას - ომეგა 3-ს - შეიცავს. მისი ნაკლებობა კი ადამიანის ორგანიზმში ფიზიოლოგიურ და ბიოლოგიურ დარღვევებს იწვევს.
კვების რაციონში თევზეულის სიმწირეს მისი სიძვირე და მოსახლეობის დაბალი მსყიდველუნარიანობა განაპირობებს. eugeorgia.info დაინტერესდა, რამდენად შესაძლებელია თევზის გაიაფება მასობრივი წარმოების დასაწყებად და რამდენად განვითარებულია სექტორი, იმისთვის, რომ არა მარტო ადგილობრივი ბაზრის მოთხოვნა დააკმაყოფილოს, არამედ ექსპორტზეც გავიდეს.
ბუნებრივი პირობები და არსებული მდგომარეობა:
ზღვის გარეშეც, წყლის რესურსებით, საქართველო ევროპაში ერთ-ერთ მოწინავე ადგილზეა, ქვეყანაში 25 ათასზე მეტი მდინარე და წყაროა, საერთო სიგრძით- 55 ათასი კმ, ასევე 860 ტბა და 12 წყალსაცავი, რომელთა ფართობი 277 კვ კმ-ს აჭარბებს. თუმცა, თევზის ფერმებში მოშენების, ანუ, აკვაკულტურის განვითარების დონის მიხედვით, ექსპერტების მოსაზრებით, არათუ ევროპასა და მსოფლიოს, არამედ რეგიონის სხვა ქვეყნებს (მაგ., სომხეთს, თურქეთს) მკვეთრად ჩამორჩება.
ზუსტი სტატისტიკური მონაცემები არ არსებობს, თუმცა, ექსპერტების გათვლებით, დღეისათვის საქართველოში 350 -მდე თევზსაშენია, მათი წარმოებული პროდუქციის საერთო რაოდენობა კი წელიწადში, დაახლოებით, 3 ათას ტონას შეადგენს. მაშინ, როცა ქვეყანა 21 ათასი ტონის იმპორტს ახორციელებს. 2014 წელს თევზის პროდუქტების შესაძენად საქართველოდან 36,7 მილიონი დოლარი გავიდა.
რაც შეეხება ექსპორტს, მისი მოცულობა შარშან მხოლოდ 4,3 მილიონი დოლარით განისაზღვრა, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ შავ ზღვაში დაჭერილი და გადამუშავებული თევზპროდუქტების ხარჯზე განხორციელდა.
როგორც სოფლის მეურნეობის სამინისტროს დარგობრივი განვითარების სამმართველოს უფროსი არჩილ ფარცვანია აცხადებს, არცერთ მთავრობას აქამდე აკვაკულტურის განვითარების სტრატეგიული ხედვა არ გააჩნდა და არც შესაბამის ღონისძიებებს ატარებდა, ამავე დროს, გამოწვევებს ფეხს ვერც კერძო სექტორი უწყობდა. იგივე დასკვნას გამოთქვამს FAO ჯერ კიდევ 2004 წელს მომზადებულ მიმოხილვაში საქართველოს თევზის სექტორის პოტენციალის შესახებ.
ექსპეტრების აზრით, მტკნარი წყლების თევზსაშენების სიმრავლის მიუხედავად, უდიდეს ნაწილს ჩამოყალიბებული ბიზნესის სახე არ აქვს, დარგი ჯერ კიდევ 90-იანი წლებიდან ქაოტურად ვითარდება, ბაზარზე მოთამაშეების რაოდენობა ხშირად იცვლება, ბევრი აკვა-ფერმა პერმანენტულად იხსნება და იხურება.
„ყველას სოფელში, ვისაც ღელე ჩამოუდის, ფიქრობს, რომ შეუძლია პატარა აუზის გაკეთება და კალმახის მოყვანა, არც კი ითვლიან, რა დაუჯდებათ თევზის გამოზრდა, არ ითვლიან არც თვითღირებულებას, არ იციან, როგორ მოუარონ, არ იციან, რამდენად კონკურენტული ბაზარია, არ აქვთ ჩამოყალიბებული ბიზნეს ხედვა, მარკეტინგული სტრატეგია, სად გაყიდიან პროდუქციას. თუ ნახავენ, რომ მეზობელმა მეურნეობა ააწყო, ჰგონიათ, რომ თავად შეძლებემ, შესაბამისად, მძიმე შედეგებსაც იღებენ“, - აცხადებს ფარცვანია.
პრობლემა 1. : არასტაბილური ფასები და საკვების სიძვირე
მეურნეობების მდგრად განვითარებას ხელს ბაზრის არასტაბილურობა უშლის: ძირითადად, მტკნარ წყლებში კალმახის მოშენებას მისდევენ (შედარებით ნაკლებად ლოქოს, სქელშუბლას, კობრსა და ტბორის სხვა თევზებს, ბოლო დროს პოპულარული გახდა ზუთხის წარმოებაც), 1 კგ კალმახის საბითუმო ფასი 6,5-11 ლარის ფარგლებში მერყეობს, ანუ, ფასების ცვალებადობა საკმაოდ მაღალია.
ზოგადად, 1 კგ კალმახის გამოზრდა 5,4-5,6 ლარი ჯდება, აქედან 60-65% საკვების ხარჯებზე მოდის. თევზის საკვები, ძირითადად, იმპორტირებულია და საკმაოდ ძვირიც. ბოლო დროს თევზსაშენებს პრობლემა ლარის გაუფასურებამ შეუქმნა, რომლის გამო საკვების ღირებულებამ 25%-ით მოიმატა. მეწარმეების ნაწილი იძულებული გახდა, მოგების მარჟები შეემცირებინა, ან თვითღირებულების ფასად გაეყიდა, რადგან მოსახლეობას ძვირი პროდუქტის შეძენა ისედაც უჭირს.
"თვითღირებულების შემცირება, ძირითადად, იაფი საკვების მოძიებით, ანუ, ადგილობრივად წარმოებული ნედლეულის ხარჯზე შეიძლება" - აღნიშნულია FAO-ს ანგარიშში. „მოთხოვნა შედარებით იაფფასიან თევზპროდუქტებზე სოფლად და მცირე ქალაქებში საკმაოდ მაღალია...კალმახის აკვაკულტურის განვითარებას ხელს უშლის ძვირი იმპორტირებული საკვები... საქართველოს ფლოტი ახორციელებს ქაფშიასა და სხვა ზღვის სახეობების რეწვას, რომლის გამოყენება შესაძლებელია საკვების მოსამზადებლად, თუმცა " ვალუტის გამო უცხოეთში გადის. სწორედ, ამიტომ ქართველი ფერმერები ვერ სარგებლობენ ქვეყანაში დამზადებული ნედლეულით’ , - წერდნენ FAO-ს ექსპერტები.
აღსანიშნავია, რომ 2004 წელს მარნეულში ცხოველთა საკვების საწარმო „დოგანი“ დაფუძნდა, თურქულ-გერმანული ინვესტიციით და დიდი გეგმებით, თუმცა, ვერ იმუშავა. 2013 წელს კომპანიამ გაკოტრების შესახებ განცხადება სასამართლოში შეიტანა 2 მილიონამდე ლარის დავალიანების გამო.
როგორც მეკალმახეები, ასევე ექსპერტებიც აღნიშნავენ, რომ მართალია, „დოგანის“ პროდუქცია, დაახლოებით, 10%-ით იაფი ღირდა, სამაგიეროდ, დაბალხარისხიანი იყო, რაც საერთო ჯამში, თევზის ზრდას ანელებდა და მეწარმეებს შორის ნაკლები პოპულარობით სარგებლობდა.
ექსპერტი და საკვების იმპორტიორი, ივერი ფუტკარაძე მიიჩნევს, რომ ხარისხიანი პროდუქციის წარმოებისთვის კომპანიას დიდი წარმადობა უნდა ჰქონოდა, სულ მცირე, 15 ათასი ტონა წელიწადში, თუმცა, თევზის საკვების ბაზარი მხოლოდ 3 ათას ტონას აღწევს. არჩილ ფარცვანია კი ფიქრობს, რომ ამ პრობლემის გადალახვა ადვილია, თუ საწარმო არა მხოლოდ ადგილობრივ, არამედ რეგიონულ ბაზარზეც იქნება ორიენტირებული.
პრობლემა 2: სეზონურობა
ფასების რყევებს თევზზე მისი სეზონურობაც განაპირობებს, ძირითადად, ყველა მეწარმე ლიფსიტების „ჩასხმას“ წყალში ერთდროულად იწყებს, ბუნებრივი ციკლის გათვალისწინებით (7 თვე, დაახლოებით), პროდუქციას ყველა ერთდროულად იღებს. თუმცა, არჩილ ფარცვანიას განცხადებით, არსებობს ტექნოლოგიები, რომლის გამოყენებით შესაძლოა აღნიშნული პერიოდის ხელოვნური გაზრდა, მიუხედავად იმისა, რომ თევზსაშენები ღია აუზებშია მოთავსებული, კალმახს კი გარანტირებული ტემპერატურა (12-15 გრადუსი) სჭირდება. მისი აზრით, შესაძლოა, ლიფსიტები არა ერთად, არამედ ოთხ ეტაპად გადაანაწილონ და პროდუქციაც სხვადასხვა დროს მიიღონ, თუმცა, შესაბამის ცოდნას ვერ ფლობენ.
პრობლემა 3: თანამედროვე ტექნოლოგიების ნაკლებობა.
როგორც მეწარმეები, ასევე ექსპერტები ერთხმად აცხადებენ, რომ საკუთარ საქმიანობაში სიღრმისეულად მხოლოდ თითზე ჩამოსათვლელი მეთევზეები ერკვევიან. არაპროფესიონალიზმი კი დაბალპროდუქტიულობის ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზია. ნარიმან ალიევს, რომელმაც კალმახის მოშენება დმანისში ორი წლის წინ დაიწყო, აცხადებს, რომ გამოუცდელობის გამო პირველ ჯერზე 80 ათასი ლარის ღირებულების თევზი დაეხოცა.
„სატრენინგო ცენტრი არ არსებობს, სადაც თევზის მოშენებასა და დაავადებებზე კვალიფიციურ ინფორმაციას მივიღებთ. როცა ამ ბიზნესით დავინტერესდი, კონსულტაციები ძველ მეთევზეებთან გავიარე და საჭირო მასალა ინტერნეტით მოვიძიე“.
დარგში არ მიმდინარეობს სელექცია, უფრო მეტიც, განაყოფიერებული ქვირითი და ხშირად, ლიფსიტებიც სხვადასხვა ქვეყნებიდან, შემოაქვთ, სომხეთიდან დანიამდე, მაღალხარისხიანის ღირებულება 1,5 ლარამდეც კი აღწევს (საშუალოდ, ერთად 10 ათას ლიფსიტას უშვებენ).
„წარმოიდგინეთ, ჩვენთან ქვირითიდან მხოლოდ 10% ლიფსიტა გამოჰყავთ, მაშინ როცა ევროპაში ეს მაჩვენებლი 90%-ია, ცხადია, ეს ყველაფერი ხარჯებს ემატება, რადგან ფულს ვიხდით. მე პირადად, პირდაპირ 15-20 გრამიან ლიფსიტებს ვყიდულობ, რადგან ვერ ვფლობ შესაბამის ტექნოლოგიებს მის გამოსაყვანად, ფულის დაბანდებაც ამ ეტაპზე არ მიღირს“, - აცხადებს ალიევი.
FAO-ს ერთ-ერთი რეკომენდაცია სწორედ აკვაკულტურის შესახებ ცოდნის ამაღლება იყო, რომელსაც „დაინტერესებული ადამიანი ვერცერთ სკოლაში, უნივერსიტეტსა და ტრენინგ-ცენტრში ვერ იღებს“ - აღნიშნულია კვლევაში.
პრობლემა 4: პროდუქციის ერთფეროვნება, აუწყობელი დისტრიბუცია
საქართველოში უმეტესად, 200-250-გრამიანი კალმახი იწარმოება, რომელიც სავაჭრო ქსელებში ცოცხლად იყიდება. ფერმერები ნაკლებად ფიქრობენ ასორტიმენტის გამრავალფეროვნებასა და დამატებითი ღირებულების ჯაჭვის შექმნაზე, მათ შორის, ფილეს წარმოებაზე, ვაკუუმ-შეფუთვასა და ქილებში დაფასოებაზე. ამავე დროს ეს პროდუქციის სეზონურობის პრობლემას მოუხსნიდა. გარდა ამისა, ძალიან ხშირად, პრობლემები რეალიზაციასთან დაკავშირებითაც ექმნებათ - არ აქვთ ჩამოყალიბებული ხედვა, სად გაყიდიან საკუთარ პროდუქტს. მაგალითად, გორის რაიონში საკალმახეების მომრავლებამ შედარებით დაბალი ფასისა და დედაქალაქთან სიახლოვის (ტრანსპორტირების ხარჯების ეკონომიის) გამო პრობლემები შეუქმნა აჭარელ მეთევზეებს. ბოლო პერიოდში რეგიონში ბევრი საკალმახე დაიხურა, რადგან კონკურენციას ვეღარ გაუძლო. შედარებით ადვილად ახერხებენ სიტუაციიდან თავის დაღწევას ის მეურნეობები, ვისაც საკუთარი საზოგადოებრივი კვების ობიექტები აქვთ, მათ შორისაა, ნარიმან ალიევიც, რომელიც რამდენიმე რესტორანსა და სასტუმროს ფლობს.
პრობლემა 5: კაპიტალის სიმცირე
საბრუნავი თუ ძირითადი კაპიტალის სიმცირე თევზსაშენებისთვის ერთ-ერთი შემაფერხებელი ფაქტორია, საბანკო სესხები კი ბიზნესის არასტაბილურობიდან გამომდინარე, საკმაოდ ძვირი და, ხშირად, ხელმიუწვდომელია. „ბანკებში საკრედიტო ოფიცერებიც კი არ ჰყავთ, ვისაც ამ ბიზნესის შეფასება შეუძლიათ“, - აღნიშნავს არჩილ ფარცვანია.
ზურაბ მაისურაძე იმ იშვიათ მეთევზეებს წარმოადგენს, რომელსაც შესაბამისი ცოდნაც აქვს და გამოცდილებაც, მისი ოჯახი რამდენიმე ათეული წელია, თელავში ტბორის თევზის, ძირითადად, ლოქოს, კობრისა და სქელშუბლას მოშენებითაა დაკავებული. წელიწადში, დაახლოებით, 30 ტონა პროდუქტს აწარმოებს და მხოლოდ თელავში ყიდის. აცხადებს, რომ რეალიზაციით კმაყოფილია, თუმცა, გაფართოებისა და შემდგომი განვითარებისთვის, სულ მცირე, 400-450 ათასი ლარის ინვესტიცია ესაჭიროება - ლიფსიტები ქვირითიდან თავად გამოჰყავს, როგორც ყველას, ღია ცისქვეშ აუზებში, ანუ, ველურ პირობებში.
‘წარმოიდგინეთ, ერთი მილიონი ლიფსიტას რომ გამოვიყვან ქვირითიდან- 5 დღის შემდეგ აუზებში უნდა გადავსხა, წერტილებივით არიან, თევზის ფორმაც არ აქვთ და ყველა მათ ემტერება და ჭამს, დაფნიასა და ერთუჯრედიანი ქალამანადან დაწყებული, ბაყაყით, ფრინველითა და გველით დამთავრებული. ამ მილიონიდან 10% თუ გადარჩება, კარგი მაჩვენებელია, მე რომ მქონდეს დახურული აუზი, გამოსავლიანობას 80%-მდე გავზრდიდი, 1 მილიონის ნაცვლად 10 მილიონიდან გამოვიყვანდი და ზედმეტ ლიფსიტას გავყიდდი. მოთხოვნაც არის შესაბამისი - ერთი ბრტყელშუბლას ლიფსიტა - 2,5 თეთრი ღირს, 1 კობრი - 1 თეთრი, ლოქო კი 20-გრამიანი - 3 ლარად იყიდება“, - აცხადებს ბიზნესმენი,
თუმცა, ზურა მაისურაძე რისკის გაწევისგან, ჯერჯერობით, თავს იკავებს. „პატარა თანხა არ არის, ბოლო-ბოლო ნახევარი მილიონია, თუნდაც „შეღავათიანი კრედიტი“ მომცენ.. მირჩევნია, ჯერ მოვძლიერდე და ბიზნესის განვითარებაზე შემდეგ ვიფიქრო, თან სულ 21 ჰა მიწა მაქვს, აქედან 13 ჰა ტბისთვის უკვე ავითვისე, დანარჩენზე თევზის საკვები მარცვლეული მომყავს. დამატებით მიწის ნაკვეთის მოძიება არ მინდა, ჯერჯერობით, არსებული მდგომარეობა მაკმაყოფილებს“, - აცხადებს ზურა მაისურაძე.
თელაველი ბიზნესმენისგან განსხვავებით, სამეწარმეო რისკის გაწევის არ ეშინია ნუგზარ დუმბაძეს, კომპანია „იხტიოსის“ დამფუძნებელს, რომელმაც ზუთხის სადედე გუნდი საქართველოში 2010 წელს შემოიყვანა და წელიწადში უკვე 50 ტონა ცოცხალ თევზს აწარმოებს. 1 კგ-ის საბითუმო ფასი 16 ლარია, თითქმის ორჯერ ნაკლები, ვიდრე იმპორტირებული, რის გამოც, დამფუძნებლის განცხადებით, უცხოური ზუთხის რეალიზაცია თითქმის მთლიანად გააჩერა და საქართველოს სავაჭრო ქსელი მთლიანად აითვისა. კომპანიას სურს, 30-სულიანი სადედე გუნდი 200-მდე გაზარდოს და სხვა პროდუქციის წარმოება დაიწყოს, თუმცა, ფინანსური სახსრები ვერ მოიძია.
„გაფართოებისთვის საჭიროა თევზის გადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობა, რათა არა მარტო ცოცხალი თევზის რეალიზაცია, არამედ ხიზილალის წარმოება და დაფასოება შევძლოთ, სულ ნახევარი მილიონი დოლარი გვესაჭიროება. ერთი წელია, ბიზნესპროექტი შეღავათიანი კრედიტის მისაღებად პროექტ „აწარმოე საქართველოში“ შეტანილი გვაქვს, მაგრამ არ გვაძლევენ. ასე სოფლის მეურნეობა ვერ განვითარდება“, - განაცხადეს „იხტიოსში“.
ნუზარ დუმბაძე აცხადებს, რომ თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილ საწარმოში უკვე ჩადებული აქვს მილიონ-ნახევრი დოლარის ინვესტიცია. მსხვილი ინვესტორი უარის თქმის სავარაუდო მიზეზად პოლიტიკურ მოტივაციას ხედავს. „ჩემი ძმა მურმან დუმბაძეა და, ალბათ, ამიტომ არ მაძლევენ სესხს“, - აცხადებს მეწარმე.
მისი თქმით, კომპანიას შეუძლია, წელიწადში 2-3 ტონა შავი ხიზილალა აწარმოოს, რომლის ფასი 1 კგ-ზე 1000 დოლარსაც აღწევს, გასაღების ბაზარი კი არა მარტო საქართველო, არამედ ისრაელი, სინგაპური და ევროკავშირი იქნება. „უკვე მაქვს „სიტესის“ სერთიფიკატი, რაც ლეგალურად გაყიდვის საშუალებას მაძლევს. როგორც მოგეხსენებათ, ზუთხი გადაშენების პირას მყოფი თევზია, რომელიც წითელ წიგნშია შეტანილი და, შესაბამისად, ხიზილალის წარმოებაც მკაცრად არის რეგულირებული და მხოლოდ სპეციალურ ფერმებში შეიძლება“, - აღნიშნავს ბიზნესმენი.
თევზის ექსპორტის პერსპექტივები:
ექსპორტი ის მიმართულებაა, რომელიც, როგორც წესი, არა მარტო შიდა ბაზრის რყევებს არეგულირებს, არამედ ქვეყანას დამატებით სავალუტო შემოსავლების მოზიდვას ხელს უწყობს.
FAO-ს ბოლო კვლევის მიხედვით, თევზის წარმოება-მიწოდება მსოფლიოში ბოლო 50 წლის განმავლობაში განუხრელად იზრდება: თუ 60-იან წლებში საშუალო მოხმარება ერთ სულ მოსახლეზე 9,9 კგ იყო, 2012 წელს ის 19,2 კგ-მდე გაიზარდა. ექსპერტების პროგნოზით, თევზეულზე მოთხოვნა-მიწოდება 2022 წლამდე, დაახლოებით, ორჯერ მოიმატებს. მისი ყველაზე დიდი მომხმარებლები და იმპორტიორები ევროკავშირი, ჩინეთი, აშშ და იაპონიაა. ამ მხრივ გამოირჩევა ევროკავშირი, სადაც 2012 წელს თევზპროდუქტების იმპორტმა 47 მილიარდ დოლარს მიაღწია.
აღსანიშნავია, რომ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში ქართულ პროდუქციას უზარმაზარ ბაზართან წვდომის საშუალება მიეცა. ანგარიშგასაწევია ის ფაქტიც, რომ თევზეულის ექსპორტში განვითარებადი ქვეყნების წილი შესამჩნევად იზრდება და უკვე ნახევარს აჭარბებს. მათი დაწინაურება პროდუქციაზე დაბალმა ფასებმა და განვითარებულ სახელმწიფოებში საბაჟო ტარიფების შემცირებამ განაპირობა. ძვირმა სამუშაო ძალამ და გარემოსდაცვაზე არსებულმა მკაცრმა რეგულაციებმა ევროკავშირში თევზის წარმოება არაკონკურენტუნარიანი გახადა და დარგის სტაგნაცია გამოიწვია.
მართალია, განვითარებულ ქვეყნებში მეტი პოპულარობით ზღვებისა, თუ ოკეანის თევზეული სარგებლობს, მაგრამ განვითარების პოტენციალი აკვაკულტურას აქვს, ღია წყლებში თევზეულის შეზღუდული რესურსების გამო. აკვაკულტურის წილი საერთო რეწვაში სულ უფრო იზრდება და 42%-ს შეადგენს. აქედან ნახევარი -54% -მოდის აზიაზე და მხოლოდ 18% -ევროპაზე.
თევზის საერთაშორისო ვაჭრობაში დიდი წილი, როგორც მაღალფასიან სახეობებს, მაგალითად, ორაგულს, სიბასს, კრევეტებსა და სხვა მოლუსკებს, ასევე შედარებით იაფფასიანს, ტილაპიას, სომს, პანგასიუსსა და კობრს უკავია. ამ უკანასკნელზე საკმაოდ დიდი მოთხოვნაა და მისი ძირითადი მწარმოებლები აზია და სამხრეთ ამერიკაა.
არჩილ ფარცვანია საეჭვოდ მიიჩნევს, აკვაკულტურის მასობრივი წარმოებით საქართველომ დანარჩენ განვითარებად ქვეყნებს კონკურენცია გაუწიოს. „ტაილანდში, შესაძლოა, 10 დოლარად ადამიანმა ერთ თვეს იმუშავოს, გარდა ამისა, რომ თევზის წარმოებაში ისინი საკმაოდ დაწინაურდნენ, კლიმატური პირობების გამო იქ თბილი წყალია და თევზიც სწრაფად იზრდება“, - ფიქრობს ფარცვანია.
თუმცა, აღსანიშნავია, რომ კალმახ „ცისარტყელას“ საცალო ფასი, ევროპაში, მაგ., საფრანგეთში „კარფურის“ ქსელში 16 ევროს აღემატება (გასუფთავებულის და დაფასოებულის).
ფარცვანიას აზრით, უკეთესი იქნება, თუ საქართველო ნიშურ პროდუქტს, ბიო-თევზს აწარმოებს, რომლის ფასი გაცილებით მაღალია და, შესაბამისად, რენტაბელურიც არის.
„ევროპასა და განვითარებულ ქვეყნებში სულ უფრო დიდ ყურადღებას აქცევენ ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციით კვებას, ეს ბაზარი წლიდან წლამდე იზრდება. ჩვენი ბუნებრივი რესურსები, მაგალითად, მთის მდინარეები, წარმოების სიმცირის გამო, საბედნიეროდ თუ საუბედუროდ, ნაკლებად დაბინძურებულია, შესაბამისად, ვფიქრობ, ამ მხრივ, დიდი პერსპექტივა გვაქვს. ბიო-თევზის ფასი კი, თითქმის, ორმაგია ჩვეულებრივთან შედარებით“, - აღნიშნავს ფარცვანია.
თუმცა, ბიოპროდუქციის წარმოების პერსექტივებს ექსპერტი ივერი ფუტკარაძე საეჭვოდ მიიჩნევს. „ერთი კილოგრამი ბიო-კალმახი 30 და 50 დოლარიც კი ღირს, მაგრამ მისი წარმოება საკმაოდ რთულია, მეურნეობაში მკაცრი სტანდარტების დაცვაა საჭირო, სპეციალური სამკურნალო და დეზინფექციური საშუალებების, ფილტრების, ასევე საკვების გამოყენება, რომელიც საკმაოდ ძვირია. მეთევზეები ჩვეულებრივ ნედლეულზე სწევენ ეკონომიას და ვინ დახარჯავს ამხელა ფულს?!“, - აცხადებს ივერი ფუტკარაძე.
არჩილ ფარცვანიას აზრით, ძვირადღირებული საკვების ნაწილობრივ ჩასანაცვლებლად არსებობს მთელი რიგი მეთოდები, რომლებსაც ფერმერები უცოდინრობის გამო უგულებელყოფენ: „მათ შეუძლიათ, ჩამოკიდონ დაბალვატიანი ნათურები აუზებზე, რომელიც ღამე მწერებს მოიზიდავს, ასევე ძალიან მარტივი გამოსაზრდელია ცხენის ნაკელზე ჭიაყელები, თუ სურვილი იქნება, ვფიქრობ, ალტერნატიულ გზებსაც გამონახავენ“, - აღნიშნავს იგი.
არჩილ ფარცვანია მიიჩნევს, რომ მეურნეობების მიერ არ არის ჯეროვნად ათვისებული თერმული წყლები, რომელთა მეშვეობით შესაძლებელი გახდება მოთხოვნადი თბილი წყლების თევზების მოშენება, თუნდაც, მოლუსკების და შედარებით სწრაფად გამოზრდაც.
„ვიდრე სახელმწიფო სტრუქტურებში დავიწყებდი მუშაობას, ძველი ხელისუფლების დროს გეიზერით სარგებლობისთვის გარემოს დაცვის სამინისტროს მივმართე. ლიცენზიაზე აუქციონი გამოაცხადეს და საწყის ფასად 2 მილიონი ლარი დაასახელეს, რაც აბსურდია. რა თქმა უნდა, მონაწილეობა აღარ მიმიღია. ეს წყალი მაინც იღვრება, მისი მარაგიც ამოწურვადია, ამიტომ უფრო ხელმისაწვდომი უნდა იყოს ბიზნესისთვის“ - აღნიშნავს სპეციალისტი.
მისი თქმით, დღეს თერმულ წლებს ძირითადად, მეწარმეები სათბურებისთვის იყენებენ და აკვაკულტურაზე ნაკლებად ფიქრობენ. უფრო მეტიც, შეუძლიათ, თევზიცა და მცენარეებიც ერთდროულად მოაშენონ და ეკოსისტემა შექმნან, რომელიც უცხოეთში კარგად არის აპრობირებული - თევზი საკვებად მცენარეების ნარჩენებს იყენებს, თან წყალს წმენდს, მცენარეები კი მათ მიერ გამოყოფილ ნახშირორჟანგს შთანთქავენ. „უბრალოდ, მესათბურეები თევზის წარმოებას არ იცნობენ, მეთევზეები კი მესათბურეობას, არადა, ეს ხარჯების დაზოგვის და დამატებითი ღირებულების შექმნის საუკეთესო საშუალებაა“, - აღნიშნავს სპეციალისტი.
არჩილ ფარცვანია და FAO - ს ექსპერტებიც მიიჩნევენ, რომ აუცილებლად ასათვისებელია პალიასტომის ტბა, რომლის ბიოქიმიური შემადგენლობა საშუალებას იძლევა როგორც შიდა, ასევე საერთაშორისო ბაზრებზე პოპულარული სახეობების, მათ შორის, ფარგასა და კობრის მოსაშენებლად. თუმცა, ნაკლებად პერსპექტიულად მიაჩნია ხიზილალის და ზუთხის წარმოება-ექსპორტი.
„ხიზილალის ბაზარი, რომელიც ფუფუნების საგანია, საკმაოდ მცირე და ლიმიტირებულია - წელიწადში მხოლოდ 10 ათას ტონას აღწევს. ძირითადი მწარმოებელი ირანია, ასევე კომპანიები, რომლებსაც მყარად აქვთ ათვისებული ბაზარი და ახალ წევრს არ შეუშვებენ. ეს რომ კარგი ბიზნესი იყოს, ევროპელებს ხელს რა შეუშლის, რომ მსგავსი ფერმები შექმნან? ფულიც აქვთ და ტექნოლოგიებიც“, - მიიჩნევს ფარცვანია.
მისი თქმით, ზუთხის ხორცი თავად ევროპაში პოპულარობით არ სარგებლობს, შესაბამისად, ადგილობრივ ბაზარზე თუ გაიყიდება, რაც შეეხება ხიზილალას, მის მისაღებად თევზის გამოზრდას 7-8 წელი სჭირდება. „ხიზილალას მხოლოდ მდედრები იძლევიან, თან ამდენ წელს რომელი ქართველი ბიზნესმენი შეძლებს ფულის გაჩერებას და ლოდინს?!“, - აღნიშნავს ფარცვანია.
სოფლის მეურნეობის სპეციალისტის ეჭვების მიუხედავად, ზუთხის წარმოების პოტენციალში დარწმუნებულია კომპანია „უნიფიშის“ მენეჯმენტი. საწარმო გასული წლის ბოლოს აჭარაში სომხური კომპანია „უნიფიშის“ ინვესტიციით ამოქმედდა. ეს უკანასკნელი მეზობელ ქვეყანაში ზუთხის დიდ და თანამედროვე მეურნეობას ფლობს. ქართული კომპანიის დირექტორი, მამუკა სხვიტორიძე აცხადებს, რომ ევროპულ კომპანიასთან 3 ტონა ხიზილალის შეტანაზე წინასწარი ხელშეკრულება უკვე გააფორმეს, სადედე გუნდი სომხეთიდან შემოიყვანეს და წარმოების დასაწყებადაც მზად არიან, თუმცა, ექსპორტირებისთვის ხელს შესაბამისი ლაბორატორიული დასკვნის უქონლობა უშლით.
„მართალია, წელს თბილისში საერთაშორისო სტანდარტების ლაბორატორია გაიხსნა, მაგრამ აკრედიტებული არ არის, შესაბამისად, ვერც საჭირო სერთიფიკატს გასცემს. მპირდებიან, რომ შემოდგომისთვის ეს პროცესი დასრულდება“,- განუცხადა სხვიტორიძემ eugeorgia.info-ს.
აღსანიშნავია, რომ თავად ევროკავშირიდან ქართულ პროდუქტებს შორის ამ ეტაპზე დაინტერესება, თაფლთან ერთად, ზღვის ქაფშიაზე გამოთქვეს, შესაბამისად, ლაბორატორიაში ამ მიმართულებით განსაკუთრებით აქტიურობენ.
„თევზის მიკრობიოლოგიურ მონაცემებზე ანალიზებს აქამდეც ვიღებდით, ახლა ვმუშაობთ დანარჩენ პარამეტრებზე - წარმოიდგინეთ, 250 ანტიბიოტიკის, ასევე ნარჩენების შემოწმების მეთოდები უნდა მივიღოთ და დავნერგოთ, შემდეგ ევროპიდან დელეგაცია ჩამოვა, რომელიც შეგვამოწმებს, საკმაოდ რთული პროცესია, თუმცა, რამდენიმე თვეში ნამდვილად ვიმედოვნებთ, რომ აკრედიტაციას მივიღებთ“, - აცხადებს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის დირექტორი ლალი მაძღარაშვილი.
თავად სამინისტროში კი აცხადებენ, რომ ლაბორატორიით უზრუნველყოფა ევროკავშირში ექსპორტის განხორციელებისთვის ჩასატარებელი სამუშაოების მხოლოდ მცირე ნაწილია. იურიდიული დეპარტამენტის უფროსის, მაკა შუბლაძის თქმით, პირველ რიგში, საჭიროა საქართველოს საკანონმდებლო ბაზის ევროპულთან მიახლოება, ასევე მაკონტროლებელი სისტემის რეგულირება და მზადყოფნა ბიზნესის შესამოწმებლად, მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყება ევროკავშირთან მოლაპარაკებები საქართველოს შეყვანაზე იმ მესამე ქვეყნების სიაში, ვისაც თევზეულის ექსპორტის უფლება ენიჭებათ.
„კანონმდებლობაზე მუშაობა მიმდინარეობს, ვფიქრობთ, რომ წლის ბოლომდე უკვე გამოიცემა ნორმატიული აქტები, რომლის მიხედვით, ცხოველური წარმოშობის პროდუქტების წარმოების, მისი ჰიგიენის წესების, მიკრობიოლოგიური პარამენტრების, ნარჩენების მართვის რეგულირება მოხდება. პარალელურ რეჟიშმი მაკონტროლებელი ორგანოების მონიტორინგის გეგმაზეც ვმუშაობთ. თუმცა, თავად ბიზნესიც მზად უნდა იყოს, რომ ევროკავშირის სტანდარტების შესაბამისი პროდუქცია აწარმოოს“, - აღნიშნავს მაკა შუბლაძე.
სურსათის უვნებლობა თევზსაშენებში - უმართავი მდგომარეობა
როგორც სოფლის მეურნეობის სამინისტროში, ასევე FAO-სა და ადგილობრივი ექსპერტებიც აცხადებენ, რომ დღეს თევზსაშენებში სურსათის უვნებლობის კუთხით უკონტროლო და სავალალო მდგომარეობაა.
„დარღვეულია მეურნეობებს შორის განთავსების პირობები: მაგალითად, ერთ მდინარეზე რამდენიმე თევზსაშენია. საკმაოდ გავრცელებულია დაავადებები, შესაბამისად, თუ ერთგან დაფიქსირდა, ავტომატურად სხვებსაც გადაედებათ. მეურნეობებს შორის არ არის დაცული სავალდებულო დისტანცია, 5-7 კმ, არ არიან აღჭურვილნი ფილტრაციის სისტემებით, არ კონტროლდება სანიტარული პირობები. ჭარბად იყენებენ ანტიბიოტიკებს, რაც შეზღუდულია დასავლეთის განვითარებულ ქვეყნებში“, - აცხადებს არჩილ ფარცვანია.
ივერი ფუტკარაძე, რომელმაც იტალიაში გაიარა ტრენინგები, ყურადღებას ამახვილებს იმ პრეპარატებზე, რომელსაც მეწარმეები დეზინფექციისთვის იყენებენ და, რომლებიც ევროპასა და აშშ-ში სასტიკად აკრძალულია. „მალაქიტის მწვანის ნარჩენები და მისი მეტაბოლიტების კვალი სამუდამოდ რჩება ქსოვილებში. თაგვებზე და ვირთხებზე ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ იწვევს კანცეროგენურ და მუტაგენურ ეფექტს, ფილტვის ადენომის, ფარისებრი ჯირკვლის კიბოს, ღვიძლისა და სარძევე ჯირკვლის სიმსივნეებს“,- აცხადებს ფუტკარაძე.
მისი განცხადებით, კიბოსა და სკლეროზს იწვევს ნივთიერება „ფორმალდეჰიდიც“, თუმცა, ამის შესახებ ქართველ მეწარმეებს წარმოდგენაც არ აქვთ.
თვითდინებაზე მიშვებული დარგის რეგულაცია, ნაწილობრივ, მომავალი წლიდან დაიწყება, თუმცა, ის ჯერ ექსპორტიორ კომპანიებს შეეხებათ, 2017 წლისთვის კი სავალდებულო ყველა მწარმოებლისთვის გახდება. სამინისტროში აცხადებენ, რომ სურსათის უვნებლობის სტანდარტების დანერგვა ფორსირებული წესით ისედაც მყიფე დარგის კოლაფსს გამოიწვევს.
ბელა ნოზაძე