მეცხვარეობის სუბსიდირება დამატებითი ღირებულების შექმნაზე და ცოდნის იმპორტზე გამიზნული არ არის
"მაქვს ინფორმაცია მწყემსზე, რომელმაც სხვისი ფარა აჩვენა და მოტყუებით აიღო 20 000 ლარიანი კრედიტი. ამ კაცს მცირე რაოდენობის, ორმოცდაათამდე სული ცხვარი ჰყავს“, - ამბობს ბექა გონაშვილი.
მეცხვარეობის დარგის მიმართულებით ბოლო სამი წლის განმავლობაში სულ 3 442 სახელმწიფოსგან თანადაფინანსებული შეღავათიანი აგროკრედიტი გაიცა. მიუხედავად ამისა, ქართველმა მეცხვარეებმა 8 სექტემბერს სოფლის მეურნეობის სამინისტროს წინ საპროტესტო აქცია გამართეს და ხელისუფლებისგან მეცხვარეობის დარგის განვითარების ხელშეწყობა ითხოვეს.
გიორგი ივანელაშვილი თითქმის 20 წელია თავს მეცხვარეობით ირჩენს, მას ამჟამად კახეთის რეგიონში 1000 სული ცხვარი ჰყავს. მისი თქმით მეცხვარეობა, როგორც ბიზნესი, რენტაბელობას კარგავს და მალე მის მსგავსად ამ სექტორში დასაქმებული ბევრი ოჯახი შემოსავლის გარეშე დარჩება: „ქართველი მეცხვარეები, მალე გადასახადებსაც ვერ გადაიხდიან, ვერც მწყემსებს მისცემენ ხელფასს და მალე გაუბედურდება დარგი" - ამბობს ივანელაშვილი.
ბაზის ბანკი, ბანკი რესპუბლიკა, ვითიბი ბანკი, თიბისი ბანკი, კორსტანდარტ ბანკი, ლიბერთი ბანკი, პროკრედიტ ბანკი, და საქართველოს ბანკი ეს ის ფინანსური ინსტიტუტებია, რომლებმაც გასული სამი წლის მანძილზე მეცხვარეობის დარგის მიმართულებით მთლიანობაში 84 272 770 ლარი და 3 977 400 დოლარის ოდენობის კრედიტები გასცეს.
აგროსექტორის დაკრედიტება სოფლის მეურნების პროექტების მართვის საგენტოს “შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტი“-ს ფარგლებში მინდინარეობს. საფინანსო ინსტიტუტის მიერ დადგენილი საპროცენტო განაკვეთების თანადაფინანსება სააგენტოს მიერ ხდება, ძირითადი საშუალებების დაფინანსების შემთხვევაში საპროცენტო განაკვეთის 11%-ის და საბრუნავი საშუალებების დაფინანსების შემთხვევაში 8 %-ის ოდენობით.
2013 წელს საწყის ეტაპზე მეცხვარეობის დარგზე 28,946,300 ლარის და 2,391,400 აშშ დოლარის ოდენობით 1176 შეღავათიანი აგროკრედიტი გაიცა; 2014 წელს ფერმერებმა ყველაზე მეტი 2 203 კრედიტი აიღეს 52,519,670 ლარის და 1,388,000 აშშ დოლარის ოდენობით; მიმდინარე წელს მეცხვარეობის დარგზე მხოლოდ 63 კრედიტი გაიცა 2,806,800 ლარის და 198,000 აშშ დოლარის ოდენობით. აღნიშნული სესხები ახალ, განმეორებით, რეფინანსირებულ და პარალელური სტატუსის მქონე სესხებად იყოფა.
მეცხვარეობის განვითარებისთის ყველაზე ცოტა 1 კრედიტი გურიაში, ყველაზე მეტი 1695 კრედიტი კი კახელმა მეცხვარეებმა აიღეს. სხვა რეგიონებში კრედიტები ასე გადანაწილდა: თბილისი - 12, იმერეთი - 4, მცხეთა - მთიანეთი - 16, სამეგრელო - 2, სამცხე - ჯავახეთი - 51, ქვემო ქართლი - 842 და შიდა ქართლი - 32 მეწარმე.
ამ ეტაპზე სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს მონაწილეობა მეცხვარეობის დარგზე გაცემული კრედიტების საპროცენტო განაკვეთის თანადაფინანსებაში 4,686,199 ლარს და 438,631 აშშ დოლარს შეადგენს.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით ცხვრის და თხის სულადობა მზარდ დინამიკას აჩვენებს. 2012 წელს 742 600, 2013 წელს 856 800 , 2014 წელს კი 919 600 სული.
მეცხვარეთა ასოციაციის თავმჯდომარე ბექა გონაშვილი მიიჩნევს, რომ მეცხვარეობის მიმართულებით გაცემულმა აგრო კრედიტებმა შედეგი ვერ მოიტანა და საქსტატი მცდარ ინფორმაციას ავრცელებს: „შეღავათიანი აგრიკრედიტების გაცემა მეცხვარეობის მიმართულებით არასწორად მიმდინარეობს. არანაირად არ არის ცხვრის სულადობა გამრავლებული, ეგ ზღაპარია. მე არ ვენდობი სტატისტიკურ ინფორმაციას, რადგან ეს დარგი ისეთი მისახედი და მოუწესრიგებელია, რომ სტატისტიკის სამსახური ვერანაირი ფორმულებით სანდო ინფორმაციას ვერ დადებს, მანახეთ ერთი ვინ გამოკითხეს, სად გამოკითხეს და რა მეთოდოლოგიით?“
სესხების მიზნობრიობის მონიტორინგს სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს მონიტორინგის სამსახური ახორციელებს. სამსახურის ინფორმაციით ამ ეტაპზე კრედიტების არამიზნობრივად ხარჯვის 21 შემთხვევაა გამოვლენილი.
„სესხების მნიშვნელოვანი ნაწილი მეცხვარეობის განვითარებაში არ დაიხარჯა, არადა ჩვენი მოქალაქეების მიერ გადახდილი გადასახადებიდან 5 მილიონ ლარზე მეტი განიავდა. მაქვს ინფორმაცია მწყემსზე, რომელმაც სხვისი ფარა აჩვენა და მოტყუებით აიღო 20 000 ლარიანი კრედიტი. ამ კაცს მცირე რაოდენობის, ორმოცდაათამდე სული ცხვარი ჰყავს“, - ამბობს ბექა გონაშვილი.
www.eugeorgia.info -ს სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოში განუცხადეს, რომ მეცხვარეობის დარგში კრედიტები გაცემულია პირველადი წარმოებისთვის. ცხვრის რძის პროდუქტების, ხორცის და მატყლის გადამამუშავებელი წარმოების მიზნობრიობით არცერთი ახალი საწარმო მეცხვარეობის სექტორში არ შექმნილა.
სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ლევან დავითაშვილი ჩვენთან საუბარში აცხადებს, რომ სახელმწიფოს სუბსიდიები კონკრეტულ შედეგებზე და დამატებითი ღირებულების შექმნაზე ორიენტირებული უნდა იყოს: „ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი შეღავათიანი აგროკრედიტები და ნებისმიერი დახმარება მიზნობრივი და კონკრეტულ შედეგზე მიმართული იყოს. მისი განხორციელება უნდა უზრუნველყოფდეს ან პროდუქტიულობის ამაღლებას ან ახალი ღირებულებების შექმნას“.
„შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის" მენეჯერის გიორგი ჯიბლაძის განცხადებით მეცხავრეობისთვის გაცემული აგროკრედიტების მიზანი ამ ეტაპზე ცხვრის სულადობის გაზრდაა. როგორც გაირკვა, კონკრეტული მითითება ამ დარგში გადმამუშავებელი წარმოების სტიმულირებისთვის სოფლის მეურნეობის სამინისტროდან არ არსებობს: „მეცხვარეობაში აგროკრედიტების გაცემის მიზანია გაიზარდოს სულადობა და პირველადი წარმოება. პირველადი წარმოების განვითარება საჭიროა იმისთვის რომ ექსპორტი გაიზარდოს. შეღავათიანი აგროკრედიტის მიზნობრიობაში მეცხვარეობის სექტორისთვის გათვალისწინებულია მატყლის, ხორცის და რძის გადამუშავება და თუ ვინმე ამ მიზნობრიობით კრედიტს აიღებს, მხოლოდ მივესალმებით. ჩვენ გავაკეთეთ შეთვაზება, მაგრამ ვერავის ვერ ვაიძულებთ, რომ დაკავდეს ამ ბიზნესით. რატომ არის სულადობის გაზრდა პრიორიტეტი იმ პირობებში, როდესაც საძოვრები მცირეა, მე ამ თემაზე ვერაფერს ვერ გეტყვით, მე „შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის" მენეჯერი ვარ და ამ თემაზე სამინისტრისთან კონსულტაციები დამჭირდება,“ - გვითხრა გიორგი ჯიბლაძემ.
ევროპული გამოცდილების თანახმად, უფრო მომგებიანი ცხვრის ბაგური კვების პრინციპით მოშენებაა. საქართველოში კი ცხვარი ჯერ კიდევ ღია ცის ქვეშ რამდენიმე ასეული კილომეტრის არეალში მომთაბარეობს. ქართველი მეცხვარეები საძოვრების სიმწირეს და სიძვირეს აპროტესტებენ. მეცხვარეობაში დასაქმებული ადამიანების და სპეციალისტების აზრით, მთავრობა ამ დარგის გაჯანსაღებისთვის სწორ ნაბიჯებს არ დგამს.
„საგარეჯოს მთაში 300 სული ცხვარი მყავს. პრობლემა ისაა, რომ ქართველების ბატკანი ამ ბოლო დროს გასაყიდი რჩება, რომლის უკან დაბრუნება ზამთრის საძოვრებზე გვიწევს, არადა ეს საძოვრები დედა ცხვრისა და იმის ნამატისთვის არის გაანგარიშებული. გასაყიდი ცხვარი უკან რომ ჩამოვა, დედა და ბატკანი სადღა უნდა დაეტიოს, სადღა უნდა სძოვოს? საძოვრის გადასახადი უნდა შეამცირონ უსაშველოდ რომ არის გაზრდილი. განადგურების პირას არის ქართული მეცხვარეობა“, - ამბობს მეცხვარე დათო ანუაშვილი.
სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ლევან დავითაშვილის განცხადებით, საძოვრების პრობლება მართლაც აქტუალურია, გადასახადების კორექტირებაც იგეგმება, თუმცა რა დრო დასჭირდება ამას ჯერჯერობით უცნობია: „საძოვრებზე გადასახადი 2011 წელს გაიზარდა, ამჟამად ის გადახედვას საჭიროებს. საძოვრების ხარისხის კლასიფიკაცია და შემდეგ გადასახადების დაწესება საძოვრების ეფექტურობის მიხედვით უნდა მოხდეს. ეს საკითხი დღის წესრიგში ნამდვილად არის სამინისტროში“.
საძოვრების ფასს საგადასახადო კოდექსი არეგულირებს. ყველაზე მაღალი სახელმწიფო საბაზისო გადასახადი 1 ჰა-ზე 16 ლარს შემდეგ ტერიტორიულ ერთეულებში შეადგენს: აბაშა, ახალქალაქი, გორი, ბათუმი, ბოლნისი, გაგრა, გალი, გარდაბანი, გუდაუთა, გულრიფში, გურჯაანი, დმანისი, ზუგდიდი, თბილისი, თეთრი წყარო, თელავი, ლაგოდეხი, ლანჩხუთი, მარნეული, მცხეთა, ნინოწმინდა, ოზურგეთი, ოჩამჩირე, რუსთავი, სამტრედია, სენაკი, სიღნაღი, სოხუმი, ქუთაისი, ქობულეთი, ყვარელი, წალკა, წყალტუბო, ხელვაჩაური, ხობი და ფოთი.
ყველაზე იაფად საძოვრები შეფასებულია ახმეტაში და მისი ღირებულება ერთ ჰა-ზე 5 ლარია. სხვა ადგილებში საძოვრების სახელმწიფო ფასი 7, 10 და 15 ლარსაც შეადგენს.
www.eugeorgia.info დაინტერესდა მრავალმილიონიანი კრედიტების გაცემის პარალელურად ქვეყნაში არსებობს თუ არა მეცხვარეობის დარგის განვითარების სტრატეგია, რომლის მიხედვითაც წარმოების განვითარება უნდა იგეგმებოდეს. აღმოჩნდა, რომ მეცხვარეობის დარგის განვითარების ხედვა სოფლის მეურნეობის სამინისტრომ კერძო სექტორის ჩართულობით შეიმუშავა და ამგვარად „მეცხვარეობის განვითარების სტრატეგიის“ პრეზენტაცია გასული წლის ნოემბერში გამართა. ამას წინ უძღოდა თბილისის საეთაშორისო ეკონომიკური სკოლა ISET-ის მიერ 2014 წლის ივლისში გამოქვეყნებული სიღრმისეული კვლევა „ქართული ცხვრის სექტორის ღირებულებათა ჯაჭვის ანალიზი“. ამ კვლევის შედეგები „მეცხვარეობის განვითარების სტრატეგიის“ შექმნაშიც გამოიყენეს.
ბექა გონაშვილი ერთ-ერთი მათგანია, ვინც აღნიშნული სტრატეგიის შემუშავებაში მონაწილეობდა. მისი თქმით, ამ დოკუმენტს სოფლის მეურნეობის სამინისტრო პრაქტიკაში არ იყენებს. ამას გარდა, გონაშვილი საკანონმდებლო ხარვეზებზეც საუბრობს, რაც ქართული ადგილწარმოშობის ცხვარს სომხურ და სხვა ყვეყნებიდან შემოყვანილ ცხვართან შედარებით ცუდ კონკურენტულ პირობებში აყენებს: „არაკეთილსინდისიერი ბიზნესმენები მოქნილ სქემას იყენებენ. სანაშენედ შემოყვანილი ცხავრი არ იბეგრება დამატებითი ღირებულების გადასახადით. სომხეთიდან შემოჰყავთ ცხვარი ვითომ სანაშენედ, ამის შემდეგ გაფორმების ეკონომიკურ ზონებში საბუთების გაყალბება ხდება და სომხურ ცხვარს ქათული ადგილწარმოშობის ცხვრის დოკუმენტს უკეთებენ და ქართული ცხვრის სახელით გადის საზღვარგარეთ. რატომ ვიძახი, რომ საბუთების გაყალბება ხდება? იორდანიას სომხური ცხვრისთვის ჩაკეტილი აქვს საზღვარი, რადგან დაავადებული ცხვრის შეყვანის შემდეგ სომხეთი იორდანიისთვის ვეტერინარულად არაკეთილსაიმედოა. ვიცი შემთხვევები, როდესაც სომხური ცხვარი გემზე იტვირთება და იორდანიაში მიდის. ამიტომ ვამბობ, რომ სომხური ცხვარი ქართული ცხვრის სახელით და გაყალბებული საბუთებით გაჰყავთ იორდანიაში. ამ ფაქტებზე უკვე ორი წელია ვლაპარაკობთ, თუმცა არავინ გვისმენს. მეცხვარეებს ყოველწლიურად 15-20 მილიონი დოლარი შემოგვაქვს ექსპორტიდან, ცოტა ფულია ეს საქართველოსთვის? მითუმეტეს ლარის დღევანდელი მდგომარეობიის გათვალისწინებით?“
სურსათის უვნებლობის სააგენტოს ვეტერინარიის დეპარტამენტის უფროსის მოდგილე დემნა ხელაია eugeorgia.info-სთან საუბარში ადასტურებს, რომ ამ სქემის შესახებ მასაც სმენია: „სანაშენედ არავის ჩამოჰყავს ეგ სომხური ცხვარი, მე განა ვერ ვხვდები მაგას, სანაშენედ როდის იყო ათასობით შემოჰყავდათ! შემოიყვანე 10 ნერბი და 200 დედა და დამთავრდა. სად არის ერთი სანაშენე მეურნეობა რასაც ჰქვია, ეგეთი საქართველოში მანახეთ!,“ - აცხადებს ხელაია.
მეცხვარე პაატა ივანელაშვილი ამბობს, რომ ქართული ცხვრის სახელის არაკეთილსინდისიერად სარგებლობის პრობლემა მთავრობის გადასაჭრელია: „მთავრობამ იმაზე უნდა იზრუნოს, რომ ქართული სახელით არ გავიდეს სომხური ცხვარი. როცა ჰყიდიან, განა იძახიან, რომ სომხური ცხვარია, ქართული სახელით გაჰყავთ. სომხური ცხვარი რომ უკეთესი იყოს, მაშინ ქართულად არ გაასაღებდნენ“.
სანამ ქართველი მეცხვრეები მთავრობისგან დარგის განვითარებისთვის ეფექტიან ნაბიჯებს ჯერჯერობით უშედეგოდ ელიან, მეცხვარეობაში არსებული დამატებითი ღირებულების შექნის შესაძლებლობა ისევ აუთვისებელი რჩება.
საინტერესო ინფორმაცია მეცხვარეობაზე
საქართველოში ძირითადად ორი ჯიშის ცხვარია გავრცელებული: თუშური და იმერული. 2009 წლიდან აზერბაიჯანი აღარ არის ერათადერთი ქვეყანა, სადაც საქართველოდან ცხვარი გადის. მიმღები ქვეყნებია: ლიბანი, ლიბია, საუდის არაბეთი, გაერთიანებული საემიროები, ირანი, ერაყი და იორდანია.
მუსულმანურ სამყაროში ქართული ცხვრის მიმართ მზარდი ინტერესი არაბული ავასის ჯიშის ცხრის მიმართ მსგავსებამ გამოიწვია. თუშური ცხვრის ფასი ავასის ფასზე ნაკლებია და თანაც ქართული ცხვრის ოპტიმალური წონა საშუალოდ 30 კგ-ს შეადგენს, რომელიც 1 ოჯახისთვის სრულიად საკმარიასია და ეკონომიის თვალსაზრისითაც მომგებიანია.
2012 წელს ცხვრის ხორცის ყველაზე დიდი ექსპორტი ირანში განხორციელდა 99%, დანარჩენი ყატარასა და აზერბაიჯანში გავიდა. 2013 წელსაც ყველაზე მეტი ცხვრის ხორცი ირანში გაიყიდა. ამის შემდეგ ირანმა დაავადებული ცხვრის შეყვანისთვის საქართველოსთვის ორი წლის წინ საზღვარი ჩაკეტა. ირანში მოპოვებული ნიშა საქართველომ კიდევ იმიტომ დაკარგა, რომ ქართულმა ცხვარმა საძოვრების სიძვირისა და სხვა ხარჯების გაზრდის გამო ფასების კონკურენციას ვეღარ გაუძლო.
იმის მიუხედავად, რომ ISET -ის კვლევის თანახმად, ცხვრის მხოლოდ სახორცე დანიშნულებით ექსპორტს ყოველწლიურად საშუალოდ 15 მილიონზე დოლარზე მეტი შემოაქვს, დარგში შესაძლოა სხვა მნიშვნელოვანი დამატებითი ღირებულების შექმნაც.
ISET-ის მიერ გაკეთებულ „ქართული ცხვრის სექტორის ღირებულებათა ჯაჭვის ანალიზის თანახმად, მეცხვარეებს მატყლის და ყველის წარმოების მოცულობის გაზრდა დიდ სარგებელს მოუტანს.
მატყლის წარმოება
დღესდღეობით მატყლის წარმოებიდან მიღებული თანხები მეცხვარეების მთლიანი შემოსავლის მხოლოდ 1% შეადგენს. მატყლის ექსპორტი თურქეთში უკრაინასა და აზერბაიჟანში ხორციელდება. 1 კგ გაურეცხავი მატყლი ოცდაათიდან ორმოცდაათ ცენტამდე მერყეობს, გარეცხილის ღირებულება კი ორ დოლარსა და ოც ცენტსაც აღწევს.
დაბალი ფასის გამო ზოგჯერ მეცხვარეებს მატყლის შეგროვების ინტერესი არ აქვთ. მატყლთან დაკავშირებული საქმიანობა ამჟამად 500 სამუაო ადგილს ქმნის. ეს სეზონური სამუშაო 6-7 თვე გრძელდება და მასში უმეტესად ქალები მუშაობენ. თუ მატყლის გადამუშავება 40 %-მდე გაიზრდება, მხოლოდ გადამუშავების პროცესში 2400 ადამიანის დასაქმების შესაძლებლობა ჩნდება, რადაგან მთლიანი მატყლის 1% ის გადამუშავებაში ამ ეტაპზე 60 მუშახელია ჩართული. (დღეს საქართველოში მხოლოდ ერთი მატყლის გადამამუშავებელი საწარმო, შპს "თუშეთი" ოპერირებს, თუმცა მისი მანქანა-დანადგარებიც მოძველებულია და გათვლილია არა უხეში მატყლის, არამედ მერინოსის ჯიშის ცხვრის მატყლის გადამუშავებაზე).
მატყლის გაპარსვა, კლასიფიცირება, შეგროვება და ტრანსპორტირება კიდევ დამატებით 500-600 სამუშაო ადგილს ქმნის. ამის გათვალისწინებით, მთლიანობაში მატყლის გადამუშავების ჯაჭვში 3000 მეტი ადამიაის დასაქმების პერსპექტივა არსებობს.
ქართული ცხვრის მატყლი უხეშია და ფარდაგების დასამზადებლად კარგ ნედლეულს წარმოადგენს, ამას გარდა კარგად იღებება. სწორი მარკეტინგის შემთხვევაში მატყლის რეალიზაციიდან მიღებულმა შემოსავალმა შესაძლოა მეცხვარეობის შემოსავლების 8-10 პროცენტიც შეადგინოს.
ქართული მატყლის პირველი, საცდელი პარტია დიდი ბრიტანეთის ბაზარზე აგვისტოში გაიგზავნა. ბრიტანულმა კომპანიამ Curtis Wool Direct Limited-მა „ქართული მატყლის“ კომპანიისგან 1კგ, გაურეცხავი მატყლი 1,05 აშშ დოლარად შეიძინა. ქართული წარმოშობის მატყლი დიდ ბრიტანეთში დანიშნულების ადგილას მიმდინარე წლის სექტემბრის ბოლოს მოხვდება. Curtis Wool Direct Limited-ის სათაო ოფისი დასავლეთ იორკშირში, ქალაქ ბრადფორდთან მდებარეობს. Curtis Wool Direct Limited-ი ძირითადად 5 სახეობის - ბრიტანულ, ნორვეგიულ, ირლანდიურ, ახალ ზელანდიურ და შოტლანდიურ შალის ძაფს აწარმოებს.
ცხვრის ყველი
ცხვრის რძე ნაკლებ ქოლესტერინს შეიცავს და ძროხის რძესთან შედარებით ცილებით და ცხიმებით მდიდარია. თუში მეცხვარეები ცხვრის რძით „გუდის ყველს“ ამზადებენ, რომელსაც უნიკალური გემო და თვისებები აქვს. ცხვრის ყველი ძალიან პოპულარულია ქართველ ემიგრანტებში და მისი პოპულარობა სულ უფრო იზრდება. ცხვრის ყველს მეცხვარეების მხოლოდ 10% ამზადებს, დანარჩენი 90% თუ დაიწყებს მის დამზადებას შემოსავალი მნიშვნელოვნად გაეზრდებათ, რადგან „გუდის ყველს“ ყოველთვის კარგი ფასი აქვს.
ზურაბ მოდებაძე