ყოფილი დიპლომატი მცირე მეწარმე სახელმწიფო მხარდაჭერის პროგრამებით სარგებლობას ვერ ახერხებს
“აგრარული სექტორისთვის სახელმწიფოს მართლა აქვს კარგი პროგრამები, ინდუსტრიულისთვის არაფერი, თუ არის, იქ საუბარია დიდ მასშტაბზე, ასობით ათასი ლარის ინვესტიციაზე, ამის საშუალება არ გვაქვს.”
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესის დამატებითი ღირებულება ქვეყნის ეკონომიკაში 2.5 მილიონი ლარია, დასაქმებულთა რაოდენობა კი დაახლოებით 200 ათასს შეადგენს, მაშინ როდესაც მცირე და საშუალო საწარმოებს ევროპაში ეკონომიკის ხერხემალს უწოდებენ და საშუალოდ მშპ-ს 55%-ს ქმნიან. მცირე მეწარმე ირინა ჟღენტი ბიზნესის განვითარების შემაფერხებელ ერთ-ერთ ფაქტორად სახელმწიფოს მხრიდან ხელშეწყობის პოლიტიკას არარსებობას ასახელებს.
2013 წელს, ჩეხეთიდან დაბრუნებული, ყოფილი დესპანი, ბინის გარემონტებისას უამრავი პრობლემის წინაშე დადგა. ავეჯის ფასს რამდენიმეწლიანი დანაზოგი ვერ გაწვდა, თბილისში ვერ მიაგნო კომპანიას, სადაც მისი ბიუჯეტის შესაბამის ავეჯს შეურჩევდნენ, არც პროფესიონალი ხელოსნის პოვნა ყოფილა მარტივი. მოგვიანებით, ავეჯის კომპანია თავად გახსნა, თუმცა პრობლემა ამით არ მოგვარებულა. დიდი სურვილისა და მონდომების მიუხედავად, საქართველოში მცირე მეწარმეობა მარტივი არ აღმოჩნდა.
“2-თვიანი ფიქრის შემდეგ, გადავწყვიტე, თავად შევჭიდებოდი ამ საქმეს, სწორედ, აქ გაჩნდა უამრავი სირთულე: პირველი იყო ხელოსანი, საქართველოში არ არის პროფესიული კოლეჯი, რომელიც ამზადებს ავეჯის ხელოსანს, ყველა თვითნასწავლია. მეორე პრობლემა დანადგარები იყო. რასაც ჩვენ დღეებს ვანდომებთ, ამას საზღვარგარეთ, მცირე კომპანიაშიც კი, დანადგარით აკეთებენ, ყველაფერი კომპიუტერიზებულია და ხარისხიც კარგია. თითო დანადგარი 17-18 ათასი ლარი ჯდება და მხოლოდ ჩემი სახსრებით ვერ ვიყიდი, ისეთი პატარა კომპანიისთვის კი, როგორიც ჩვენ ვართ, სადაც 20 კაცამდეც კი არ მუშაობს, კრედიტს არავინ მოგვცემს."
თუ მიმართეთ სამთავრობო პროგრამებს, მაგალითად, “აწარმოე საქართველოში”, რომელიც საშუალო და მცირე ბიზნესის მხარდაჭერას ითვალისწინებს?
-გამიხარდა, როდესაც პროგრამა “აწარმოე საქართველოში” დაიწყო, მაგრამ, როგორც აღმოჩნდა, ის სხვა მასშტაბისა და დონის კომპანიებზეა გათვლილი, აქ გჭირდება მატერიალური უზრუნველყოფა. მიკრობიზნესს აძლევენ 5000 ლარს, ჩვენ 5 ათასი ლარი არაფერს გვიშველის, შემდეგ უკვე იწყება 150 ათასიდან და ა.შ. არ ვფლობთ ისეთ ქონებას, რომ ჩავდოთ ბანკში და ამის საფუძველზე ბანკმა მოგვცეს კრედიტი.
მიმართეთ და უარი გითხრეს?
-არ მიგვიმართავს, იმიტომ რომ ვიცოდით, უარს მივიღებდით. პირველად, ბანკს როდესაც მივმართეთ, ტერმინალი გვინდოდა, უარი მითხრეს, ასეთ პატარა კომპანიაზე ვერ გავცემთო.
რა არის დღეს საჭირო იმისთვის, რომ მცირე მეწარმემ შეძლოს წარმატებული ბიზნესის აწყობა საქართველოში, კერძოდ, ავეჯის ბიზნესში და როგორია მთავრობის პოლიტიკა?
-პრობლემა ისაა, რომ სახელმწიფოს არანაირი პროგრამა არა აქვს შემუშავებული მცირე მეწარმეობის ხელშესაწყობად, ასე მგონია, რადგან, მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაშია მხარდასაჭერი პროგრამები. მცირე მეწარმეობა საქართველოში, ძირითადად, არის მაღაზიები, საპარიკმახერო, მთლიანად სერვისი. მე მინდა ვაწარმოო მომწონს, რომ იქმნება რაღაც, მინდა კარგი გავაკეთო, ბევრი გავაკეთო, იყოს ხელმისაწვდომი საშუალო ფენისთვის. არ მინდა გავზარდო ფასი, მიუხედავად დოლარის რყევისა. მასალა ძვირდება, ხელოსანიც ბევრს ითხოვს, ასეთ ვითარებაში სახელმწიფოს მხრიდან დახმარება რომ იყოს, ბევრად ადვილი იქნებოდა, მეტი ადამიანის დასაქმებასაც შევძლებდი.
თქვენ ევროპაში დიდ ხანს იმუშავეთ, რამდენად უწყობს ხელს მთავრობა იქ მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას? არის თუ არა განსხვავებული მიდგომა მათ მიმართ?
-ზოგან გადასახადისგან თავისუფლდებიან პირველი-ორი წელი, ზოგან “სტარტაპებია”, ზოგან სუბსიდირება, რისკების დაზღვევა, მხოლოდ ბიზნესგეგმის საფუძველზე ბანკი სესხს არ მომცემს, არადა მზარდია კომპანია, შემოსავალი და ბრუნვაც იზრდება, არის მოთხოვნა. მინდა გავზარდო წარმოება,ამისთვის საჭიროა სახსრები, ვერ გავრისკავ მთელი ჩემი ოჯახის ქონება რომ ჩავდო ბანკში, მერე ბანკის პროცენტია მაღალი. ფართიც მჭირდება, გარეუბნებში არის ნანგრევებად ქცეული შენობები, “აწარმოე საქართველოში” ფარგლებში, 1 ლარად აძლევენ ამ შენობებს, მაგრამ იქ ითხოვენ ინვესტიციას. ხომ შეიძლება იყოს ერთი დიდი შენობა პატარა სეგმენტებად დაყოფილი და ამას გვაძლევდნენ ერთ ლარად, აღარ მომიწევდა 500 ლარის გადახდა თვიურად ერთ ოთახში, რომელიც წარმოებისთვისაა. მეორე გჭირდება შესაღებად, უკვე დიდ თანხებზე გავდივარ. ჩემნაირი მეწარმე ბევრია, ბევრს შეეწყობოდა ხელი.
მე პირადად, რამდენიმე პრობლემა მაქვს: სესხის ხელმისაწვდომობა, პროფესიული კადრები, გადასახადები. კარგი იქნება პირველი 1-2 წელი რაღაც საგადასახადო შეღავათი იყოს, ან სტარტაპი, ან რისკის დაზღვევა. აგრარული სექტორისთვის სახელმწიფოს მართლა აქვს კარგი პროგრამები, ინდუსტრიულისთვის არაფერი, თუ არის, იქ საუბარია დიდ მასშტაბზე, ასობით ათასი ლარის ინვესტიციაზე, ამის საშუალება კი არ გვაქვს. “აიდეკორის” მსგავს მდგომარეობაში შეიძლება იყოს 1000 კომპანია, თითომ 10-15 ადამიანი რომ დაასაქმოს, დიდი შეღავათია. ხომ არ შეიძლება მხოლოდ იმაზე იყო ორიენტირებული, რაც მიწაზე მოდის, მაგ. თხილი მოვიყვანოთ ყველამ ან კივი დავრგოთ, ესეც უნდა იყოს, რასაკვირველია, მაგრამ, ხომ შეგვიძლია რაღაც ჩვენც ვაწარმოოთ, ქართველები ძალიან გემოვნებიანი და კრეატიული ხალხია."
მცირე და საშუალო ბიზნესი ევროპაში სამუშაო ადგილებისა და ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წყაროა. ევროსტატის მონაცემებით, 2012 წელს პოლონეთის კერძო ბიზნეს სექტორში 1.47 მილიონზე მეტი საშუალო და მცირე საწარმო იყო, სადაც დასაქმებულია 5.9 მილიონი ადამიანი, ეს საწარმოები 87 მილიარდი ევროს დამატებით ღირებულებას ქმნიან ქვეყნის ეკონომიკაში.
ჩეხეთის კერძო ბიზნეს სექტორში 939 ათასზე მეტი საშუალო და მცირე საწარმო ფიქსირდება, სადაც დასაქმებულია 2.4 მილიონი ადამიანი, წარმოება 47 მილიარდი ევროს დამატებით ღირებულებას ქმნის ქვეყნის ეკონომიკაში.
მცირე და საშუალო ბიზნესი მნიშვნელოვან როლს თამაშობს ბალტიისპირეთის ქვეყნებშიც:
ევროსტატის მონაცემებით, ყველაზე მეტი მცირე და საშუალო საწარმო ბალტიისპირეთის ქვეყნებს შორის ლიტვაშია-107 ათასზე მეტი, სადაც დასაქმებულთა რაოდენობა დაახლოებით 605 ათასია, წარმოება 6 მილიარდი ევროს დამატებით ღირებულებას ქმნის ქვეყნის ეკონომიკაში.
მაიკო გაბულდანი