ევროპაში ექსპორტის მცირე ზრდა სპილენძის ჩინეთში გადამისამართებამ და ლითონის გაიაფებამ განაპირობა
ევროპაში ექსპორტის მეოთხედს სპილენძის მადნები წარმოადგენს - თუმცა, მისი მოცულობა წელს 17%-ით შემცირდა და 95,3 ათასი ტონა შეადგინა, საერთო ღირებულებაში კი 33%-იანი კლება დაფიქსირდა და, ჯამში, 100 მილიონი დოლარით განისაზღვრა.
აღსანიშნავია, რომ ევროპაში სპილენძის ექსპორტის, უფრო სწორად რეექსპორტის (მისი დიდი ნაწილი სომხეთიდან შემოდის) შემცირება ძირითადად, ლითონის ჩინეთში გადამისამართებამ გამოიწვია. აზიაში მისი რეალიზაცია ორ კვარტალში, თითქმის, სამჯერ გაიზარდა, გარდა ამისა, თურქეთის სახით, ახალი საექსპორტო ქვეყანა დაემატა. სავარაუდოდ, ევროპული ბაზრის ჩანაცვლება ჩინურით უკეთესმა ფასმა განაპირობა (მაგ., ჩინეთში რეალიზებული ერთი კგ სპილენძის მადნის ფასი 1,3 დოლარია, ევროპაში - 1,1 დოლარი). თუმცა, ევროპა რეექსპორტირებული სპილენძის მაინც ძირითადი მომხმარებელია - დაახლოებით, 70%-ს ითვისებს.
სხვა სასარგებლო წიაღისეული და მძიმე მრეწველობა
სამჯერ გაიზარდა ევროპაში ნედლი ნავთობის ექსპორტი და 60 მილიონ დოლარს მიაღწია (163 ათასი ტონა), სასაქონლო ჯგუფში კი მესამე ადგილი დაიკავა.
ასეთივე პროგრესი განიცადა მინერალური და აზოტოვანი სასუქების მიმართულებამაც - წელს ევროპაში, თითქმის, ორჯერ მეტი პროდუქცია გავიტანეთ (155 ათასი ტონა), საერთო ღირებულება კი 44%-ით გაიზარდა და 36,6 მილიონი დოლარი შეადგინა.
ფეროშენადნობის ექსპორტი ევროპაში 26%-ით გაიზარდა და 23 ათასი ტონა შეადგინა, თუმცა, საერთო ღირებულება შემცირდა (4,5%-ით) და 17 მილიონი დოლარით განისაზღვრა.
მანგანუმის ოქსიდების მოცულობა 5%-ით გაიზარდა და 3270 ტონა შეადგინა, თუმცა, ღირებულება 10%-ით შემცირდა და 2,2 მილიონ დოლარს მიაღწია.
დაახლოებით, 30%-ით შემცირდა სპილენძის, შავი და ძვირფასი ლითონის ჯართის ექსპორტი და 6 მილიონი დოლარით განისაზღვრა.
ექსპორტის შემცირება საერთაშორისო ფასების დაცემამ განაპირობა.
სურსათი
საექსპორტო პროდუქციაში მეორე ადგილზე თხილია. თურქეთში მცირე მოსავლის გამო მსოფლიო ბაზარზე ფასების მკვეთრი ზრდა დაფიქსირდა, შესაბამისად, თხილის ექსპორტის საერთო ღირებულებამ საქართველოდან 55%-ით მოიმატა და 76,6 მილიონ დოლარს მიაღწია, მაშინ როცა მოცულობაში მხოლოდ 3%-იანი ზრდა დაფიქსირდა.
ყურძნის ღვინოების რეალიზაცია ევროკავშირში წელს რვა თვის მონაცემებით, 6,6 %-ით გაიზარდა და 2 მილიონ ლიტრს გადააჭარბა, თუმცა, ღირებულებით გამოსახულებაში 8%-ით შემცირდა და 8 მილიონი დოლარი შეადგინა. შესაბამისად, ერთი ლიტრის საშუალო ფასი თუ გასულ წელს 4,4 დოლარი იყო, წელს - 3,8 დოლარით განისაზღვრა.
ეთილის სპირტის ექპორტი შემცირდა ორივე პარამეტრის მიხედვით (მოცულობა -15%-ით, ღირებულება - 28%-ით) და 10,3 მილიონი დოლარი შეადგინა.
რაც შეეხება მინერალურ წყლებს, მისი ექსპორტის მოცულობა, თითქმის, იგივე დარჩა - 7,3 მილიონი დოლარი.
მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა ხილ-ბოსტნეულის კონსერვებისა და წვენების ექსპორტში, რომელიც წინა წელთან შედარებით გაიზარდა 35%-ით და 7,3 მილიონ დოლარს მიაღწია (3530 ტონა).
ტექსტილი და ტყავეული
მზა ტანსაცმლის რეალიზაცია ევროპაში., რომელიც ძირითადად, ქალისა და მამაკაცის პალტოებისა და ლაბადების სახით არის წარმოდგენილი, მოცულობით გამოხატულებაში 7%-ით გაიზარდა, თუმცა, მისი ღირებულება 1,3 %-ით შემცირდა და 9,8 მილიონი დოლარი შეადგინა (ერთ კგ-ის საშუალო ღირებულება გასულ წელს 75,4 დოლარს აღწევდა, წელს - 69,5 დოლარს).
23%-ით გაიზარდა მსხვილფეხა საქონლის გათრიმული ტყავის ექსპორტი და 990 ტონას მიაღწია, თუმცა, თავად პროდუქციის ღირებულება მკვეთრად დაეცა (13%-ით) და 2,5 მილიონი დოლარი შეადგინა.
სამჯერ შემცირდა მსუბუქი ავტომობილების ექსპორტი /რეექსპორტი) ევროპაშო და 10,5 მილიონ დოლარს მიაღწია.
ბელა ნოზაძე