ენერგეტიკული პროექტები, როგორც ბერკეტი მსოფლიო პოლიტიკის ფოკუსში დასარჩენად
ლტოლვილთა ნაკადი, რომელიც ევროპისკენ მიემართება, აშშ-ს პოლიტიკა ირანთან მიმართებაში და დასავლეთის დამოკიდებულება რუსეთის პოლიტიკის მიმართ; რას გამოიწვევს რუსეთის ჩართულობა სირიის კონფლიქტში, რა პროცესები მიმდინარეობს სამხრეთ კავკასიაში და როგორ აისახება ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენები საქართველოზე - ამ საკითხებზე ჩვენ ვესაუბრეთ სამხედრო-პოლიტიკურ ექსპერტს, ლაშა ძებისაშვილს.
ლაშა (შალვა) ძებისაშვილს - დაცული აქვს მაგისტრის ხარისხი საერთაშორისო ურთიერთობებში გერმანიაში, აიხშტატის უნივესიტეტში, ასევე - ვაშინგტონის ეროვნული თავდაცვის უნივერსიტეტში სტრატეგიული უსაფრთხოების სწავლებებში. აქვს 9-წლიანი მუშაობის გამოცდილება თავდაცვის სამინისტროში, 2009-2011 წლებში იყო ნატოში საქართველოს ელჩის მრჩეველი თავდაცვის საკითხებში. დღეს არის მოწვეული ლექტორი საქართველოს უნივერსიტეტსა და შავი ზღვის უნივერსიტეტში. 2 თვეში აპირებს დისერტაციის დაცვას ბრიუსელის თავისუფალ უნივერსიტეტში თემაზე: თავდაცვის ტრანსფორმაცია: ნატო-ს გავლენა და ინსტიტუციონალური ცვლილებები სომხეთსა და საქართველოში.
ინტერვიუში ჩვენ შევეცდებით გავარკვიოთ, რამდენად არის კავშირში რუსეთის გააქტიურება სირიაში და ირანის მიმართ აშშ-ს პოლიტიკის ცვლილება და არის თუ არა დღეს რუსეთის პოლიტიკა საქართველოს მიმართ რეალური საფრთხის შემცველი.
- სირიაში რუსეთის შესვლა რომ არა, დასავლეთი ვერ "აღმოაჩენდა", რომ რუსეთმა დრამატული ნახტომი გააკეთა წინ საბრძოლო მომზადების თვალსაზრისით?
- დასავლეთს რუსეთის შეიარაღებული ძალების თვისობრივი ცვლილება სირიის ოპერაციამდეც ჰქონდა "აღმოჩენილი". ამის შესახებ ინფორმაცია ვრცელდებოდა როგორც ღია წყაროებით, ასევე სადაზვერვო მონაცემებით. თავად რუსული სახელმწიფო მედია რეგულარულად აშუქებდა სახელმწიფო გადაიარაღების პროგრამის 2010-2020 წლების და შემდეგ კორექტირებული -2012-2020 წლების პროგრამის შესრულების ეტაპებს და განსაკუთრებულ აქცენტს აკეთებდა თანამედროვე საავიაციო პარკის (სხვა სისტემებზე რომ არ ვილაპარაკოთ) განახლებაზე. რეგულარულად გადიოდა სიუჟეტები სხვადასხვა, განსაკუთრებით კი სამხრეთ და დასავლეთ სამხედრო ოლქების ნაწილებში ახალი ტექნიკის მიწოდების შესახებ. ამას გარდა, სწორედ ამ პერიოდში რადიკალურად გაიზარდა რუსული შეიარაღებული ძალების როგორც ოპერატიულ-ტაქტიკური, ასევე ოპერატიულ-სტრატეგიული სწავლებები. ეს თავისთავად ხელს უწყობს ახალი ტექნიკის გამოყენების დახვეწას როგორც ტაქტიკურ-ქვედანაყოფის დონეზე, ასევე ოპერატიულ დონეზე, რადგან ხდება უკვე დიდი ზომის ქვედანაყოფების მოქმედების შერწყმა დიდ დისტანციებზე და მასშტაბებში. ეს პროცესები ინტენსიურად და ხშირად მიმდინარეობდა მთელი ამ წლების განმავლობაში და არავითარ შემთხვევაში დასავლეთისთვის დახურული ან საიდუმლო არ იყო. მარტივად რომ ვთქვათ, დასავლეთს ჰქონდა ფაქტები, მაგრამ პოლიტიკური დასკვნა არ გამოჰქონდა, ან არ უნდოდა რომ გამოეტანა - რომ რუსეთი ქმნიდა თვისობრივად ახალ ჯარს და ასევე ჰქონდა სურვილი და მზადყოფნა, რომ ეს ახალი ჯარი გამოეყენებინა. მინდა აღვნიშნო, რომ ტერმინი "თვისობრივი" მაინც შედარებითია და ამ შემთხვევაში არ გულისხმობს რუსეთის ჯარის ხარისხობრივ გათანაბრებას მაგალითად, აშშ-ს ჯართან. თუმცა, ამავე დროს დაბეჯითებით შეიძლება ითქვას, რომ რუსულმა ჯარმა 1990-იანი წლებიდან მოყოლებული სერიოზული წინსვლა განიცადა.
- არის თუ არა რეალურად გაძლიერებული რუსეთის თავდაცვისუნარიანობა?
- ეს ტერმინი კომპლექსურია და არ შედგება მხოლოდ ტექნიკის ან ჩატარებული წვრთნების რაოდენობისგან. იმისთვის, რომ დავასკვნათ, ამ ქვეყნის თავდაცვისუნარიანობა გაიზარდა თუ არა, უამრავი დამატებითი კომპონენტის ცოდნაა საჭირო.
პირველ რიგში უნდა ითქვას, რომ რუსული ჯარი ისევ რჩება გაწვევის ჯარად -ზედიზედ ორჯერ იწვევენ ახალწვეულებს. მიუხედავად იმისა, რომ სერიოზულად გაიზარდა კონტრაქტზე მომსახურეთა რაოდენობა და განსაკუთრებით, სპეცდანიშნულების და მოტომსროლელ ნაწილებში, მაინც ჯარის 80-70%-ს წვევამდელები შეადგენენ. ანუ წელიწადში ორჯერ დგება ის მომენტი, როცა ჯარგავლილი კონტინგენტი მიდის სახლში და ახალი წვევამდელები მოდიან. ეს ნიშნავს იმას, რომ სამხედრო საქმე შესწავლილი და გაწვრთნილი კონტინგენტი მიდის და გამოუცდელი კონტინგენტი მოდის ჯარში, რაც ამ პერიოდში რუსული ჯარის ბრძოლისუნარიანობას საგრძნობლად სცემს დაბლა. ეს ტიპიურია და დამახასიათებელია რუსული ჯარისთვის. თუმცა, რადგანაც სპეცდანიშნულების ჯარებში (საჰაერო დესანტი და სხვა სპეცნაწილები) და მოტომსროლელ ბრიგადებში გაიზარდა კონტრაქტზე მომსახურეთა რაოდენობა, ამ ნაწილების საბრძოლო მზადყოფნა (ანუ ბრძოლისუნარიანობა, გამოცდილება) საგრძნობლად გაიზარდა. ამას თუ დავუმატებთ იმასაც, რომ სწორედ ამ ნაწილების მომარაგება მოხდა პირველ რიგში ახალი ტექნიკით, შესაბამისად სწრაფი რეაგირების და პირველი ეშელონის ნაწილების ქვედანაყოფების მაღალმა საბრძოლო მზადყოფნამ გაზარდა ამ კუთხით რუსეთის თავდაცვისუნარიანობა. იგივე ეხება რუსეთის საჰაერო ძალებს.
თუმცა, არსებობს ასევე სფეროები, სადაც რუსეთს ჯერ კიდევ სერიოზული სამუშაოები აქვს ჩასატარებელი, მაგალითად, საჰაერო თავდაცვაში - სერიოზული პრობლემები აქვთ რუსეთის უზარმაზარი საჰაერო პერიმეტრის გასაკონტროლებლად, თუმცა. ამ მხრივაც მუშაობენ.
- გამოდის, რომ რუსეთზე დასავლეთის მიერ დაწესებულ სანქციებს პრაქტიკულად არ უმოქმედია?
- დღემდე რაც განხორციელდა რუსული გადაიარაღების თვალსაზრისით ნაკლებად მოექცეოდა სანქციების დარტყმის ქვეშ, რადგანაც ხელშეკრულებები, როგორც წესი, წინასწარ არის დადებული და მარაგები სხვადასხვა სამხედრო სისტემებისთვის წინასწარ არის ხოლმე გათვლილი და შესაბამისად, მიწოდებულიც. სანქციებს შედეგი ექნება დაახლოებით შემოღებიდან 2 წლის თავზე, ანუ 2016 წლიდან.
რუსული სამხედრო ინდუსტრიისთვის დასავლური ტექნოლოგია წარმოადგენდა კარგ შესაძლებლობას თვისობრივად ახალ ეტაპზე გადასვლისთვის... მაგრამ რუსეთი მათ გარეშეც გააგრძელებს გაცილებით დაბალი ხარისხის - საბჭოური სტილის პროდუქციის გამოშვებას. რუსეთისთვის გაცილებით დიდი დარტყმაა უკრაინული საწარმოების მიერ დაწესებული ბოიკოტი, რაც პრეზიდენტ პოროშენკოს მიერ იქნა მიღებული და კრძალავს უკრაინული საწარმოების თანამშრომლობას რუსულ სამხედრო-სამრეწველო კომპანიებთან. ეს გადაწყვეტილება პირველ რიგში საავიაციო და სარაკეტო წარმოების სფეროებს მოიცავს და ამ დანაკლისის შევსება რუსეთს სერიოზულად გაუჭირდება.
- რა მიზანს ემსახურება თქვენი აზრით, რუსეთის შესვლა სირიაში, გარდა იმისა რომ პრეზიდენტ ასადს გაუმაგროს ზურგი?
- ასადის გამაგრება მიზანი არაა, ეს არის მხოლოდ საშუალება სხვა უფრო დიდი მიზნის მისაღწევად. ჩემი აზრით, ეს ოპერაცია რამდენიმე მიზანს ემსახურება: პირველ რიგში, აშკარაა მცდელობა, რომ მოხდეს სირიის საკითხის დაკავშირება ბაშარ ასადთან, როგორც ერთადერთ პოლიტიკურ ალტერნატივასთან ISIS-სთან ჭიდილში.
მოსკოვს უკრაინის ორად გახლეჩვის ფიასკოს და სანქციების ფონზე სჭირდება ისეთი თემის წამოწევა, სადაც ისინი ერთის მხრივ, დიალოგის საშუალებას გახსნიან დასავლეთთან და გამოჩნდებიან პარტნიორებად. ამიტომაც ფორმალურად ვითომ ბომბავენ ISIS-ს, ხოლო მეორეს მხრივ, არავითარ შემთხვევაში არ დაუშვებენ ასადის შეცვლას, ანუ გააგრძელებენ ოპერაციას ვითომ ისლამისტების წინააღმდეგ, მაგრამ საკუთარი ინტერპრეტაციით - ანუ დაბომბავენ მხოლოდ იმ რაიონებს, სადაც განლაგებული მეამბოხეები უშუალო საფრთხეს წარმოადგენენ ასადის რეჟიმისთვის. ეს კი სირიის ჩრდილო-დასავლეთია - ლატაკიის მიმდებარე აღმოსავლეთი და თურქეთის მოსაზღვრე პროვინციები. სწორედ ამ მონაკვეთების ხელში ჩაგდებით რუსეთი ცდილობს, ერთის მხრივ, გააკონტროლებინოს ასადს თურქეთთან გამავალი საზღვარი, საიდანაც უამრავი დახმარება შესდით მეამბოხეებს და მეორეს მხრივ, საშუალება მისცეს ISIS -ს, ზურგიდან მიაყენოს დარტყმა ალეპოს და ჰომსის გარშემო გამაგრებულ მეამბოხეებს.
სირიას რუსეთისთვის აქვს ერთი ძირითადი ამოცანა - შექმნას ისეთი სიტუაცია, რომელშიც რუსეთი გახდება დასავლეთის მთავარი "პარტნიორი" სირიული კრიზისიდან გამოსვლის მოსაძებნად. ანუ უნდა გახადოს დასავლეთი დამოკიდებული რუსეთზე სირიის საკითხში. ერთის მხრივ ეს დააბრუნებს რუსეთს დიდ დიპლომატიაში, მეორე პლანზე გადაიყვანს უკრაინის, კერძოდ კი დონბასის საკითხს, დროის გაყვანით სულ უფრო გაააქტიურებს სანქციიების გაუქმების თემას და ამავე დროს აძლევს ევროპის დაშინების შანსს მიგრაციული პროცესების მანიპულირებით. სწორედ ამიტომ მიდის შედარებით ზომიერი ისლამისტების და მეამბოხეების (დასავლეთი ვისაც უჭერს მხარს) დაბომბვა, რათა საბოლოო ჯამში სირიის საჭადრაკო დაფაზე დარჩეს მხოლოდ ორი მოთამაშე - ასადი და ISIS-ი. ამ ფონზე კი, ცხადია, რომ ცუდს და უარესს შორის ასადი უკეთესი არჩევანია.
- აშშ რას უპირისპირებს რუსეთის ამ ტაქტიკას? ევროპა და შტატები წავლენ რუსეთისთვის სანქციების მოხსნაზე?
- ვითარება საკმაოდ რთულია... რუსეთმა პრაქტიკულდ დაასწრო დასავლეთს და აშშ-ს და ლატაკიის ბაზიდან სირიაზე საჰაერო კონტროლის ზონა დააწესა, რითაც მნიშვნელოვნად შეზღუდა დასავლური კოალიციის თვითმფრინავების მუშაობა. პირველ რიგში, თითქმის ხაზი გადაუსვა ისრაელის ავიაიერიშების შესაძლებლობას სირიაში. თუ გავიხსენებთ, ასეთი იერიშები რამდენჯერმე ისრაელმა განახორციელა და სწორედ რუსული საჰაერო კონტროლის ფაქტის გამო მოუწია ბენიამინ ნეთანიაჰუს სასწრაფოდ მოსკოვში ჩასვლა, რათა გაერკვია ეს საკითხი. ფაქტია, რომ ლატაკიაში რუსული ბაზისა და ხმელთაშუა ზღვაში რუსული ფლოტის განთავსების ფონზე სირიის თავზე სრული საჰარო კონტროლის ქოლგა აღიმართა.
აშშ-ს უპირატესობაზე არაა ზოგადად საუბარი. საუბარია იმაზე, რომ რეალურად, მიუხედავად იმისა, რომ დასავლეთში აქტიურად განიხილებოდა სირიის თავზე NO FLY ზონის შექმნა, ოღონდ აშშ-ს პატრონაჟით, რათა ასადს არ გამოეყენებინა თავისი ავიაცია ბრძოლებში, ახლა ამ გაწელილი დისკუსიების ფონზე რეალურად რუსეთმა დაასწრო მათ და აბსოლუტურად იგივე იდეა, ოღონდ საპირისპირო მიზნებით განახორციელა.
ამ პირობებში მთავარია ამ ორმა ბანაკმა შეცდომით, უნებლიედ, თუ სხვა მიზეზის გამო არ დაიწყონ ერთმანეთის საფრენი აპარატების ჩამოგდება - აი ეს არის ძალიან სახიფათო.
- რუსეთის და ირანის გზები უკვე გაიყო? გაზის საკითხშიც გაიყოფა თქვენი აზრით?
- ირანისთვის სანქციების მოხსნა და მისი სავარაუდო შემოტრიალება დასავლეთისკენ ძალიან რთულ ვითარებაში აგდებს რუსეთს და მის სრულ გათიშვას უწინასწარმეტყველებს სირიული თამაშიდან. ამიტომ, ჩემი აზრით, ირანისთვის ასადი იქნება თუ სხვა - მნიშვნელოვანი არაა, რადგანაც თეირანისთვის მნიშვნელოვანია სასიცოცხლო ჯაჭვის - ლიბანი-სირია-ირანის შენარჩუნება და ამისათვის ისინი დასავლეთთან გარიგებაზეც კი წავლენ და ასადი იქნება თუ სხვა ფიგურა, მათთვის არაა გადამწყვეტი. პოლიტიკა ამ მხრივ ირანისთვის არაა პერსონიფიცირებული.
ირანის და რუსეთის გზები არასოდეს იყო ერთი და იგივე....ირანი არასოდეს იყო რუსეთის ხელქვეითი და ყოველთვის თავის პოლიტიკას ატარებდა. სირიაში ირანის როლი გაცილებით დიდია, ვიდრე რუსეთის. ირანი გაცილებით და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ასადისთვის, ვიდრე რუსეთი. რუსეთს შეუძლია ტექნიკური თვალსაზრისით მიაწოდოს დახმარება, შეუვსოს მარაგები და ასე შემდეგ, თუმცა რაც შეეხება ფინანსურ, ასევე მატერიალურ და რაც მთავარია, ადამიანურ და სადაზვერვო ინფორმაციას, ირანი უდავოდ წამყვანი მოთამაშეა სირიაში და ზოგადად ახლო აღმოსავლეთში (ერაყი, იემენი და ა.შ.).
- ირანი სანქციების მოხსნის შემდეგ პოზიციების განმტკიცებას სამხრეთ კავკასიაშიც ცდილობს. მაგალითად, უკვე შედგა რამდენიმე ვიზიტი სომხეთში, პრეზიდენტ რუჰანის ვიზიტი დაგეგმილია ერევანში. რა იქნება რუსეთის პასუხი, როგორ შეეცდება საკუთარი გავლენის განმტკიცებას? ხომ არ აპირებს აშშ შეაჩეროს ირანისთვის სანქციების მოხსნის პროცესი?
- ირანი სამხრეთ კავკასიიდან არც არასოდეს გასულა ეს უნდა გვახსოვდეს. განსაკუთრებით, სომხეთისთვის ირანთან გამავალი გზა და მასთან კარგი კავშირები სასიცოცხლო იყო და მნიშვნელოვანია სტრატეგიული თვალსაზრისით. ირანი სომხეთისთვის გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე რუსეთი, და ეს ძალთა განლაგება შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიცვალოს, თუ რუსეთი უშუალოდ გახდება სომხეთის მეზობელი, ან საქართველოს ოკუპაციით, ან ისეთი რეჟიმის დამყარებით აქ, რომელიც სრულ თავისუფლებას შესთავაზებს რუსეთს სომხეთთან კომუნიკაციის დასამყარებლად. მეორეს მხრივ, დარწმუნებული ვარ, რომ ასეთი სცენარი სულაც არ აწყობთ ერევანში, რადგან მათ ლავირებისა და ვაჭრობის საშუალება უმცირდებათ და გაცილებით დამოკიდებულს ხდის რუსეთზე, მათ შორის, გაცილებით ზრდის უშუალო საფრთხეს და ზეწოლას სომხეთზე რუსეთის მხრიდან. ამიტომ მათ სტატუს ქვო ურჩევნიათ და, პირიქით, მიესალმებიან ირანის როლის ზრდას რეგიონში, როუჰანის ვიზიტიც ამის დამადასტურებელია. რეალურად, რუსეთს სომხეთზე ამ ეტაპზე სამი ბერკეტი აქვს: რუსული ბაზა, იარაღის და გაზის მიწოდება და საკუთარი აგენტურა პოლიტსტრუქტურასა და ეკონომიკაში.
ჩვენთვის გაცილებით საინტერესო იქნება TANAP-ის (კასპიიდან მომავალი გაზსადენი) განხორციელების დინამიკა და მის გარშემო სავარაუდო მოსალოდნელი ნაბიჯები
TANAP -ი იმდენად არის მნიშვნელოვანი, რამდენადაც ითვალისწინებს მასში ირანის ჩართვასაც და თუ ეს განხორციელდა, TANAP-ის პოტენციური მნიშვნელობა ევროპული ბაზრისთვის გაცილებით გაიზრდება და საგრძნობლად გადააჭარბებს იმ 6%-ს, რომლითაც განისაზღვრება TANAP -ის საწყისი წვლილი ევროპულ გაზმომარაგებაში.
- რატომ იქნება TANAP-ი იგივე TAP-თან შედარებით გაცილებით საინტერესო საქართველოსთვის?
- მარტივი მიზეზის გამო....მისი გამტარუნარიანობის სიდიდის გამო და შესაბამისი სატრანზიტო წილით, რაც საქართველოს აქედან შეხვდება
- რუსეთი რას ცდილობს ახლა სირიაში გაქტიურების პარალელურად, მისი მიზანი რა არის? სირიაში დასავლეთის პოზიციების აშკარა შესუსტების შედეგად რას შეიძლება ველოდოთ საქართველოს მოქალაქეები?
- სიმართლე რომ გითხრათ, სირიასა და საქართველოს შორის მე პირდაპირ კავშირს არ ვხედავ, გარდა იმ სცენარისა,სადაც მოსკოვი ახერხებს და სირიულ ვითარებას ისე ალაგებს, რომ მხოლოდ ასადი და ISIS რჩებიან რუკაზე, ანუ ამით მოსკოვი უპირობო და აუცილებელი პარტნიორად იქცევა დასავლეთისთვის სირიული და ახლო აღმოსავლური თემის დასარეგულირებლად. ამის ფონზე, ანუ, ამ პირველადი და დასავლეთისთვის სტრატეგიული პრიორიტეტის ფონზე, თავისთავად, საქართველოს მნიშვნელობა მეორე პლანზე გადადის მთელი თავისი შედეგებით, ანუ MAP-ის არ განხილვით, კიდევ უფრო მზარდი მცოცავი აგრესიით, რუსული "რბილი ძალის" კიდევ უფრო გააქტიურებით, ეკონომიკური "შემოჭრით" და საბოლოო პოლიტიკური ზეწოლით თბილისზე.
- თქვენ თქვით, რომ სანქციები რუსეთის წინააღმდეგ სამხედრო სფეროზე გავლენას სექტემბრიდან უფრო მოახდენს, ამის გათვალისწინებით შეიძლება თუ არა ვივარაუდოთ რუსეთის არა მხოლოდ სამხედრო, არამედ ეკონომიკური დასუსტება უახლოეს პერსპექტივაში და, შესაბამისად, ამბიციების შემცირება, მათ შორის, თბილისზე სხვადასხვა ტიპის გავლენის შესუსტების თვალსაზრისითაც?
- სანქციები, მიუხედავად მათი არასრულფასოვნებისა, მაინც თავის საქმეს აკეთებს. ეს უდავოა. რუსეთის ეკონომიკას არ აქვს იმის პოტენციალი, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში გაუძლოს მუდმივ რეცესიას. 2016 წლის ბიუჯეტი უკვე შემცირებულია და გაუფასურებული რუბლის ფონზე მშპ-ს ზრდა საკუთარი პროგნოზებითაც კი არ არის მოსალოდნელი. ბიუჯეტის სოციალური სფეროები და განსაკუთრებით ჯანდაცვა სერიოზულად არის შემცირებული 2016 წლის ბიუჯეტის პროექტით, თუმცა სამხედრო სფერო და უსაფრთხოება არ განიცდის მნიშვნელოვან საბიუჯეტო შემცირებებს. ამ ფონზე აშკარაა, რომ რუსეთს აქვს იმედი, რომ დაგროვილი რეზერვების (კეთილდღეობის ფონდი) ხარჯზე გადაიტანს ამ რთული პერიოდს (ალბათ 2 წელზე გათვლილს), რომლის განმავლობაში ის გეგმავს საბოლოო ჯამში სანქციების ან გაუქმებას, ან ისე შერბილებას, რომ - business as usual გაგრძელდეს. ამ მხრივ ის პირველ რიგში ევროპაზე ამყარებს იმედებს. იქ არსებული მიგრაციული პროცესებისა და კრიზისის ფონზე, რაც ევროპის ერთიანობას მნიშვნელოვნად ხლეჩს და გარდა ამისა, ქვეყნებს შიგნით საზოგადოების სერიოზულ დაპირისპირებას და რადიკალიზაციას იწვევს, მათ შორის მმართველი ელიტების მიმართ. ევროპის ერთიანობა სერიოზულად დგას კითხვის ნიშნის ქვეშ. ჩვენ გვაქვს ევროკავშირის, როგორც პოლიტიკური ერთეულის სერიოზული კრიზისი (ბრიტანეთის რეფერენდუმი არ დაგვავიწყდეს შემდეგ წელს) და ამავე დროს მმართველი პოლიტიკური ელიტების პოლიტიკური კრიზისი. მაგალითად, კანცლერ მერკელის საკითხი სულ უფრო აქტიურად განიხილება გერმანიაში კრიტიკული თვალსაზრისით. ამ დაპირისპირებამ იმ დონეზეც კი მაღწია რომ საკუთრივ უბრალო ამომრჩევლები აუმხედრდნენ კანცლერს მიგრაციულ საკითხთან დაკავშირებით. აღარაფერს ვამბობთ სულ უფრო მზარდ და გავლენიან PEGIDAA-ზე (რადიკალური მოძრაობა) აღმოსავლეთ გერმანიაში.
ამავე დროს გერმანული ეკონომიკის ბოსები სულაც არ მოეშვნენ რუსეთთან კავშირების აღდგენის იდეას და NORD STREAM-თან დაკავშირებული ბოლო სვლები გერმანულ პოლიტიკაში სწორედ რომ ასეთ განწყობებზე მიგვანიშნებს. კოალიციის ეკონომიკის მინისტრის, სოციალ-დემოკრატ გაბრიელის დამოკიდებულებაც არ დაგვავიწყდეს რუსეთის მიმართ. სულ ახლახანს მან ღიად განაცხადა რომ ურიგო არ იქნებოდა რუსეთისთვის სანქციების თანდათანობითი გაუქმება.
NORD STREAM-თან დაკავშირებით მცირე, მაგრამ მნიშვნელოვანი დაკონკრეტება მინდოდა. გერმანიის მთავრობამ ნება დართო რამდენიმე კვირის წინ "გაზპრომს" მეორე მილსადენის მშენებლობა დაეწყო პროექტის ფარგლებში და ამით აინუნშიც კი არ ჩააგდეს პოლონეთის, სლოვაკეთის და ბალტიის ქვეყნების პროტესტი, რომ აღარაფერი ვთკვათ უკრაინაზე.
- რა უნდ გააკეთოს არსებულ ვითარებაში საქართველოს ხელისუფლებამ? რა პოლიტიკა უნდა აირჩიოს რუსეთთან და დასავლეთთან მიმართებაში?
- რაც შეეხება საქართველოს უსაფრთხოებას და სამხრეთკავკასიულ ენერეგოპროექტებს: ნებისმიერ მთავრობას, როცა ის მოდის 4 წლის ვადით, აქვს მკაფიოდ დადგენილი სამოქმედო პროგრამა, რაც სხვა სფეროებთან ერთად, უპირველეს ყოვლისა, მოიცავს დეტალურ გეგმას განსახორციელებელი ნაბიჯებისა და მოსალოდნელი შედეგებისა საგარეო და უსაფრთხოების სფეროში. ენერგეტიკული უსაფრთხოება არის არა მხოლოდ ჩვენი ენერგეტიკული დამოუკიდებლობის გარანტი, არამედ სამხრეთ კავკასიაში დიდი, გავლენიანი მოთამაშეების ჩართვის გარანტიც, რაც ავტომატურად ართმევს რუსეთს ხელიდან აქ არსებული ვითარების მანიპულირების ექსკლუზიურ უფლებას. ენერგეტიკული პროექტები არის ჩვენი ერთ-ერთი, თუ ერთადერთი არა ბერკეტი, ვიყოთ მუდმივად მსოფლიო პოლიტიკის განხილვის ფოკუსში. ამიტომ, ეს ჩვენთვის არანაკლები პრიორიტეტია, ვიდრე NATO-ში გაწევრიანება, ან EU-სთან ასოცირების ხელშეკრულება. ვფიქრობ, ჩვენი ამოცანა არა გაზის მიწოდების დივერსიფიკაცია უნდა იყოს რუსეთის მონაწილეობით, არამედ რუსეთის ფაქტორის მაქსიმალური და ეფექტური დაბალანსება-განეიტრალება.
- არსებულ ვითარებაში რამდენად დიდია საფრთხე, როდესაც დასავლეთის მთელი ყურადღება არის გადატანილი სირიის კონფლიქტზე და ამ კონფლიქტით გამოწვეულ ახალ პრობლემებზე? აქვს კი რუსეთს დღეს თავი აქ კიდევ ერთი ფრონტი გახსნას, თუ ურთიერთობა დაიძაბება?
- ნათელია, რომ ჩვენთვის ჯერჯერობით არავის სცხელა, მაგრამ ისიც ნათელია, რომ არც რუსეთის ინტერესშია ამ ეტაპზე ღიად გახსნას დამატებითი ცხელი ფრონტი, რაც მისთვის ისედაც მძიმე ურთიერთობას დასავლეთთან საბოლოოდ შეიყვანდა მოუბრუნებელ ჩიხში.
TANAP-ის ფუნქციონირება, რამდენადაც მახსოვს, 2018 წლის ბოლოდან იგეგმება, ანუ შემდეგი ორი წელი იქნება გადამწყვეტი როგორც ზოგადად ამ პროექტის განხორციელებისთვის, ასევე მასთან ირანული გაზის პოტენციალის ჩართვის თვალსაზრისით. ყველაზე საინტერესო მოვლენები ალბათ 2017 წლისთვის გველოდება. მანამდე სულ სხვა ფრონტზე მიდის ვითარების დაძაბვა - ვგულისხმობ ყარაბახს!
- როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის?
- ვითარება უცნაურად, მაგრამ სტაბილურად იძაბება და ადრე თუ მხოლოდ მსუბუქ ინციდენტებს ჰქონდა ადგილი, უკვე მერამდენე თვეა სტაბილურად არ წყდება სერიოზული ინციდენტების სერია, სადაც მთელი ქვედანაყოფები არიან ჩართულნი და საარტილერიო დაბომბვაც იშვიათობას აღარ წარმოადგენს. ამას გარდა, რუსეთი აგრძელებს აზერბაიჯანისთვის იარაღის მასიურ მიწოდებას და ახალ-ახალ კონტრაქტებს სთავაზობს, რაც ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებს, თითქოს რუსეთი ყველანაირად უზრდის მოტივაციას ბაქოს, რომ იარაღით დაიბრუნოს რეგიონი.
- რა არის რუსეთის მიზანი?
- ომი...ომი კი ყველანაირი პროექტების დასასრულია, რაც რუსეთს ისევ მონოპოლისტად აქცევს რეგიონში. ეს სცენარი კი პირდაპირ დააყენებს დღის წესრიგში რუსული ქვედანაყოფებისთვის სომხეთთან დამაკავშირებელი სახმელეთო კომუნიკაციების გახსნის საკითხს საქართველოში.
- ირანის მიმართ აშშ-ს ლიბერალური დამოკიდებულება გაგრძელდბა თუ არა და რა შემთხვევაში შეიძლება შეჩერდეს ურთიერთობების დათბობის და ლიბერალიზაციის პროცესი?
- პროცესი დამოკიდებული იქნება ბირთვული პროგრამის შესახებ მიღწეული შეთანხმების განხორციელებაზე. დემოკრატები ცალსახად უჭერენ მხარს სანქციების ეტაპობრივ მოხსნას. კონგრესმაც დაამტკიცა შეთანხმება. ასევე, მნიშვნელოვანი იქნება თუ ვინ გაიმარჯვებს საპრეზიდენტო არჩევნებში. ამ ეტაპზე რესპუბლიკელები ვერ დაიკვეხნიან ძლიერი კანდიდატით. ამასთან ერთად, ისრაელი ყოველთვის იქნება მზად ცალმხრივად მიიღოს რადიკალური ზომები თუ დაადგინა, რომ ბირთვული ბომბის შექმნამდე ერთი ნაბიჯი დარჩა თეირანს. ცხადია, ზოგადად ირანის მიმართ გლობალური პოლიტიკა იცვლება. ჯერ ვხედავთ ამის საწყის ეტაპებს და მნიშვნელოვანია ამ საწყის ფაზას როგორ გაივლიან ერთად აშშ და ირანი. ამ კუთხით ყველაზე მნიშვნელოვანი ისევ სირიის პრობლემის მოგვარება ჩანს. სირიის თემა იქნება ერთგვარი ინდიკატორი იმისა, ახერხებენ თუ არა ვაშინგტონი და თეირანი თანამშრომლობას. შესაბამისად, სანქციების ლიბერალიზაციას და მოხსნას ამ გადმოსახედიდან და ამ ეტაპზე, ვფიქრობ, ნაკლები საფრთხე ემუქრება.
ესაუბრა ლიკა ბასილაია-შავგულიძე