521 საწარმოდან მხოლოდ 5%-მა იცის სად უნდა ნახოს ინფორმაცია ევროკავშირის მოთხოვნებისა და ექსპორტის შესახებ
საქართველოში გამოკითხული 521 მცირე და საშუალო საწარმოდან 28%-ს არასდროს გაუგია ასოცირების შეთანხმებისა და მისი სავაჭრო კომპონენტის (DCFTA-ის) შესახებ, დანარჩენმა 72%-მა შეთანხმების არსებობა იცის, თუმცა არ იცის კონკრეტულად რა გავლენა ექნება მის ბიზნესსაქმიანობაზე ან რა შესძლებლობებს გააჩენს. კვლევა, ევროკავშირის დაფინანსებით, ბრიტანულმა კომპანიამ DAI EUROPE-მა საქართველოში, მოლდოვსა და უკრაინაში ჩაატარა. მიზანი იყო მცირე და საშუალო ბიზნესის გამოწვევების შესწავლა და რეკომენდაციების შემუშავება- თუ რაზე უნდა იყოს ფოკუსირებული ევროკავშირის დახმარების პროგრამები ასოცირების შეთანხმებისა და DCFTA-ის განხორციელების პროცესში. სამივე ქვეყანაში მთავარ პრობლემად ფინანსებზე ხელმისაწვდომობა დასახელდა.
კვლევაში მონაწილეობდა ასოცირების შეთანხმებისა და DCFTA-ის საკითხებში ექსპერტი დავით ლელაშვილიც, რომელმაც eugeorgia.info-სთან საუბრისას განაცხადა, რომ ფინანსების მოძიებისას ხელისშემშლელ ფაქტორებს შორისაა დაურეგისტრირებელი მიწები და ბანკებისთვის არსებული რისკები, ამასთან, არც მეწარმეებს აქვთ ცოდნა და ინფორმაცია საბანკო პროდუქტების შესახებ.
“ბევრ ფერმერს მიწა დარეგისტრირებული რომ ჰქონდეს, პირობითად, ბანკში შეძლებდა ჩადებას და კრედიტის აღებას. ასევე, პრობლემაა, რომ ბანკი საკრედიტო ხაზების გარეშე რისკს გაურბის, მაგალითად, კასპელ შაქროს, რომელსაც ძალიან კარგი ვაშლი მოყავს და ექსპორტზეც გააქვს, შეიძლება სჭირდებოდეს მეტი ფული, წარმოების გასაზრდელად, როცა ასეთი ფერმერი ბანკში მიდის, ბანკი ბიზნესგეგმას სთხოვს. ამ ადამიანმა იცის ვაშლის მოყვანა, მაგრამ არ იცის ბიზნესგეგმა, მეორე მხრივ, ბანკსაც ვერ დაადანაშაულებ, რომ არ აძლევს ფულს. სისტემა უნდა აეწყოს- პირველ რიგში, უნდა აუხსნა ფერმერს, რომ სჭირდება ბიზნესგეგმა, შემდეგ, შეიძლება ფული გადაუხადო კონსალტინგ კომპანიას, რომელიც ფერმერს დაუწერს ბიზნესგეგმას, დღეს ასეთი კომპანიები არ არსებობს”.
ბიზნესგეგმის შედგენა არ უჭირს და საბანკო პროდუქტებიც კარგად იცის სამკერვალო სალონის მფლობელმა მურმან აბაკელიამ, რომელმაც ბიზნესადმინისტრირება სამხრეთ კორეაში ისწავლა, თუმცა ბანკიდან “იაფი კრედიტის” მიღებას მაინც ვერ ახერხებს. თანხა თანამედროვე საკერავი ტექნიკის შესაძენად და ბიზნესის გასაფართოებლად სჭირდება.
“კვიპროსში გვყავს პარტნიორები, სადაც უკვე რამდენჯერმე გავაგზავნეთ ჩვენი პროდუქცია, მომხმარებლების რაოდენობა ყოველ თვე იზრდება, გვინდა შევიძინოთ დანადგარები და გავფართოვდეთ, მაგრამ ვერ ვჯდებით იმ მოთხოვნებში, რაც სახელმწიფო დახმარების პროგრამებს აქვთ, 5000 ლარამდე აქვთ გრანტები მხოლოდ რეგიონებისთვის, ჩვენი სამკერვალო კი თბილისშია, გვიჭირდება, დაახლოებით, 7 ათასი ლარი”,- ამბობს აბაკელია.
კრედიტის გასაცემად, ბანკის მხრიდან უზრუნველყოფის მოთხოვნები დაასახელეს მცირე და საშუალო საწარმოებისთვის ერთ-ერთ სერიოზულ დაბრკოლებად სამივე ქვეყანაში, როგორც ბიზნესის მხარდამჭერმა ორგანიზაციებმა, ასევე, თავად, ფინანსურმა ინსტიტუტებმა. ექსპერტ დავით ლელაშვილის თქმით, ერთ-ერთი, რისი გაკეთებაც სახელმწიფოს შეუძლია, ბანკისთვის რისკების დასაზღვევად კრედიტის გარანტიების ფონდის შექმნაა. მსგავსი ფონდები უკვე არსებობს მოლდოვასა და უკრაინაში-“მოლდოვაში ამას ჰქვია “დეპოზიტების გარანტირების ფონდი”, რომლის მიზანია ბანკმა, მისი გათვლებით, რისკიან მეწარმეებსაც მისცეს თანხა, მაგრამ, ვიღაცამ ეს უნდა დაუზღვიოს-მაგალითად, თუ შაქრო ვერ დააბრუნებს ფულს, ბანკმა მაინც რომ მიიღოს თანხა. ფონდი სადაზღვევო კომპანიების პრინციპით იმუშავებს, შეაფასებს რისკებს, ბანკი თავის საქმეს გააკეთებს, კონსალტინგ კომპანიები კი შაქროს დაეხმარებიან ბიზნესგეგმის შედგენაში...კანონმდებლობის მხრივ რეგიონში ალბათ ყველაზე უკეთესადაა საქმე, ცოდნა და საქმის ორგანიზება უფრო დიდი პრობლემაა ჩვენთან”.
როგორც კვლევამ აჩვენა, მეწარმეებს სამივე ქვეყანაში (საქართველო, მოლდოვა, უკრაინა) მწირი ცოდნა აქვთ გასატარებელ რეფორმებზე და არ არიან მზად იმისთვის, რომ შესაბამისად დაგეგმონ და შეცვალონ თავიანთი საქმიანობა. ბევრს ისიც კი ჰგონია, რომ ცვლილებები მხოლოდ ექსპორტიორებს შეეხებათ. eugeorgia.info-სთან საუბრისას თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ცოდნის გაზიარების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი დაფნის მწარმოებელი კომპანია “აგროლენდის” დამფუძნებელმა. გიორგი ნადარაიას განცხადებით, ესპანეთთან კონტრაქტის გაფორმება მხოლოდ მას შემდეგ შეძლო, რაც ფოთლების ხარისხის შესანარჩუნებლად საშრობი აპარატი იყიდა, რის შემდეგაც მისი პროდუქტი ევროპული ქვეყნისთვისაც მიმზიდველი გახდა.
“...საჭიროა ტექნოლოგიური ცოდნის, მოწინავე ქვეყნების გამოცდილების გაზიარება, ვგულისხმობ, ექსპერტების ჩამოყვანას, დაფნა “ჰერბალ” ბიზნესში შედის და ამიტომ, ზოგადი მიმართულებით რომ ჩატარდეს ტრენინგი- როგორ უნდა შეინახო, დაამუშავო, რომ შეძლო უფრო ხარისხიანი პროდუქციის წარმოება,”-ამბობს ნადარაია.
ევროკავშირის პროგრამა DCFTA facility, სწორედ, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების განხორციელების პროცესში, საქართველოში, მოლდოვსა და უკრაინაში, მცირე და საშუალო საწარმოების დახმარებას ისახავს მიზნად. პროგრამის ფარგლებში, გათვალისწინებულია გრანტები მეწარმეებისა და ბანკებისთვის. DCFTA facility პირველად, საქართველოში 2016 წლიდან გაეშვება და ბიზნესს წარმოების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, ინფტრასტრუქტურულ გადაიარაღებაში დაეხმარება.
შენახვა, შეფუთვა და ტრანსპორტირება- ერთი შეხედვით, მარტივი, მაგრამ რეალურად, ის ძირითადი ელემენტებია, რაზეც ევროკავშირის ბაზარზე ქართული პროდუქტის ბედია დამოკიდებული. ევროპული სტანდარტებით წარმოებასთან ერთად ექსპორტიორ მეწარმეს იმის დამტკიცებაც უწევს, რომ ის სანდო მიმწოდებელია.
“ლონდონის სუპერმარკეტების ქსელი ვაშლს პირდაპირ საქართველოდან ან სხვა ქვეყნიდან კი არ ყიდულობს, არამედ ე.წ. ბაიერებისგან, ცალკე ბიზნესია, რომელსაც აქვს ქვეყნების ჩამონათვალი. თუ აკმაყოფილებ ზომას, სტანდარტსა და რაოდენობას, რასაც კონკრეტული სუპერმარკეტების ქსელი ითხოვს, მაშინ “ბაიერი” შეგიკვეთავს შენ. ყველაფერი ორგანიზებული უნდა გქონდეს, რომ “ბაიერმა” სანდოდ ჩაგთვალოს. საკმარისია, სეზონზე მიაწოდო და შემდეგ, არასეზონზე ვერ, რადგან საქართველოში მაცივრების პრობლემაა, უკვე ამოგშალა სიიდან. თავიდან, შეიძლება, ბევრი რაღაც შეგეშალოს, მაცივარში სხვა გრადუსზე თუ დააყენე, შეიძლება სულ გაგიფუჭდეს მოსავალი, ეს დეტალები რომ გაიმართება, რატომაც არ ექნება ნებისმიერ პროდუქციას საექსპორტო პოტენციალი?! “ბაიერისთვის” სულერთია საიდან წაიღებს-საქართველოდან თუ სხვა ქვეყნიდან, რაც უფრო გრძელია სია, მით უკეთესია მისთვის,”-ამბობს დავით ლელაშვილი.
ევროკავშირის ბაზარზე ინფორმაციის ხელმისაწვდომობა
ის თუ როგორ უნდა დაუკავშირდეს მეწარმე “ბაიერს”-კიდევ ერთი პრობლემაა. კვლევის მიხედვით, მეწარმეების უმეტესობამ არ იცის სად უნდა მოიძიოს ექსპორტზე ინფორმაცია. წარმოების ხელშეწყობის მიზნით შექმნილი ეკონომიკის სამინისტროს სსიპ-ის “მეწარმეობის განვითარების სააგენტოს” ერთ-ერთი მოვალეობა, სწორედ, საექსპორტო ბაზრებისა და მოთხოვნების შესახებ ინფორმაციის მიწოდებაა. ქართველმა მწარმოებლებმა უცხოურ კომპანიებთან პირდაპირ დაკავშირება და საკუთარი პროდუქციის გაცნობა სავაჭრო პორტალის TradeWithGeorgia მეშვეობითაც უნდა შეძლონ, რომლის შექმნის ვალდებულებაც აქვს საქართველოს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავჭრო სივრცის შესახებ (DCFTA) შეთანხმების 2015 წლის სამოქმედო გეგმის მიხედვით, საიტი ჯერ კიდევ ზაფხულში უნდა ამოქმედებულიყო, თუმცა როგორც მეწარმეობის განვითარების სააგენტოში აცხადებენ, ტექნიკური პრობლემების გამო ჯერ არ გაშვებულა. ინფორმირების ფუნქციას ითავსებს, რეგიონებში გახსნილი სოფლის მეურნეობის სამინისტროს საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრებიც (ექსტენციის ცენტრები), თუმცა კვლევის შედეგებიდან ჩანს, რომ მეწარმეებში ინფორმაციის ნაკლებობაა - საქართველოში გამოკითხული 521 საწარმოდან მხოლოდ 5%-მა ანუ 26-მა განაცხადა, რომ მათ იციან სად უნდა ნახონ ინფორმაცია ევროკავშირის მოთხოვნებისა და ექსპორტის შესახებ, მსგავსი მაჩვენებელია მოლდოვაშიც, უკრაინაში კი 20%-მა გასცა დადებითი პასუხი, თუმცა, საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ მოლდოვაში სულ 185, უკრაინაში კი 196 მცირე და საშუალო საწარმო გამოიკითხა.
“ერთია, ხარისხიანი პროდუქციის შექმნა და მეორეა, უნდათ კი ის ხარისხიანი პროდქუცია?, ევროკავშირის ბაზარი დეფიციტური არ არის, ამიტომ კონტაქტების დამყარება მნიშვნელოვანია. მყიდველის მოძიება, ლოჯისტიკური ხაზი, პროდუქტი და ფასი- ეს თემები იქნება დასალაგებელი, ყველაზე მეტ პრობლემას კი გადაიარაღებაში ვხედავ, იმიტომ რომ ძალიან დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული... პროდუქტი უნდა იყოს უსაფრთხო და არ მიმაჩნია, რომ აქ შეღავათები უნდა ჰქონდეთ, გადაიარაღებაში უნდათ დახმარება, რომ მივცეთ იაფი სესხი, კონსულტირება გავუწიოთ- რომელი დანადგარი სჯობს, ინფორმაციული და ფინანსებზე ხელმისაწვდომობა უნდა მივცეთ და არა ის რომ გავათავისუფლოთ რეგულაციისგან,”-ამბობს მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაციის ხელმძღვანელი მიხეილ ჭელიძე.
“შეიძლება შეიქმნას კომპანია, სადაც კითხავენ ფერმერები როგორ უნდა გაიტანონ პროდუქტი ევროკავშირში. ამ კომპანიის თანამშრომელმა უნდა მიაწოდოს ინფორმაცია “ბაიერებზეც”. ეს კომპანია თუ კერძო იქნება, შეიძლება, გაყიდოს ინფორმაცია თუ სახელმწიფოა-არა, მაგრამ სახელმწიფო კომპანია ეფექტური არ იქნება, კერძოს ნაკლი კი ის არის, რომ ვიღაცები ვერ გადაიხდიან. ასევე, შეიძლება ჩამოიყვანონ ტრენინგების ჩასატარებლად ექსპერტები, ვინც იცის როგორ მოიყვანო ისეთი ვაშლი, რომ გაყიდო ლონდონის სუპერმარკეტში. თითოეულ ფერმერს რომ ჩაუტაროს არაეფექტური იქნება, ვერც გაწვდება და ძვირიც დაჯდება. შეიძლება, შეკრიბო ადამიანები, ვინც აქ მსგავს თემებზე მუშაობს, იმათ კი ასწავლონ მთელ საქართველოში ვაშლის ფერმერებს, ასე უფრო ეფექტურია. ამათ შეიძლება სახელმწიფომ გადაუხადოს ფული ან თვითონ იყვნენ კონსულტანტები და გაყიდონ ცოდნა,”-ამბობს დავით ლელაშვილი.
სახელმწიფო მხარდაჭერის პროგრამები
მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას ისახავს მიზნად 2014 წლის 1 ივნისს დაწყებული სახელმწიფო პროგრამა “აწარმოე საქართველოში”. პროგრამის ინდუსტრიული ნაწილის ბიუჯეტი 16 მილიონი ლარით განისაზღვრა, სოფლის მეურნეობის ნაწილისთვის კი 30 მილიონი ლარი გამოიყო. პროგრამის ფარგლებში, ფინანსური ხელშეწყობა მოიცავს სესხზე პროცენტის თანადაფინანსებას, გირაოში თანადგომასა და ლიზინგის საგანზე ინტერესის თანადაფინანსებას, მეწარმეებს, ასევე, შეუძლიათ მიიღონ ინფრასტრუქტურული მხარდაჭერა და საკონსულტაციო მომსახურება. ასევე, მოქმედებს, მიკრო და მცირე მეწარმეობის ნაწილი, რომელიც გულისხმობს რეგიონში მიკრო და მცირე მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობას. აღნიშნული მიმართულებისთვის გამოყოფილია 20 მილიონი ლარი. ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით სოფლის მეურნეობის სამინისტრო უკვე მესამე წელია „შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტს“ ახორციელებს.
“ვერავინ იტყვის, რომ ცუდია თუ რომელიმე სექტორს ეხმარები, უბრალოდ, რაღაცა რაღაცის ხარჯზე ხდება და საკითხი ყოველთვის ასე დგას: ის ფული ყველაზე ეფექტურად გამოიყენება? ჩემი აზრით, არ გამოიყენება, როდესაც გაზრდილია სახელმწიფოს როლი, სუბსიდია იქნება თუ სხვა დახმარება. სოფლის მეურნეობას ყველაზე ნაკლები უკუგება აქვს ბიზნესის კუთხით, თუ ხარ ბიზნესმენი და ფული გინდა ჩადო, ყველაზე ნაკლებად შეეხები სოფლის მეურნეობას. ზოგადად, ევროკავშირი და დასავლეთის განვითარებული ქვეყნები სუბსიდიების მოწინააღმდეგეა, იდეურ დონეზე, მაგრამ ევროკავშირში ერთადერთი, რასაც მაინც ასუბსიდირებენ სოფლის მეურნეობაა. ჰოლანდიაში რძე წყალზე იაფია, იმიტომ რომ დასუბსიდირებულია. ისინი მდიდარი ქვეყნებია და შეუძლიათ, საქართველოს შემთხვევაში კი იმ ფულს ბევრი ალტერნატივა აქვს, რომ სხვანაირად გამოიყენო. ასეთ დახმარებას უფრო სოციალური ეფექტი აქვს, ნაკლებად ეფექტურია ბიზნესის თვალსაზრისით, მაგრამ ჩვენ შემთხვევაში საჭიროა, იმის გამო, რომ ბევრი ადამიანია სოფლის მეურნეობაში დასაქმებული,-ლელაშვილის თქმით, ამ კუთხით, ვერც ბალტიისპირეთის ან ევროკავშირის სხვა ქვეყნების გამოცდილების სრულად გაზიარება იქნება ეფექტური, ვინაიდან ისინი წევრობისთვის ემზადებოდნენ და ევროკავშირის დახმარებაც უფრო სოლიდური იყო,- "იმათ ბევრი ფული მისცეს, რადგან წევრობისთვის ემზადებოდნენ, ევროკავშირში რომ გაწევრიანდნენ, მერე კიდევ უფრო დიდი სარგებელი ნახეს. ბალტიისპირეთის ქვეყნებს საწყისი პოზიცია,შეიძლება, იგივე ჰქონდათ, შეიძლება ცოტა უკეთესები იყვნენ, მაგრამ ძალიან დაეხმარნენ. ჩვენთან ახლა იწყება ევროკავშირის დახმარების პროგრამები, იმათი გამოცდილება და ჩვენ რაც უნდა გავიაროთ, განსხვავებულია. ამის მიუხედავად, რაღაცების გათვალისწინება შეიძლება”.
მცირე და საშულო საწარმოების პირდაპირი გზით სუბსიდირების წინააღმდეგია ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი კახა გოგოლაშვილიც, რომელიც აღმოსავლეთის პარტნიორობის პლატფორმის მეორე სამუშაო ჯგუფის- ეკონომიკური ინტეგრაცია და ევროკავშირის პოლიტიკის კონვერგაცია- კოორდინატორია. გოგოლაშვილი დახმარების მიმდინარე პროგრამებს დადებითად აფასებს, თუმცა ამბობს, რომ მასშტაბები არასაკმარისია.
“საქართველოში ათეულობით ათასი მცირე და საშუალო საწარმოა და უმეტესობას, არც სოფლის მეურნეობისა და არც სხვა დარგებში მომუშავე საწარმოებს, არა აქვს საშუალება მიიღოს იაფი კრედიტი. მიდგომები შეიძლება კარგი იყოს და ხელისშემწყობი, მაგრამ ბევრად მეტია მოთხოვნა ასეთი სახის იაფ კრედიტზე/დახმარების ფორმებზე, ვიდრე სახელმწიფო ამას უზრუნველყოფს. ძირითადად, ეს კრედიტები გადის ბანკების გზით და ბევრი მცირე საწარმო უკმაყოფილოა იმით, რომ ბანკები ართულებენ კრედიტების მიღებას. საბოლოო ჯამში, სახელმწიფოსა და დონორების მიერ გამოყოფილი დახმარების ეფექტი მცირეა ამ გარდამავალ რგოლში”.
“აუცილებლობის მეწარმეობა” vs “შესაძლებლობის მეწარმეობა”
როგორც OECD-ის (ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია) მიერ “აღმოსავლეთის პარტნიორობის ქვეყნებში მცირე ბიზნესის აქტის 2012 წლის შეფასებაშია” აღნიშნული, მცირე და საშუალო ბიზნესის დიდი ნაწილი მოდის სექტორებზე, რომელიც მცირე დამატებით ღირებულებას ქმნის, მაგალითად, საბითუმო და საცალო სავაჭრო კომპანიები, ანუ სფეროები, სადაც ბიზნესის დაწყება შედარებით ადვილია და არ მოითხოვს დიდ ინვესტიციებსა და კვალიფიციურ მუშახელს. ამის ერთ-ერთი მიზეზია ის, რომ ამ ქვეყნებში მცირე და საშუალო ბიზნესის უმეტესობა წარმოადგენს აუცილებელ მეწარმეობას, რაც გამოწვეულია მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობით. იმის მიუხედავად, რომ მსგავს ბიზნესებს მნიშვნელოვანი სოციალური ღირებულება აქვს, არ უწყობს ხელს ეკონომიკის ზრდას. ამისგან განსხვავებით, “შესაძლებლობის მეწარმეობა” ეფუძნება ახალი იდეების გენერირებასა და ცოდნის გადაცემას და განიხილება, როგორც ეკონომიკური ღირებულების შემქმნელი.
“დღეს საქართველოს მსგავს ქვეყნებს ექსპორტზე გააქვთ ვაშლი, თურქეთი რომ ვიყოთ, ვაშლი უკვე გატანილი გვექნება და ვიფიქრებდით ჯემის გატანაზე. რა განსხვავებაა ვაშლისა და ვაშლის ჯემის ექსპორტს შორის?- ვაშლში გაცილებით ნაკლებია დამატებითი ღირებულება, ცოტა ფულს იღებ, ჯემში გაცილებით მეტს- ანუ დამატებით ღირებულებას ქმნი ქვეყანაში. ჯემს რომ აკეთებ, საწარმო გაქვს, იქ საქმდება ხალხი, რომელთაც ხელფასს უხდი, ისინი სხვა ბიზნესსსაქონელს ყიდულობენ. ექსპორტზე რომ გაიტან მეტს გადაგიხდიან რადგან მზა პროდუქტია. ჩვენი თხილი რომ გააქვთ, იქიდან ვიღაც კარგ შოკოლადს გააკეთებს და გაცილებით ძვირად გაყიდის, ანუ ქვეყნის განვითარების შემდეგი ეტაპი იქნება, რომ ეს თხილიანი შოკოლადი ჩვენ გავაკეთოთ. ის ადამიანი კი რომელზეც დღეს ვამბობთ, რომ მხოლოდ სახლი და პატარა მიწა აქვს და უნდა დავეხმაროთ, წავა და იმ ქარხანაში იმუშავებს”,-ამბობს დავით ლელაშვილი.
მცირე და საშუალო ბიზნესის განმარტება და წილი ეკონომიკაში (მშპ)
ევროკავშირისგან განსხვავებით, აღმოსავლეთის პარტნიორობის ქვეყნებში მცირე და საშუალო საწარმოებს საერთო სტატუსი არა აქვთ. უკრაინა ევროკავშირის მსგავს განსაზღვრებას იყენებს, თუმცა ასოცირების შეთანხმებაში პირდაპირ არ არის მოთხოვნა, რომ სტატუსი ევროკავშირის განმარტებასთან გათანაბრდეს. უკრაინაში მცირე და საშუალო ბიზნესად განიხილება საწარმოები, რომელთა ბრუნვა 50 მილიონ ევრომდეა და 250 ადამიანია დასაქმებული, მაშინ როდესაც მოლდოვაში მცირე და საშუალო ბიზნესად ითვლება 3 მილიონ ევრომდე ბრუნვის მქონე საწარმოები, რომელიც, ასევე, 250 ადამიანს ასაქმებს, საქართველოში კი მცირე და საშუალო ბიზნესის ბრუნვა უნდა იყოს 660 ათას ევრომდე და 100-მდე ადამიანი უნდა იყოს დასაქმებული. მოლდოვის განმარტების მიხედვით, საქართველოში მსხვილი და საშუალო ზომის კომპანიები, შესაძლოა, განიხილოს მცირე ბიზნესად. თავის მხრივ, ევროკავშირის განსაზღვრების თანახმად, მოლდოვაში კომპანიების 99%, შესაძლოა, მცირე და საშუალო ბიზნესის სიაში მოხვდეს.
მცირე და საშუალო საწარმოები აღმოსავლეთი პარტნიორობის ქვეყნებში კერძო საწარმოთა 95%-ზე მეტს შეადგენს. ისინი მუშახელის, დაახლოებით, 50%-ს ასაქმებენ და მათი წილი მშპ-ში, საშუალოდ, 30%-ს აღემატება, მაშინ როდესაც OECD-ის ქვეყნებში მცირე და საშუალო საწარმოები შრომისუნარიანი მოსახლეობის დაახლოებით 65%-ს ასაქმებს და მშპ-ში წილი, დაახლოებით, 55%-ია.
მცირე და საშუალო ბიზნესის წილი ეკონომიკაში ყველაზე მაღალია (28%) მოლდოვაში, საქართველოს შემთხვევაში 19%, უკრაინაში- 12%-ია. თუმცა საგულისხმოა ის ფაქტი, რომ მცირე და საშუალო ბიზნესის განსაზღვრება ამ ქვეყნებში განსხვავებულია და მოლდოვის შემთხვევაში ეს სექტორი მოიცავს უფრო დიდ კომპანიებსაც, ვიდრე ეს საქართველოშია. ასევე, გასათვალისწინებელია ისიც, რომ უკრიანის მშპ 11-ჯერ დიდია საქართველოზე და 10-ჯერ აღემატება მოსახლეობის რაოდენობით, ასევე, მოლდოვაზე 20-ჯერ მეტი მშპ აქვს და 13-ჯერ მეტი მოსახლე ჰყავს. შესაბამისად, საქართველოსა და მოლდოვასთან შედარებით უკრაინაში 30-ჯერ მეტია მცირე და საშუალო საწარმოთა რაოდენობა.
მაიკო გაბულდანი