კახელები ევროკავშირთან ასოცირების თაობაზე მეტ ინფორმაციას ითხოვენ
თელავიდან ათენამდე მანძილი 2809 კილომეტრია. მაგალითად, მანქანით საბერძნეთში ჩასვლა 32 საათში შეიძლება. კიდევ უფრო ახლოს სატახტო ქალაქიდან ბულგარეთია, სადაც ავტომანქანით 26 საათის სავალია, თუმცა აქაურებს ევროკავშირამდე გზა უფრო ხანგრძლივ და რთულ გზად წარმოუდგენიათ.
თელავის ბაზრის გამყიდველი ნატალია ჭარბაძე ამბობს, რომ ევროპამდე გზა შორია, მაგრამ მისთვის ახლობელი 17 წლის წინ გახდა, როცა კარის მეზობელი ქეთინო საბერძნეთში წავიდა და ოჯახი გაჭირვებისგან იხსნა. - ევროკავშირის შესახებ ბევრი არაფერი ვიცი, მაგრამ ერთი ის კარგად მახსოვს, რომ იქ ადამიანებს სამუშაო აქვთ და კარგი ცხოვრება, - ამბობს ის.
,,ჩვენს ქვეყანას ყველა სფეროში უჭირს, განათლება, ჯადაცვა, სოციალური და ეკომიკური სფეროები. ჩვენი პროდუქცია, რაც ჩენ გვაქვს და მოგვყვავს, თუ მოხერხდა და ევროკავშირის ბაზარზე გავა,ძალიან დიდი შვება იქნება, ჩვენი შემოსავალი გაიზრდება და ნორმალურად ვიცხოვრებთ ამ გაჭირვებულ ქვეყანაში, ჩვენც გვეშველება რამე. ახალგზარდებზეც უნდა ვთქვა, რომ ენა უნდა იცოდნენ, განათლება უნდა მიიღონ კარგი, რომ თავის ქვეყანას გამოდგნენ. უნდა გადიოდნენ ქვეყინიდან, ამისი საშუალება ყველას უნდა ჰქონდეს“, - ამბობს ნატალია.
რა იციან ევროკავშირის შესახებ თელაველებმა, რისი მოლოდინი აქვთ და რა სჭირდებათ ევროკავშირისგან: განათლება თუ ვაჭრობა, რისი გატანა სურთ ევროპის ბაზარზე და საერთოდ, რა არის მათთვის ევროპა, რამდენად დაამოკლებს გზას ევროპამდე ევროკავშირთან ასოცირების პროცესი, - ამ კითხვებით თელავის ბაზარში მომუშავე გამყიდველებსა და მომხმარებლებს მივმართეთ.
თელავის მკვიდრის, ანზორ მარტაშვილის აზრით, ევროკავშირში ღვინის გატანა შეიძლება. ,,ევროკავშირისაგან სიკეთეს ველი. იქ ჩვენი ახალგაზრდები კარგ განათლებას იღებენ და ცუდია, რომ უკან აღარ ბრუნდებიან. ჩვენც რომ კარგად ვიცხოვროთ და ჩვენები უკან დავაბრუნოთ, ძირითადად ღვინო და სასოფლო პროდუქტები უნდა გავიდეს ევროპის ბაზარზე, რადგან მას აქვს პოტენციალი. მიმაჩნია, რომ სოფლის მეურნეობის დარგი უნდა განვითარდეს და ამაში შეგვიწყონ ხელი“.
ბაზრის მიმდებარე ჯიხურიდან ამირან თოფაძე გამოგვეხმაურა. ის მიიჩნევს, რომ ჯერ ხალხის განათლებაა საჭირო. „ ჩვენი სოფლის პროდუქტები ისე კარგად უნდა მოვიყვანოთ, რომ ევროპელებმა იყიდონ. ყველა სახის პროდუქცია შეიძლება გავიტანოთ ევროკავშირის ბაზარზე, ეს ჩვენ წაგვადგება. მინდა, რომ სოფლის მეურნეობა განვითარდეს ჩვენს ქვეყანაში, მაგრამ განათლებაც მნიშნელოვანია. მერე რა რომ გლეხია, მასაც თავისებური განათლება უნდა თავის სფეროში რომ იყოს წარმატებული. ყველა პროდუქტი შეიძლება გავიდეს ევროპის ბაზარზე: გვაქვს ხილი, ციტრუსიც. - ეს მართლა შეიძლება რეალური გახდეს, - ამბობს ის. ხალხი უფრო მეტად დასაქმდება თუ ევროკავშირი დახმარებას გაგვიწევს და გვასწავლის როგორ გავზარდოთ ჩვენი წარმოება“.
სოფლის პროდუქტებით მოვაჭრე ქეთინო შაშვიაშვილი გვიყვება, როგორ უჭირს საკუთარი პროდუქტების გაყიდვა.
,,ევროპის ბაზარზე გატანა მართლა გვჭირდება ხალხო, ჩვენს პროდუქტს ამ ქვეყანაში ნაგვის ფასი აქვს. რაც ჩვენ მოგვყვავს, ფასი არ აქვს, აზრი არ აქვს არაფრის მოყვანას. ატამი მოვიყვანე და რის ფასად, ძვირი დამიჯდა და ისიც ვერ ავინაზღაურე! არაფერს აღარ მოვკიდებ ხელს, მაინც ვერ ვიყიდით ვერაფერს, უაზროა შრომის ჩაყრა და წვალება“. ქეთინოს აზრით, ევროკავშირიდან მთავარი დახმარება ჩვენი პროდუქტების ყიდვა იქნება.
37 წლის იურისტი არჩილ მჭედლიშვილი ევროკავშირთან დაახლოების მთავარ პირობად ხალხის სამოქალაქო ცნობიერების გაზრდას მიიჩნევს.
,,ჩემი აზრით, ჩვენი პრობლემაა მოქალაქეებიდან იწყება, რადგან არ ვართ ჩართულები საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი საკითხების მოგვარებაში. ეს განაპირობებს იმას, რომ ძალიან გვიჭირს ყველა სფეროში. ჩემთვის ყველაზე მტკივნეული თემა განათლების სფეროა. ჩვენი კონტაქტები და ურთიერთობები ევროკავშირთან ძალიან მნიშვნელოვანი, საჭირო და აუცილებელია. გამოსავალი არის განათლების მიღებაში, ამ მხრივ ჩვენი ქვეყანა არ არის განებივრებული რესურსებით. რაც ევროკავშირს ამ კუთხით სტანდარტები აქვს, ეს ჩვენთვის მნიშნელოვანია რადგან განვითარდეთ როგორც ქვეყანა და არ ვტკეპნოთ ერთიდაგიგვე ადგილი, რომელიც 100 წელზე მეტია გრძელდება“.
გურჯაანელი ფერმერი იროდი ქაჩლიშვილი 2 ჰექტარი ვენახის მფლობელია. ყურძნის ფასის სიმცირის გამო ოჯახის გამოსაკვებად კვირაობით აგრალურ ბაზარში ხილ-ბოსტნეულით ვაჭრობს. ევროკავშირ-საქართველოს ასოცირების ხელშეკრულების შესახებ, იცის, თუმცა რა კონკრეტულ შედეგს მოიტანს ეს პროცესი მისი ოჯახისათვის, მისთვის ბუნდოვანია.
„ერთი ის ვიცი, რომ რუსეთის ბაზარი ხან გახსნილია, ხან ხურავენ, როცა მოეპრიანებათ. ეს როგორ მომეწონება? საბჭოთა კავშირის დრო ცენტრალზებული იყო წარმოება და მშვიდადაც ვცხოვრობდით. ესეც ვიცი, რომ ეგ დრო აღარ დაბრუნდება და გლეხობამ საკუთარ თავზე თავად უნდა იზრუნოს. ევროკავშირში რისი გატანა შეიძლება და როგორ, ხეირიანად არ ვიცი. მარტო ის ვიცი, რომ ვინც იქ მიდის, აქეთ გამოხედვა არ უნდათ. გლეხი კაცი ვარ და ვხვდები, რომ თაფლი ბუზებს იზიდავს, ესე იგი იქ ცხოვრება ღირს და ამიტომაც მიდიან. მე კი ის მინდა, ჩვენი ახალგაზრდები იქ კი არ გარბოდნენ, თავის ბაღ-ვენახს უვლიდნენ. ევროკავშირის ბაზარი თუ ჩვენს მოყვანილ პროდუქტებს იყიდის, მუშა-ხელი არ ვეყოფით. მიწაც გვაქვს და თოხიც. ხალხი უნდა მობრუნდეს და იმუშავოს. ამისთვის მთავრობამ თავი უნდა გაატოკოს, დაგვეხმაროს და ნელ-ნელა წინ წავალთ.“
თელავის უნივერსიტეტის პროფესორი, აგრარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი ნიკოლოზ სულხანიშვილი მიიჩნევს, რომ ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის პერსპექტივაში ქვეყანამ ფერმერთა ინფორმირებასა და მათი უნარების განვითარებაზე უნდა იზრუნოს. ევროკავშირის ბაზრის პერსპექტივა ქვეყნის სტრატეგიის ნაწილად უნდა იქცეს და ამისათვის წარმოების გაფართოვებასა და დარგების სწორად განვითარებაზე უნდა იზრუნოს.
„თელავის მაგალითზე შემიძლია აღვნიშნო, რომ ბოლო ათწლეულში შეიმჩნევა მცენარეული კულტურების მოსავლიანობის შემცირება, ძირითად მიზეზებად კი სახელდება მეურნეობის არაეფექტური გაძღოლა, არასაკმარისი რწყვა და უამინდობა. ამასთან, მოსავლიანობის შემცირებას იწვევს მაღალი დანახარჯები ტექნიკასა და საწვავზე. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახნავი მიწების დიდი ნაწილი სასოფლო–სამეურნეო ტექნიკის სიმცირის, მისი გაუმართაობისა და სახსრების უქონლობის გამო დაუმუშავებელია.
მუნიციპალიტეტში სახნავი მიწების დაახლოებით 80% საჭიროებს რწყვას, თუმცა საირიგაციო სისტემის სიმცირე და ცუდი მდგომარეობა აფერხებს რწყვის პროცესს. თუ სახელმწიფო სოფლის მეურნეობის დარგის მიმართულებით გარკვეული სახის ინვესტიციას განახორციელებს და პროდუქციის გაყიდვის ბაზარსაც მოიძიებს, ჩვენს რეგიონში ამ დარგის განვითარებას სერიოზული პოტენციალი გააჩნია. ევროკავშირის თავისუფალი ვაჭრობა ჩვენი შესაძლებლობაა. ამისთვის სტრატეგიულად უნდა ვიფიქროთ“.
თელავის მკვიდრი ჯულია ჩალათაშვილი ევროკავშითან ვაჭრობის პერსპექტივას პოზიტიურად უყურებს, თუმცა როგორ და რა საშუალებით უნდა მივიდეს იქამდე გლეხური წარმოებები, მისთვის ძნელი გასაგებია.
,,ევროკავშირის შესახებ ვიცი ის, რასაც ტელევიზორში საუბრობენ. ჩემი აზრით, საქართველოს ევროკავშირის წევრ ქვეყანად გახდომა მნიშვნელოვანი იქნება ჩვენთვის, რადგან მოგვეცემა საშუალება მოყვანილი მოსავალი ევროპულ ბაზარზე გავიტანოთ და გავყიდოთ. მაგრამ რა უნდა გავიტანოთ, როგორ უნდა მოხდეს ეს, ეს მართლა არ ვიცი. სიმართლე გითხრათ, ჩემი 1 ტონა ყურძნის გატანა სასაცილოც კია.“
კახეთის რეგიონის განვითარების სტრატეგიული 2014-2021 წლის გეგმის მიხედვით, რეგიონის განვითარების მთავარი შესაძლებლობა აგრო მეურნეობების მოდერნიზაცია, აგრალური სექტორის ზრდის ხელშეწყობაა, როგორც საექსპორტო პოტენციალის, ასევე ადგილობრივი ბაზრის მოთხოვნების დაკმაყოფილების მიზნით. კახეთის განვითარების სტრატეგიული გეგმის სამუშაო ჯგუფის წევრი, სოსო მიქელაძე მიიჩნევს, რომ ევროკავშირის კანონმდებლობასთანაც და სტანდარტებთანაც ჰარმონიზაციისათვის (სურსათის უვნებლობის სამსახურების გაძლიერება, ფერმერული მეურნეობების კოოპერაციის პროგრამების შემოტანა და სხვა) საქართველოს მთავრობამ გარკვეული საქმიანობების განხორციელება დაიწყო. თავად ევროკავშირიც ადგილობრივ დონეზე სხვადასხვა პროექტს ახორციელებს, თუმცა ეს ღონისძიებები ზოგად კონტექსტში იმდენად უმნიშვნელოა, ან ნაკლებად გასაჯაროებული, რომ მიმდინარე მოვლენები ჩვენს მოსახლეობის ინფორმირებას ვერ ახდენს, მეტიც, საერთო უძრაობის, გაურკვევლობის შთაბეჭდილებას ტოვებს.
„უნდა აღინიშნოს, რომ მოსახლეობის არაინფორმირებულობა სრულ გაურკვევლობას ქმნის. ზოგად დეპრესიულ ფონს მძაფრი ფინანსური და ეკონომიკური კრიზისიც ემატება -გასაგები ხდება, რომ მითქმა-მოთქმების გარდა, გაზვიადებულ და საშინელ ვარაუდებამდე, პანიკამდე ბევრი აღარ გვიკლია. სწორედ ამიტომ უპირველესი მნიშვნელობის საქმედ მიმაჩნია საქართველო-ევროკავშირის ასოცირების პროცესის უფრო გასაგები და გამოკვეთილი ფიარ-კამპანიის წარმოება, სტრატეგული და მიზნობრივი მედიასაშუალებების გამოყენებით, კონკრეტული საქმიანობების გასაჯაროებით, როგორც ცენტრალურ, ასევე რეგიონულ დონეზე. ფერმერი, როგორც მინიმუმ, გათვითცნობიერებული უნდა იყოს, რისი მოლოდინები უნდა ჰქონდეს, კონკრეტულად უნდა იყოს გარკვეული უახლოესი წლების სოფლის მეურნეობის პოლიტიკის ძირითადი ეტაპების შესახებ. სხვა შემთხვევაში, დემოკრატიის მთავარი პრინციპის, უმრავლესობის ნების დარღვევის წინაშე შეიძლება აღმოვჩნდეთ.“
მაია მამულაშვილი