ვიზალიბერალიზაციის შედეგად დნესტრისპირეთის ათასობით მოსახლემ მოლდოვის პასპორტი მიიღო
საქართველოს მოქალაქეები რამდენიმე კვირაში გაიგებენ, იმოგზაურებენ თუ არა 2016 წელს ევროკავშირის ქვეყნებში უვიზოდ. ვიზის ლიბერალიზაციის პროცესის მორიგ შეფასებამდე 1 თვეზე ნაკლები დარჩა. კომისიის მესამე ანგარიშიდან ზუსტად 6 თვეში ხელისუფლებაც და ექსპერტებიც ამბობენ, რომ ყველა რეკომენდაცია შესრულებულია და იმედოვნებენ, რომ დეკემბერში ევროკომისიის შეფასება საბოლოო იქნება. დამაიმედებელი განცხადებები კეთდება თავად ევროკავშირის მაღალჩინოსნების მხრიდან. ევროინტეგრაციის ექსპერტების თქმით კი, მორიგი გადავადება, შესაძლოა, თავად ევროკავშირისთვის აღმოჩნდეს ფატალური, ვინაიდან, მოლოდინი დიდია და მორიგ იმედგაცრუებას ხალხი შესაბამისად უპასუხებს, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც საზოგადოებრივი აზრის ბოლო კვლევის მიხედვით, ქვეყანაში ევროინტეგრაციის მომხრეთა რაოდენობა 78%-დან 61%-მდე შემცირებულია.
“თუ ავიღებთ დოკუმენტს, რასაც საქართველოს მხრიდან ითხოვდნენ, შესრულებულია. დიდი ალბათობით, კომისიის დასკვნა იქნება დადებითი, რაც დიდწილად ნიშნავს იმას, რომ შემდეგი პროცედურები არ იქნება შემაფერხებელი. არ მახსენდება დასავლეთ ბალკანეთისა და მოლდოვის შემთხვევაში მინისტრებს დაებლოკოთ გადაწყვეტილების მიღების პროცესი. თუ არის დადებითი დასკვნა, კომისია რეკომენდაციას უწევს მინისტრთა საბჭოს, რომ საქართველოსთან მოხსნას ვიზები და როგორც წესი, მინისტრთა საბჭო ამას ეთანხმება”,- ამბობს ფონდ ღია საზოგადოება-საქართველოს ევროინტეგრაციის მიმართულების მენეჯერი ვანო ჩხიკვაძე.
მაისში, რიგაში, აღმოსავლეთის პარტნიორობის სამიტზე, ევროპამ საქართველოს უთხრა, რომ უვიზო რეჟიმის მისაღებად სამუშაო ჯერ კიდევ ჰქონდა. ევროპელმა ექსპერტებმა მიიჩნიეს, რომ რეფორმები სრულად შესრულდა 7 სფეროში, თითქმის შესრულდა 4 სფეროში, და ნაწილობრივ, ასევე, 4 სფეროში. ყველაზე მეტი რეკომენდაციაც იმ მიმართულებით გაიცა, სადაც ევროკომისიამ სამუშაო ნაწილობრივ შესრულებულად მიიჩნია. ესენია: თავშესაფრის პოლიტიკა, ტრეფიკინგისა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა და ნარკოპოლიტიკა.
იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს, ლტოლვილთა და რეპატრიაციის სამმართველოს უფროსმა eugeorgia.info-სთან განაცხადა, რომ კომისიის წინასწარ ანგარიშში უკვე ასახულია, რომ თავშესაფრის მიმართულებით ყველა რეკომენდაცია შესრულდა,-“რეკომენდაციების შესაბამისად, ხარისხის კონტროლისა და ტრენინგების განყოფილებაში შეიქმნა თავშესაფრის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილების მიღების პროცესის მონიტორინგის მექანიზმი, რომელიც 2016 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდება. 10-დღიანი გასაჩივრების ვადა გავზარდეთ 15 დღემდე, რეკომენდაცია იყო, რომ სამი ინსტანცია შემცირებულიყო ორამდე და ესეც დაკმაყოფილდა, ასევე, 2016 წლის 1 იანვრიდან იმუშავებს უფასო იურიდიულ დახმარება. მონაცემთა ბაზაც ამოქმედდა ივნისიდან. იყო კიდევ ერთი რეკომენდაცია, რომ დაგროვებული საქმეების მართვის სტრატეგია შექმნილიყო, კანონში შევიდა შესაბამისი ცვლილება და აისახა დაგროვებული საქმეების მართვა როგორ უნდა განხორციელდეს”,-ამბობს ირაკლი ლომიძე.
ბოლო წლებში, ევროპაში თავშესაფრის მოთხოვნით საქართველოს მოქალაქეების მხრიდან მიმართვიანობის მაჩვენებელიც შემცირებულია. თუ 2013 წელს 9090-მა მოქალაქემ მიმართა ევროკავშირის ქვეყნებს თავშესაფრის მინიჭების თხოვნით და ამ კუთხით, საქართველო მე-16 ადგილზე იყო, 2014 წელს მიმართვიანობის რაოდენობა 8560-მდეა შემცირებული და საქართველომ მე-16-დან 21-ე ადგილზე გადაინაცვლა.
“ანტიდისკრიმინაციული კანონი მივიღეთ, რის საფუძველზეც საქართველო გახდა უსაფრთხო წყარო ქვეყანა- თავშესაფრის მოთხოვნის შემთხვევაში გადასინჯვის პროცედურა არ იწელება თვეობით და ადამიანი ბოროტად არ სარგებლობს სოციალური პაკეტით, რაც აქვს თავშესაფრის მომთხოვნს ევროპაში, სანამ მისი საკითხი გადაწყდება....მნიშვნელოვანი იყო ტრეფიკინგის ბრძოლის კუთხით საქართველოს გააქტიურება და უფრო აქტიური საგამოძიებო მოქმედებების წარმოება. მეორე ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი შეეხება ნარკოტიკების მოხმარების შემთხვევაში ტესტირებას, შსს ცდილობდა შეენარჩუნებინა მანამდე არსებული პრაქტიკა. კარგია, რომ, საბოლოოდ, გამოიძებნა ეფექტურად აღსრულების საშუალება, რასაც დაეთანახმა ევროკავშირიც“,- ამბობს ვანო ჩხიკვაძე.
ევროკომისიის მესამე ანგარშში ერთ-ერთი რეკომენდაცია იყო პოლიციის მიერ დაუგეგმავ ნარკოშემოწმებებზე სამართლებრივი კონტროლის შემოღება. ახალი ინსტრუქციის მიხედვით, 2015 წლის 1 ოქტომბრიდან გამკაცრდა პირის ნარკოტესტირებაზე გადაყვანის საფუძვლები. კერძოდ,სამართალდამცავებს საექსპერტო დაწესებულებაში პირის გადაყვანა შეეძლებათ იმ შემთხვევაში, თუ უშუალოდ შეესწრნენ მის მიერ მართლსაწინააღდეგო ქმედებას. თუკი პირი ცდილობს მიმალვას, ან თავს არიდებს პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის შესრულებას, ან თუ არსებობს საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული ინფორმაცია და პოლიციისათვის პირდაპირი შეტყობინება, რომ პირი ნარკოტიკული, ან ფსიქოტროპული საშუალების ზემოქმედების ქვეშ იმყოფება.
“ერთ-ერთი, სადაც ევროკავშირს შეკითხვები ჰქონდა, იყო კორუფციის ნაწილში ქონებრივი დეკლარაციების ვერიფიკაციის მექანიზმი, მთავრობის მიერ შემუშავებული მექანიზმი 2017 წლის 1 იანვრიდან უნდა ამოქმედდეს და ეჭვობდნენ- რამდენად ეფექტური იქნებოდა ეს. ჩანს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ მიაწოდა არგუმენტები, რითაც დარწმუნდნენ, რომ ეს მექანიზმი იმუშავებდა”, -ამბობს ვანო ჩხიკვაძე.
ქონებრივი დეკლარაციების შემოწმების მექანიზმთან დაკავშირებით შენიშვნები ჰქონდა “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოსაც”: “....სასურველია, ქონებრივი დეკლარაციების შემოწმების მხრივ დღეს არსებული სრული ვაკუუმი 2017 წლამდე არ შენარჩუნდეს....შესაძლებელია, რომ უფრო ადრე (თუნდაც 2016 წლის 1 იანვრიდან) ამოქმედდეს საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ დასაბუთებული წერილობითი განცხადების საფუძველზე თანამდებობის პირის ქონებრივი დეკლარაციის შემოწმების მექანიზმი, ხოლო თავად ბიუროს მიერ დეკლარაციების პროაქტიულად მონიტორინგი 2017 წლიდან დაიწყოს”,- ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადებაში.
კორუფციასთან ბრძოლის ნაწილში, ევროკომისიის რეკომენდაციების შესაბამისად, საჯარო სამსახურის შესახებ კანონი პარლამენტმა ოქტომბერში დაამტკიცა, ცვლილებები შევიდა საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ კანონშიც, სადაც საუბარია ქონებრივი დეკლარაციების ვერიფიკაციის მექანიზმზეც, რომელიც 2017 წლის იანვრიდან ამოქმედდება.
მართალია, საიმიგრაციო პოლიტიკა სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციას პირდაპირ არ უკავშირდება, თუმცა ევროკავშირი საქართველოს მიგრაციული პროცესების მართვას მაინც სთხოვს, მესამე ანაგრიშში მიგრაციის მართვის კუთხით არსებული მოთხოვნები თითქმის შესრულებულად ჩათვალა და რამდენიმე რეკომენდაციაც გასცა. მიგრაციის ახალი სტრატეგიის დოკუმენტს (2016-2020 წლების) მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისია 30 ნოემბრის სხდომაზე დაამტკიცებს მიგრაციის ახალი პროფილთან ერთად, სადაც თავმოყრილი და გაანალიზებულია მიგრაციის სფეროში ბოლო 5 წლის სტატისტიკური მონაცემები. მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის აღმასრულებელი მდივნის გიორგი ჯაშის თქმით, 2016 წლის ბოლოდან სრული დატვირთვით ამუშავდება ერთიანი ანალიტიკური სისტემაც-ელექტრონული სტატისტიკური ბაზა, რომელიც ავტომატურად დაუკავშირდება სხვა ბაზებს და მიიღებს მონაცემებს.
“მიგრაციის ახალ სტრატეგიაში შეტანილია ისეთი საკითხები, როგორიცაა: ლეგალური მიგრაციის წახალისება, არალეგალურ მიგრაციასთან ბრძოლა, ასევე, რაც მთავარია, მიგრაცია და განვითარება- ლეგალური მიგრაცია ქვეყნებს განვითარებაში ეხმარება. მიგრაციის პროფილის შექმნის იდეა კი იყო ის, რომ მიგრაციის საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღებისას შესაბამის ორგანოებს დეტალური ინფორმაცია ამ პროფილიდან მიეღოთ, ასევე, საერთაშორისო ორგანიზაციებსა და დონორებს დაეხმარება იმის გადაწყვეტაში თუ სად რა სახის დახმარებაა საჭირო”,- ამბობს ჯაში.
მიგრაციის მართვის აუცილებლობა მწვავედ იგრძნო ევროპამ, როდესაც ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის ქვეყნებიდან კონფლიქტებსა და სიღარიბეს გაქცეულმა მიგრანტებმა ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა დაიწყეს და კონტინენტზე დიდი ქაოსი გამოიწვიეს. ევროპა საზღვრებს გარეშე- არის თუ არა კარგი იდეა დღევანდელ მსოფლიოში?!- ეს შეკითხვა კიდევ უფრო აქტუალური გახადა ტერორიზმის საფრთხემ. ბოლო წვეთი იყო პარიზის ცენტრში განხორციელებული თავდასხმები, რასაც 130 ადამიანი ემსხვერპლა. ქვეყნებმა, რიგრიგობით, დაიწყეს საზღვრების გამაგრება, განსაკუთრებით, მას შემდეგ, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ 2 თავდამსხმელი ევროპის კონტინენტზე მიგრანტებთან ერთად მოხვდა. საფრანგეთისთვის სოლიდარობის ნიშნად, ევროკავშირის 28 ქვეყნის მთავრობები გასულ პარასკევს შეთანხმდნენ, რომ ევროპის გარე საზღვრებზე კონტროლი გამკაცრდება, ყველა მგზავრის შემოწმება სავალდებულო და სისტემატიური გახდება, მათ შორის, თავად ეროკავშირის მოქალაქეების, ვინც თავისუფალი გადაადგილების უფლებით სარგებლობს. არსებულ გარემოებაში, საქართველოს მოსახლეობაშიც გაჩნდა შეკითხვა- ევროპაში უვიზოდ მოგზაურობა ხომ არ დარჩება შორეულ პერსპექტივად?! “საქართველომ შექმნა რისკების ანალიზის სისტემა, რაც, ასევე, ვიზის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის მოთხოვნა იყო, ეს ანალიზი ეხმარება სწორედ იმაში, რომ არ შეიქმნას რისკები. როდესაც არ არის სპონტანურად მოძრავი მასა და ცირკულარული მიგრაცია მუშაობს, საფრთხე არ არის. ამ პროცესში საინფორმაციო კამპანია უმნიშვნელოვანესია, მოლდოვაში ძალიან აქტიურად იყვნენ ჩართული საინფორმაციო კამპანიაში მედიასაშუალებები. აუცილებელია უვიზო რეჟიმის შემოღების შემდეგ აქტიური საინფორმაციო კამპანია კიდევ 1.5-2 წლის განმავლობაში გაგრძელდეს”,-ამბობს გიორგი ჯაში.
სტაბილიზაცია ევროკავშირმა განახლებული ევროპის სამეზობლო პოლიტიკის მთავარ პრიორიტეტადაც დაასახელა. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ, ერთი მხრივ,უსაფრთხო და ლეგალური მობილურობა და მეორე მხრივ, ბრძოლა არარეგულრულ მიგრაციასთან, ადამიანებით ტრეფიკინგსა და კონტრაბანდასთან პრიორიტეტებია. მნიშვნელოვანია ისიც, რომ სტაბილურობასთან ერთად აქცენტი კეთდება ქვეყნებისადმი დიფერენცირებულ, ინდივიდუალურ მიდგომაზე.
“სავიზო რეჟიმი არ არის თავდასხმებისგან დაცვის გარანტია. მთავარია, მიგრაციის ნაკადების მართვა მოხდეს. მეორე, საქართველო არ არის წყარო ქვეყანა, მართალია, პანკისიდან მიდიან, მაგრამ არ არის დიდი მაჩვენებელი და ნაკლებად შეიძლება მოახდინოს გავლენა ამ პროცესებზე. მესამე, ევროკავშირის მხრიდან ვიზის ლიბერალიზაციის კიდევ ერთხელ გადავადება, შეიძლება, იყოს ფატალური შეცდომა. მოსახლეობაში მოლოდინი მაღალია, იმედგაცრუების შემთხვევაში, ალბათ, უკუეფექტი იქნება. ევროპელი ოფიციალური პირების განცხადებებიდან მრჩება შთაბეჭდილება, რომ ისინი აცნობიერებენ, რომ ამ საკითხის დროში გადადება შეიძლება ცუდად დასრულდეს მოსახლეობის მხარდაჭერის თვალსაზრისით... დღეს ევროკავშირშიც გააცნობიერეს, რომ უნდა იყოს ინდივიდუალური მიდგომა და თუ ერთმა ქვეყანამ შეასრულა ვალდებულებები, არ უნდა დააბრკოლო იმის გამო, რომ მეორემ ვერ შეასრულა”,-ამბობს ვანო ჩხიკვაძე.
ევროპის მხარდაჭერა
იმედის მომცემია ევროკავშირის მაღალჩინოსნების ბოლო პერიოდში გაკეთებული განცხადებები. “ვიმედოვნებ, საქართველო მალე გაიგებს “კარგ ახალ ამბავს”- ეს განცხადება ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ფედერიკა მოგერინიმ რამდენიმე კვირის წინ საქართველოში ვიზიტისას გააკეთა. მოგერინის თქმით, საქართველომ ბევრი მნიშვნელოვანი ვალდებულება შეასრულა და უნდა გააგრძელოს ამ გზით სიარული, იმისთვის, რომ, წლის ბოლოს, მიიღოს დადებითი რეკომენდაცია. ვიზის ლიბერალიზაციის პროცესში საქართველოს თავიდანვე ჰქონდა ბალტიისპირეთის ქვეყნების მხარდაჭერა:
“ვიმედოვნებ, დეკემბრის შუა რიცხვებში, ევროკომისიის ანგარიში იქნება დადებითი და საბოლოო, და ამას მოჰყვება ევროპული საბჭოს დადებითი გადაწყვეტილება საქართველოსთან სავიზი რეჟიმის ლიბერალიზაციის შესახებ”,-ლიტვის პრეზიდენტი დალია გრიბაუსკაიტე.
“მას შემდეგ რაც ყველა კრიტერიუმი შესრულდება და მე დარწმუნებული ვარ შესრულებულია, აღარ იქნება სუბიექტური დაბრკოლებები მოლაპარაკებებში, ვიმედოვნებ, მალე, დადებით გადაწყვეტილებებს ვიხილავ”,- ესტონეთის პრემიერ-მინისტრი ტაავი რიივასი.
“საქართველო ბრიუსელიდან დადებით რეკომენდაციას უნდა ელოდოს, რაც, უახლოეს მომავალში ქვეყნის მოსახლეობას შენგენის ქვეყნებში უვიზოდ გადაადგილების საშუალებას მისცემს”,- ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი ედგარს რინკევიჩი.
ერთ-ერთი ბოლო იმედისმომცემი განცხადება ეკუთვნის ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ მომხსენებელ ანდრეი მამიკინსს- “თითქმის 99%-ით შეიძლება ითქვას, რომ მომავალ წელს საქართველოს უვიზო მიმოსვლა ექნება ევროკავშირთან”.
უვიზო მიმოსვლის სარგებელი
ევროკავშირსა და საქართველოს შორის უვიზო რეჟიმის ამოქმედების შემთხვევაში, საქართველოს მოქალაქეები ბიომეტრიული პასპორტით შეძლებენ შენგენის ზონის ქვეყნებში გადასვლას და დარჩენას, 180-დღიან პერიოდში 90 დღის განმავლობაში. მოქალაქეებმა უნდა გაითვალისწინონ ისიც, რომ უვიზო რეჟიმი არ აძლევს მათ ევროკავშირის ქვეყნებში მუშაობის უფლებას, ამასთან, საზღვარზე გარკვეული საბუთების წარდგენა მაინც საჭიროა, როგორიცაა: ფინანსური შესაძლებლობის დადასტურება, სასტუმროსა და ბილეთის ჯავშანი, მოსაწვევი. ფინანსური შესაძლებლობის დადასტურებისას, დღიური საარსებო მინიმუმი შენგენის კოდექსითაა განსაზღვრული. თანხის ოდენობა დამოკიდებულია დღეების რაოდენობასა და დარჩენის მიზეზებზე. ეს მონაცემი კი თითოეული ქვეყნისათვის განსხვავებულია. მართალია, ევროკავშირი მონიტორინგს არც საზღვარზე წყვეტს, თუმცა მოქალაქეს ვიზის მისაღებად საელჩოსთან რიგში დგომა და გასაუბრებაზე რამდენიმე თვით ადრე ჩაწერა აღარ მოუწევს. მოლდოვისმოქალაქეებს 2014 წლის 28 აპრილის შემდეგ ევროკავშირში გასამგზავრებლად ვიზის აღება აღარ სჭირდებათ. ამასთან, ვიზის ლიბერალიზაციის მიღებიდან რამდენიმე თვეში, დნესტრისპირეთის მოსახლეობის ნაწილმა განაცხადი გააკეთა და მოლდოვის პასპორტის მიღება მოითხოვა.
„იმ შემთხვევაში, თუ საქართველო ევროპასთან უვიზო მიმოსვლის შესაძლებლობას მიიღებს, ეს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე გავრცელდება – აქ იგულისხმება აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი. შესაბამისად, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობისთვისაც შესაძლებელი გახდება, საქართველოს ორდინალური პასპორტის ფლობის შემთხვევაში, ევროკავშირში იმოგზაუროს. ეს იქნება ძალიან დიდი წამახალისებელი ფაქტორი, ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრებმა ადამიანებმა საქართველოს პასპორტებს მეტი ყურადღება მიაქციონ – მიიღონ ის და იმოგზაურონ ევროპაში”, – განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, გიგი გიგიაძემ.
უკრაინა
საქართველოსთან ერთად დეკემბრის შუა რიცხვებში ევროკომისიის შეფასებას უკრაინაც ელოდება. ერთ-ერთი მნიშნელოვანი გადაწყვეტილება უკრაინის პარლამენტმა 12 ნოემბერს მიიღო და შრომის კოდექსში შეტანილი ცვლილებებით აკრძალა სამუშაო ადგილზე დისკრიმინაცია სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობის, პოლიტიკური და რელიგიური შეხედულებების გამო, რაც ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა იყო ევროკავშირის მხრიდან, რამდენადაც ეს გამორიცხავს შესაძლებლობას, რომ უკრაინის მოქალაქეები ევროკავშირის ქვეყნებში თავშესაფარს სამუშაო ადგილზე დისკრიმინაციის მიზეზით მოითხოვენ. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, ის ფაქტი, რომ უკარინა ვერ აკონტროლებს უკრაინა-რუსეთის საზღვრის ნაწილს და მოქალაქეების შემოსავალი დაბალია, უვიზო რეჟიმის მიღებაზე გავლენას არ მოახდენს - “არ მიყვარს პარალელების გავლება, მაგრამ მეზობელი ქვეყნების (განსაკუთრებით, მოლდოვის) გამოცდილება გვიჩვენებს, რომ, სადაც საშუალო ხელფასი ყველასთვის კარგადაა ცნობილი, სადაც არის დნესტრისპირეთი, უვიზო რეჟიმი მოქმედებს მშვენივრად”,- განაცხადა პავლო კლიმკინმა.
“შენგენის ზონა”
ზუსტად 30 წლის წინ, ევროგაერთიანების ქვეყნები ლუქსემბურგის ქალაქ შენგენში შეთანხმდნენ, რომ შიდა სასაზღვრო კონტროლს გააუქმებდნენ და ევროკავშირის მოქალაქეები თავისუფლად იმოძრავებდნენ. კავშირის არაწევრი ქვეყნების მოქალაქეს კი, ვინც “შენგენის ვიზას” მიიღებდა, აღარ დასჭირდებოდა პასპორტ-კონტროლი შენგენის ზონის ქვეყნებში გადასვლისას. დღეს ევროკავშირის 28 წევრიდან 6 ქვეყანა არ შედის შენგენის ზონაში, ესენია: ბულგარეთი, რუმინეთი, ხორვატია, კვიპროსი, ირლანდია და დიდი ბრიტანეთი. თუმცა შენგენის გაერთიანების წევრია კიდევ 4 ქვეყანა, რომელიც არ არის ევროკავშირში, ესენია: ისლანდია და ნორვეგია (2001 წლიდან), შვეიცარია (2008 წლიდან) და ლიხტენშტაინი (2011 წლიდან).
დღეს ევროკავშირში უვიზოდ მოგზაურობა შეუძლიათ 52 ქვეყნის მოქალაქეებს, რომელთაც აქვთ ორდინალური პასპორტები, მათ შორის, ბიომეტრული პასპორტებით გადაადგილდებიან ალბანეთის, ბოსნია-ჰერცეგოვინის, მაკედონიის, მონტენეგროს, სერბეთისა და მოლდოვის მოქალაქეები. იქნება თუ არა შემდეგი საქართველო, ამას ევროკომისიისრიგითმე-4 ანგარიში აჩვენებს, რომელიც 15 დეკემბრისთვის გამოქვეყნდება. ამ ანგარიშით ევროკომისია რეკომენდაციას მისცემს ევროკავშირის საბჭოსა და პარლამენტს, რომ საქართველო დაემატოს რეგულაციებს N539/2001 და მისი მოქალაქეებისთვის გაიხსნას უვიზო მიმოსვლა. ტექნიკური ფაზის დასრულების შემდეგ დგება მეორე ეტაპი- პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღება, რომელიც სავარაუდოდ, რამდენიმე თვეში დასრულდება. ვარაუდები ემყარება მოლდოვის გამოცდილებას, მოლდოვის შემთხვევაში ანგარიში მომზადდა 2013 წლის ნოემბერში ვილნიუსის სამიტზე და 2014 წლის აპრილში, დაახლოებით 6 თვეში მოლდოველებმა ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა ბიომეტრული პასპორტებით დაიწყეს. რა დრო დასჭირდებათ საქართველოს მოქალაქეებს- 6 თვე, მეტი თუ ნაკლები- ეს დამოკიდებულია იმაზეც, თუ რამდენად სწრაფად შეიტანენ ამ საკითხს მინისტრთა საბჭოს სხდომის დღის წესრიგში.
ვიზის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმა საქართველოს 2013 წლის 25 თებერვალს გადაეცა. გეგმის პირველი ნაწილი-საკანონმდებლო ბაზის რეგულირება ქვეყანამ წარმატებით განახორციელა და 2014 წლის ბოლოს გადავიდა დასკვნით ფაზაზე- დაიწყო მიღებული კანონების განხორციელება. სამოქმედო გეგმა მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორიცაა: დოკუმენტების უსაფრთხოება, ბიომეტრული პასპორტების ჩათვლით; საზღვრის ინტეგრირებული მართვა, მიგრაციის მართვა და თავშესაფრის პოლიტიკა; საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება; საგარეო ურთიერთობები და ადამიანის ძირითადი უფლებები.
მნიშნელოვან რეფორმებს შორის, რაც საქართველომ ბოლო 2 წლიწადში სამოქმედო გეგმის ფარგლებში განახორციელა, არის: ანტი-დისკრიმინციული და პერსონალური მონაცემთა დაცვის შესახებ კანონების მიღება, მიგრაციის პროფილის შექმნა, პირის ნარკოტესტირებაზე გადაყვანის საკითხის სამართლებრივი რეგულირება და ყოვლისმომცველი მიგრაციის სტრატეგიის შემუშავება.
მაიკო გაბულდანი