მტკვარი საკანალიზაციო „ტყვეობაში“
ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელმოწერით მდინარეებისა და წყლის რესურსების ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესება საქართველოსთვის აუცილებლად შესასრულებელ ვალდებულებად იქცა.
„მტკვარი ყარს“, „მტკვარს უნდა მივხედოთ“, „მტკვარი უნდა გაიწმინდოს“ - სხვადასხვა ხელისუფლების წარმომადგენლებსა თუ საზოგადოების წევრების ეს ფრაზები არაერთხელ გაუჟღერებიათ, თუმცა ვითარება მკვეთრად არ გაუმჯობესებულა. მტკვარმა დღეს დაკარგა ის სოციალური და კულტურული ღირებულება, რასაც წინა საუკუნეებში ქალაქის ცხოვრებაში ასრულებდა და არაფერი აკავშირებს არც იმ მდინარეებთან, რომელთაც, განვითარებულ ქვეყნებში, რეკრეაციული ფუნქციების გარდა, დიდი ეკოლოგიური და ეკონომიკური მნიშვნელობაც აქვს.
საკანალიზაციო სისტემების გამართვის საკითხები და მდინარე მტკვრის დაბინძურების პრობლემა ახლადწამოჭრილი თემა არაა. ამის შესახებ ინფორმაცია ძველ ქართულ პრესაშიც გვხვდება:
„[...] ქალაქის საბჭოს ჭკუაში დაუჯდა წინადადება ბ-ნ კალოუბნელისა, რომ მართლა აუცილებელს საჭიროებას შეადგენს ქალაქის სისუფთავეო. ამ აზრის განსახორციელებლად საბჭომ აირჩია სანიტარული კომისია, რომელმაც აიღი, დაიღო საქმე და გადასწყვიტა, რომ ტფილისის გასუფთავება ყოვლად შეუძლებელია, თუ ყველაზე უწინარეს არ გაიყვანენ არხებს მთელს ქალაქში და არ მოაწყობენ სათანადო კანალიზაციასაო“, - „ივერია“,#122, თიბათვე 14, ოთხშაბათი, 1889წ.
„კანალიზაციის მხრივ ჩვენი დედაქალაქი მეტად ჩამორჩენილია. არ კმარა ქალაქის საკანალიზაციო ქსელი, ვერ ვაკმაყოფილებთ მოთხოვნილებას ნიაღვარსაშვევებით, რაც ხშირად იწვევს ქალაქის მთელი რიგი ქუჩების მოსილვას და, რაც მთავარია, ქალაქის მთელ თხიად სიბინძურეს ვუშვებთ მტკვარში, რითაც იწამლება ეს მდინარე. მესამე ხუთწლედში ქალაქის საკანალიზაციო ქსელის გაფართოება ნავარაუდევია 61 კილომეტრით, გათვალისწინებულია ნიაღვარსაშვებების მოწყობაც, მაგრამ არაფერია ნავარაუდევი ქალაქიდან თხიადი სიბინძურის ქალაქს გარეთ გასატანად. აქედან გამოდის, რომ მესამე ხუთწლედშიაც საკანალიზაციო მილები კვლავ მტკვარს შეურევენ სიბინძურეს და კვლავ გაგრძელდება მდინარის წყლის გასვრა“, - „კომუნისტი“, #34 (5434) შაბათი, 11 თებერვალი, 1939წ.
„რაც არ უნდა დანაგვიანებული და ბინძური იყოს მტკვარი, მდინარიდან დანახული ხედები სულ სხვაგვარია, აქედან სულ სხვა თბილისს აღმოაჩენ“ - 2015 წლის აგვისტოდან, თბილისის ისტორიულ ნაწილში, მეტეხის ხიდთან, მსურველებს მდინარე მტკვარზე ბორნით გასეირნების საშუალება აქვთ. ძველი ფოტოების მიხედვით დამზადებული ბორანი, რომელზეც 40 ადამიანი თავსდება, მომხმარებელს თითქმის ერთსაათიან ექსკურსიას სთავაზობს, ერთი ადამიანისთვის ტურის ღირებულება 25 ლარია.
ასეთი სერვისით სარგებლობა არაერთ ქვეყანაშია შესაძლებელი და შესაბამისად, გასაკვირი იმაში, რომ ამ ტიპის მომსახურება თბილისშიც გვხვდება, არაფერია; მაგრამ სარისკოა ასეთი ბიზნესის წამოწყება, როცა ტურისტებს დაბინძურებული მდინარე და მტკვარში „მოცურავე“ უცნაური საგნები ხვდება თვალში.
„ზაფხულში აქ ვერ გაჩერდებით. ამ მონაკვეთზე ერთგვარი ყურე იქმნება და აქაური ტურისტული ზონა ნაგავსაყრელს მოგაგონებთ: ბოთლები, ნაგვისპარკები, პამპერსები, პრეზერვატივები, რას არ შეხვდებით. იმას მივაღწიეთ, რომ ამ მონაკვეთზე კანალიზაცია არ ჩაედინება, თუმცა სანიაღვრე სისტემებში მოხვედრილი ნაგავი აქ იყრის თავს, განსაკუთრებით წვიმის დროს. ტურისტებს აინტერესებთ ძველი ქალაქი, მაგრამ როგორ გინდა აუხსნა, რატომაა მდინარე დაბინძურებული? გვერიდება და ამ ტერიტორიას ჩვენი ძალებით ვასუფთავებთ. მთლიანად მდინარე თუ არა, ტურისტული ზონა მაინც გაწმინდოს მერიამ?!“, - ამბობენ კომპანიის წარმომადგენლები.
მდინარე მტკვრის, ისევე, როგორც ქვეყნის წყლის რესურსების ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის შესასრულებელი ვალდებულებები ასოცირების ხელშეკრულებაშია გათვალისწინებული.
ამ ვალდებულებიდან გამომდინარე, წლის კანონმდებლობა და წყლის მართვა საქართველომ ევროკავშირის რამდენიმე დირექტივასთან უნდა მოიყვანოს შესაბამისობაში. ამ დირექტივებიდან მთავარი წლის ჩარჩო დირექტივაა. (2000 წლის 23 ოქტომბრის ევროპარლამენტისა და საბჭოს 2000/60/EC დირექტივა წყლის პოლიტიკის სფეროში საზოგადოებრივი მოქმედებისათვის ჩარჩოს შემუშავების შესახებ).
გარემოს დაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ თუკი აღნიშნულ კანონს კონცეპტუალურად განვიხილავთ, მასში ძირითადად წყლის რესურსების ინტეგრირებული მართვის მოდელია წარმოდგენილი, ანუ ძალაში შევა აუზური მართვა - საქართველოს ტერიტორიაზე არსებული წყლის რესურსების ტერიტორიულ ერთეულებად დაყოფა, მართვის სააუზო უბნების შექმნა, ამ სააუზო უბნებიდან გამომდინარე - აუზური მართვის გეგმების შემუშავება, ეს უკანასკნელი კი საკმაოდ რთული პროცესია.
„აუზური მართვა იმ ღონისძიებების ჩამონათვალს მოიცავს, რომელთა ამა თუ იმ მდინარის აუზში გატარება მდინარის ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის არის აუცილებელი. მდინარის ეკოლოგიური მდგომარეობა, წყლის ჩარჩო დირექტივის მიხედვით, განსაზღვრულია სტატუსებით: ძალიან ცუდი, ცუდი, საშუალო, კარგი და მაღალი. ევროკავშირის დირექტივის გათვალისწინებით, იმისთვის, რომ მოთხოვნები რეალურად შესრულდეს, ნეგატიური სტატუსის შეცვლა ეტაპობრივად უნდა მოხდეს“, - აღნიშნავენ სამინისტროში.
წყლის რესურსების მართვის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის, ელისო ბარნოვის განცხადებით, აუზური მართვის გეგმა შეეხება მდინარე მტკვარსაც. აუცილებელი იქნება მტკვარში ჩამდინარე წყლის ხარისხის გაუმჯობესება. მაგალითად, საწარმოებმა ჩამდინარე წყლის ხარისხი გარკვეულ დონემდე უნდა დაიყვანონ და მდინარეში ისე ჩაუშვან. წყლის გარკვეულ კონცენტრაციამდე დასაყვანად აღნიშნულ ობიექტებს ესაჭიროებათ გამწმენდი ნაგებობები. ნაგებობების ტიპი მათი საქმიანობიდან გამომდინარეობს, შეიძლება დასჭირდეთ ბიოლოგიური, მექანიკური, ან, სულაც ქიმიური გამწმენდი ნაგებობები.
გარემოს დაცვის სამინისტროში განმარტავენ, რომ კანონპროექტი წყლის რესურსების მართვის შესახებ უკვე შემუშავებულია და იმედოვნებენ, რომ კანონს პარლამენტი საგაზაფხულო სესიაზე განიხილავს. უწყების ცნობით, გარკვეული ნაბიჯები გადაგმულია კანონქვემდებარე აქტების მიმართულებითაც - მომზადებულია 6 ნორმატიული აქტი, რომელიც ასევე ასოცირების ხელშერკულებაში გაწერილი ვალდებულებებიდან გამომდინარეობს, მათ შორის, ურბანული ჩამდინარე წყლის გაწმენდის დირექტივიდან (1991 წლის 21 მაისის საბჭოს 91/271/EEC დირექტივა ურბანული ჩამდინარე წყლის გაწმენდის შესახებ).
დღეისათვის ახალი აბონენტების მაგისტრალურ სისტემებთან მიერთების სამუშაოების შესრულება, ასევე პროექტირება და ტექნიკური პირობის გაცემა „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ საქმიანობის ერთ-ერთი მიმართულებაა. ახალი აბონენტების მიერთების წესი და პროცედურები სემეკის 2008 წლის N 32 დადგენილების შესაბამისად რეგულირდება. მასში დეტალურადა გაწერილი, თუ როგორ მოქმედებს ასეთ შემთხვევაში კომპანია და როგორ - მომხმარებელი.
პრივატიზების ხელშეკრულების ხელმომწერი მხარეები ერთი მხრივ „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“, მეორე მხრივ კი საქართველოს მთავრობა, ეკონომიკის სამინისტრო და თბილისის მთავრობა არიან.
როგორც კომპანიაში აცხადებენ, პრივატიზების ხელშეკრულებაში, წლების მიხედვით, გაწერილია საინვესტიციო ვალდებულებები პროექტების სახით, რასაც „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ეტაპობრივად ახორციელებს. ვადების თანახმად, ვალდებულებების შესრულების საბოლოო თარიღი 2018 წელია; ამ ვალდებულებების უმეტესი ნაწილი უკვე შესრულებულია და დარჩენილია გარდაბნის გამწმენდი ნაგებობის რეაბილიტაცია. (პროექტის დასრულების ვადა 2018 წლის მაისი)
ორგანიზაციის განმარტებით, თბილისის მასშტაბით მიმდინარე თუ დაგეგმილი სამუშაოები და პროექტები წინასწარაა შეთანხმებული შესაბამის სამსახურებთან, ხორციელდება მონიტორინგი და ანგარიში სხვადასხვა უწყებებში იგზავნება.
„GWP“-ს ინფორმაციით, თბილისის წყალარინების (კანალიზაციის) სისტემის მშენებლობა მე-19 საუკუნის 30-იანი წლებიდან დაიწყო. მაშინ, საკანალიზაციო ქსელების მოსაწყობად გაიყვანეს აგურის კოლექტორები, რომელშიც ჩაედინებოდა როგორც სამეურნეო და ფეკალური წყლები, ასევე ატმოსფერული ნალექები და ეს ჩამდინარე წყლები მდინარე მტკვარში იღვრებოდა. დღეისათვის თბილისის წყალარინების სისტემა თვითდინებით მუშაობს, ქსელები კი, რომელთა დიამეტრი 1200 მმ-დან 1500 მმ-დეა, სხვადასხვა მასალის მილებისგან არის მოწყობილი. საკანალიზაციო ქსელების საერთო სიგრძე 1600 კმ-დეა. მდინარე მტკვარზე მოწყობილია ხუთი დიუკერი - ავჭალის, დიდუბის, მეტეხის, მდ. გლდანულის და მდ. დიღმულის, ასევე, ორი დიდი გამყვანი კოლექტორი, რომელებიც მტკვრის მარჯვენა და მარცხენა სანაპიროებს გასდევს. ხუთივე დიუკერი და ორივე კოლექტორი, რომელშიც ათეულობით შედარებით მცირე კოლექტორი იყრის თავს, მთავარ გამყვან კოლექტორს უერთდება. მთავარ კოლექტორზე ასევე ფუნქციონირებს 42 გამყოფი საკანი. მთავარი გამყვანი კოლექტორის სიგრძე 72 კმ-ია და მისი საშუალებით საკანალიზაციო წყლები გარდაბნის გამწმენდ ნაგებობამდე მიდის.
ქალაქმგეგმარებელი ზურაბ ბაქრაძე ამბობს, რომ მტკვრის მსგავსად, კანალიზაციის მდინარეში ჩაშვების პრაქტიკა წარსულში არაერთ ევროპულ ქვეყანაშიც არსებობდა, თუმცა, ისინი მალე გამოფხილზდნენ და მდინარეებზე, როგორც ქალაქის ერთ-ერთ მაცოცხლებელ ნაწილზე დაიწყეს ზრუნვა. მისივე თქმით, იმისათვის, რომ მტკვარი ქალაქს დაუბრუნდეს, ქალაქგანვითარების პოლიტიკაში რადიკალური ცვლილებების გატარებაა საჭირო, რაც დაკავშირებულია ტრანსპორტთან, ქალაქში დიდი სიმძლავრეების შეზღუდვასთან, რეკრეაციასთან და ა.შ.
მდინარე მტკვრის დასუფთავების საკითხთან დაკავშირებით, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერში“ აცხადებენ, რომ 2009 წლიდან კომპანია აქტიურად ახორციელებდა მასშტაბურ პროგრამას - „GWP მდინარე მტკვრის სისუფთავისთვის“. კომპანიის საზოგადოებასთან ურთერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, თინათინ მაკარიძის განცხადებით, პროექტის დაწყებამდე დედაქალაქის საკანალიზაციო წყლები მდინარე მტკვარში, ძირითადად, სანიაღვრე ქსელების საშუალებით ხვდებოდა, რადგან, ისინი ხშირ შემთხვევაში საკანალიზაციო ქსელებს უერთდებოდა.
თინათინ მაკარიძე ამბობს, რომ პროექტის ფარგლებში არაერთი მნიშვნელოვანი და მასშტაბური სამუშაო შესრულდა და ახლა, დედაქალაქიდან ერთად შეკრებილი საკანალიზაციო წყლები გარდაბნის გამწმენდ ნაგებობამდე მიდის, სადაც მათი გაწმენდა მიმდინარეობს. პროექტი დასრულებულია, რაც დადასტურებული აქვს სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს.
თუმცა, GWP-ს ამ განცხადების საპირისპიროდ, წყლის რესურსების მართვის სამსახურში განმარტავენ, რომ თბილისის გამწმენდი ნაგებობა ძალიან ცუდ მდგომარეობაშია და ჩაშვებული ნივთირებების განზავებისთვის აუცილებელი ნორმების შენარჩუნებას ვერ უზრუნველყოფს.
„ახალი კანონმდებლობით, აუზური მართვის გეგმით გათვალისწინებული ღონისძიებები აუცილებელი იქნება შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერისთვისაც“ (GWP), როგორც აუზის წყლის მომხმარებლისთვის. დადგინდება ჩამდინარე წყლის ჩაშვების ზღვრულად დასაშვები ნორმა, კომპანია (GWP) კი ვალდებული იქნება დაიცვას ეს წესები წყლის ჩაშვების ბოლო წერტილზე. თუკი GWP-ს მაგალითზე განვიხილავთ, ჩაშვების ბოლო წერტილი ის ადგილიაა, საიდანაც ქალაქის საყოფაცხოვრებო და საწარმოების ჩამდინარე წყლები მდინარეში ხვდება“, - აღნიშნავს ელისო ბარნოვი.
მიწისქვეშა კომუნიკაციების გამართული ფუნქციონირება და მდინარე მტკვრის დასუფთავების საკითხი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ასპექტები იქნება თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის (ე.წ. გენ-გეგმა) ახალ პროექტში.
„სითი ინსტიტუტი საქართველოს“ დირექტორის, მამუკა სალუქვაძის განცხადებით, რომელიც თბილისის გენ-გეგმის პროექტზე მუშაობს, მათ ხედვაში გაწერილია მტკვრის ქალაქისკენ „შემობრუნების“ საკითხი, რაც მდინარის სანაპიროზე გარკვეული გამწვანებული და სარეკრეაციო სივრცეების მოწყობასაც ითვალისწინებს. მისი თქმით, ასეთ არასახარბიელო ეკოლოგიურ მდგომარეობაში მყოფი მდინარის სიახლოვეს მოქალაქეების დასვენებისა და გართობის შესაძლებლობა კითხვის ნიშნის ქვეშა დგას.
„მტკვრის სისუფთავე პირდაპირაა დაკავშირებული საკანალიზაციო ქსელის გამართულობასთანაც. დღეს სიტუაცია კიდევ უფრო მეტადაა ბურუსით მოცული, როდესაც საკანალიზაციო ქსელს ერთი კომპანია თავისი შეხედულებისამებრ აწესრიგებს და სისტემაში მოჰყავს. საინტერესოა რა ხდება, თუნდაც, გამწმენდ ნაგებობასთან დაკავშირებით; მნიშვნელოვანია მტკვარში, საკანალიზაციო ქსელიდან პირდაპირი ჩაშვების წერტილების შესახებ ცნობები და სხვ. სამწუხაროდ, ამგვარი უტყუარი ინფორმაციის მოპოვება პრაქტიკულად შეუძლებელია“, - ამბობს მამუკა სალუქვაძე.
ამავე თემაზე საუბრისას, ზურაბ ბაქრაძე აღნიშნავს, რომ ქალაქის საკანალიზაციო სისტემას დატვირთვა აშკარად მოემატა, თუმცა თბილისს თანამედროვეობის შესაფერისი გამწმენდი საშუალებები არ აქვს; კანალიზაცია, როგორც წესი, პირდაპირ მტკვარში ჩადის და საშინლად აბინძურებს მას, არა იმდენად ფეკალური მასებით, რამდენადაც შხამ-ქიმიკატებით, სხვადასხვა ქიმიური მასალებით და ნავთობ-პროდუქტებით, ეს ყველაფერი კი საბოლო ჯამში ამ აუზის ეკოლოგიურ სისტემას ანგრევს.
მისივე თქმით, მეორე მხრივ, საკანალიზაციო სისტემაში რაც შეიძლება ნაკლები წყალი უნდა ჩავუშვათ და ვეცადოთ, რომ ბუნებრივი ნალექი მიწაში ჩავიდეს, შესაბამისად, რაც შეიძლება ნაკლები უნდა იყოს მოკირწყული ზედაპირი, ასფალტის საფარი და იმ სამშენებლო მიწის ნაკვეთებზე, სადაც მშენებლობის უფლებებია გაცემული, ლიმიტირებული უნდა იყოს მოკირწყლული ზედაპირის ფართობი.
ქალაქის საკანალიზაციო სისტემასთან დაკავშირებული კიდევ ერთი საკითხი თბილისში მიმდინარე მასშტაბური მშენებლობები და ქალაქზე გაზრდილი დაწოლაა.
თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურში აცხადებენ, რომ კორპუსის მშენებლობისას ნებართვა სამ ეტაპად გაიცემა, თუმცა ისინი კომუნიკაციებთან მიერთების საკითხებს არ ითვალისწინებს.
„ჩვენ არ ვითანხმებთ მუშა პროექტს, ადრე მსგავს საკითხებს მშენებლობის ნებართვის ეტაპზე ვითხოვდით, მაგრამ კარგა ხანია ეს პუნქტი ამოღებულია. ანუ, როგორ მოხდება კომუნიკაციებთან დაერთება, ამ თემაზე მოლაპარაკებები ინვესტორსა და კერძო კომპანიებს შორის მიმდინარეობს“, - აცხადებენ თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურში.
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერში“ განმარტავენ, რომ ახალი აბონენტის წყალარინების სისტემასთან მისაერთებლად აუცილებელია ინდივიდუალური პროექტის შედგენა და ტექპირობის გაცემა. ამით კომპანიას საშუალება ეძლევა გაითვალისწინოს ქსელის გამტარუნარიანობა, მოთხოვნილი მოცულობა და სხვა აუცილებელი ტექნიკური ნორმები. ამასთანავე, იმისათვის, რომ დედაქალაქის წყალარინების სისტემამ მზარდ დაწოლას გაუძლოს, კომპანია კომპლექსურ ტექნიკურ სამუშაოებს მუდმივად ასრულებს.
ქალაქზე გაზრდილი დაწოლის შესახებ განსხვავებული აზრის არიან არქიტექტორები და ქალაქმგეგმარებლები.
მამუკა სალუქვაძე მიიჩნევს, რომ დღეს ქალაქი კუდში მიჰყვება ინვესტორს - ინვესტორი კარნახობს თბილისს - რა, სად და როგორ უნდა აშენდეს. ამასთან დაკავშირებით ქალაქს დასაბუთებული პასუხი არ გააჩნია და თუ მერიის ხელმძღვანელობა ინვესტორებს გარკვეულ დასაბუთებულ პასუხს არ გასცემს, ქალაქზე მასშტაბური დაწოლა კვლავაც გაგრძელდება; მიწათსარგებლობის ახალი გენგეგმა შესაბამის პასუხისმგებელ სამსახურებს ამ საკითხშიც უნდა დაეხმაროს და არსებული სიტუაცია თბილისისა და თბილისელების სასარგებლოდ შემოაბრუნოს.
ზურაბ ბაქრაძის თქმით, კერძო კომპანიისთვის მიწისქვეშა კომუნიკაციების მართვის უფლების გადაცემა არასწორი ნაბიჯი იყო და ასეთი სისტემები ისევე უნდა იგეგმებოდეს, როგორც ქალაქის განაშენიანება.
„ქალაქს დაგეგმილი უნდა ჰქონდეს, კანალიზაციის სისტემაში სად რა სიმძლავრეებია მოსამატებელი, სად შეიძლება ამის გაკეთება და ა.შ. არსებულმა სიტუაციამ და არაერთ ფაქტზე თვალის დახუჭვამ შეიძლება ეკოლოგიურად ძალიან მძიმე, კატასტროფულ მდგომარეობამდე მიგვიყვანოს. ის, რაც მდინარე ვერეს ხეობაში მოხდა, სამომავლო სურათია , რომ ყოველი ფეხის ნაბიჯზე ასე დაგვემართება, თუ არ გამოვფხიზლდით. ეს შეეხება მთელ ქალაქს“, - აღნიშნავს ბაქრაძე.
გიორგი ჭეიშვილი
ფოტო - მდინარე მტკვარი/Facebook