ლუდის მწარმოებლები ხელისუფლებისგან ასოცირების შეთანხმების ვალდებულებების სწრაფად შესრულებას ითხოვენ
ასოცირების ხელშეკრულების თანახმად, სახელმწიფო თამბაქოს აქციზზე განაკვეთს ზრდის. თუმცა ხელისუფლება ცდილობს ასოცირებით ნაკისრი ეს ვალდებულება რაც შეიძლება მალე შეასრულოს, ეს კი ბიზნესის უკმაყოფილებას იწვევს. სიგარეტის იმპორტიორები ხელისუფლებას ბიზნესის ინტერესების გათვალისწინებას სთხოვენ და ურჩევენ, აქციზის გაძვირება ევროდირექტივის შესაბამისად, მაქსიმალურ ვადაში გაწეროს. კერძო სექტორის ინტერესების გათვალისწინებაა ლუდის მწარმოებლების მთავარი მოთხოვნაც, თუმცა, ამ შემთხვევაში ბიზნესი ხელისუფლებას ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების დაჩქარებული ტემპით შესრულებისკენ მოუწოდებს. საქართველოში ლუდის აქციზი ევროკავშირის მინიმალურ მოთხოვნასთან შედარებით დაახლოებით სამჯერ უფრო ძვირია.
ფინანსთა სამინისტრო თამბაქოს აქციზის განაკვეთის ზრდასთან დაკავშირებით ბიზნესის წარმომადგენლებთან კონსულტაციებს განაგრძობს. თამბაქოს იმპორტიორები ცდილობენ, ხელისუფლება გრძელვადიან გეგმაზე დაითანხმონ. ფინანსთა სამინისტროში შემუშავებული თავდაპირველი პროექტის თანახმად, საქართველოს კანონმდებლობის ევროპის საბჭოს 2011/64/UE დირექტივასთან დაახლოება 2024 წელს უნდა დასრულებულიყო. ამ დროისთვის აქციზის მინიმალური განაკვეთი საქართველოში 1000 ღერ სიგარეტზე 90 ევრო უნდა იყოს. მაშინ როდესაც დღეს აქციზის ღირებულება 1000 ღერ სიგარეტზე 21 ევროა.
ფინანსთა სამინისტროს განცხადებით, თამბაქოს პროდუქციასა და ალკოჰოლურ სასმელებზე აქციზის განაკვეთის მატების ძირითადი მიზეზია თამბაქოს კონტროლის ღონისძიებების გამკაცრება და ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოება.
“თამბაქოს მწარმოებელ კომპანიებს ფინანსთა სამინისტროსგან მიღებული აქვთ 8-10 წლიანი სამოქმედო გეგმა აქციზის ზრდასთან დაკავშირებით, რათა გათვალისწინებული იყოს ბიზნესის ინტერესი და ზრდა იყოს არა მასშტაბური, არამედ ეტაპობრივი”- აცხადებს ფინანსთა მინისტრის მოადგილე ლაშა ხუციშვილი. მისივე თქმით, აღნიშნულ გრძელვადიან გეგმასთან დაკავშირებით ბიზნესომბუდსმენის აპარატთან გაიმართა შეხვედრა. კომპანიებთან მიღწეული შეთანხმების თანახმად, თამბაქოს იმპორტიორებს მიეცემათ დამატებით 2-კვირიანი ვადა საკუთარი პოზიციის წარმოსადგენად.
“ჩვენ ბიზნესისგან ველით მოსაზრებებსა და წინადადებებს, რათა შეჯერებული ვარიანტით მოხდეს შესაბამისი გრაფიკის გაწერა და ქართულმა მხარემ შეასრულოს ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება,“ - ამბობს ხუციშვილი.
„საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის მიხედვით, 2016 წლის 1 იანვრიდან დაგეგმილია აქციზის განაკვეთის გაზრდა. ფილტრიან სიგარეტზე (20 ღერზე) - 0,20 ლარის ოდენობით და იქნება 1,1 ლარი, უფილტრო სიგარეტზე (20 ღერზე) - 0,05 ლარის ოდენობით და იქნება 0.3 ლარი. სიგარებსა (ერთ ღერზე) და სიგარალებზე (20 ღერზე) - 0.4 ლარით; ყალიონით მოსაწევ და საღეჭ ან საყნოს თამბაქოზე (1 კგ-ზე) - 5 ლარით. ფილტრიან და უფილტრო სიგარეტზე (20 ღერზე) აქციზის პროპორციული განაკვეთი იზრდება 5-დან 10 პროცენტამდე.
„ასოცირების ხელშეკრულებიდან გამომდინარე გვაქვს ვალდებულება, რომ გეგმაზომიერად მოხდეს აქციზის გაძვირება თამბაქოს პროდუქციაზე, თუმცა, არსად კონკრეტულად გაწერილი არ არის ვადები და აქციზის ზუსტი მოცულობა. ვიცით, რომ ნიშნული არის 90 ევრო 1000 ღერ სიგარეტზე. აქედან გამომდინარე შეხვედრა გვქონდა გიორგი გახარიასთან და ლაშა ხუციშვილთან, გაგვაცნეს სამუშაო ვარიანტი, როგორც აგვიხსნეს, ეს იყო 8-წლიანი გეგმა. გადმოგვცეს აღნიშნული პროექტი და 18 დეკემბრამდე უნდა მივაწოდოთ რეკომენდაციები. სავარაუდოდ, რეგიონში არსებული საფრთხეების გათვალისწინებით ეს გეგმა 12-13 წელზე იქნება გათვლილი. ჯერ საბოლოოდ არ გვაქვს ჩამოყალიბებული პოზიცია, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ მინიმუმ 12 წელი იქნას გათვალისწინებული, როგორც გარდამავალი პერიოდი. როგორც იცით, პირველი იანვრიდან ისედაც ძვირდება აქციზი საკმაოდ მნიშვნელოვნად. სასურველია, რომ ეტაპობრივად და თანაზომიერად მოხდეს აქციზის განაკვეთის მატება, 2-3 წელიწადში ერთხელ კი გადაიხედოს გეგმა არსებული რეალობის გათვალისწინებით. ევროკავშირის წევრი ქვეყნების გამოცდილების შესახებ ინფორმაცია გვაქვს. გადავუგზავნეთ ფინანსთა სამინისტროსა და ეკონომიკურ საბჭოს. მთელ რიგ სახელმწიფოებში იყო დაახლოებით 12 და მეტი წელი გათვალისწინებული, რათა ეს ქვეყნები დაახლოებოდნენ შესაბამის მოთხოვნებს“, - აცხადებს თამბაქოს იმპორტიორი კომპანიის "ჯეი თი აი კავკასიის"კომუნიკაციების სპეციალისტი ივანე ხასია.
თამბაქოს აქციზის განაკვეთის ზრდასთან დაკავშირებით დირექტივა 2011/64/EU ევროკავშირის ზოგიერთი წევრისთვის გარკვეულ გარდამავალ პერიოდებსა და შემცირებულ ფასებსაც აწესებს. ევროკომისიის ინფორმაციით, ბულგარეთს, ესტონეთს, საბერძნეთს, ლატვიას, ლიტვას, უნგრეთს, პოლონეთსა და რუმინეთს გარდამავალი პერიოდი 2017 წლის 31 დეკემბრამდე აქვთ. ამ დროისთვის ევროკავშირის 8 სახელმწიფომ სიგარეტის აქციზის ფასი ორგანიზაციის მოთხოვნას უნდა შეუსაბამოს. ივანე ხასიას განცხადებით, ვალდებულებების შესასრულებლად ესტონეთსა და ლატვიას 12 წელი მისცეს, სლოვაკეთს 14, პოლონეთს 15 წელი. ზემოთჩამოთვლილი ქვეყნების შემთხვევაში ბიზნესის ინტერესები და რეგიონში არსებული სურათი გაითვალისწინეს.
„ჩვენ ვიცოდით, რომ ეტაპობრივად მოხდებოდა, მაგრამ ასეთი ფორმით და ასე სწრაფად, მიუღებელია. ყოველ წელს მოუმატებენ ფასს. საქმის კურსში არ ვართ, რამდენით შეიძლება გაიზარდოს მომავალ წლებში. აქციზზე მხოლოდ ფიქსირებული ზრდა რომ ყოფილიყო, კიდევ პროგნოზირებადი იქნებოდა, ადვალური რომ დაამატეს, ამან გაართულა ყველაფერი,“- აცხადებს "ბესტ თობაქოს" მარკეტინგის მენეჯერი სოსო მურღულია.
კიდევ ერთი ცვლილება ადვალურ გადასახადს ეხება. 2016 წლის პირველი იანვრიდან ფიქსირებულ კომპონენტთან ერთად ადვალური 5%-დან 10%-მდე იზრდება. ივანე ხასიას განცხადებით, ამ მიმართულებით რეგულაციებს ასოცირების ხელშეკრულება ითვალისწინებს, თუმცა ვალდებულების შესასრულებლად საქართველოს 5 წელი აქვს.
„პირველი ივლისიდან შემოვიდა ადვალური გადასახადი 5%-ის მოცულობით. ეს პირველად მოხდა ქართულ ბაზარზე - პირველი იანვრიდან 10%-მდე იზრდება. უხეში მაგალითი რომ მოგიყვანოთ, თუ „უინსტონი“ ღირს ორლარნახევარი, აქამდე ვიხდიდით ორლარნახევრის 5%-ს, ახლა უკვე გადავიხდით 25 თეთრს, რაც არის 10%. ადვალურ გადასახადს ითვალისწინებს ასოცირების ხელშეკრულება, თუმცა საქართველოს ჰქონდა ხელმოწერიდან 5 წელი, რომ მომხდარიყო ამის დანეგრვა. რატომღაც ნაჩქარევად მოხდა ადვალურის შემოღება, თავის დროზე ამასთან დაკავშირებით ფინანსთა სამინისტროსგან მოვისმინეთ, რომ კეთდებოდა ადგილობრივი თამბაქოს ინდუსტრიის ხელშესაწყობად და ერთჯერადი ღონისძიება იქნებოდა, თუმცა, როგორც ხედავთ, უკვე 10% იქნება. გადასახადების ადმინისტრირების სიმარტივის კუთხით, სტაბილურობის, ბაზრის სეგმენტაციის აღრევის გამოსარიცხად უკეთესი იქნება, რომ სამომავლოდაც მოხდეს მხოლოდ სპეციფიკური კომპონენტის ზრდა.“ - ამბობს ივანე ხასია.
რატომ იმატებს ადვალური გადასახადი მაშინ, როდესაც ასოცირების ხელშეკრულება ამ ეტაპზე აღნიშნული ვალდებულების შესრულებას არ ითვალისწინებს? - ამ შეკითხვით ჩვენ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილეს, ნოდარ ებანოიძეს მივმართეთ.
„არავინ გვიშლის, რომ ეს განვახორციელოთ უფრო ადრე. თავიდანვე ითქვა, რომ ჩვენ ამას ვაპირებდით. ბიზნესისთის ცნობილი იყო. ზოგადად, ასეთი ცვლილებები ჯობს დროში მეტად გაწელილი იყოს, მაგრამ თუ ეს საჭიროა, შესაძლებელია და გვაქვს სარგებელი, ბევრი რამ ახლაც შეგვიძლია გავაკეთოთ. მეორე საკითხია, სწრაფი ცვლილებები რამდენად სწორია, ჩვენ ვამბობთ, რომ ფისკალური ეფექტი კი არ გვაინტერესებს, არამედ მწეველთა რაოდენობის შემცირებაა მნიშვნელოვანი. ამას სჭირდება დასკვნები, როგორი პრაქტიკა არსებობს, როგორ გაიარეს ეს გზა სხვებმა. მე ვერ ვიტყვი, რომ სრული ანალიზის საშუალება გვაქვს, თუმცა, ფაქტია, რომ სიგარეტის აქციზის ფასი კიდევ გაიზრდება, ეს ერთჯერადი არ ყოფილა“, - აცხადებს ნოდარ ებანოიძე.
ბიზნესკომპანიების წარმომადგენლების განცხადებით, სიგარეტის გაძვირების შედეგად ხელისუფლების მთავარი გამოწვევა „შავი ბაზარი“ იქნება. თამბაქოს იმპორტიორების თქმით, 2005 წელს, მას შემდეგ, რაც ერთ კოლოფ ქართულ სიგარეტზე აქციზის გადასახადი 70 თეთრი გახდა, ხოლო იმპორტირებულზე - 90 თეთრი, სიგარეტის ადგილობრივი წარმოება გაჩერდა, ლეგალური იმპორტი მნიშვნელოვნად შემცირდა, კონტრაბანდა კი გაიზარდა. ივანე ხასიას თქმით, იმის გამო, რომ საქართველოს პირდაპირი საზღვარი არა აქვს ევროკავშირის ქვეყნებთან, აქციზის გადასახადის ფასის დაჩქარებულად გაძვირების შემთხვევაში იზრდება თამბაქოს უკანონოდ შემოდინების რისკი.
”მაგალითად, სომხეთთან ფასებს შორის უკვე მნიშვნელოვანი სხვაობა იქნება, სწორედ ამ ყველაფრის გათვალისწინებით, საჭიროა მხედველობაში მივიღოთ ევროკავშირის წევრი ქვეყნების გამოცდილება. ასევე ბიზნესის ინტერესები, რაც საბოლოო ჯამში ისევ დადებითად აისახება ქვეყნის საბიუჯეტო შემოსავლებზე. ეტაპობრივად უნდა მოხდეს აქციზის ზრდა, რაც არ იქნება დამანგრეველი ბიზნესისთის. 2005 წელს რადიკალურად გაიზარდა აქციზის ფასი, ფაქტობრივად გაორმაგდა, მაშინ პირველ 3-4 თვეში ბაზრის ნახევარი არალეგალური თამბაქოს პროდუქციით გაივსო. რაც ჩვენთვის, როგორც კანონიერი ბიზნესისთვის, ძალიან ცუდი შედეგების მომტანი იყო, ასევე სახელმწიფო ბიუჯეტმა დაკარგა მნიშვნელოვანი თანხები. მალევე აქციზი 90 თეთრიდან 60-მდე კვლავ შემცირდა. ეს გამოცდილება ფინანსთა სამინისტროში ახსოვთ. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს რეკომენდაციებთან ერთად ეს ფაქტორიც გაითვალისწინონ“ - ამბობს “ჯეითიაი კავკასიის" კომუნიკაციების სპეციალისტი.
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ნოდარ ებანოიძე აცხადებს, რომ ხელისუფლება ამ გამოწვევას გაუმკლავდება.
„მთავრობის განცხადებით, მათ ადმინისტრაციული რესურსი ეყოფათ, რომ გააკონტროლონ ეს პროცესი. მე არ ვიცი, რა დაჯდება ამის ადმინისტრირება. როდესაც რეგიონში დაბალი ფასებია, ქვეყანაში პროდუქციის გაძვირება გარკვეულ რისკებს შეიცავს. კონტრაბანდის რისკი იქნება, მაგრამ მთავრობის განცხადებით, ის უზრუნველყოფს, რომ ზემოთხსენებულმა საფრთხეებმა არ იმუშაოს. იმედია, შეძლებს ამას. სისტემის ნდობა მაქვს“, - ამბობს ნოდარ ებანოიძე.
თამბაქოს იმპორტიორი კომპანიებისგან განსხვავებით მთავრობასთან განსხვავებული რეკომენდაციები აქვთ ლუდის მწარმოებლებს. ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში აღებული ვალდებულებების შესასრულებლად ხელისუფლებას ვადა 2017 წლის პირველ სექტმებრამდე აქვს, თუმცა, ლუდის მწარმოებელი კომპანიები მთავრობას აქციზის სტრუქტურის ჰარმონიზების ვადაზე ადრე დასრულებას სთხოვენ.
„ასოცირების ხელშეკრულება ითვალისწინებს ლუდის აქციზის სტრუქტურის ჰარმონიზებას. თუ აქამდე აქციზის გადასახადს ვიხდით ლიტრების მიხედვით, ასოცირების ხელშეკრულების დირექტივით, გადასახადი გრადუსზე, ანუ ალკოჰოლის შემცველობაზე უნდა იყოს დამოკიდებული. მაგალითისთვის, სტანდარტულ ლუდზე, რომელიც 5-გრადუსიანია, უფრო ნაკლები უნდა გადავიხადოთ ვიდრე მაღალალკოჰოლურზე, რომელიც არის 8-გრადუსიანი. შესაბამისად, უფრო ნაკლებს გადავიხდით დაბალალკოჰოლურზე. პრინციპული მიდგომაა, რომ ევროპაში ალკოჰოლის შემცველობის მიხედვით არის აქციზის გადასახადი და არა ლიტრაჟის შესაბამისად, როგორც ჩვენთან. ამ მოთხოვნის შესასრულებლად კონკრეტული ვადაც გვაქვს - 2017 წლის 1 სექტემბერი. ამ დროისთვის ეს სტრუქტურა უკვე ამოქმედებული უნდა გვქონდეს. არის კიდევ ერთი დირექტივა, რომლის თანახმადაც, ჩვენთან აქციზის ფასი არ უნდა იყოს გარკვეულ ნიშნულზე დაბალი. ესეც გრადუსზეა დათვლილი. დაახლოებით გამოდის - 8, 5 ევრო, როდესაც საქართველოში უკვე 25 ევროა. ანუ დაახლოებით სამჯერ უფრო ძვირია ჩვენთან აქციზი, ვიდრე ევროპის მინიმალური მოთხოვნაა. თუმცა, ზედა ზღვარი შეზღუდული არ არის, არის ქვეყნები, სადაც ძალიან მაღალი ფასია. ჩვენ ვთავაზობთ ხელისუფლებას, რომ 1 გრადუსზე, მაგალითად, იყოს 10 თეთრი. სტანდარტულ ლუდზე გვექნება 50 თეთრი, ნაცვლად 60-სა, თუმცა არასტანდარტულ მაღალალკოჰოლურზე გაიზრდება ფასი და გახდება მაგალითად, 80 თეთრი. 10 თეთრი ჩვენთვის მისაღებია, თუმცა სასურველია წინა ნიშნულზე დაბრუნება - ერთ გრადუსზე 8 თეთრი რომ იყოს. 2017 წლის 1 სექტემბრიდან ითხოვს ასოცირების ხელშეკრულება ამას, ჩვენ ვითხოვთ რომ 2016 წლიდან ამოქმედდეს. შემოსავლების სამსახურთან გვქონდა კომუნიკაცია, მათთვის არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს ადმინისტრირება ალკოჰოლის შემცველობით, ინდუსტრიაც - ყველანი თანახმა ვართ, გვინდა, დავაჩქაროთ ეს პროცესი. ჩვენ სწორება გვაქვს 28 წევრ ქვეყანაზე, მათი საუკეთესო პრაქტიკა უნდა გადმოვიღოთ. ეს არის 3 კომპანიის პოზიცია, რომლებიც ვქმნით ბაზრის 95 პროცენტს, უფრო მეტიც - 97 პროცენტს - „ნატახტარი“, „ზედაზენი“ და „კასტელი“. როგორც წესი, ინდუსტრია ითხოვს, რომ გარკვეული რეგულაციები დღესვე არ ამოქმედდეს ხოლმე, ეს კიდევ უნიკალური შემთხვევაა, რომ ვითხოვთ, სწრაფად შევიდეს ძალაში“, - ამბობს "ნატახტარის" კორპორატიულ საქმეთა დირექტორი ნიკოლოზ ხუნძაკიშვილი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებების შეტანამდე 1 ლიტრ ლუდზე აქციზის გადასახადი 40 თეთრს შეადგენდა, მოგვიანებით აქციზის ღირებულება 50%-ით გაიზარდა. საერთაშორისო გამჭვირვალობის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, 2015 წლის 31 ივლისის მდგომარეობით, ლუდის ბაზარი 17%-ით შემცირდა, რაც დიდწილად 2015 წლის 1 მარტიდან ლუდის აქციზის ზრდით იყო გამოწვეული, ორგანიზაციაში ამბობენ, რომ ლუდზე აქციზის გადასახადი საქართველოში უფრო მაღალია, ვიდრე ევროკავშირის 17 ქვეყანაში.
ლუდის აქციზთან დაკავშირებით ასოცირების შეთანხმებით აღებული ვალდებულებების ვადაზე ადრე შესრულების შესახებ შესაბამისი გეგმა უკვე შემუშავებულია. ლუდის მწარმოებელმა კომპანიებმა ბიზნესომბუდსმენს საკუთარი რეკომენდაციებიც გააცნეს. საკითხს უახლოეს მომავალში ეკონომიკური საბჭო განიხილავს, სადაც გადაწყდება, განხორციელდება თუ არა ლუდის აქციზის სტრუქტურის ჰარმონიზება დაჩქარებული ტემპით.
ხატია შამანაური