“გაზპრომთან” ფარული მოლაპარაკებები ასოცირების ხელშეკრულებას ეწინააღმდეგება
რატომ აყოვნებს საქართველო ევროპის ენერგეტიკულ გაერთიანებაში გაწევრიანებას?
გასულ კვირას საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს წერილობით მივმართეთ და ვთხოვეთ, პასუხები გაეცა შემდეგ კითხვებზე: რა სტადიაშია "გაზპრომთან" მოლაპარაკება? რუსეთიდან სომხეთში გაზის ტრანზიტის რა ოდენობით გაზრდაზეა საუბარი? რა ოდენობის დამატებით გაზს მიიღებს საქართველო ამ ტრანზიტიდან და რა იქნება მისი ფასი?
რუსეთიდან სომხეთში გატარებული გაზის ტრანზიტიდან მიღებული “სოციალური გაზის” ოდენობა თუ მნიშვნელოვნად გაიზრდება და ის აზერბაიჯანიდან მიღებულ "სოციალურ გაზს" ჩაანაცვლებს, არსებობს თუ არა საფრთხე, რომ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი - აზერბაიჯანი თამაშგარე მდგომარეობაში დარჩეს, საქართველო თანდათან კვლავ რუსეთზე დამოკიდებული გახდეს და განაწყენებულმა აზერბაიჯანმა სოციალური გაზის ფასი გაგვიზარდოს? რას გააკეთებს ასეთ შემთხვევაში მთავრობა და ენერგეტიკის სამინისტრო?
იყო თუ არა მოლაპარაკება აზერბაიჯანულ მხარესთან იმ დამატებითი გაზის მოცულობის შეძენაზე, რომელიც საქართველოს ყოველწლიურად სჭირდება? რატომ ვყიდულობთ დამატებით გაზს (დაახლოებით 70 მლნ მეტრკუბს) ყოველწლიურად "გაზპრომისგან", მაშინ, როცა აზერბაიჯანის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ მათ საქართველოს გაზის მოხმარების სრულად დაკმაყოფილება შეუძლიათ? რატომ დაიწყო საქართველოს ხელისუფლებამ საუბარი რუსული გაზის მოცულობის გაზრდაზე, მაშინ, როცა მთელი დანარჩენი მსოფლიო რუსულ ენერგომატარებლებზე დამოკიდებულების შემცირებას ცდილობს? არაერთი მცდელობის მიუხედავად ჩვენ ამ კითხვებზე ენერგეტიკის სამინისტროდან პასუხი ვერ მივიღეთ.
რუსეთის სახელმწიფო კომპანია „გაზპრომის“ ხელმძღვანელთან ენერგეტიკის მინისტრის შეხვედრა და ამ შეხვედრის დეტალები ვერ იქნებოდა საზოგადოებისთვის ასეთი ბუნდოვანი და გაუმჭვირვალე, საქართველო ევროპის ენერგეტიკული გაერთიანების წევრი რომ ყოფილიყო.
ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით საქართველომ აიღო ვალდებულება, რომ ქართული კანონმდებლობა ევროპულ ენერგორეგულაციებთან შესაბამისობაში მოიყვანოს და ენერგეტიკის სფეროში რეფორმა ჩაატაროს. ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების განხორციელების ვადები ამ ეტაპზე ხელისუფლებამ ევროპის ენერგეტიკულ გაერთიანებასთან უნდა შეათანხმოს.
ევროპის ენერგეტიკული გაერთიანება
ევროპის ენერგეტიკული გაერთიანება ევროკავშირის ახალი წევრი ქვეყნების რუსეთის ენერგორესურსებზე დამოკიდებულების შემცირების და ერთიანი ენერგეტიკული პოლიტიკის შემუშავების მიზნით შეიქმნა. ევროპის ენერგეტიკული გაერთიანება 2006 წლის ივლისში ამოქმედდა. მას ხელს ევროკავშირი და 9 მოკავშირე ქვეყანა, მათ შორის უკრაინა და მოლდოვა აწერს.
საქართველო ევროპის ენერგეტიკულ თანამეგობრობაში 2006 წელს მიიწვიეს. 2007 წელს მან დამკვირვებელი ქვეყნის სტატუსი მიიღო.
„მოვუწოდებ საქართველოს, შეიტანოს ოფიციალური განაცხადი ენერგოთანამეგობრობაში გასაწევრიანებლად. ეს ხელს შეუწყობს ჩვენი ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებას და გაზრდის საქართველოს მიმზიდველობას ენერგეტიკის სფეროში ინვესტიციებისთვის,“ - განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟოზე მანუელ ბაროზუმ 2010 წლის 17 ნოემბერს.
2014 წლის თებერვალში, ენერგეტიკის საკითხებში ევროკომისარ გიუნტერ ოტინგერის სტუმრობისას, ხელისუფლებამ განაცხადა, რომ იმავე წლის ოქტომბრის ბოლოსთვის დაგეგმილი იყო საქართველოს ევროპის ენერგეტიკულ გაერთიანებაში გაწევრიანება. თუმცა, მოლაპარაკება უშედეგოდ დასრულდა: საქართველო ევროპის ენერგეტიკული გაერთიანების წევრი დღემდე არ არის.
“ასოცირების ხელშეკრულების თანახმად, გაწევრიანების თაობაზე ევროპის ენერგეტიკულ გაერთიანებასთან მოლაპარაკება ხელშეკრულების ძალაში შესვლიდან 2 წლის განმავლობაში უნდა დასრულდეს. ბოლო ვადა 2016 წლის სექტემბერია. კიდევ გვაქვს დრო იმისთვის, რომ ეს მოლაპარაკება ორივე მხარისთვის მისაღები ფორმით დასრულდეს. გარკვეული დრო ავიღეთ ანალიზის და შეფასებების გასაკეთებლად. თუ აიღებ ვალდებულებებს, უნდა შეასრულო კიდეც. ჩვენ ვცდილობთ ისეთი ვალდებულება ავიღოთ, რომელიც შესრულებადია,” - ამბობს www.eugeorgia.info-სთან საუბარში ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე, მარიამ ვალიშვილი.
“თუ ევროპის ენერგეტიკულ გაერთიანებაში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკება წარუმატებლად დამთავრდება, იგივე დირექტივების განხორციელება მაინც მოგვიწევს, მაგრამ უფრო ხისტი ვადებით და პირობებით - ამ დირექტივების შესრულებას ასოცირების ხელშეკრულება გვავალდებულებს. ეს პერიოდი კი რეფორმისთვის იქნება დაკარგული დრო. მოგებული შეიძლება იყოს მხოლოდ ის, ვინც დღევანდელი არაგამჭვირვალე სიტუაციით სარგებლობს,” - ამბობს მურმან მარგველაშვილი, ორგანიზაცია “მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის” დირექტორი ენერგეტიკის საკითხებში. “მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის” საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერით ენერგეტიკის სფეროში მიმდინარე პროცესების მონიტორინგს და კვლევებს ახორციელებს.
ენერგეტიკულ გაერთიანებაში შესვლის სარგებელი და რისკი
ევროპის ენერგეტიკულ გაერთიანებაში გაწევრიანება ქვეყანაში ევროპული წესების დამკვიდრებას და რეფორმის ჩატარებას, რეფორმა კი უპირველეს ყოვლისა ენერგეტიკის სფეროში მონოპოლიების გაუქმებას გულისხმობს. მონოპოლისტი კომპანიების შეზღუდვის პარალელურად ბაზარზე ახალი ეკონომიკური სუბიექტები - ე. წ. ტრეიდერები უნდა გაჩნდნენ, რომლებიც დენის და ბუნებრივი გაზის ყიდვა-გაყიდვით იქნებიან დაკავებულები. მომხმარებელს კი მათი მეშვეობით ექნება საშუალება, რომ ელექტროენერგია და ბუნებრივი აირი იმ კომპანიისგან შეიძინოს, რომელიც მას უფრო დაბალ ტარიფს და მაღალი ხარისხის მომსახურებას შესთავაზებს. ექსპერტთა თქმით, ასეთი კონკურენციის პირობებში, სავარაუდოდ, ტარიფებიც შემცირდება.
ევროდირექტივა მომხმარებლების უფლებების ზრდასაც ითხოვს. ახალი რეგულაციები აბონენტს უფლებას მისცემს, უხარისხო ელექტროენერგიის მიწოდების ან დენის და გაზის გაუფრთხილებელი გათიშვის გამო კომპანიისგან კომპენსაცია მიიღოს.
www.eugeorgia.info-სთან საუბარში მარიამ ვალიშვილი ამბობს, რომ ევროპის ენერგეტიკულ გაერთიანებაში გაწევრიანება ხელს შეუწყობს ქვეყანაში კვალიფიციური ინვესტორების შემოსვლას: “თუ ევროპულ რეფორმას ჩაატარებ და ბაზარზე ცხადი და დადგენილი წესები გექნება, ქვეყანაში ევროპელი ინვესტორები შემოვლენ და ევროპიდან ფულადი დახმარების და თანამედროვე ტექნოლოგიების წამოღების შანსიც გაიზრდება."
თუმცა, სპეციალისტები იმ რისკებზეც საუბრობენ, რომლებიც ევროპის ენერგეტიკულ გაერთიანებაში ახლავს თან და რომელთა მეშვეობითაც, შესაძლოა, საქართველოს სარგებელი შეუმცირდეს.
გაერთიანების წევრებს ერთიანი ქსელი აქვთ, თუ რომელიმე ქვეყანას გაზის მიწოდება უწყდება, რევერსული - ორმხრივი მილსადენის მეშვეობით დანარჩენები მას ეხმარებიან: ეს გაერთიანების ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველყოფის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია, რომლითაც ამ ეტაპზე ჩვენი ქვეყანა ვერ ისარგებლებს - საქართველოს არ აქვს საერთო საზღვარი ევროპის ენერგეტიკული გაერთიანების რომელიმე წევრ ქვეყანასთან, არსებული გაზსადენების ინფრასტრუქტურა კი ბუნებრივ აირს ამ ეტაპზე მხოლოდ ერთი მიმართულებით ატარებს: აღმოსავლეთიდან დასავლეთისაკენ (კასპიის საბადოებიდან ევროპისაკენ). რესპუბლიკური პარტიის საპარლამენტო ფრაქციისთვის ენერგეტიკის სამინისტროდან გაგზავნილ წერილში აღნიშნულია, რომ თურქეთიდან უკუდინებით საქართველოს გაზმომარაგების საკითხი ამ ეტაპზე აქტუალური არ არის და არ განიხილება. ორგანიზაციის - "მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის" დირექტორი საგანგებო ვითარებაში გაზის მიღების სხვა შესაძლებლობაზე საუბრობს: "მართალია, ევროპის ენერგეტიკული გაერთიანების წევრი ქვეყნებისგან შორს ვართ, მაგრამ საქართველოს ტერიტორიაზე გადის მილსადენი, რომელმაც გაზი ევროპამდე უნდა ჩაიტანოს. დავიწყოთ მუშაობა ამ საკითხზე ახლავე და როცა გაიზრდება ბუნებრივი აირის ნაკადი, გვქონდეს საშუალება, რომ საგანგებო მდგომარეობის დროს იქედან რაღაც ნაწილი მივიღოთ," - ამბობს მარგველაშვილი.
არსებობს კიდევ ერთი წინაღობა: საქართველოსა და ბიზნეს-კონსორციუმებს შორის გაფორმებული ხელშეკრულებები ევროპის ენერგეტიკული გაერთიანების პრინციპებს ეწინააღმდეგება: საქართველომ უარი უნდა თქვას ტრანზიტის გადასახადზე: ანაზღაურება, რომელსაც ის მიიღებს მის ტერიტორიაზე მილსადენის გაყვანისთვის, ინფრასტრუქტურის მოწყობისთვის გაღებულ ხარჯს არ უნდა აღემატებოდეს. გარდა ამისა, ანტიმონოპოლიური კანონის თანახმად, რომელიც ევროკავშირთან საკანონმდებლო დაახლოების ფარგლებშია მიღებული, ხელშეკრულებაში ფასი არ უნდა იყოს განსაზღვრული - ფასი ბაზარმა უნდა დაარეგულიროს. საქართველოს კი კონსორციუმებთან გაფორმებული ხელშეკრულებების თანახმად, განსაზღვრულ მოცულობებზე სპეციალური, შეღავათიანი ფასი აქვს.
"ჩვენ არ ვიღებთ ტრანზიტის გადასახადს. როცა ეს ხელშეკრულებები იდებოდა, ინვესტორს ბევრი საგადასახადო შეღავათი მივეცით, სანაცვლოდ კი მისგან იაფი რესურსი მივიღეთ. რეალურად, ეს მოგების გადასახადია," - ამბობს ვალიშვილი, - "მთავარი დეროგაცია (დროებითი გადახვევა - მ.ვ.), რაც ჩვენ ევროკავშირისგან მოვითხოვეთ, უკვე არსებულ ხელშეკრულებებს ეხება. მომავალ პროექტებზე პრობლემა არ იქნება: ჩვენ ვიცით რა საერთაშორისო ვალდებულებები და მოთხოვნები უნდა შევასრულოთ და ახალი ხელშეკრულება ახალი მოთხოვნების შესაბამისად შედგება. მაგრამ, შეცვალო ხელშეკრულება, რომელიც რამდენიმე წელია უკვე მუშაობს და კიდევ რამდენიმე წელი უნდა იმუშაოს, ძალიან რთული იქნებოდა. ევროპის ენერგეტიკულ გაერთიანებაში ამაზე პროტესტი არავის გამოუთქვამს. ამ დეროგაციის უფლება ჩვენ მივიღეთ. ყველამ იცის, რომ ახალი რეგულაციები უკვე არსებულ პროექტებს არ შეეხება და მათი გადახედვა არ მოხდება."
თუ მთავრობამ ევროპელებთან მოლაპარაკებების პროცესში ქვეყნის ინტერესების შესაბამისი კონსენსუსი იპოვა და საჭირო შეღავათი და გამონაკლისი მიიღო, მაშინ რატომ ყოვნდება ევროპის ენერგეტიკულ გაერთიანებაში გაწევრიანების პროცესი?
"წელიწადზე მეტია ვცდილობთ, რომ ამ კითხვაზე პასუხი მივიღოთ. გვქონდა განხილვა პარლამენტში და სამოქალაქო საზოგადოებასთან. არანაირი სარწმუნო და არგუმენტირებული პასუხი არ მიგვიღია. დარწმუნებული ვარ, ასეთი პასუხი არც არსებობს. რაში გამოვიყენეთ ეს დრო, ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელის მოწერის შემდეგ რა გავაკეთეთ ისეთი, რამაც მიზანთან დააგვაახლოვა? არაფერი. შევიმუშავეთ ქსელის კოდექსი, გადამცემი ქსელის 10-წლიანი გეგმა... ეს ძალიან ნელი განვითარებაა იმასთან შედარებით, რაც რეალურად გვჭირდება. ამ რეფორმის მთავარი არსი ბაზრის გამჭვირვალების უზრუნველყოფა, ქსელური და არაქსელური საქმიანობის ერთმანეთისგან გამიჯვნაა - ქსელის მფლობელი კონკურენციის დამაბრკოლებელი ვერ უნდა გახდეს. ეს არის მთავარი პირობა და ეს არ კეთდება," ამბობს მარგველაშვილი, - "არსებობს გაერთიანებაში გაწევრიანების გადავადების შესაძლო მიზეზები: მთავრობა არ არის დაინტერესებული და არა აქვს სათანადო ინფორმაცია ენერგეტიკულ გაერთიანებაში გაწევრიანების სარგებლის შესახებ; არ შეუძლია რეფორმის ჩატარება; ვიღაცას აქვს ინტერესი, რომ ისევ არსებობდეს ისეთი გაუმჭვირვალე გარემო, როგორიც დღეს გვაქვს. კიდევ ერთი მიზეზი შეიძლება იყოს ის, რომ ჩვენი კურსი და მიზანი არ არის ევროკავშირთან ინტეგრაცია. ყოველ შემთხვევაში იმ ხალხის, ვინც ეს გადაწყვეტილება უნდა მიიღოს."
“მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის” დირექტორი გარე საფრთხეებზეც მიუთითებს. ცნობილი ფაქტია: 2013 წელს რუსეთმა მოლდოვას ევროპის ენერგეტიკულ გაერთიანებაში შესვლაზე უარის თქმის სანაცვლოდ გაზის ფასის 1/3-ით დაკლება შესთავაზა. საქართველოს ხელისუფლებაზე ზეწოლის ბერკეტად რუსეთი შესაძლოა "ენგურჰესს” იყენებდეს. ამ ჰესის წლიური გამომუშავება 3 მილიარდ კილოვატ საათს აღემატება.
“ენგურჰესის” წილი საქართველოს მთლიან ენერგობალანსში 40 პროცენტია. "ჰესის სამანქანო დარბაზი და ქვესადგური რუსეთის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზეა, წყალსაცავი კი საქართველოს ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე. არაკეთილისმოსურნეები თუ მოინდომებენ, ძალიან ადვილია, რომ "ენგურჰესიდან" დენი ვეღარ მივიღოთ და ძალიან ადვილია, რომ ეს შესაძლებლობა ჩვენს მთავრობაზე ზემოქმედების ბერკეტად აქციონ. შესაძლოა, ეს ბერკეტიც მუშაობს და ამიტომ ვდებთ ევროპის ენერგეტიკულ გაერთიანებაში გაწევრიანებას. შესაძლოა, სხვა ბერკეტებიც არსებობდეს. გაუმჭვირვალე გარემოა, გადაწყვეტილებებს ადამიანები ერთპიროვნულად იღებენ. არ არის გამორიცხული, რომ ისეთი ზემოქმედების ბერკეტი მუშაობდეს, რომ ჩვენ მისი არსებობის შესახებ არც კი ვიცოდეთ."
www.eugeorgia.info-სთან საუბარში მარიამ ვალიშვილი ამბობს, რომ ევროპის ენერგეტიკულ გაერთიანებაში გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებათა რამდენიმე რაუნდი უკვე შედგა, მომდევნო რაუნდი კი 2016 წლის დასაწყისში გაიმართება და უკვე არსებული შედეგების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, საქართველო 2016 წლის სექტემბრისთვის ევროპის ენერგეტიკული გაერთიანების წევრი გახდება.
სტატისტიკური ინფორმაცია
ამ ეტაპზე საქართველოსთვის გაზის მთავარი მომწოდებელი აზერბაიჯანია. 2014 წელს საქართველომ 2 მლრდ 17 მლნ კუბ. მ. გაზი მოიხმარა. ამ გაზის 87,1% (1 მლრდ 897 მლნ კუბ.მ) აზერბაიჯანიდან შემოვიდა. აქედან 686 მილიონი კუბური მეტრი სამხრეთ კავკასიური მილსადენით (რომელიც ბაქო-თბილისი-ერზრუმის გაზსადენის სახელითაცაა ცნობილი. მისი მეშვეობით აზერბაიჯანში, შაჰ-დენიზის საბადოზე მოპოვებული გაზი ტრანზიტით თურქეთში გადის), 1 მლრდ 21 მლნ კუბური მეტრი კი აზერბაიჯანთან ცალკე გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში.
აზერბაიჯანულ გაზს საქართველო შეღავათიანი ფასით ყიდულობს: მოსახლეობისთვის მისაწოდებელ 1000 კუბ.მეტრს 120 აშშ დოლარად, თბოსადგურებისთვის კი ყოველ 1000 კუბ.მეტრს - 143 აშშ დოლარად. ეს ფასი გაცილებით დაბალია იმ ღირებულებასთან შედარებით, რასაც "გაზპრომი" სტრატეგიულ პარტნიორს, სომხეთს სთავაზობს: სომხეთი ამჟამად 1000 კუბურ მეტრ რუსულ გაზში 165 დოლარს იხდის.
აზერბაიჯანულთან ერთად საქართველო რუსულ გაზსაც იღებს. 2014 წელს საქართველომ რუსეთიდან 267 მლნ 773 ათასი კუბური მეტრი გაზი მიიღო. აქედან 206 მლნ 166 ათასი კუბური მეტრი ტრანზიტის საფასური იყო: ჩრდილოეთ-სამხრეთის 221 კმ-იანი გაზსადენით სომხეთში გატარებული რუსული ბუნებრივი აირის საერთო მოცულობის 10% საქართველოს რჩება, 1000 კუბური მეტრი 110 დოლარად. გარდა ამისა, საქართველომ გასულ წელს რუსეთიდან დამატებით კიდევ 61 მლნ 607 ათასი კუბური მეტრი გაზი შეიძინა.
საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოს მთლიან მოხმარებაში დამატებითი რუსული გაზის წილი 2009 წელს 9.8% იყო, 2012 წელს - 1.6%, 2013 წელს რუსეთიდან დამატებითი გაზის იმპორტი საერთოდ არ განხორციელებულა, 2014 წელს კი მისი წილი მთლიან მოხმარებაში 2.8% იყო.