Demo Environment ახალ საგრანტო პროგრამას აცხადებს
კონკურსში მონაწილეობის მიღება საქართველოში დარეგისტრირებულ ორგანიზაციებს, ფონდებს, ინსტიტუტებს და მცირე და საშუალო მეწარმეებსაც შეუძლიათ
შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (SIDA) მიერ დაფინანსებული ფონდი Demo Environment ახალ საგრანტო პროგრამას აცხადებს. პროგრამის ფარგლებში, დაფინანსებას მიიღებენ ახალი ტექნოლოგიების/ტექნიკის შეძენის მსურველები. გამარჯვებული პროექტები 500 000-დან 1 800 000-მდე შვედური კრონით დაფინანსდებიან.
პროგრამის მიზანია, პრობლემების გადაჭრა ისეთ სფეროებში, როგორებიცაა: წყალი, სანიტარია, ეკოსისტემების მომსახურება, ენერგეტიკა და ურბანული განვითარება.
პროგრამის მთავარი პირობის თანახმად, პროექტში გამოსაყენებელი ტექნოლოგია/ტექნიკა გარემოს ზიანს არ უნდა აყენებდეს, გამოყენებული უნდა იყოს ადგილობრივი გარემოსდაცვითი პრობლემების გადასაჭრელად, უნდა იყოს ახალი ქვეყნისთვის ანდა იმ კონტექსტისთვის, რომელშიც პროექტი განხორციელდება. თუმცა, ის აუცილებლად უნდა იყოს გამოცდილი სხვა ქვეყანაში.
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოში დარეგისტრირებულ ორგანიზაციებს, ფონდებს, ინსტიტუტებს, მცირე და საშუალო მეწარმეებს. პროგრამის მოთხოვნით, ორგანიზაციებს უნდა ჰქონდეთ მუშაობის სულ მცირე სამწლიანი გამოცდილება და ჰყავდეთ მინიმუმ 5 თანამშრომელი, კერძო კომპანიებს კი 249 თანამშრომელზე მეტი არ უნდა ჰყავდეთ.
გრანტის მიღება შესაძლებელია როგორც ტექნიკის შესაძენად, ასევე კომპანიის შესაძლებლობების გაზრდისა და იმ მომსახურებისთვის, რომელიც ახალ ტექნოლოგიას და პროექტის განხორციელებას სჭირდება.
პროგრამის პირობებით, ტექნოლოგიის/აღჭურვილობის ფასი პროექტის მთლიანი ღირებულების არსებით ნაწილს უნდა შეადგენდეს.
პროგრამა დააფინანსებს ტექნიკის ღირებულების 50 და მომსახურების ღირებულების 80%-ს. თანხის დანარჩენი ნაწილი აპლიკანტმა უნდა მოიძიოს. თანადამფინანსებელი, შესაძლოა, იყოს როგორც კერძო, ისე ნებისმიერი საერთაშორისო ორგანიზაცია ან საჯარო ინსტიტუტი.
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა საპილოტე პროექტისთვის 2016 წლის 19 თებერვალი, ხოლო გრანტის დაგეგმისთვის 2016 წლის 18 მარტი.
პროგრამა - Demo Environment სიღარიბის და გარემოს დაცვის პრობლემების შემცირების მიზნით 2007 წელს შეიქმნა.
საგრანტო კონკურსის შესახებ დაწვრილებითი ინფორმაცია შეიძლება ნახოთ აქ: