ქათმისა და კვერცხის წარმოება დისკრიმინაციულ მდგომარეობაშია
ნორმა კონსტიტუციასთან შეუსაბამობაში მოდის - იურისტები საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის შეტანას არ გამორიცხავენ.
„იმის გამო, რომ დღგ-ის გადახდა მოგვიწია ქათამზე, ვეღარ გავუწიეთ იმპორტირებულ პროდუქციას კონკურენცია და გავაჩერეთ წარმოება. ბოილერის საწარმო დახურულია, ხალხი სახლშია გაშვებული, ფაბრიკა უფუნქციოდ არის. თუ გაუქმდება დღგ, მზად ვართ, ამ გადასახადისგან გამოთავისუფლებული თანხით რეინვესტირება მოვახდინოთ წარმოების განვითარებაში“, - აცხადებს „კუმისის“ დამფუძნებელი ზურაბ უჩუმბეგაშვილი.
კომპანია „კუმისმა“ ფრინველის ხორცის წარმოება მას შემდეგ შეწყვიტა, რაც 2012 წელს საგადასახადო კოდექსში შესული ცვლილებებით, ქათამზე დამატებითი ღირებულების გადასახადი (დღგ) დაწესდა. დღგ-ის განაკვეთი დასაბეგრი ბრუნვის 18 პროცენტს შეადგენს. დღეს „კუმისი“ მხოლოდ კვერცხს აწარმოებს. ზურაბ უჩუმბეგაშვილის თქმით, აღნიშნული ბიზნესის შესანარჩუნებლად დიდი სირთულეების გადალახვა უწევს.
„დღგ გვიძვირებს პროდუქციას და სოფლის მეურნეობის სხვა დარგებთან შედარებით არათანაბარ პირობებში ვართ. ვერ ვყიდულობთ ქართულ ნედლეულს და იძულებული ვართ, ვიყოთ დამოკიდებული იმპორტირებულზე. მსოფლიოში თითქმის არსად იბეგრება ანალოგიური პროდუქტი ამ გადასახადით. ჩვენ ვკარგავთ იმ რეალურ მოგებასა და შემოსავალს, რაც უნდა მოხმარდეს დარგის განვითარებას. 2008 წლის 1 აგვისტოს კვერცხზე დაწესდა დღგ, დავიწყეთ გაპროტესტება, მაგრამ ომი დაიწყო 1 კვირაში და არავის ეცალა ამისთვის“, -აცხადებს ზურაბ უჩუმბეგაშვილი.
დამატებითი ღირებულების გადასახადი პრობლემებს უქმნის როსტომ პაპიძეს, რომელსაც მეფრინველეობის მეურნეობა აქვს. შპს „როსტერი“ მცირე ოჯახურ მეურნეობებს შორის პირველია, რომელმაც საქართველოში HACCP-ის დანერგვაში დიდი ინვესტიცია განახორციელა. "როსტერმა" საწარმოო პროცესის კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით თანამედროვე სასაკლაო მოაწყო და ევროპიდან 2 სპეციალიზებული მანქანა-მაღაზია ჩამოიტანა. Eugeorgia.info-სთან ინტერვიუში როსტომ პაპიძე საკუთარი ბიზნესის მაგალითზე გვიყვება, რა შეიცვლება იმ შემთხვევაში, თუ დღგ გაუქმდება.
„დღეს თუ ქართული ფრინველის ხორცი გვაქვს დაახლოებით 15-20%, დღგ-ის გაუქმების შემთხვევაში, შესაძლოა, გვქონოდა 100%. ფასიც იქნებოდა შესაბამისი, უფრო იაფი, ვიდრე იმპორტირებული. საბოლოო ჯამში კი ეს დარგი განვითარდება, რისი პოტენციალიც გვაქვს. შეგვიძლია, რომ ავაშენოთ ფაბრიკები, დავასაქმოთ მოქალაქეები, ამისთვის საჭიროა, რომ ქათმის ხორცის წარმოება გათავისუფლდეს დამატებითი ღირებულების გადასახადისგან. სხვა ყველა პროდუქცია რომ არ იბეგრება, ესეც პრობლემას გვიქმნის. ღორის ხორცის ფასს აკლდება დღგ, რადგან ის გათავისუფლებულია ამ ვალდებულებისგან, ქათმის ხორცი ღირებულებას კი ემატება დღგ. ანალოგიური ვითარებაა საქონლის ხორცთან, თევზთან და ყველა სხვა პროდუქტთან დაკავშირებით. ეს ხომ არათანაბარ პირობებში გვაყანებს, რატომ უძვირებ მეფრინველეს პროდუქციას? შიდა ბაზარზეც ვიჩაგრებით. მე მაქვს ინკუბატორი, მარცვლეულისა და საკვებდანამატების მიწოდების სერვისი, ამ კუთხით ვემსახურები საქართველოში მეფრინველეებს. ვინაიდან, დაახლოებით 15%-ით არის განვითარებული ეს დარგი ქვეყანაში, ჩათვალეთ, რომ ჩემს ბიზნესს აქვს მხოლოდ 15%-ის ათვისების საშუალება. დღგ-ის გაუქმების შემთხვევაში ყველა ჩემი პარალელური ბიზნესი განვითარდება. ინკუბატორი თუ მუშაობს მილიონი წიწილისთვის, ხვალ იმუშავებს 10 მილიონისთვის და შესაბამის გადასახადს გადაიხდის. ამით მეც სარგებელს მივიღებ და სახელმწიფოც,“ - ამბობს როსტომ პაპიძე.
როსტომ პაპიძის განცხადებით, დღგ-ის გაუქმება საქართველოში კიდევ სხვა დარგების განვითარებას დაეხმარება.
„ადგილობრივი მარცვლის მწარმოებლისგან მეფრინველე არ ყიდულობს პროდუქციას, რადგან არ მოჰყვება დამატებითი ღირებულების გადასახადი. მარცვალი გათავისუფლებულია დღგ-სგან. დამატებით ღირებულების გადასახადი მოჰყვება იმპორტირებულს, შესყიდვის დროს მეფრინველე არჩევს დღგ-იანს. დამატებითი ღირებულების გადასახადის გაუქმების შემთვევაში კი ეს ბიზნესიც განვითარდებოდა საქართველოში. საბოლოო ჯამში იაფი პროდუქცია ნიშნავს ტურიზმის განვითარებას, იაფი წიწილა რესტორანში ნიშნავს ტურისტის წახალისებას,“- ამბობს როსტომ პაპიძე.
კვერცხი დამატებითი ღირებულების გადასახადით 2008 წლიდან იბეგრება, 2012 წლიდან კი დღგ ქათამზეც დაწესდა. აგრარული კომიტეტის წევრი და ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი პეტრე ცისკარიშვილი აცხადებს, რომ აღნიშნული ცვლილებების მიზეზი მწარმოებლების მოთხოვნა გახდა.
„ქათამსა და კვერცხს ქარხნები აწარმოებენ, შესაბამისად, ისინი იმპორტირებულ ხორბალს და საკვებ მასალას იძენენ, რომელიც დღგ-თი იბეგრება. ქარხნები ვერ “ითვლიდნენ” დამატებითი ღირებულების გადასახადს, პრობლემები ექმნებოდათ მწარმოებლებს და სწორედ მათთვის გაკეთდა ეს. პატარა კომპანია შეიძენს ადგილობრივ მარცვლეულს, თუმცა, მსხვილს დასჭირდება იმპორტი, რადგან არ ეყოფა ადგილობრივი რაოდენობის სიმცირის გამო. 7 წლის წინ კომბინირებული საკვების დამამზადებელი აქ არ არსებობდა, ნელ-ნელა გაჩნდნენ, თუ ახლა იმდენია ქვეყანაში, რომ დააკმაყოფილოს, მაშინ ლოგიკურია, რომ დღგ არ აწყობდეთ. თუმცა, 800 000 მხოლოდ პურის მოხმარებაა საქართველოში, 100 000 ტონა ხორბალი მოდის მთლიანობაში ჩვენს ქვეყანაში, დანარჩენი შემოგვაქვს, ხალხს არ ჰყოფნის საჭმელად და ფრინველისთვის დარჩება?“ - ამბობს პეტრე ცისკარიშვილი.
ზურაბ უჩუმბეგაშვილი, რომელიც 2009 წლიდან „მეფრინველეობის განვითარების ასოციაციის“ ხელმძღვანელია, რომელიც თავის მხრივ 23 კომპანიას აერთიანებს, აცხადებს, რომ მწარმოებლები 2008 წელს ამ ცვლილების კატეგორიული წინააღმდეგი იყვნენ, თუმცა, ყოფილმა ხელისუფლებამ ბიზნესის ინტერესები არ გაითვალისწინა.
„უკლებლივ ყველა მწარმოებელი წინააღმდეგი ვიყავით, აგრარული კომიტეტის მაშინდელ თავმჯდომარესთან გიორგი ღვინიაშვილთან გვქონდა შეხვედრა. შემდეგ სოფლის მეურნეობის სამინისტროში წავედით, კატეგორიული მოთხოვნები გვქონდა, მაგრამ ხმა ჩაგვაკმენდინეს. ერთი კომპანია მაინც დაგვისახელონ, რომელიც ამ ცვლილებებს ემხრობოდა? ვისი მოთხოვნა იყო? ეს ხორბლისა და სიმინდის იმპორტიორების ინტერესები იყო, ქართული წარმოება ვითარდებოდა, ხელისუფლებამ კი იმპორტიორების ინტერესები დაიცვა. ის არგუმენტი, რომ თითქოს, მარცვლეული საკმარისი რაოდენობის არ მოდის საქართველოში და ამიტომ გახდნენ იძულებული კვერცხი და ქათამი დაებეგრათ, აბსურდულია. დღეს რასაც ვერ ვითვლი, იმასაც ვიხდი, ანუ მეტი მაქვს გადასახდელი, ვიდრე დღგ-ის არარსებობის შემთხვევაში მექნებოდა. თუ იმპორტირებულ მარცვლეულს ვიყიდდი და ვერ ჩავითვლიდი, პლუსში დამიჯდებოდა და არაფერს გადავიხდიდი. ახლა ჩემგან მაინც მეტი ფული გადის“, - აცხადებს ზურაბ უჩუმბეგაშვილი.
EUGeorgia.info გიორგი ღვინიაშვილსაც დაუკავშირდა, თუცა, აგრარული კომიტეტის მაშინდელი თავმჯდომარე აცხადებს, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით განვითარებულ მოვლენებს ვერ იხსენებს. დღგ-ის გაუქმების აუცილებლობაზე კი ხელისუფლებაში საუბრობენ. აგრარული კომიტეტის თავმჯდომარე გელა სამხარაული ამბობს, რომ ამ მიმართულებით ხელისუფლებას მუშაობა უკვე დაწყებული აქვს.
„კომიტეტების გაერთიანებული შეხვედრა გვქონდა, განვიხილეთ ეს საკითხი, მიგვაჩნია, რომ როგორც სოფლის მეურნეობის სხვა დანარჩენი პროდუქტი, ქათამიც და კვერცხიც უნდა იყოს გათავისუფლებული დამატებითი ღირებულების გადასახადისგან. აქ საქმე გვაქვს სხვა საკითხთან, შემოსავლების ნაწილში საკმაოდ დიდი თანხაა, ლაპარაკია დაახლოებით 40 მილიონ ლარზე, ამ ეტაპზე ქვეყნის ბიუჯეტს არა აქვს იმის ფუფუნება, რომ უარი თქვას ამ ფულზე. აღნიშნულ საკითხზე ვმსჯელობთ, ვმუშაობთ და ვფიქრობთ, რომ ამ მიმართულებით სამომავლოდ გარკვეულ ნაბიჯებს გადავდგამთ. მწარმოებლებმა და მთავრობამ უნდა წარმოადგინონ, რა შეიძლება, მოჰყვეს დღგ-სგან გათავისუფლებას, რა პლუსები და მინუსებია. ქათამი იყოფა რამდენიმე მიმართულებად, შესაძლებელია, რომ ეტაპობრივად მოხდეს გამოთავისუფლება, თუმცა, ამაზე პირველ რიგში, კვლევაა ჩასატარებელი, რომ ვიცოდეთ, რა სიკეთის მომტანი იქნება ეს ყველაფერი,“ - აცხადებს გელა სამხარაული.
რა უფრო მომგებიანია გრძელვადიან პერიოდში - სახელმწიფომ უარი თქვას დაახლოებით 40 მილიონ ლარზე და ამ გზით ხელი შეუწყოს ბიზნესის განვითარებას, თუ ბიუჯეტის შევსებაზე იზრუნოს? - აღნიშნულ საკითხზე კვლევის ჩატარების აუცილებლობაზე ლაპარაკობს ISET კვლევითი ინსტიტუტის მკვლევარი რატი კოჭლამაზაშვილი.
„საქსტატის მონაცემებით, 2014 წელს საქართველოს კვერცხით თვითუზრუნველყოფის კოეფიციენტი იყო 96%, რაც ნიშნავს, რომ კვერცხის ადგილობრივ მოთხოვნას თითქმის სრულად აკმაყოფილებს მისი ადგილობრივი მიწოდება. რაც შეეხება ქათამს, მისი თვითუზრუნველყოფის კოეფიციენტი ამავე წელს იყო 25%, რომელიც არის ყველაზე ნაკლები ხორცის სხვა სახეობებთან შედარებით, როგორიცაა მსხვილფეხა (70%), ღორის ხორცი (42%), ცხვრისა და თხის ხორცი (79%). კვერცხი, როგორც ჩანს, საკმაოდ კონკურენტუნარიანია ადგილობრივ ბაზარზე (ეს ერთი მხრივ იმითაც არის განპირობებული, რომ კვერცხის ტრანსპორტირება და შესაბამისად მისი იმპორტირება რთულია). მისი დღგ-ის ჩათვლის უფლებით გათავისუფლება გამოიწვევს მომხმარებლისთვის შედარებით დაბალ ფასს, ხოლო სახელმწიფო ბიუჯეტისთვის კვერცხის დღგ-დან მისაღები შემოსავლების შემცირებას. კვლევა უნდა ჩატარდეს და გაირკვეს, რომელი უფრო მომგებიანია სახელმწიფოსთვის გრძელვადიან პერიოდში და გადაწყვეტილებაც ასე უნდა მიიღონ. რაც შეეხება ქათმის ხორცს, აშკარაა, რომ იმპორტი დომინირებს ბაზარზე. თუ ქართული ქათმის ხორცი დღგ-სგან გათავისუფლდება, მაშინ ის ბაზარზე უფრო კონკურენტუნარიანი გახდება, საწარმო შეეცდება, რეინვესტირება მოახდინოს წარმოებისა და გადამუშავების სიმძლავრეების გაფართოებაში. ეს კი საშუალებას მისცემს ქვეყანას, რომ იმპორტი ჩაანაცვლოს და თვითუზრუნველყოფის კოეფიციენტი გააუმჯობესოს“, - აცხადებს რატი კოჭლამაზიშვილი.
იურისტი გოჩა გოგიშვილი მიიჩნევს, რომ საგადასახადო კოდექსის აღნიშნული ნორმა საქართველოს კონსტიტუციასთან შეუსაბამობაში მოდის. კონსტიტუციის 30-ე მუხლში ნათქვამია, რომ სახელმწიფო ვალდებულია, ხელი შეუწყოს თავისუფალი მეწარმეობისა და კონკურენციის განვითარებას.
„სოფლის მეურნეობის კონკრეტული დარგის (მეფრინველეობის) გამორჩევა სოფლის მეურნეობის სხვა დარგებისაგან და ამ კონკრეტული მიმართულების არათანაბარ მდგომარეობაში ჩაყენება, თანაც ყოველგვარი დასაბუთების გარეშე, (საგადასახადო კოდექსში ცვლილებების შეტანის მიზანი, კანონპროექტის განმარტებითი ბარათის მიხედვით, სოფლის მეურნეობის პროდუქციის დღგ–საგან გათავისუფლებაა და ამ განმარტებით ბარათში არ არის მოცემული, რა ნიშნით არ უნდა შეეხოს იგივე შეღავათი მეფრინველეობის დარგს), შეუძლებელია შესაბამისობაში იყოს, ერთი მხრივ, სოფლის მეურნეობის განვითარების პრიორიტეტულ მიზანთან, ხოლო, მეორე მხრივ, საქართველოს კონსტიტუციის დებულებებთან და, შესაბამისად, იწვევს სოფლის მეურნეობის კონკრეტული დარგის არათანაბარ, დისკრიმინაციულ მდგომარეობაში ჩაყენებას სოფლის მეურნეობის სხვა დარგებთან შედარებით“, - აცხადებს გოჩა გოგიშვილი.
ხელისუფლებაში ამბობენ, რომ უახლოეს მომავალში საგადასახადო კოდექსში ცვლილებების შეტანაც არის მოსალოდნელი, თუმცა, მმართველ გუნდში კონკრეტულ ვადას ვერ ასახელებენ. აგრარული კომიტეტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ ქათმისა და კვერცხის დამატებითი ღირებულების გადასახადისგან გათავისუფლება დიდი ალბათობით მომავალ წელსაც ვერ მოხერხდება.
ავტორი: ხატია შამანაური