გაუფასურებული რუბლი რეკორდს ხსნის, „გაზპრომი“ ევროპას იაფ გაზს ჰპირდება
„გაზპრომი“ ევროპას გაზს გაუიაფებს, - ამის შესახებ კომპანიის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ, ვიქტორ ზუბკოვმა დღეს ვენაში განაცხადა. უკვე ცნობილია, რომ ფასდაკლება გასულ წელთან შედარებით 1000 კუბურ მეტრზე, დაახლოებით, 100 დოლარს შეადგენს.
„გაზზე ფასი ნავთობის კოტირებებს მიჰყვება, სრულიად ნათელია, რომ ამ პერიოდში ნავთობი იაფდება. 2015 წლის პირველ კვარტალში კომპანია „გაზპრომის“ ბუნებრივი აირის საფასური 1000 კუბურ მეტრზე 284 დოლარი იყო, არსებული გათვლებით, წელს, პირველ კვარტალში 180 დოლარი იქნება“, - აღნიშნა დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ.
მისი თქმით, ბოლო სამი წლის განმავლობაში კომპანია „გაზპრომმა“ ევროპას 467 მილიარდი კუბური მეტრი გაზი მიაწოდა, ვარაუდობენ, რომ წელს "ცისფერი აირის“ ექსპორტი 160 მილიარდ კუბურ მეტრს მიაღწევს.
დღესვე საინფორმაციო სააგენტო „როიტერმა“ ინფორმაცია გაავრცელა, რომ ირანი სანქციების მოხსნის შემდეგ ევროპისთვის ნავთობის იაფად მიწოდებას გეგმავს. კერძოდ, ფასდაკლების მოცულობა თებერვალში იანვართან შედარებით კიდევ 0,55 ცენტით გაიზრდება და ბარელზე 4,85 დოლარით განისაზღვრება.
ირანის საერთაშორისო ბაზრებზე გამოსვლის კვალდაკვალ მსოფლიო ბირჟებზე ნავთობის ფასი დაეცა და ბარელზე 28 დოლარი შეადგინა, რაც 2003 წლის შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. ნავთობის გაიაფებას რუსული რუბლის დევალვაციის ახალი ტალღა მოჰყვა. ვალუტის კურსმა ბოლო 18 წლის რეკორდი მოხსნა (1998 წლის დენომინაციის შემდეგ) და დოლართან მიმართებაში 81 რუბლს მიაღწია. მას შემდეგ, რაც რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა ნაციონალური ვალუტა თავისუფალ ცურვაში გაუშვა, რუბლი 66%-ით გაუფასურდა.
აღსანიშნავია, რომ ვენაში „გაზპრომთან“ ბუნებრივი აირის იმპორტზე მოლაპარაკებებს დღეს საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძეც მართავს.
ამ ეტაპზე საქართველოსთვის გაზის მთავარი მომწოდებელი აზერბაიჯანია (2014 წელს აზერბაიჯანულმა ბუნებრივმა აირმა მთლიანი მოხმარების 87% შეადგინა)
მეზობელი ქვეყნიდან გაზს საქართველო მოსახლეობისთვის შეღავათიანი ფასით ყიდულობს: 1000 კუბ.მეტრს 120 დოლარად, თბოსადგურებისთვის კი - 143 დოლარად. თუმცა, გაცილებით მაღალია ბუნებრივი აირის ფასი ბიზნესებისთვის.