"სოკარის" გადაწყვეტილების მიუხედავად, საქართველო „გაზპრომთან“ მოლაპარაკებებს მაინც აგრძელებს
ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე, მარიამ ვალიშვილი მიესალმება აზერბაიჯანული კომპანია „სოკარის“ გადაწყვეტილებას საქართველოსთვის ბუნებრივი აირის იმპორტის 50 მლნ კუბური მეტრით გაზრდის შესახებ (აღნიშნული განცხადება კომპანიამ დღეს თავის ვებ-გვერდზე განათავსა), თუმცა, როგორც ვალიშვილმა eugeorgia.info-ს განუცხადა, ეს მოცულობა არსებულ დეფიციტს ვერ შეავსებს.
„მოთხოვნა გაზის მოწოდების გაზრდაზე ქართულ მხარეს მრავალი წელია, დაყენებული აქვს. ძალიან კარგია, რომ პროცესი მცირე შედეგით, მაგრამ მაინც დადებითად დასრულდა.ეს ცალსახად წინგადადგმული ნაბიჯია. თუმცა, შაჰ-დენიზიდან ბუნებრივი აირის მოწოდების 50 მლნ კუბური მეტრით გაზრდა მცირე შენატანია იმ დეფიციტის კომპენსირებაში, რომელიც ჩვენ ბაზარზე გაგვაჩნია. ეს არის დეფიციტის მხოლოდ 10% და სურათს მნიშვნელოვნად ვერ შეცვლის“, - განაცხადა ვალიშვილმა.
მინისტრის მოადგილის თქმით, საქართველოს მთავრობა კვლავ აგრძელებს მოლაპარაკებებს კომპანია „გაზპრომთან“ გაზის მოწოდების გაზრდაზე, ისევე როგორც სომხეთში რუსული გაზის ტრანზიტის ანაზღაურების ფორმასა და ტარიფებზე; ბოლო შეხვედრაზე, რომელიც 20 იანვარს ავსტრიაში საქართველოს ენერგეტიკის მინისტრს, კახა კალაძესა და „გაზპრომის“ ხელმძღვანელს, ალექსეი მილერს შორის გაიმართა, მხარეებმა კონსესუსს ვერ მიაღწიეს.
„ბუნებრივ აირზე მოთხოვნა საქართველოში იზრდება და ამას სტატისტიკაც აჩვენებს. ამასთან, გაზის წილი ელექტროგენერაციაში მნიშვნელოვნად მაღალია. დეფიციტის შევსების გრძელვადიანი სტრატეგია საქართველოსთვის ჰესების მშენებლობებია, ასევე შაჰ-დენიზის ათვისების მეორე ფაზა, რომლებიც 2019 წლიდან დაიწყება და გაზის მოწოდების სტრუქტურას საგრძნობლად შეცვლის. მანამდე კი მუშაობა არსებული ტრადიციული წყაროების ოპტიმიზაციაზე მოგვიწევს“, - აღნიშნა ვალიშვილმა.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს ბუნებრივი აირის მოხმარება წელიწადში 2,4 მლრდ კუბური მეტრია, რომლის 87%-ს აზერბაიჯანული „სოკარი“ აწვდის. თუმცა, საქართველოს მთავრობის განცხადებით, ზამთრის თვეებში გაზის მოხმარება იზრდება, ხოლო „სოკარი“მისი მოწოდების უზრუნველყოფას ტექნიკურად ვეღარ ახერხებს. კახა კალაძის განცხადებით, დეფიციტი 300-400 მლნ კუბურ მეტრს აღწევს, რომლის შესავსებად გასული წლის შემოდგომაზე მოლაპარაკებები რუსულ კომპანია „გაზპრომთან“ დაიწყო.