ლიტვის რკინიგზა ტრანსკასპიურ სატრანსპორტო დერეფანს უერთდება
ლიტვამ და უკრაინამ ტრანსკასპიურ საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფანთან სატვირთო მატარებელი „ვიკინგის“ მიერთებაზე მემორანდუმს ხელი მოაწერეს,- ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა, არსენ იაცენუკმა, დღეს განაცხადა. აღნიშნული დერეფანი ჩინეთს, ცენტრალური აზიის, აზერბაიჯანისა და საქართველოს გავლით, ევროპასთან აკავშირებს.
„მემორანდუმის ხელმოწერა ნიშნავს, რომ „აბრეშუმის გზას“ შეიძლება მიუერთდეს არა მარტო უკრაინა, საქართველო, აზერბაიჯანი, ყაზახეთი და ჩინეთი, არამედ ევროკავშირის ქვეყნები“, - აღნიშნა ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა.
მისი თქმით, ლიტვის ჩართვით პროექტში შესაძლებელი გახდება ტვირთები კლაიპედას პორტიდან ჩინეთში რუსეთის გვერდის ავლით გადაიზიდოს. პრეზიდენტმა რკინიგზელებს ამოცანად დაუსახა, მგზავრობის ხანგრძლივობა 15 დღიდან 10 დღემდე შეამცირონ, რათა ახალ სატრანზიტო გზაზე ხარჯების კომპენსირება შეძლონ.
არსენ იაცენუკის განცხადებით, ახალი მარშრუტით ერთი კონტეინერის გადაზიდვა დღეისათვის 5,5 ათასი დოლარი ჯდება, რაც რუსეთის ტრადიციულ გზასთან შედარებით ძვირია. თავის მხრივ, უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრმა აღნიშნა, რომ თებერვლის ბოლოსთვის პროექტში მონაწილე-ქვეყნებს შორის ყველა იურიდიული ფორმალობა მოგვარდება და მატარებელი ჩვეულებრივ სამუშაო რეჟიმში იმოძრავებს.
კომბინირებულმა სატრანსპორტმა მატარებელმა „ვიკინგმა“ მიმოსვლა 2003 წელს დაიწყო. პროექტის წევრები უკრაინა, ბელარუსი, ლიტვა და ლატვიაა, 2012 წლიდან კი მათ ბულგარეთი შეურთდა. მარშრუტის მთლიანი სიგრძე ილიჩევსკი (უკრაინა)- მინსკი (ბელარუსი) - დრაგუსტიტე (ლიტვა) – 1,766 ათასი კალომეტრია.
პირველი სატესტო სატვირთო მატარებელი კი უკრაინა-საქართველო-აზერბაიჯანი-ყაზახეთი-ჩინეთის მიმართულებით (კასპიისა და შავი ზღვების გავლით) ილიჩევსკიდან 15 იანვარს გავიდა სადგურიდან და ჩინეთში 31 იანვარს ჩააღწია.
14 იანვარს აზერბაიჯანმა, ყაზახეთმა, საქართველომ და უკრაინამ ტრანსკასპიური სატრანსპორტო მარშრუტით გადაზიდვებზე კონკურენტუნარიანი ტარიფების დაწესებაზე პროტოკოლს ხელი მოაწერეს.
.