კიდევ ერთხელ გაზის შესახებ
საქართველოს გაზმომარაგების გარშემო ბოლო დროს გაჩაღებულმა ცხარე დისკუსიამ ერთის მხრივ საკითხის პოლიტიკურ მნიშვნელობას გაუსვა ხაზი, ხოლო მეორეს მხრივ დაადასტურა საკითხის გარშემო არსებული ინფორმაციული ვაკუუმი და არსებული სურათის არაკომპლექსური გაშუქების ტენდენცია. საუბარი ძირითადად მიმდინარეობდა საქართველოში მომხმარებული გაზის რაოდენობის ზრდაზე და შესაბამისად, გაზრდილი მოხმარების დაკმაყოფილების დამატებითი წყაროების (რუსეთი, ირანი, აზერბაიჯანი) ალტერნატივების შესახებ. ამავე დროს სრულიად იგნორირებული იყო ბუნებრივი გაზის მოპოვების, მოხმარების და ექსპორტის დინამიკა როგორც აზერბაიჯანში, ასევე ირანში, სომხეთსა და თურქეთში. ჩვენ შევეცდებით ამ კუთხით დავაკმაყოფილოთ მკითხველთა ინტერესი და ამ მხრივ შევავსოთ ის ინფორმაციული მოზაიკა, რაც მნიშვნელოვანწილად განაპირობებს საქართველოს გაზმომარაგების პოტენციალს და სამომავლო თუ სავარაუდო გეგმებს. ჩვენი ანალიზი მოიცავს ძირითად ინფორმაციას ქვეყნების მიხედვით (სომხეთი, აზერბაიჯანი, ირანი, თურქეთი), მათ შორის ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების ძირითადი მიმართულებებისა და პრიორიტეტების შესახებ.
რუსეთიდან საქართველოში ორი მილსადენი შემოდის: ტრანსკავკასიური (1200მმ) და მოზდოკი-თბილისი (700მმ). სხვადასხვა მონაცემებით სომხეთის ბუნერივი აირის წლიური მოხმარება მერყეობდა 1.6 მლრდ-დან (2009) 1,96 მლრდ. კუბურ მეტრამდე (2014) და მისი ძირითადი მომმარაგებელი სწორედ რუსეთია. სომხეთის მთელი გაზმომარაგების სისტემა ეკუთვნის "გაზპრომ არმენიას" ანუ იგივე გაზპრომს, რაც სომხეთის ხელისუფლების ერთგვარი კომპრომისული ვარიანტი იყო, რათა ჩამოეწერა გაზპრომისთის წლების განმავლობაში დაგროვილი 155 მილიონი დოლარის ვალი. რუსეთმა აიღო ვალდებულება თავის თავზე, რომ 2018 წლამდე საქართველოს გავლით სომხეთს მიაწოდოს 2.5 მლრდ. კუბური მეტრი ბუნებრივი აირი შეღავათიან ფასში (დაახლ. 189 აშშ.დოლარი/1000 კუბ. მეტრი). მაშინდელი ენერგეტიკის მინისტრის, არმენ მოვსესიანის განცხადებით, შიდა ბაზარზე გასაყიდად გატანილი გაზის ფასი უკვე 391 აშშ.დოლარი იყო ათას კუბურ მეტრზე. სომხეთი ასევე ახორციელებს ბუნებრივი აირის შეზღუდული რაოდენობით (383-დან 450/500 მილიონ კუბური მეტრამდე) წლიურ იმპორტს ირანიდან 141 კილომეტრიანი მილსადენის მეშვეობით. მილსადენის საწყისი დიამეტრი 1420 მმ უნდა ყოფილიყო, თუმცა, რუსეთის მოთხოვნით ის შემცირდა და 700 მმ-მდე იქნა დაყვანილი. მიუხედავად იმისა, რომ ამ ტექნიკური მონაცემით მილსადენის მეშვეობით შესაძლებელი იყო საწყის ეტაპზე 1.1 მლრდ კუბური მეტრის ბუნებრივი აირის იმპორტი, ხოლო მაქსიმალური დატვირთვით 2019 წლიდან იმპორტის გაზრდა 2.4 მლრდ კუბურ მეტრამდე, რუსეთმა ამ ნაბიჯით გამორიცხა ირანული გაზის დიდი რაოდენობით საქართველოში და მის გავლით ევროპაში ექსპორტის ყველანაირი შესაძლებლობა. ირანიდან შემოტანილი ბუნებრივი აირი არ არის განკუთვნილი ქვეყნის შიდა მომხმარებლისთვის, არამედ მხოლოდ თბოლექტროსადგურებისთვის ელექტროენერგიის საწარმოებლად (არსებული მონაცემებით 3 კვ.ს - 1კუბური მეტრი აირი), რომელსაც ის ისევ ირანს აწვდის. ამ პირობებში ირანის ბუნებრივი გაზის საფასური ყოველ ათას კუბურ მეტრზე დაახლოებით 182 აშშ. დოლარი გამოდის. აღსანიშნავია, რომ ზოგადად სომხეთის თბოელექტროსადგურები ელექტრომომარაგების 32%ს უზრუნველყოფს. 2010 წელს ექსპლუატაციაში შევიდა ახალი კომბინირებული ციკლის გაზოტურბინული ერევნის თბოელექტროსადგური (247 მილიონი დოლარის საერთაშორისო თანამშრომლობის იაპონური ბანკის 40 წელზე გათვლილი ინვესტიცია), რომელიც სხვადასხვა გაანგარიშებით ქვეყნის მთლიანი ელექტრომომარაგების ერთი მეოთხედის უზრუნველყოფას შეძლებს და ორჯერ უფრო ეფექტურია, ვიდრე მისი წინამორბედი მოძველებული თბოელექტროსადგურები (ანუ ორჯერ ნაკლებ ბუნებრივ აირს მოიხმარს). სომხეთის ხელისუფლებამ ასევე მოაწერა ხელი შეთანხმებას "ანაკლია ენერჯისთან" 600 მილიონი დოლარის ღირებულების 540 მეგავატიანი გაზოტურბინული თბოელექტროსადგურის (ორი 270-მეგავატიანი კომპონენტი) ვანაძორში მშენებლობის შესახებ. აღსანიშნავია, რომ "ანაკლია ენერჯი" 2013 წელს ვირჯინიის კუნძულებზე დარეგისტრირებული კომპანიაა და ეკუთვნის თეიმურაზ ქარჩავას. ხოლო საბოლოო გადაწყვეტილება მიღებულ იქნა საქართველოს მინისტრ კახი კალაძის ერევანში ვიზიტის დროს. როგორც სომხეთის ენერგეტიკის მინისტრმა ერვანდ ზახარიანმა განაცხადა, სამუშაოების დასრულების შემდეგ (2017 წლისთვის) თბოელექტროსადგურს დაუწესდება საგადასახადო შეღავთები, ხოლო წარმოებული ელექტროენერგიის ძირითადი მომხმარებელი საქართველო იქნება.
აზერბაიჯანთან მიმართებაში ჩვენთვის განსაკუთრებით საინტერესოა ქვეყანაში წარმოებული ბუნებრივი აირის რაოდენობა, მისი ექსპორტზე გატანილი მოცულობა და სამომავლო ზრდის ტენდენციები თუ პროგნოზები. სოკარის ვიცე-პრეზიდენტის, რაჰმან გურბანოვის განცხადებით, კომერციული გაზის წარმოება 2015 წელს გაიზარდა და მიაღწია 18.9 მილიარდ კუბურ მეტრს (18.7 მლრდ. 2014 წელს), რაც განპირობებული იყო შაჰ-დენიზისა და აზერი-შურაქ-გიუნეშლი საბადოებიდან ასოციირებული გაზის მიღების ზრდით (ოპერატორი-BP). მხოლოდ შაჰ-დენიზ 1-დან მიღებული გაზის რაოდენობამ 2015 წელს შეადგინა 9.9 მლრდ. კუბური მეტრი, ხოლო მთლიანად ქვეყნის მასშტაბით მოპოვებული გაზის რაოდენობამ მიაღწია 29.4 მლრდ. კუბურ მეტრს, რაც 0.2 მლრდ-ით ნაკლებია 2014 წელთან შედარებით. BP-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერის, თამამ ბაიათლის განცხადებით, 2015 წლის 11 თვის მონაცემებით შაჰ-დენიზ 1-ის მეშვეობით ექსპორტზე გატანილი იქნა 6 მლრდ.კუბური მეტრი აირი (შედარებისთვის 2014 წლის 12 თვის პერიოდში - 6.5 მლრდ. კუბური მეტრი). კომერციული გაზის მოპოვების დინამიკა ასე გამოიყურება.
2010 წელი - 16, 7 მლრდ. კუბ/მეტრი
2011 წელი - 16,3 მლრდ. კუბ/მეტრი
2012 წელი- 17,2 მლრდ. კუბ/მეტრი
2013 წელი - 17,8 მლრდ. კუბ/მეტრი
2014 წელი - 18,7 მლრდ. კუბ/მეტრი
2015 წელი - 18,9 მლრდ. კუბ/მეტრი
სოკარის სტატისტიკის მიხედვით, 2014 წელს კომპანიამ აწარმოა 7,22 მლრდ. კუბური მეტრი კომერციული გაზი და 2.77 მლრდ. კუბური მეტრი ასოცირებული გაზი (აზერი-შირაქ-გიუნეშლის საბადოდან). 2014 წელს აზერბაიჯანის გაზის მოხმარებამ მიაღწია 11.654 მლრდ. კუბურ მეტრს, ხოლო დანაკარგების სახით აღირიცხა 943 მილიონი კუბური მეტრი, რაც ძირითადად მოძველებულ მილსადენებს და გაზის ინფრასტრუქტურას უკავშირდება. აღსანიშნავია, რომ 2013 წელთან შედარებით გაზის წარმოების საერთო მოცულობის ერთგვარი კლება შეინიშნება (30.78 მლრდ.კუბური მეტრი - 2013 წელს). სხვა მონაცემებით, აზერბაიჯანის მიერ ექსპორტზე გატანილი გაზის რაოდენობამ 6.76 მლრდ. კუბური მეტრი შეადგინა 2015 წელს, რაც 2.7% ნაკლები იყო 2014 წელთან შედარებით, ხოლო მხოლოდ სოკარის მიერ ექსპორტირებული გაზის მოცულობამ შეადგინა 1.163 მლრდ.კუბური მეტრი 2015 წლის 10 თვის (ოქტომბრის ჩათვლით) განმავლობაში. განხორციელებული ოპერაციების შედეგად სოკარმა 186,7 მილიონი აშშ.დოლარის ღირებულების აირი გაიტანა ექსპორტზე, რაც ათასი კუბური მეტრის ღირებულებას დაახლოვებით 160,46 აშშ. დოლარზე ადგენს. სოკარი აზერბაიჯანში მოპოვებული/წარმოებული გაზის მხოლოდ 20% წარმოადგენს, საიდანაც ის საქართველოს გარდა დაახლოებით 0.5 მლრდ. კუბურ მეტრს აწვდის ირანს და აქვს უფლება გაყიდოს 1.2 მლრდ.კუბური მეტრი თურქეთის ტერიტორიაზე.
ენერგიის სწავლებების ოქსფორდის ინსტიტუტის 2015 წლის მოხსენების მონაცემებით, საქართველოს გაზით მომარაგებას სოკარი ახორციელებს გაზიმაგომედ-კაზახ-საგურამოს მილსადენის მეშვეობით. მისი დიამეტრი 1020 მმ-ია და მაქსიმალური გამტარუნარიანობა 3 მლრდ.კუბური მეტრი წლიურად, რომლის გაზრდაც ტექნიკურად მეტად პრობლემატურია. მიუხედავად ამისა, გამტარუნარიანობის აღნიშნული მონაცემი ერთგვარ პარადოქსს წარმოადგენს. ერთის მხრივ, ის აბათილებს იმ არგუმენტს, რომ აზერბაიჯანიდან ტექნიკურად შეუძლებელია საქართველოსთვის მოწოდებული მოცულობების გაზრდა (3 მლრდ. საგრძნობლად აღემატება წლიური მოხმარების მონაცემს - 2.5 მლრდ.კუბური მეტრი), ხოლო მეორეს მხრივ ბადებს ეჭვს აზერბაიჯანის შესაძლებლობებში, გაზარდოს გაზის მოწოდება (შესაძლოა, მარტივად გაზის დამატებითი მარაგების ამ ეტაპზე არარსებობის გამო). ყოველ შემთხვევაში, აზერბაიჯანის მხრიდან გაზის მოწოდების მოცულობის ზრდა საგრძნობლად გაიზრდება შაჰ-დენიზ2-ის ეტაპის დაწყების შემდეგ, რომლის შედეგად დაახლოებით 17.6 მლრდ. კუბური მეტრი დაემატება უკვე არსებულ 9 მლრდ.კუბურ მეტრს და მთლიან მოცულობას 26.6 მლრდ-მდე გაზრდის. ხსენებული დამატებითი 17.6 მილიარდიდან საქართველოს სატრანზიტო გადასახადის სახით ერგება 1 მლრდ (8+16=24, 5% 24 მლრდ-დან). სადღეისოდ, სამხრეთ კავკასიის მილსადენის გამტარუნარიანობა 8 მლრდ. კუბურ მეტრს შეადგენს, დამატებული 16/17 მლრდ.კუბური მეტრიდან 11 მლრდ. განკუთვნილია ევროპაში ექსპორტისთვის, ხოლო 6 მლრდ. დარჩება თურქეთს (ბოტაში). BP შეინარჩუნებს ტექნიკური ოპერატორის როლს, ხოლო სოკარის უფლებამოსილებაში დარჩება თუ რამდენად უნდა გაიზარდოს მილსადენის გამტარუნარიანობა სამომავლოდ საჭიროების შემთხვევაში. სამხრეთ-კავკასიის მილსადენის გამტარუნარიანობის ზრდა დაგეგმილია, ერთის მხრივ, აზერბაიჯანში პარალელური მილსადენის მშენებლობით, რომლის მცირე ნაწილიც საქართველოში შემოვა (59 კმ.) და ასევე საქართველოში ორი მსხვილი საკომპრესორო სადგურის მშენებლობით. შაჰ-დენიზ2-ის კონტრაქტი ითვალისწინებს ევროპელი მომხმარებლებისთვის გაზის მიწოდებას 2020 წლიდან 25 წლიანი პერიოდისთვის, რაც 2045 წლიდან ახალ რეალიებს შექმნის.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ პროფესორ ჯონათან შტერნის მტკიცებით 10 მლრდ. კუბური მეტრი გაზი არის ის მაქსიმალური რაოდენობა, რაც აზერბაიჯანს შეუძლია მიაწოდოს ევროპას და ისიც საუკეთესო შემთხვევაში. დიდი ალბათობით, გარკვეული ნაწილი ამ გაზის მოცულობისა დარჩება ისევ თურქეთში, მისი მზარდი გაზმოხმარების ტემპების გამო. დამატებით პრობლემას წარმოადგენს გაზმოპოვების მზარდი ხარჯები, რაც არა მხოლოდ ტექნიკურ სფეროს უკავშირდება, არამედ ეროვნული ვალუტის დევალვაციას, ნავთობის ფასის დაცემას და ეკონომიკური ზრდის ზოგად შენელებას. შესაძლოა, სწორედ ზემოხსენებული ფაქტორების ერთობლიობის გათვალისწინებით მოხდა სოკარსა (როვნაგ აბდულაევი) და გაზპრომს (ალექსეი მილლერი) შორის მოლაპარაკებების გამართვა 2015 წლის დეკემბრის ბოლოს, სანქტ-პეტერბურგში, რუსეთიდან აზერბაიჯანში გაზის მიწოდების გაზრდის შესახებ (მინ. მოცულობა - 2 მლრდ.კუბ.მეტრი). თუმცა, ამავე დროს, მიღებული გადაწყვეტილების არგუმენტად სოკარის ხელმძღვანელობამ ე.წ. "სვაპ"-ის მექანიზმი მოიყვანა, რომლის შედეგადაც რუსეთიდან მიღებული ბუნებრივი აირით ისევ რუსეთის ჩრდ. კავკასიის რეგიონები მომარაგდებიან.
რაც შეეხება ირანის მხრიდან საქართველოსთვის გაზის მოწოდების შესაძლებლობას, გასათვალისწინებელია შემდეგი ფაქტორები. მიუხედავად იმისა, რომ ირანს გააჩნია ბუნებრივი აირის უდიდესი დადასტურებული რეზერვები (33.6 ტრლ. მეტრი), რაც გლობალურ წლიურ მოხმარებას 10-ჯერ აღემატება, ის რეალურად გაზის იმპორტიორია (თურქმენეთიდან). ეს პარადოქსი ძირითადად განპირობებულია ირანის გაზის ინფრასტრუქტურის თავისებურებებით: მოხმარების უდიდესი ნაწილი ქვეყნის ჩრდ. ნაწილზე მოდის, ხოლო საბადოები სამხრეთშია განლაგებული. მიუხედავად იმისა, რომ ირანის ოფიციალურმა პირებმა არაერთხელ გამოხატეს ირანული გაზის ექსპორტის სურვილი ევროპაში თურქეთის, ლიბანის თუ საქართველოს გავლით, ფაქტია, რომ საშუალოვადიან პერსპექტივაში ამ გეგმებს არ უწერიათ განხორციელება. ექსპორტის გეგმების განსახორციელებლად მეჰრად ემადის (ბეტამატრიქს საკონსულტაციო ჯგუფი) განცხადებით, ირანს 300 მლრდ. აშშ დოლარი სჭირდება მომდევნო 8 წლის განმავლობაში მოპოვების და ტრანსპორტირების ინფრასტრუქტურის მწყობრში მოსაყვანად. არანაკლებ მნიშვნელოვანი ფაქტორია გაზის მზარდი მოხმარება შიდა ბაზარზე. ირანი პრაქტიკულად სრულიად მოიხმარს წლიურად წარმოებულ 160 მლრდ.კუბ.მეტრ გაზს. თურქეთში ექსპორტირებული გაზის რაოდენობა (9 მლრდ.კუბ.მეტრი) შესაძლებელი გახდა მხოლოდ თურქმენეთიდან იმპორტირებული 7 მლრდ.კუბ. მეტრი გაზის წყალობით. გარდა ამისა, ირანული გაზის ყველაზე დიდი პოტენციური იმპორტიორები არიან ერაყი, ომანი და პაკისტანი. მხოლოდ სამხრეთ პარსის საბადოდან გაზრდილი მოპოვების წყალობით შესაძლებელი გახდება ყველა პოტენცური იმპორტიორის დაკმაყოფილება და გარკვეული ნაწილის ასევე ექსპორტი ევროპაში. თუმცა, ექსპორტის სავარაუდო ვადები ერთმნიშვნელოვნად მიუთითებენ 2020 წლის შემდგომ პერიოდზე.
გარდა ამისა, კიდევ ერთხელ უნდა აღინიშნოს ერთის მხრივ ირანში გაზის მოხმარების სწრაფი ზრდა და მეორეს მხრივ გაზის არაეფექტური გამოყენება ელექტროენერგიის წარმოების მიზნით. გაზზე მომუშავე თბოელექტროსადგურების წლიური მოხმარება 40 მლრდ.კუბ. მეტრს აღემატება და მათი უმრავლესობა ან უნდა სრულიად გამოიცვალოს ან საფუძვლიანად განახლდეს. სამომხმარებლო კომერციული სექტორი ასევე მოიხმარს წარმოებული გაზის ერთ მესამედს და განსაკუთრებით იზრდება ზამთრის პერიოდში და როგორც ეს 2013-2014 წლებში მოხდა, თბოელექტროსადგურები გადადიოდნენ ნავთობზე და დიზელზე ელექტროენერგიის საწარმოებლად. სამრეწველო სექტორი ასევე მოიხმარს 45 მლრდ.კუბ.მეტრ გაზს, ხოლო 3.3 მილიონი გაზზე მომუშავე ავტომანქანა დამატებით ზრდის გაზის მოხმარების დინამიკას (წლიურად 8მლრდ.კუბ.მეტრი). სწორედ ხსენებულმა ფაქტორებმა განაპირობა ირანის ნავთობის კვლევის ცენტრის ხელმძღვანელის ჰამიდ კატუზიანის განცხადება, რომლის მიხედვით, თუ არაფერი შეიცვალა გაზის შიდა მოხმარების ზრდის შესაჩერებლად, 2025 წლისათვის ირანი გახდება მსოფლიოში ყველაზე მსხვილი გაზის იმპორტიორი. ასევე უნდა აღინიშნოს ირანული გაზის მაღალი ფასი, რაც წლების განმავლობაში თურქეთთან გაჭიანურებული დავის საგანი გახდა, და საბოლოო ჯამში აიძულა თურქეთი ირანული გაზის იმპორტი დაეყვანა რუსული გაზის ბულგარეთში ექსპორტის დონემდე. მიუხედავად უამრავი ნეგატიური ფაქტორისა, ექსპერტები (ენერგიის საერთაშორისო სააგენტო, ბაზრის საშუალოვადიანი ანალიზი, 2014) მაინც ვარაუდობენ 2019 წლისთვის ირანული გაზის მოპოვების ზრდას 190 მლრდ.კუბ. მეტრამდე წელიწადში.
რა დასკვნის გამოტანა შეიძლება მოყვანილი ინფორმაციის საფუძველზე და რამდენად რელევანტური იქნება ის საქართველოს მოსალოდნელი გაწევრიანებისთვის ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანებაში? პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ სომხეთში განხორციელებული ენერგეტიკული პროექტები (გაზოტურბინული თბოელექტროსადგურები) ობიექტურად იწვევს გაზის მოხმარების ზრდას, თუმცა, ამავე დროს გაურკვეველია მოხდება თუ არა ამის პარალელურად მოძველებული და არაეფექტური თბოელექტროსადგურების გამოყვანა ექსპლუატაციიდან. ყოველ შემთხვევაში დინამიკა მაინც მიუთითებს მოხმარებული ბუნებრივი აირის თანდათანობით ზრდას, რაც ლოგიკურად რუსეთიდან მოწოდებული და საქართველოზე გატარებული გაზით დაკმაყოფილდება. ამავე დროს საკმაოდ ეჭვის ქვეშ დგას და არარეალურია (როგორც პოლიტიკური, ასევე ტექნიური და ეკონომიკური თვალსაზრისით) ირანიდან სომხეთის გავლით საქართველოსთვის ბუნებრივი აირის მიწოდების ზრდა. ეს სცენარი თავიდანვე შეიძლება გამოირიცხოს. რაც შეეხება აზერბაიჯანის მხრიდან გაზმომარაგების გაზრდის პოტენციალს, საკმაოდ თვალშისაცემია 2018 წლამდე აზერბაიჯანის პრაქტიკულად ამოწურული შესაძლებლობები გაზის ექსპორტის გაზრდის კუთხით. ბუნებრივი აირის მთლიანი მოცულობა დაკონტრაქტებულია და საქართველოსთვის სავარაუდოდ გაზრდილი მოცულობა უნდა დაკმაყოფილდეს ან თურქეთისთვის მიწოდებული გაზის წილიდან ან გაზრდილი იმპორტით რუსეთიდან. თავისთავად გაზრდილი მოხმარება საქართველოს ბაზარზე და მისი დაკმაყოფილება თუნდაც რუსული მომწოდებლისგან არ იქნებოდა პრობლემატური, თუ საქართველო მანამდე მოახდენდა ევროკავშირის ენერგეტიკულ გაერთიანებაში გაწევრიანებას და არსებული მოთხოვნილებების (პირველ რიგში ენერგეტიკული Acqui Communitaire) დროულ დაკმაყოფილებას. ამ შემთხვევაში საქართველოზე გავრცელდებოდა როგორც ევროპული სამართლებრივი და ტექნიკური სტანდარტები, ასევე ენერგეტიკული ბაზრის თამაშის წესები, რაც პირველ რიგში გამჭვირვალეობის მაღალ დონეს, თავისუფალ კონკურენტულ გარემოს და მომხმარებელთა უფლებების მაღალ სტანდარტებს გულისხმობს. ეს კი საფუძველშივე გამორიცხავდა გაზპრომთან პოლიტიკური სპეკულაციების გაჩენას, ისევე როგორც დამალული ფინანსური ინტერესების თუ სხვა სავარაუდო არაჯანსაღი სქემების ალბათობას. თუმცა, ეს უკვე მომდევნო მოხსენების დეტალური განხილვის საგანია.
ლაშა ძებისაშვილი