მარიამ ვალიშვილი: რუსეთი ცდილობს, რაც შეიძლება მეტი გაზი მიჰყიდოს საქართველოს
დათანხმდება თუ არა ხელისუფლება "გაზპრომის" ულტიმატუმს, რომ მისგან გაზის დეფიციტურ მოცულობასთან ერთად დამატებით კიდევ 500 მლნ კუბ/მეტრი ბუნებრივი აირი შეიძინოს და შეიცვლება თუ არა საქართველოზე გამავალი ჩრდილოეთ-სამხრეთის მაგისტრალური გაზსადენის მარშრუტი ისე, როგორც ამას სომხეთი ითხოვს? ამ საკითხებზე www.eugeorgia.info ენერგეტიკის მინისტრის მოადგილეს, მარიამ ვალიშვილს ესაუბრა.
- ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ "გაზპრომი" ენერგეტიკის მინისტრთან, კახა კალაძესთან მოლაპარაკების დროს აყენებს ულტიმატუმს, რომ საქართველო რუსეთისგან გაზის დეფიციტის შესავსებად ბუნებრივ აირს მიიღებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იყიდის არა მხოლოდ დეფიციტის შევსებისთვის საჭირო რაოდენობას, არამედ დამატებით კიდევ 500 მლნ კუბ/მ-ს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი საქართველოს რუსულ გაზს ვერ მიიღებს. შეგიძლიათ დაადასტუროთ ეს ინფორმაცია?
- შემიძლია დავადასტურო, რომ რუსეთს აქვს სურვილი, შეიცვალოს ის სახელშეკრულებო ფორმატი, რომელიც აქამდე არსებობდა და ტრანზიტის შემოსავლის მონეტარიზაციაზე გადავიდეთ. რაც შეეხება მოცულობებს, ყველა მწარმოებელ ქვეყანას სურვილი აქვს, რომ რაც შეიძლება მეტი პროდუქცია გაყიდოს და კარგ ფასად, რომ რაც შეიძლება მეტი დოლარი შეიტანოს საკუთარ ქვეყანაში. ასეთი სურვილი აქვს რუსეთსაც, აზერბაიჯანსაც და ჩვენც, როგორც ელექტროენერგიის ექსპორტიორ ქვეყანას.
შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ ჩვენ ამ ეტაპზე რუსეთთან საჭირო მოცულობაზე მეტი ოდენობის გაზის შესყიდვის თაობაზე მოლაპარაკებას არ ვაწარმოებთ. იმ შემთხვევაში, თუ ტრანზიტის თანხობრივი ანაზღაურების მოდელზე შევთანხმდებით, ბაზრისთვის საჭირო გაზის გარკვეული რაოდენობა საყიდელი იქნება. ეს გაზი ან “სოკარისგან” უნდა შევიძინოთ, თუ აზერბაიჯანს ამისი შესაძლებლობა ექნება, ან ისევ რუსეთიდან. ეს არის ალტერნატივა. აზერბაიჯანს აქვს პრობლემები და ამიტომ აუცილებელი ხდება გაზის გარკვეული მოცულობის რუსეთისგან შეძენა. გაზის დამატებითი მოცულობის ყიდვაზე მოლაპარაკება არ მიმდინარეობს. “სოკარის” გაზის კონკურენტული ფასის გამო არანაიარი მოტივაცია არ გვაქვს, რომ რუსეთის შემოთავაზება მივიღოთ. მე ამას ულტიმატუმს ვერ დავარქმევდი. რუსეთი ცდილობს, რაც შეიძლება მეტი გაზი მიჰყიდოს საქართველოს, მაგრამ ჩვენ გვაქვს სურვილი, რომ რაც შეიძლება ნაკლები ბუნებრივი აირი ვიყიდოთ რუსეთისგან.
- გავრცელებული ინფორმაციით, "გაზპრომი" საქართველოს 1000 კუბ. მეტრი გაზის ტრანსპორტირებაში 4 აშშ დოლარს სთვაზობს, რაც ჯამში 8 მლნ აშშ დოლარია. საქართველოს ტრანზიტის შემოსავლის სახით "გაზპრომისგან" წლიურად დაახლოებით 200 მლნ კუბ.მეტრი გაზი რჩება. დღვანდელი საბაზრო ფასით, ამ რაოდენობის გაზის შეძენას დაახლოებით 40 მლნ აშშ დოლარი სჭირდება. რა თანხას ითხოვს საქართველო და როგორი შეიძლება იყოს მოლაპარაკების შედეგი?
- ტრანზიტის ასეთი დაბალი ტარიფის შესახებ პირველად თქვენგან მესმის. ჩვენ გვინდა მაქსიმალური სარგებლის მიღება. გვინდა, რომ მივიღოთ საკმაოდ დიდი თანხა. რუსეთს აქვს სურვილი, რომ ნაკლები თანხა გადაგვიხადოს. სად შევჯერდებით და სად იქნება შეთანხმების წერტილი, ჯერ არ ვიცით, რადგან მოლაპარკება დასრულებული არ არის და არც შეთანხმებაა მიღწეული.
- "გაზპრომ არმენიას" გენერალური დირექტორის მოადგილე, გრანტ თადევოსიანი მედიასთან საუბარში აცხადებს, რომ სომხეთი საქართველოზე გამავალი ჩრდილოეთ-სამხრეთის გაზსადენის მარშრუტის შეცვლას გეგმავს. როგორია ამ საკითხთან დაკავშირებით ენერგეტიკის სამინისტროს და საქართველოს ხელისუფლების პოზიცია?
- სომხური მხარე ამ საკითხით უკვე კარგა ხანია ხანია აპელირებს და აცხადებს, რომ მილსადენის გარკვეული მონაკვეთი ე. წ. ბუფერულ ზონაში გადის და იმ შემთხვევაში, თუ გაზსადენი დაზიანდება, მისი მყისიერი შეკეთება, შესაძლოა, ვერ მოხერხდეს და ვინაიდან ეს ერთადერთი მილსადენია, რომლითაც სომხეთი ბუნებრივი აირით მარაგდება, არის საფრთხე, რომ ქვეყანა გაზის გარეშე დარჩეს. მათ უნდათ, რომ მილსადენის მარშრუტი შეიცვალოს. ჯერჯერობით, შეთანხმება ამ საკითხზე მიღწეული არ არის და არც გადაწყვეტილება გვაქვს მიღებული. გაზსადენის გადატანა დამატებითი ინვესტიციის განხორციელებას მოითხოვს და დამატებითი ხარჯის გაწევის მიზანშეწონილობას ამ ეტაპზე ვერ ვხედავთ.
- გრანტ თადევოსიანის განცხადებით, გაზსადენის სამკილომეტრიანი მონაკვეთი აზერბაიჯანის საზღვართან უშუალო სიახლოვეს, საკმაოდ არასტაბილურ ზონაში მდებარეობს, გარდა ამისა, მილსადენი ხშირად ზიანდება ქვების ცვენის გამო, რაც სომხეთს გაზის მიწოდების მხრივ პრობლემებს უქმნის. მე გადავხედე ბოლო რამდენიმე წლის მონაცემებს და ქვათაცვენის და ან აზერბაიჯანიდან განხორციელებული თუ მოსალოდნელი ტერაქტის გამო სომხეთისთვის გაზის მიწოდების შეწყვეტის შესახებ ინფორმაცია ვერსად ვნახე. იქნებ დააკონკრეტოთ, გაზსადენის რომელ მონაკვეთზეა საუბარი და სად და როგორ შეიძლება შეიცვალოს ის?
- ამ მილსადენის მარშრუტი საბჭოთა პერიოდშია შერჩეული, მაშინ, როცა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ეს კონფლიქტი საერთოდ არ არსებობდა. ჩრდილოეთ-სამხრეთის გაზსადენის დაზიანების შემთხვევები ძალიან იშვიათია. ყოველ შემთხვევაში, არ მახსოვს, ქვათა ცვენით მიყენებული დაზიანების გამო სომხეთს გაზით მომარაგების პრობლემა შეჰქმნოდა. შესაბამისად, ამ ინფრასტრუქტურის მარშრუტის შეცვლის საკითხი ჩვენს დღის წესრიგში ნამდვილად არ დგას. გასაგებია, სომხეთი რატომაც აყენებს ამ საკითხს, მათ თავიანთი დღის წესრიგი აქვთ, მაგრამ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ ყველანაირი შეფასების გარეშე მივიღოთ იმ ინიციატივების განხორციელების გადაწყვეტილება, რომლის სურვილსაც სომხეთი გამოთქვავს.
- "გაზპრომ არმენიას" გენერალური დირექტორის მოადგილის განცხადებით, "ქართული მხარის პოზიციიდან გამომდინარე, მიღებულ იქნება გადაწყვეტილება 3-კილომეტრიანი მონაკვეთის სომხეთის ტერიტორიაზე განთავსების შესახებ." თუ ასეთი შეთანხმება შედგება საქართველოსა და სომხეთს შორის, ეს ნიშნავს თუ არა იმას, რომ 3 კმ-ით შემცირდება საქართველოზე გამავალი ჩრდილოეთ-სამხრეთის გაზსადენის სიგრძე და შესაბამისად შემცირდება გაზის ტრანსპორტირებიდან მისაღები ე. წ. სატრანზიტო შემოსავალიც?
- სატრანზიტო შემოსავალი კილომეტრაჟზე მიბმული არ არის. მილსადენის მთლიანი სიგრძე 280 კმ-ია და 3 კმ არის პატარა მონაკვეთი. ეს კონკრეტული შემოთავაზება ქართული მხარის ჩართულობის გარეშე ვერ განხორციელდება. ეს არის სასაზღვრო მონაკვეთი და მარშრუტის შეცვლას სჭირდება პროექტი, ინვესტიცია და მიზანშეწონილობის დასაბუთება: რატომ არის ახლა ამის გაკეთება და თანაც ამ სახით საჭირო. ჩვენ ეს საკითხები, ჯერჯერობით, ტექნიკური ჯგუფების დონეზეც კი არ გვაქვს განხილული. სომხურ მხარეს აქვს ამ მილსადენის მარშრუტის შეცვლის სურვილი, მაგრამ პირადად მე, ამის აუცილებლობას ვერ ვხედავ.
- “გაზპრომ არმენიას” განცხადება ხომ არ შეიძლება განვიხილოთ, როგორც “გაზპრომის” სტრატეგიის გაგრძელება, რომ საქართველოზე ზეწოლა გაძლიერდეს?
- ზეწოლის აზრი რა არის, 280 კმ-იანი მილსადენის სიგრძე შემცირდება 3 კმ-ით და ეს მნიშვნელოვნად შეცვლის ტრანზიტის განხორციელების ფორმატს და შემოსავალს? ეს მოსაზრება აბსოლუტურად არარელევანტურია.