ირანული მედია: საქართველოში გაზის ექსპორტი მომავალ წელს დაიწყება
საქართველო ირანიდან 200 მლნ კუბური მეტრი გაზის იმპორტზე მოლაპარაკებებს აწარმოებს, - ინფორმაციას ამის შესახებ ირანული მედია ავრცელებს.
„საქართველოს კერძო და სახელმწიფო სექტორი დაინტერესებულია,ირანისგან გაზის შეისყიდოს. ვიმედოვნებთ, ამ დროისთვის მიღწეული შეთანხმების საფუძველზე საქართველოში ბუნებრივი აირის ექსპორტი განხორციელდება“, - განუცხადა ირანის გაზის ექსპორტის კომპანიის (NIGEC) დირექტორმა, ალირეზა ქამელმა ჟურნალისტებს ირანის ნავთობის მინისტრის, ბიჟან ზანგენეჰისა და საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის, კახა კალაძის შეხვედრის შემდეგ.
კომპანიის დირექტორის თქმით, გაზის იმპორტი ირანიდან სავარაუდოდ, მომავალი წლიდან დაიწყება, თავიდაპირველად შვიდთვიანი კონტრაქტი გაფორმდება, რომლის საფუძველზე ჩატარდება საქართველოში გაზის გრძელვადიანი ექსპორტირების მიზანშეწონილობის კვლევა.
„საქართველომ უნდა მიიღოს სომხეთში ბუნებრივი აირის ტრანზიტის ლიცენზია“, - განაცხადა ირანელმა მოხელემ.
„თუ ეკონომიკურად გამართლებული იქნება, ირანი საქართველოსთან საშუალო და გრძელვადიან კონტრაქტებს გააფორმებს“, - აღნიშნა ალირეზა ქამელმა.
საქართველოს ბუნებრივი აირის მოხმარება წელიწადში 2,4 მლრდ კუბური მეტრია, რომლის 87%-ს აზერბაიჯანული „სოკარი“ აწვდის. თუმცა, საქართველოს მთავრობის განცხადებით, ზამთრის თვეებში გაზის მოხმარება იზრდება, ხოლო „სოკარი“მისი მოწოდების უზრუნველყოფას ტექნიკურად ვეღარ ახერხებს. კახა კალაძის განცხადებით, დეფიციტი 300-400 მლნ კუბურ მეტრს აღწევს, რომლის შესავსებად გასული წლის შემოდგომაზე მოლაპარაკებები რუსულ კომპანია „გაზპრომთან“ დაიწყო.