საგრანტო პროგრამების ბენეფიციართა პრობლემა - ქვეყნის ეკონომიკაში კომპლექსური ხედვის დეფიციტი
ბოლო წლებში, საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ ეკონომიკის განვითარებისთვის არაერთი გრანტი გაიცა. ხელშეწყობის სამთავრობო პროგრამებთან, თუ რეფორმებთან ერთად, ამ გრანტებს აგროინდუსტრიისა და ეკონომიკის სფეროების განვითარებისთვის ბიძგი უნდა მიეცა. ჩვენ შევისწავლეთ რამდენიმე კონკრეტული მაგალითი, რომელიც აჩვენებს მიზეზებს, თუ რა უშლის განვითარებაში ხელს გრანტით დაფინანსებულ ამა თუ იმ საწარმოს. მას შედეგ, რაც მიღებული თანხით საჭირო ტექნიკა შეიძინეს, მეწარმეებმა საწარმოები მოაწყეს, გადააიარაღეს, მაგრამ საქმიანობის სხვადასხვა ეტაპზე არაერთ დაბრკოლებას და პრობლემებს წააწყდნენ, რომელიც მათთვის დღესაც გადაუჭრელია.
რევაზ კაჭკაჭიშვილი
რევაზ კაჭკაჭიშვილს ახალციხის რაიონის სოფელ ურაველში რძის გადამამუშავებელი ქარხანა აქვს. ადგილზე სხვადასხვა სახეობის ყველს, მათ შორის: იმერულს, თეთრ და შებოლილ სულგუნს, დაწნულ ყველს, ასევე, ნადუღს აწარმოებს. პროდუქცია მხოლოდ ქართულ ბაზარზეა წარმოდგენილი. ზაფხულობით, რძის მიღების ყველაზე აქტიურ პერიოდში, საწარმოში 25 ადამიანია დასაქმებული.
2014 წელს რევაზ კაჭკაჭიშვილმა RED-ის პროგრამის ფარგლებში (Rural economic development) 80 ათასი აშშ დოლარის მოცულობის გრანტი მიიღო (მანამდე კაჭკაჭიშვილს გრანტი მერსი ქორპსისგანაც (Mercy Corps) ჰქონდა მიღებული). ამ გრანტის ფარგლებში მეწარმემ საწარმო გადააიარაღა და საჭირო დანადგარები შეიძინა: პასტერიზატორები, უჟანგავი აუზები, მაგიდები, გამწოვები, მაცივარი და ა.შ. როგორც რევაზ კაჭკაჭიშვილი ამბობს, საწარმო სურსათის უვნებლობის რეგულაციებს სრულად პასუხობს და „წიფორა სამცხეში“ HACCP-ის სტანდარტიცაა დანერგილი; ამასთანავე, „წიფორა სამცხეში“ სამ თვეში ერთხელ მიკრობიოლოგიური გამოკვლევები ტარდება და საწარმო სურსათის უვნებლობის კუთხითაც მოწმდება.
უკანასკნელი გრანტის მიღების შემდეგ, საწარმოს გადაიარაღებისა და გაფართოების შედეგად კომპანიის ბრუნვა სამჯერ გაიზარდა. „წიფორა სამცხეს“ წარმოებული პროდუქცია ბათუმში, ქუთაისში, თბილისში, გორში, ახალციხეში, ხაშურში, ბორჯომში, ადიგენში, ახალქალაქსა და ქვეყნის სხვა ქალაქებშიც შეგხვდებათ. კომპანია საკუთარი პროდუქტის დისტრიბუციას ნაწილობრივ თავად, საკუთარი სადისტრიბუციო მანქანით უზრუნველყოფს, ასევე, თანამშრომლობს სხვადასხვა სადისტრიბუციო კომპანიებთან.
წინ გადადგმული ნაბიჯების მიუხედავად, რევაზ კაჭკაჭიშვილი ამბობს, რომ ბიზნესის განვითარების კუთხით პრობლემები მაინც აქვს, რადგან უჭირს კონკურენცია გაუწიოს გლეხის მიერ დამზადებულ პროდუქციას, რომელიც ყოველგვარი საბუთის გარეშე, უკონტროლოდ იყიდება.
„გლეხს ყველის დამზადება ძალიან იაფი უჯდება, არ იხდის გადასახადს, მოწველის ძროხას - ამოიყვანს ყველს, შესაბამისად, ბაზარზე მისი ფასი დაბალია. ყველაზე დიდი პრობლემა ეს არის ჩვენთვის. ჩვენ მაგ ფასად ვერ ვმუშაობთ - დღგ, ქარხნის დეზინფექცია, კომუნალური გადასახადები, ჰიგიენური ნორმების დაცვა - პროდუქციის ვაკუუმში შეფუთვა და ეტიკეტირება, დისტრიბუცია - ეს ყველაფერი ხარჯებთან არის დაკავშირებული და პროდუქციის ღირებულებას გვიზრდის. გლეხს ეს ხარჯები არ ეხება“, - აღნიშნავს რევაზ კაჭკაჭიშვილი.
გოჩა კაპანაძე
ამავე სოფელში, გოჩა კაპანაძეს საკალმახე მეურნეობა აქვს. ბიზნესგეგმა დაწერა და 2007 წელს აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ათასწლეულის გამოწვევის პროგრამის ფარგლებში გრანტი მიიღო - 49.500 აშშ დოლარი. მიღებული თანხით საკალმახე აუზების რაოდენობა 3-დან 8-მდე გაზარდა, ააშენა სათავსოები, ინკუბატორი, გამოცვალა მილი, რომლითაც აუზები წყლით მარაგდება, წესრიგში მოიყვანა კომუნიკაციები, თევზის სარეალიზაციოდ - მინიბუსი შეიძინა.
მიუხედავად ამისა, გოჩა კაპანაძე აღნიშნავს, რომ საკალმახე მეურნეობის მიმართულებით დღეს რთული ვითარებაა, არერთი მიზეზის გამო ბიზნესი არასტაბილურია:
„თითო საკალმახე აუზს დაახლოებით 5000 ათასი ლარი მოაქვს წელიწადში. ახლა ვითარება ძალიან მძიმეა, ვალუტის კურსის ცვლილების გამო თევზის საკვების ფასი თითქმის გაორმაგდა. ახალციხის რაიონში დაახლოებით 15 - დიდი, საშუალო თუ პატარა საკალმახე მეურნეობაა. წელს თევზის რაოდენობა იმდენად მცირეა, რომ პროდუქტით ახალციხის რაიონსაც კი ვერ ვაკმაყოფილებთ. საქართველოში ახლა არასტაბილური პერიოდია. ვთქვათ, წელს რომ რომელიმე კომპანიას ხელშეკრულება გაუფორმო, მომავალ წელს საკვების მოწოდებისა, თუ დოლარის კურსის გამო ისეთ ვითარებაში შეიძლება აღმოვჩნდე, რომ თევზის თვითღირებულება გამეზარდოს. თევზს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ფასად ვეღარ ჩავაბარებ და კონტრაქტიც დაირღვევა“, - ამბობს მეწარმე.
გოჩა კაპანაძის თქმით, ამ დროისთვის საკმაოდ ცოტა, 7-დან 8 ათასამდე კალმახი ჰყავს, თუმცა იხსენებს, რომ პრობლემები ჰქონდა ორი წლის წინაც, როდესაც დიდი ოდენობით თევზი ჰყავდა და მრავლად დაეხოცა.
„საქართველოში არ არსებობს იხტიოლოგიის სერვისი. სახელმწიფო არ არის დაინტერესებული, რომ ახალგაზრდები ამ მიმართულების სასწავლებლად საზღვარგარეთ გაუშვას. ვერავინ დასვამს დიაგნოზს, რითი დაიხოცა თევზი. ლიფსიტის გაზრდაც ძალიან გვიჭირს, მიუხედავად იმისა, რომ ინკუბაციას ჩვენ თვითონ ვაკეთებთ - გახედავ და ერთ დღეში 100 ათასი ლიფსიტა კვდება, მეორე დღეს კიდევ 100 ათასი და რჩები უთევზოდ“, - განმარტავს მეწარმე.
მისივე თქმით, თევზის ბიზნესში „მოთმენა რთულია”, რადგან კალმახს თავისი რეალიზაციის დრო აქვს; როდესაც თევზი 300-400 გრამს აღწევს, სიდიდის გამო სუფრისთვის აღარ გამოდგება, ამიტომაც დღის წესრიგში გადამამუშავებელი საწარმოების აუცილებლობაც დგას - „უნდა არსებობდეს საკონსერვო წარმოება, შესაბოლი საშუალებები, კალმახის ქვირითიც ძალიან ძვირფასია - ყველაფერ ამას ტექნოლოგია სჭირდება. თევზი რომ გავზარდო, ხომ უნდა ვიცოდე, რომ ვიღაც ჩაიბარებს და დანახარჯს ამოვიღებ?! ამასობაში თევზის საკვებიც გაძვირდა და ბევრს გული გაუტყდა, აღარ ზრდიან თევზს”, - ამბობს კაპანაძე.
ჩამოთვლილი პრობლემების მიუხედავად, მეწარმე ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან საკითხად თევზის საკვების თემას მიიჩნევს და განმარტავს, რომ ერთმა თევზმა სარეალიზაციო წონას - 200 გრამს რომ მიაღწიოს, დაახლოებით 300 გრამი საკვები სჭირდება, საკვების ქონა-არ ქონა კი გამუდმებით აქტუალურია.
„თევზის საკვებს - „კორმას“ ერთ და ორ ტომარას ვერ შემოიტან. 3-4, ან თუნდაც 10 ტონა უნდა შემოიტანო, გააჩნია რამხელა მოცულობის ბიზნესი გაქვს. პირადად მე, როცა მჭირდება, „კორმას“ ვერ ვშოულობ - დისტრიბუტორები თვეში ერთხელ თუ შემოდიან ჩვენთან, ამ დროს კი ხშირად ხდება, რომ საკვები მარაგის შეძენის საშუალება არ მაქვს. კვების სიხშირე პირდაპირაა დაკავშირებული თევზის ზრდასთან. თევზის მატების პერიოდში, ე.წ. ოქროს პერიოდში - მაისი, ივნისი, სექტემბერი - კალმახი დღეში 3 გრამს იმატებს და მას საკვების მხრივ ყველანაირად უნდა შეუწყო ხელი. 1 ტონა „კორმა“ 4-5 ათასი ლარი ჯდება. შეკვეთას მისცემ, მაგრამ აღმოჩნდება რომ საკვები იგვიანებს. ერთი სიტყვით, საკვების რეზერვისთვის ფინანსები არ მყოფნის“, - წუხს გოჩა კაპანაძე.
გურამ ჯინჭველაძე
გურამ ჯინჭველაძე სამცხე-ჯავახეთში, ძირითადად, ახალციხეში, ასპინძასა და ადიგენში 2010 წლიდან კარტოფილის მოყვანის საქმეში აქტიურადაა ჩართული. მის ორგანიზაციას 3-4 კულტურა მოჰყავს, მათ შორის ხახვი, სიმინდი, ხორბალი, თუმცა საქმიანობის წამყვანი მიმართულება კარტოფილის მოყვანაა. პროდუქცია თბილისის, ნაწილობრივ კი ქუთაისის ბაზარზეც გადის.
2015 წელს, RED-ის პროგრამის ფარგლებში (Rural economic development), გურამ ჯინჭველაძემ გრანტის სახით 55 ათასი აშშ დოლარი მიიღო. თანხა, უმეტესად, სასაწყობო მეურნეობის განვითრებას, კარტოფილის დახარისხებისათვის საჭირო დანადგარების, ეტიკიტირებისა და შეფუთვის მოწყობილობის, ასევე, ხახვის გადასარჩევი დანადგარის შეძენას მოხმარდა. გურამი ამბობს, რომ გრანტი მნიშვნელოვნად დაეხმარა განვითარებაში, რადგან რამდენიმე ჰექტარზე ერთდროულად აღებული მოსავლის დახარისხება-გადარჩევა, დასაწყობება, რასაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, გრანტის ფარგლებში შეძენილი ტექნიკით ხერხდება.
„ცალკე უნდა დააფასოვო პროდუქცია მყიდველისთვის, ცალკე მომავალი წლის სათესლე მასალა უნდა გადაარჩიო. ამ საქმეს ჩვენი მუშები ხელით აკეთებდნენ. ტექნიკის შეძენის შემდეგ, შრომა მექანიზებულია, რამაც 3-ჯერ აასწრაფა პროცესი. ეს შეღავათია სეზონური მუშების დაქირავების კუთხითაც, თუკი ადრე დღეში 50-60 მუშას ვქირაობდით, ახლა მაქსიმუმ 20 ადამიანის დაქირავება გვჭირდება“, - განმარტავს მეწარმე.
მისივე თქმით, კომპანიას ყოველწლიური ზრდა აქვს, ნაკვეთების ფართობიც იზრდება და მიღებული მოგებაც ბიზნესის განვითარებას ხმარდება. კომპანიაში აღნიშავენ, რომ გრანტი ძალიან დაეხმარათ და შეძენილი ტექნიკა მათ სასაწყობო მეურნეობაში კარგად იმუშავებს, თუმცა დიდი გეგმები აქვთ და პროდუქტის რაოდენობის გაზრდის შემდეგ, უფრო დიდი სასაწყობო მეურნეობა დასჭირდებათ. მეწარმეები პროდუქციის ბრენდინგზეც ფიქრობენ, სურთ რომ მათი სავაჭრო საქონელი უკეთ იყოს შეფუთული, შესაძლოა მისი ნახევარფაბრიკატამდე დაყვანაც, ასევე, მომხმარებლისთვის სხვა ტიპის პროდუქტის შეთავაზება და მომავალში, ექსპორტზე გატანაც.
წარმატებების პარალელურად, გურამ ჯინჭველაძე ამბობს, რომ სოფლის მეურონეობის სექტორში ინფრასტრუქტურის მხრივ სერიოზული პრობლემებია, მათ შორისაა ირიგაციის საკითხიც.
„ბევრ ადამიანთან გვაქვს შეხება, მათგანაც ვიცი, რომ მიწის დამუშავებას ძალიან უშლის ხელს საირიგაციო სისტემების არარსებობა. შესაბამისად, ადამიანები მიწას არ ამუშავებენ - მოსავალი ხმება. დღეისათვის ერთ-ერთი ყველაზე პრობლემურია ის ფაქტიც, რომ მიწის ნაკვეთების ძალიან დიდი მოცულობა სახელმწიფო საკუთრებაში რჩება. მაგალითისთვის ჩვენი კომპანიის შემთხვევავაც გამოდგება. მიწის იჯარით ასაღებად აუქციონში მივიღეთ მონაწილეობა. იმის გამო, რომ ამ აუქციონზე პირობა არასწორად იყო ჩამოყალიბებული, იჯარისთვის 5-ჯერ მეტი თანხის გადახდას გვთხოვდნენ. სასამართლო პროცესების მიმდინარეობის გამო აღნიშნული ნაკვეთები 2 წლის განმავლობაში დაუმუშავებელი იყო და გამოვიდა, რომ ვიზარალეთ. უამრავ ასეთ შემთხვევას შეხვდებით“, - აღნიშნავს გურამ ჯინჭველაძე.
ბექა გონაშვილი
2011 წელს, ბექა გონაშვილმა დედოფლისწყაროში ფერმერთა მომსახურების ცენტრი გახსნა. ამას მოჰყვა ერთგვარი - One Stop Shop-ის შექმნის იდეა, სადაც ფერმერები ყველა საჭირო სერვისის მიღებას შეძლებდნენ. „MOLI კახეთში“ პროექტის ფარგლებში 30 ათას აშშ დოლარამდე გრანტი მიიღო და ხელოვნური განაყოფიერების სერვისთან ერთად საკვები საწარმო გახსნა.
სასოფლო-სამეურნეო პირუტყვის საკვების წარმოება გასული წლის თებერვალში დაიწყეს. დღეისათვის დაახლოებით 60 ტონა საქონლის საკვებს ამზადებენ და ყიდიან. ძროხის, ღორისა და ქათმის საკვებს ახლა უკვე ცხვრის საკვებიც დაემატა (გამოსაცდელ ფაზაშია). ამბობენ, რომ საწარმოს ყოველთვიურად 15-დან 20%-მდე მატება აქვს. კახეთის მასშტაბით პროდუქციის დისტრიბუციაც დაიწყეს და ეტაპობრივად გაფართოებასაც გეგმავენ.
ბექა გონაშვილი ხელოვნური განაყოფიერების სერვისის მნიშვნელობაზე ამახვილებს ყურადღებას და ამბობს, რომ რაც არ უნდა თანამედროვე საკვები მიაწოდო ცხოველს, ცხოველის ჯიში თუ არ გიწყობს ხელს, სასურველ შედეგს მაინც ვერ მიიღებ. ანალოგიურად, შეიძლება გყავდეს კარგი ჯიშის ცხოველი, მაგრამ საკვები არ ვარგოდეს და კარგ შედეგამდე ვერც ასეთ შემთხვევაში მიხვალ.
მეწარმე იხსენებს, რომ გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროექტის ფარგლებში, ხელოვნური განაყოფიერების ცენტრის განვითარებისთვის, გრანტის მიღება სურდა, თუმცა უარი უთხრეს.
ბექა გონაშვილი მისი საქმიანობის მიმართულებით არსებულ არაერთ პრობლემაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ ხელოვნური განაყოფიერების სერვისის განვითარების ერთ-ერთი მთავარი დაბრკოლება მწირი ბაზარია, რაც, დროთა განმავლობაში უნდა გამოსწორდეს, თუმცა გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი პრობლემაა - განათლება და პროფესიონალი კადრების სიმცირეა.
„ბიზნესის გაზრდაში პირველ რიგში კვალიფიციური კადრების კატასტროფული სიმცირე მიშლის ხელს. ვფიქრობ, სახელმწიფომ ამ პრობლემის აღმოფხვრაში მონაწილეობა უნდა მიიღოს. ვგულისხმობ პროდუქტიულ წახალისებას და არა ადამიანისთვის გრანტის მიცემას და შემდეგ ხელის დაბანას. მე კვალიფიციური კადრი მჭირდება. თუკი სახელმწიფო ამ მიმართულებით რაღაც საგადასახადო შეღავათს მომცემს, ან კადრების გადამზადებაში და ახალგაზრდების უცხოეთში სასწავლებლად გაგზავნაში დამეხმარება, ვფიქრობ, ასეთი მიდგომა არა მარტო ჩემთვის, არამედ არაერთი სხვა ადამიანისთვის იქნება კარგი. მე არ ვემხრობი მიდგომას, რომ სახელმწიფო ფულით ეხმარებოდეს მეწარემეს. ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფო ცოდნის გაღრმავებაში, სხვადასხვა გამოფენებზე, ტრენინგებზე წასვლასა და მონაწილეობაში მიწყობდეს ხელს. დღეს ამაში უნდა ჩავდოთ რესურსი, რომ მერე სულ არ დავიკარგოთ“, - ამბობს ბექა გონაშვილი.
აღნიშული მაგალითების ფონზე, კარგად ჩანს, რომ გრანტის მიღების, საქმიანობის წამოწყებისა და გარკვეული წარმატების მიუხედავად, მეწარმეები და მეურნეები სხვადასხვა ტიპის პრობლემებს აწყდებიან, პრობლემებს, რომლის მოგვარებაც მათ ძალისხმევას აღემატება. ეს გარემოებები საფრთხეს უქმნის როგორც მათ საქმიანობას და განვითარების გრძელვადიან პერსპექტივას, ასევე, გრანტის გამცემთა ინტერესს, რომ ამა თუ იმ პროექტის ფარგლებში გამოყოფილი თანხა რეალურ სტიმულად გადაიქცეს აგროინდუსტრიისა და ეკონომიკის სფეროების განვითარებისთვის.
„თხა ვიყიდე - თხა გავყიდე”
გასათვალისწინებელია ისიც, რომ საქმიანობის ამა თუ იმ სფეროში, რომელსაც მეწარმეები ხშირად კარგ ნიშად აღიქვამენ, ოპერირება არც ისე მარტივია. ისეთი შემთხვევებიც არსებობს, როდესაც არათუ დარგისა და საქმიანობის ცოდნა, არამედ ელემენტარული ინფორმაციის დეფიციტი ახალწამოწყებულ ბიზნესს ყოფნა-არყოფნის ზღვარზე აყენებს.
2007 წელს, „ათასწლეულის გამოწვევის პროგრამის“ ფარგლებში, მერაბ გუშარაშვილმა თხის ნატურალური რძის წარმოებისთვის, გრანტის სახით - 18.500 აშშ დოლარი მიიღო. თანხა 100 ნეზვი თხის, 10 ვაცისა და პროდუქციის ტრანსპორტირებისთვის - ავტომობილის შეძენაში დაიხარჯა.
მეწარმის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ პროდუქტი კარგად იყო დაფასოებული და თბილისში სამაცივრე დანადგარით მოწყობილი მაღაზიაც ჰქონდა, თხის ნატურალური რძის ჩაბარება არ გამოვიდა - იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ რძე პასტერიზებური არ იყო და საცალო ქსელში ნედლი რძის შეტანა არ შეიძლებოდა.
„პასტერიზატორი ვერ შევიძინე, მეორადი 42 ათასი დოლარი ღირდა. საქმე დაწყებული მქონდა და სირთულეების მიუხედავად, პროექტის დამფინანსებელთან შეთანხმებით, თხის ნატურალური ყველის წარმოება დავიწყე. ჩემი ყველი „პოპულის“ მაღაზიათა ქსელში შედიოდა, თუმცა არც ამან გაამართლა. წარმოიდგინეთ, ყველის ამოყვანას 6-7 ლიტრი რძე სჭირდებოდა, პროდუქტის ჩაბარების ფასი კი კატასტროფულად მცირე - 6 ლარი იყო. არადა, ამ დროს, 2007 წელს, გერმანიიდან შემოტანილი პასტერიზებული რძე 1 ლიტრი - 10 ლარი და 80 თეთრი ღირდა. ჩემი საქმიანობა არ აღმოჩნდა რენტაბელური, თხების შენახვაც ძვირი მიჯდებოდა და საბოლოოდ გავყიდე კიდეც. არადა, ბიზნესისთვის ძალიან კარგი ნიშა იყო“, - იხსენებს მერაბ გუშარაშვილი.
ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, სოსო არჩვაძე აღნიშნავს, რომ როცა უცხოელი დონორის, ან სახელმწიფოს მიერ გაღებული თანხით დაფინანსებული პროექტი არ ვითარდება, ეკონომიკისთვის ეს ფული იკარგება. სახელმწიფომ კომპლექსურად უნდა ხედავდეს პროცესებს - წარმოებით დაწყებული - რეალიზაციით დასრულებული; ასევე, აუცილებელია იმის ცოდნაც, თუ სად, რა პრობლემა აქვს თითოეულ სეგმენტს. ეს ყველაფერი კი ერთიანი პოლიტიკის ნაწილი უნდა იყოს.
„ხელისუფლებამ უნდა აირჩიოს სტრატეგია, რომლის მიხედვითაც, ეკონომიკის ყველა დარგი სისტემურად განვითარდება. ეს უნდა ეხებოდეს სხვადასხვა მიმართულებების, მათ შორის წარმოების, განაწილების, ინფრასტრუქტურის, ლოჯისტიკის განვითარებას და არა მხოლოდ ერთ-ერთს. ჯერ-ჯერობით, სახელმწიფოს მოცულობითი მიდგომა აქვს, ვთქვათ - მოდი სოფლის მეურნეობას დავეხმაროთ. ამ სფეროს შიდა სპეციფიკა უფრო მეტ კონკრეტიკას საჭიროებს - დარგის, რეგიონის, პრობლემების, ტექნოლოგიური ციკლის და ა.შ. მიხედვით. მხოლოდ ფინანსების გამოყოფა არ კმარა. ვთქვათ, რამდენიმე ასეული მილიონი ლარის გამოყოფა ხვნის პროცესისთვის. გვჭირდება კი ამდენი მიწის მოხვნა? იქნებ უკეთესია, ეს თანხა სხვა რამეში გამოვიყენოთ. თითოეული ლარი შედეგზე უნდა იყოს გათვლილი - გვაძლევს კი ეს ხარჯი სასურველ შედეგს?!“, - ამბობს სოსო არჩვაძე.
მისივე თქმით, განვითარებისთვის, მაგალითად, საკალმახე მეურნეობას გასაღების შესაბამისი ბაზარი, მედიკამენტები და სერვისი სჭირდება, რაც უზრუნველყოფს, რომ თევზი არ დაიხოცოს, მეწარმეს ნამატი ჰქონდეს და მის რეალიზაციას ახერხებდეს.
„თითოეული მიმართულებით კომპლექსური მიდგომაა საჭირო, მიდგომა, რომელიც თანამედროვე მეცნიერებისა და ტექნოლოგიების მიღწევებზე დამყარებულ ცოდნას მოიცავს. ხელისუფლებამ ყურადღება უნდა მიაქციოს და გადაფაროს ის ასპექტები, რაზეც კერძო სექტორს ამა თუ იმ მიზეზის გამო, ჯერჯერობით ხელი არ მიუწვდება - იქნება ეს ნოუჰაუ, ახალი ტექნოლოგიები, ამა თუ იმ სფეროში დაგროვილი საერთაშორისო გამოცდილება. ასევე, აუცილებელია ე.წ. სტარტაპების მხარდაჭერა. ეს ყველაფერი ერთიანი სტრატეგიის ნაწილი უნდა იყოს“, - აღნიშნავს ეკონომიკის დოქტორი.
ლევან დადიანი, Oxfam-ის სასოფლო-სამეურნეო და სასურსათო უსაფრთხოების პროგრამის მენეჯერი, რომელიც ENPARD-ის (ევროპის სამეზობლო პროგრამა საქართველოში სოფლის მეურნეობისა და სოფლად განვითარებისთვის) საგრანტო კომპონენტს ახორციელებს, აღნიშნავს, რომ სასოფლო-სამეურნეო წარმოების სფეროში უკანასკნელი 25 წლის განმავლობაში გრანტის სახით ასეულობით მილიონი ლარია გაცემული, თუმცა ინიციატივის მდგრადობის მაჩვენებელი ძალიან დაბალია.
„პრობლემა კომპლექსურია და მხოლოდ ფულის ნაკლებობით არ არის გამოწვეული, აქ ვაწყდებით ინვესტიციების არასაკმარის ხელმისაწვდომობას, ბიზნესის მართვის ცოდნის საკითხს, ბაზარზე მარკეტინული ოპერირების შესაძლებლობას, ინფრასტრუქტურას - ეს არ ეხება მხოლოდ გზებს, ან ტექნიკურ ინფრასტრუქტურას, ნორმატიული და საკანონმდებლო ბაზების საკითხს. ეს ყველაფერი დაკავშირებულია იმასთან, რომ სოფლის მეურნეობაში განხორციელებული ბიზნეს ინიციატივების მდგრადობის მაჩვენებელი ძალიან დაბალია. ანუ, ვთქვათ, ამა თუ იმ მეურნეობამ ამ გრანტის საფუძველზე 5-6 წელი იმუშავა და შემდეგ გაჩერდა“, - აცხადებს დადიანი.
მისივე თქმით, „Oxfam” პროექტების დაფინანსებისას უნივერსალური მოდელით ხელმძღვანელობს: ბიზნესში, საგრანტო დაფინანსებისას, 100%-იანი საჩუქრის გაცემა არ შეიძლება - ბიზნეს რისკი ოპერატორმაც უნდა აიღოს. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ ბენეფიციარს არ ეძლეოდეს ფულადი ნიშანი, ხოლო პროექტის დაფინანსებისას არსებობდეს კომპლექსური მიდგომა, რაც მხოლოდ ფულად დახმარებას არ ითვალისწინებს. ლევან დადიანი მიიჩნევს, რომ როგორც ეს, ასევე სხვა წინაპირობები და კრიტერიუმები ფილტრავს ბენეფიციართა სიას და ტოვებს ბიზნესზე ორიენტირებულ ჯგუფებს, რომელთაც მეტ-ნაკლებად გათავისებული აქვთ, რომ ნებისმიერი ბიზნესი რისკთან არის დაკავშირებული; თუმცა, სამწუხაროდ, სხვადასხვა პროგრამების ფარგლებში გრანტების გაცემისას აღნიშნული ფაქტორები ხშირად არ იყო გათვალისწინებული.
“Oxfam”-ის წარმომადგენელი ამბობს, რომ დღეს, მცირე გლეხობას, მცირე მეურნეობებს, გარკვეულ სახელმწიფო საინვესტიციო პროგრამებზე წვდომა შეზღუდული აქვს. ერთი მხრივ, არ ფინანსდება ე.წ. სტარტაპები, მეორე მხრივ კი პროექტის ღირებულების მინიმალური ზღვარი 150-200 ათასი აშშ დოლარით არის განსაზღვრული. მისი განმარტებით, კოოპერატივების მაგალითზე დადგინდა, რომ 7-8 კაციანი კოოპერატივის საინვესტიციო მოთხოვნილება, საშუალოდ - 45 ათასი ევროა. ამ მასშტაბის მეწარმეთა და მეურნეთათვის რეალური, სიცოცხლისუნარიანი, ბიზნეს „საგრანტო დაფინანსებისას უნივერსალურ მოდელს ვიყენებთ, ორი მილიონი ევროს ინვესტირებას ვახდენთ და ჩვენ მიერ დაფინანსებული პროექტები შეზღუდული რაოდენობის ბენეფიციართა ცხოვრებაში ძალიან დიდ წინსვლას გამოიწვევს. სამწუხაროდ, მაკროეკონომიკური თვალსაზრისით, ეკონომიკაზე ეს საგულისხმო ზეგავლენას ვერ მოახდენს. ვფიქრობ, საჭიროა, რომ ინვესტირების ეს მოდელი საერთო ეროვნულ დონეზე დავიდეს. 3 წლის განმავლობაში დაახლოებით ნახევარი მილიარდი ლარი სახელმწიფომ სოციალური ხასიათის ინვესტიციაში - ხვნა-თესვაში დახარჯა. ამ ინვესტიციას გრძელვადიანი ეფექტი არ ექნება. წარმოიდგინეთ, რამხელა ცვლილებებს გამოიწვევდა ეს თანხა, უნივერსალური მოდელით - საინვესტიციო ინტერვენციის სახე რომ მისცემოდა“, - აღნიშნავს დადიანი.
„Oxfam”-ის წარმომადგენელს მიაჩნია, რომ თუკი სოფლად სოციალურ-ეკონომუკური მდგომარეობის გაუმჯობესება გვინდა, კონკრეტული მეწარმეების ინტერესები აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ. ასევე, კარდინალურადაა შესაცვლელი მიდგომები, რის დასტურადაც ის ფაქტიც კმარა, რომ იმავე სოციალური მიმართულების ხვნა-თესვის პროგრამისთვის წელს ისევ 40 მილიონი ლარია გამოყოფილი - „ჰაერში გადაყრილი ფული“, მაშინ, როდესაც მიზნობრივი პროგრამებისთვის სულ რაღაც 7.5 მილიონია გათვალისწინებული.
P.S. "ჩვენ ყოველწლიურად ვუშვებთ 5-ჯერ ან 10-ჯერ მეტ ბანკირს, ვიდრე ეს საბანკო სექტორს სჭირდება რეალურად. ასევეა საგარეო ურთიერთობების, იურიდიული მიმართულებებით და ა.შ. ჩვენ დღეს არ გვყავს მეცხოველეობის კვების ტექნოლოგები, ვეტერინარები, კვების მრეწველობის ტექნოლოგები, მაშინ, როდესაც ბიზნესმენები მნიშვნელოვან პროექტებს ახორციელებენ მეცხოველეობაში და სამწუხაროდ, საკუთარი რესურსით, კადრებს ევროპაში გადამზადების მიზნით აგზავნიან. სახელმწიფო კი საბიუჯეტო რესურსს ყოველწლიურად ხარჯავს ადამიანებზე, რომლებიც, ზუსტად ვიცით, რომ იქნებიან დაუსაქმებლები, ან უნდა გადაკვალიფიცირდნენ, რათა სამუშაო ადგილი იშოვონ“, - ეს განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა ბიზნესასოციაციის წევრებთან საუბრისას გაჟღერა.
გიორგი ჭეიშვილი