2015 წელს “შუამდგომლობის და არტბიტრაჟის განვითარებისთვის” სულ 1 ტრენინგი ჩატარდა 11 მოსამართლისთვის
რატომ ვერ ვითარდება საქართველოში დავის გადაწყვეტის ალტერნატიული საშუალებები
"საერთო სასამართლოების სისტემა გადატვირთულია და დავების განხილვა და გადაწყვეტილების გამოტანა ძალიან გვიანდება. ამის გამო, დარღვეული უფლების აღდგენის მხრივ სასამართლო სისტემა ეფექტური არ არის. დავის განხილვის ალტერნატიული საშუალება საქართველოში კარგად განვითარებული რომ იყოს, ეს ვითარებას რადიკალურად შეცვლიდა," - ამბობს www.eugeorgia.info-სთან საუბარში ადვოკატი, აკაკი ჩარგეიშვილი. საქართველო-ევროკავშირის ასოცირების დღის წესრიგით, რომელიც 2014-2016 წლების სამოქმედო ღონისძიებათა გეგმას მოიცავს, ქვეყანაში დავის გადაწყვეტის ალტერნატიული საშუალებები - შუამდგომლობა და არბიტრაჟი უნდა განვითარდეს.
თანამედროვე მსოფლიოში არბიტრაჟი კერძო დავების გადაწყვეტის ყველაზე ეფექტურ, სწრაფ და მოხერხებულ მექანიზმად მიიჩნევა: კერძო არბიტრაჟში დავას მოდავე მხარეთა მიერ შერჩეული და მათი ნდობით აღჭურვილი პირები - არბიტრები განიხილავენ. გაჭიანურებული და ხანგრძლივი სასამართლო პროცედურებისაგან განსხვავებით, რაც ხშირად მოდავე მხარეებს დიდ ზარალს აყენებს, საარბიტრაჟო სასამართლოში პროცესი სწრაფად, მხარეთა მიერ დადგენილ ვადებში ტარდება. გარდა ამისა, საერთო სასამართლოებისგან განსხვავებით, სადაც ერთი მხარეა მხოლოდ მოგებული, მეორე კი აგებს, აქ კომპრომისული შეთანხმების მიღწევა და დავის ადრეულ ეტაპზე დარეგულირებაც შეიძლება.
კანონი "კერძო არბიტრაჟის შესახებ" საქართველოში 1997 წლიდან არსებობს. თუმცა, ის საერთაშორისო სტანდარტებს არ შეესაბამებოდა. მიუხედავად იმისა, რომ 2010 წლის 1 იანვრიდან ძალაში შევიდა ახალი კანონი არბიტრაჟის შესახებ, რომელიც გაეროს საერთაშორისო სავაჭრო სამართლის კომისიის მიერ შემუშავებული მოდელური კანონის ბაზაზეა შექმნილი, საარბიტრაჟო სასამართლო საქართველოში პოპულარული ვერ გახდა: როგორც წესი, ქართული კომპანიები არბიტრაჟს მხოლოდ მაშინ მიმართავენ, როცა ამას მათ უცხოურ კომპანიასთან დადებული კონტრაქტი ავალდებულებთ.
თბილისში რამდენიმე კერძო არბიტრაჟი ფუნქციონირებს. მათ შორის: საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრი, დავების განმხილველი ცენტრი, თბილისის საარბიტრაჟო ინსტიტუტი, სამოქალაქო საქმეთა მუდმივმოქმედი არბიტრაჟი... მოქმედი კანონმდებლობით, არბიტრაჟის დაარსება ნებისმიერ ფიზიკურ და იურიდიულ პირს შეუძლია. საარბიტრაჟო სასამართლოების უმეტესობა სამეწარმეო რეესტრში შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების (შპს) ან არასამთავრობო ორგანიზაციის სახით არის დარეგისტრირებული. რამდენი არბიტრაჟია ქვეყანაში და რამდენი დავა მოგვარდა მათი მეშვეობით, ეს საქართველოში ზუსტად არავინ იცის: კერძო არბიტრაჟების და მათ მიერ განხილული დავების ზუსტი რაოდენობა არსადაა აღრიცხული.
ექსპერტთა შეფასებით, არბიტრაჟი დღეს საქართველოში თავის რეალურ ფუნქციას ვერ ასრულებს და ის ბანკების მიერ პრობლემური აქტივების ამოღების ყველაზე სწრაფ და ეფექტურ საშუალებად იქცა.
"საქართველოში არსებული არბიტრაჟები ძირითადად ბანკებსა და კრედიტორებს შორის არსებულ დავებს იხილავენ. თუ მოვალე დავალიანებას ვერ იხდის, ბანკი კერძო არბიტრაჟს მიმართავს და დაახლოებით 1 თვეში შედეგსაც აღწევს. არც არბიტრებს აქვთ ამ შემთხვევაში დიდი საქმე განსახილველი. საქართველოში ბაზარი სწორედ ასეთი საარბიტრაჟო დავებითაა გაჯერებული. სხვა სადაო საკითხები, მაგალითად პარტნიორებს შორის წილების გაყოფა ან საკონცერნო ურთიერთობასთან დაკავშირებული საკითხები, არბიტრაჟში არ განიხილება," - ამბობს ჩარგეიშვილი.
ბანკები და მიკროსაფინანსო ინსტიტუტები მათი ძირითადი მომხმარებლები რომ არიან, ეს ზოგიერთი არბიტრაჟის ოფიციალურ ვებგვერდზეც არის მითითებული. მაგალითად, "სამოქალაქო საქმეთა მუდმივმოქმედი არბიტრაჟის" ვებგვერდზე აღნიშნულია, რომ ის სარგებლობს ისეთი საკრედიტო-საფინანსო ორგანიზაციების ნდობით, როგორებიცაა: ს/ს "ბითიეი ბანკი", ს/ს "პრივატბანკი" მიკროსაფინანსო რგანიზაციები: "რიკო კრედიტი", "კრედო", „ენეტი“ და "თბილმიკროკრედიტი", სადაზღვევო კომპანია ''აი-სი-ჯგუფი'' და სხვები.
"ბანკები მათთან აფილირებულ პირებს აფუძნებინებენ არბიტრაჟებს და შემდეგ მათ აძლევენ თავიანთი დავების განხილვის უფლებას. ეს არასწორი მიდგომაა. არ შეიძლება, ბანკი ერთი ხელით ხელს აწერდეს საარბიტრაჟო შეთანხმებას და მორე ხელით "წყვეტდეს" იმ დავას, რომლის მონაწილეც თავად არის,” - ამბობს www.eugeorgia.info-სთან საუბარში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, იურიდიული ფირმა "ჯეი ენ თი კონსალტინგის" მმართველი პარტნიორი, გიორგი ცერცვაძე, - “მეორე მხრივ, ფაქტია, რომ არბიტრაჟის ყველაზე დიდი მომხმარებელი, იმ შემთხვევაშიც კი, როცა მისი დამფუძნებელი რომელიმე კონკრეტულ ბანკთან დაკავშირებული პირი არ არის, საბანკო სექტორია. იმ დროს, როცა ბანკს არბიტრაჟში 200-300 სარჩელი შეაქვს და სარჩელების საბაჟო მოსაკრებელს იხდის, ფრთიანი ანგელოზებიც რომ იყვნენ არბიტრებად, მაინც ჩნდება ეჭვი მათ მიკერძოებასთან დაკავშირებით, რადგან მათი საქმიანობის დამფინანსებლები ფაქტობრივად ბანკები გამოდიან. თუმცა, ვერ ვიტყვი, რომ ეს ბანკების და საარბიტრაჟოების ბრალია. საქართველოში საარბიტრაჟო განხილვების სფერო განვითარდა ისე, როგორც ბაზარმა მოითხოვა: ვინც დაინტერესდა, ის დებს საარბიტრაჟო შეთანხმებებს."
ექსპერტები არბიტრაჟის არაპოპულარობის მიზეზებზეც საუბრობენ: დავის გადაწყვეტის ალტერნატიული საშუალების შესახებ მოსახლეობის ძალიან დიდ ნაწილს არ აქვს ინფორმაცია და მას ნაკლებად ენდობიან. გარდა ამისა, ქვეყანაში კვალიფიციური, სანდო და მიუკერძოებელი არბიტრების დეფიციტია.
საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების დღის წესრიგის განხორციელების 2015 წლის ეროვნული სამოქმედო გეგმის შესრულების წლიურ ანგარიშში აღნიშნულია, რომ დავის ალტერნატიული გადაწყვეტის საშუალებებში (მედიაცია, არბიტრაჟი) მოსამართლეთა კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით ჩატარდა 1ტრენინგი თემაზე - „სასამართლო მედიაცია/მორიგება“, რომელსაც 11 მოსამართლე დაესწრო და არბიტრაჟის სანდოობისა და პოპულარობის გაზრდის მიზნით შემუშავდა საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომელიც ძალაში 2015 წლის 27მარტს შევიდა.
ახალი ცვლილებების თანახმად, დავის გადასაწყვეტად მხარეები შეძლებენ, მიმართონ კონკრეტულად ამ დავის განხილვისათვის შექმნილ არბიტრაჟს და უშუალოდ მხარეები შეთანხმდებიან კონკრეტულ საარბიტრაჟო წესებზე; იმ შემთხვევაში, თუკი საარბიტრაჟო შეთანხმების ორივე მხარე ფიზიკური პირია, სავალდებულო აღარ არისსაარბიტრაჟო შეთანხმების დამოწმება მხარეთა ადვოკატების ხელმოწერით ან სანოტარო წესით, შესაბამისად, ფიზიკური პირები საადვოკატო ან ნოტარიული მომსახურების ხარჯისგან გათავისუფლდნენ. საარბიტრაჟო შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, გამარტივდა არბიტრაჟის სასარგებლოდ საქმის წარმოების შეწყვეტის პროცედურა სასამართლოებში.განისაზღვრა არბიტრის (არბიტრების) დანიშვნის წესი იმ შემთხვევებისთვის, როდესაც მხარეებივერ ახერხებენარბიტრის დანიშვნას.
ცერცვაძე მიიჩნევს, რომ ახალი ცვლილებების დიდი ნაწილი არბიტრაჟის განვითარებისთვის მართლაც წინგადადგმული ნაბიჯია, მაგრამ არის რამდენიმე ცვლილება, რომელიც სერიოზულ კითხვებს ბადებს: "სამოქალაქო საპროცესო კოდექსის თანახმად, როცა მხარეები თანხმდებოდნენ დავის არბიტრაჟში განხილვაზე, სასამართლოში საქმის წარმოება წყდებოდა. ეს პუნქტი კოდექსიდან საერთოდ ამოიღეს. ახლა მხარეები თუ თანხმდებიან დავის არბიტრაჟში განხილვაზე, ეს ავტომატურ რეჟიმში სასამართლოში საქმის განხილვის შეწყვეტას აღარ ნიშნავს. მესმის ამ ცვლილების მიღების მოტივაცია: მაშინ, როცა არბიტრაჟი ბანკების ხელში მათი პრობლემური აქტივების ამოღების იარაღად იქცა, კანონმდებელმა ამ გზით სცადა საბანკო სექტორის მომხმარებელთა უფლებების დაცვა: როგორც წესი, ბანკები და სადაზღვევო კომპანიები მომხმარებლებს წინასწარ შედგენილ ხელშეკრულებაზე აწერინებენ ხელს და შემდგომში ისინი იძულებულები არიან მიჰყვნენ იმ წესს, რომელსაც ხელშეკრულება ადგენს. ამ ცვლილებით კი კანონმდებელმა მომხმარებელთა უფლებების დაცვის საშუალება სასამართლოს მისცა. სამწუხაროდ, ეს ცვლილება დასცილდა სტანდარტს. მთელს მსოფლიოში ასეა: როდესაც მხარეები დავის არბიტრაჟში განხილვაზე თანხმდებიან, სასამართლოში ამ საქმის წარმოება წყდება და მას განსახილველად არბიტრაჟს აძლევენ. სამწუხაროდ, ახალი ცვლილება დასცილდა ამ სტანდარტს. მიმაჩნია, რომ კანონმდებელს ოქროს შუალედის მოძებნა შეეძლო.”
გახანგრძლივებული საგადასახადო დავა, ბიზნესი და ფინანსთა სამინისტრო
კიდევ უფრო რთულდება მდგომარეობა მაშინ, როცა სასამართლო არა ყოფით, არამედ საგადასახადო დავას იხილავს. საგადასახადო დავის განხილვას ხშირად რამდენიმე წელი სჭირდება. ბიზნესი, რომელიც თვეობით და წლობით ელოდება გაჭიანურებულ დავაზე გადაწყვეტილების გამოტანას, ფინანსურად ზარალდება.
“მექანიზმი, რომელიც ეფექტურად დაარეგულირებდა საგადასახადო დავას, არ არსებობს”, - ამბობს აკაკი ჩარგეიშვილი.
საგადასახადო კოდექსი ბიზნესს საგადასახადო დავის გადაწყვეტის 2 გზას სთავაზობს: 1. დავის განხილვას ფინანსთა სამინისტროსა და სასამართლოში. ვიდრე გადასახადების გადამხდელი სასამართლომდე მივა, მან დავა ჯერ ფინანასთა სამინისტროში უნდა განიხილოს. თავდაპირველად საქმეს შემოსავლების სამსახურის მედიაციის საბჭო იხილავს. იმ შემთხვევაში, თუ მედიაციის საბჭოს ბიზნესისთვის არასასურველი გადაწყვეტილება გამოაქვს, მაშინ დავა ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭოში გადადის.
სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, 2014 წელს ( 2015 წლის მონაცემები ჯერ გამოქვეყნებული არ არის) დავების განხილვის საბჭოს სხდომაზე განსახილველად 3027 საჩივარი გავიდა, აქედან საბჭომ გადაწყვეტილება 2550 საქმეზე გამოიტანა (477 საჩივარზე გადაწყვეტილება გამოტანილი არ არის). სადავოთანხა 521 მლნ 341 ათასილარი იყო.
1062 შემთხვევაში მომჩივანთა მოთხოვნა სრულად ან ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, 1052 მომჩივანს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარი უთხრეს, 436 შემთხვევაში კი მომჩივნის მიერ სხვადასხვა პროცედურული მოთხოვნის დარღვევის ან დავის შეწყვეტის გამო საჩივარი განუხილველი დარჩა: სრულად ან ნაწილობრივ წლის განმავლობაში განხილული საჩივრების მხოლოდ 35 პროცენტი დაკმაყოფილდა.
“ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭო წმინდა წყლის ფორმალობაა. ეს ჩემი იდეა იყო, რომელიც სამინისტრომ სრულად დაამახინჯა. ისლანდიის და სახვადასხვა ქვეყნების მაგალითზე ვამბობდი, რომ რადგან სპეციალიზებული სასამართლო არ გვაქვს, ამიტომ კარგი იქნებოდა, თუ საგადასახადო დავების გადაწყვეტის ეფექტური მექანიზმი ადმინისტრაციული ორგანოს ფარგლებში შეიქმნებოდა,” - ამბობს სამართლის დოქტორი, ზვიად როგავა, - “ამჟამად მოქმედი დავების განხილვის საბჭო, სადაც მინისტრი და მისი მოადგილეებიც არიან, ზეპირი მოსმენით, რამდენიმე წუთში იხილავს მრავალკომპონენტიან საგადასახადო დავას, რომლის შესწავლასაც ხშირად რამდენიმე კვირა სჭირდება. ეს დავის გადაწყვეტა არ არის. მე ვგულისხმობდი აღმასრულებელი ხელისუფლების ფარგლებში შექმნილ ისეთ ორგანოს, სადაც პროფესიული ნიშნით შერჩეული ადამიანები იმუშავებდნენ და არა მინისტრები და მათი მოადგილეები, რომლებსაც საგადასახადო დავისა არაფერი გაეგებათ.
თუ სამინისტროში მიღებული გადაწყვეტილება ბიზნესს არ აკმაყოფილებს, საქმე უკვე სასამართლოში მიდის. ყოველწლიურად რამდენი საქმე მიდის დავების განხილვის საბჭოდან სასამართლოში და რა გადაწყვეტილებები გამოაქვს ამ საქმეებზე სასამართლოს, ამაზე ფინანსთა სამინისტროს ვებგვერდი არაფერს ამბობს: “ფინანსთა სამინისტროს ორივე ინსტანციის გავლას 1 წელი სჭირდება. სასამართლო განხილვაც დიდ დროს მოითხოვს. ერთი დავა 9 წელი გაგვიგრძელდა. ეს შეიძლება გამონაკლისია, მაგრამ ძალიან ხშირია დავები, რომლებიც 3-4 წელი გრძელდება. სასამართლოში სამი ინსტანციაა გასავალელი და ხშირად, მეორე ინსტანცია საქმეს შესასწავლად ისევ პირველს უბრუნებს. დავა ხანგრძლივდება და ამას უარყოფითი შედეგი მოაქვს როგორც ბიზნესისთვის, ისე სახელმწიფოსთვის: როცა გადასახადის გადამხდელს საგადასახადო ინსპექცია ( შემოსავლების სამსახური და აუდიტის დეპარტამენტი) ედავება, როგორც წესი, ანგარიშები ყადაღდება. კომპანიის ანგარიში რამდენიმე წლის განმავლობაში რომ დაყადაღებული იქნება, ის ვერაფერს ვერც შეიძენს და ვერც გაყიდის. რა თქმა უნდა, არცერთ გადასახადის გადამხდელს არ აქვს ინტერესი, რომ ასეთი დავა წამოიწყოს. ეს სახელმწიფოსთვისაც ცუდია: სანამ სადაო თანხა არ დაზუსტდება, ის ბიუჯეტში ვერ ჩაირიცხება: ზარალდება ბიზნესიც და ბიუჯეტიც. სწორედ ამიტომ არის საჭირო, რომ დავუახლოვდეთ ევროკავშირის სტანდარტებს და განხილვა რაც შეიძლება ეფექტური იყოს. ალტერნატივა არის არბიტრაჟი ან ისეთი ტიპის მედიაციის სამსახური, რომელიც სწრაფ და შეთანხმებულ გადაწყვეტილებებს მიიღებს, ” - ამბობს ჩარგეიშვილი.
რამდენიმე წლის წინ საქართველოში საგადასახადო არბიტრაჟი არსებობდა. საგადასახადო კოდექსი, რომელიც ხელისუფლებამ 2004 წელს დაამტკიცა, საქართველოში საგადასახადო არბიტრაჟის არსებობაბასაც ითვალისწინებდა. არბიტრაჟისმთავარი მიზანი სახელმწიფოსა და მეწარმეს შორის წარმოშობილი სადავო საკითხის გადაწყვეტა იყო. თუმცა, კოდექსის მიღებიდან რამდენიმე თვეში, მას შემდეგ, რაც კერძო არბიტრებმა სახელმწიფოსა და ბიზნესის რამდენიმე დავა მეწარმეების სასარგებლოდ გადაწყვიტეს, მთავრობამ არბიტრაჟი პოლიტიკურ მოტივაციასა და ბიუჯეტის საწინააღმდეგო მოქმედებებში დაადანაშაულა და კერძო არბიტრაჟს საგადასახადო დავების განხილვის უფლება საერთოდ ჩამოართვა.
უნდა იყოს თუ არა საქართველოში საგადასახადო არბიტრაჟი?
ამ კითხვაზე ექსპერტთა მოსაზრებები ორად იყოფა: ნაწილი მიიჩნევს, რომ საგადასახადო არბიტრაჟი აუცილებლად უნდა არსებობდეს, მეორე ნაწილისთვის კი ასეთი მოსაზრება კატეგორიულად მიუღებელია.
ადვოკატი, ასოცირებული პროფესორიროიან მიგრიაული მიიჩნევს, რომ საგადასახადო დავები კერძო არბიტრაჟმა არ უნდა განიხილოს: “არბიტრაჟის სტანდარტი არის კერძო სამოქალაქო დავების განხილვა. საგადასახადო დავა საჯარო სამართლებრივი დავაა, რომელიც მხოლოდ სასამართლომ უნდა განიხილოს - სპეციალიზებულმა, მაგრამ აუცილებლად სახელმწიფო სასამართლოების სისტემაში. კარგი იქნება, თუ ვიფიქრებთ სასამართლო სისტემაში ცალკე განსჯადი სასამართლო სისტემის შექმნაზე, რომელიც მხოლოდ საგადასახადო დავებს განიხილავს და სადაც სპეციალიზებული მოსამართლეები იქნებიან. ასეა მაგალითად გერმანიაში. იქ ცალკეა ფინანსური სასამართლო, რომელიც მხოლოდ საგადასახადო დავებს იხილავს.”
www.eugeorgia.info-სთან საუბარში ზვიად როგავა ახადებს, რომ საგადასახადო დავის განხილვაში კერძო სუბიექტი არ უნდა ჩაერიოს: “დავის გადაწყვეტის ალტერნატიული გზები კონფლიქტის მოგვარების ძალიან კარგი საშუალებაა და ის აუცილებლად უნდა განვითარდეს, მაგრამ აქ საუბარია მხოლოდ კერძო სამართლებრივ ურთიერთობაზე და ის არ გამოიყენება საჯარო სამართლებრივ ურთიერთობაში. ასეთი რამ არცერთ ქვეყანაში არ არსებობს. ეს არის წმინდა ადმინისტრაციული ურთიერთობა და მასში კერძო სუბიექტი არ შეიძლება ჩაერიოს.
საქართველოს კონსტიტუციით აკრძალულია სპეციალიზებული სასამართლოები, მაგრამ არ არის აკრძალული სპეციალიზებული მოსამართლეები. ამჟამად მოქმედმა მოსამართლეებმა საგადასახადო სამართალი არ იციან. არ ისწავლებოდა ეს საგანი უნივერსიტეტში. როგორ შეიძლება ასეთი მოსამართლე სრულფასოვანი საგადასახადო მოსამართლე იყოს? საგადასახადო დავები სპეციფიკური დავებია და ასეთი დავების განხილვისთვის აუცილებლად უნდა გვყავდეს პეციალიზებული მოსამართლეები. ამის მიღწევა შესაძლებელია. შესაძლებელია, რომ გვყავდეს ქვეყნის მასშტაბით 10 ისეთი მოსამართლე, რომელიც მხოლოდ საგადასახადო დავების განხილვაზე იმუშავებს, თორემ ხშირად ხდება, რომ სასამართლოში საგადასახადო დავაზე პროცესი მთავრდება და სასამართლოს გადაწყვეტილებით არც ერთი მხარე არ არის კმაყოფილი. ეს სასამართლოს პრესტიჟზე უარყოფითად მოქმედებს.”
გიორგი ცერცვაძე აცხადებს, რომ საგადასახადო არბიტრაჟის პრატიკა თანამედროვე მსოფლიოში არსებობს, მაგრამ ამ ეტაპზე ამ გამოცდილების გადმოღება საქართველოს არ გამოადგება: “აშშ-ში არის ასეთი პრაქტიკა, თუმცა იქაც კი, არბიტრაჟი ყველა ტიპის საგადასახადო დავას არ იხილავს. არის ისეთი დავები, რომლის განხილვის უფლებაც არბიტრაჟს არა აქვს. თუ გავითვალისწინებთ იმას, განვითარების რა ეტაპზეა ამჟამად ეს ინსტიტუტი საქართველოში, ძალიან ნაადრევია იმაზე საუბარი, რომ ჩვენს ქვეყანაში არბიტრაჟმა განიხილოს საგადასახადო დავები. ამისთვის საჭიროა, რომ გვყავდეს ისეთი არბიტრები, რომლებიც არბიტრაჟის ძალიან ცნობილი სპეციალისტები არიან, აქვთ რამდენიმეწლიანი გამოცდილება და ცოდნა და ამავე დროს არიან საგადასახდო საქმის კარგი სპეციალისტები. ასეთი კადრები კი საქართველოში არ არსებობენ”. იურისტი, დავით კლდიაშვილი კი ჩვენთან საუბარში ამბობს: “ბიზნეს დავების კვალიფიციური არბიტრაჟების მიერ გადაწყვეტა მყისიერ დადებით შედეგს გამოიწვევს, ვინაიდან ამით უზრუნველყოფილი იქნება დავების დროის მოკლე ვადებში გადაწყვეტა, რაც საშუალებას მისცემს ბიზნესს უფრო თამამად შევიდეს გარიგებში იმ მოლოდინით, რომ მეორე მხარის მიერ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მისი უფლებების დაცვა წლობით არ გაგრძელდება.”
მანანა ვარდიაშვილი