რას ითხოვს ჩვენგან ევროპის ენერგეტიკული გაერთიანება
საქართველოში არ ნელდება დისკუსია ქვეყნის ენერგეტიკული პოლიტიკისა და ზოგადად ენერგეტიკული სტრატეგიის ბუნდოვანების გარშემო. ერთის მხრივ ენერგეტეკის სამინისტროს წარმომადგენლები და თავად მინისტრი ცდილობენ დაარწმუნონ საზოგადოება, რომ აქამდე გადადგმული ნაბიჯები მხოლოდ მოსახლეობის ინტერესებს ემსახურება და ენერგოუსაფრთხოებასა თუ ენერგოწყაროების დივერსიფიცირებას ისახავს მიზნად. ხოლო ენერეგეტიკის სფეროში ჩართული არასამთავრობო ორგანიზაციები და მედია ჯიუტად განაგრძობენ ენერგეტიკის სამინისტროს მხილებას არათანმიმდევრულ განცხადებებსა და ნაბიჯებში, რომლებიც თავისი შინაარსით წინააღმდეგობაში მოდის ევროპის ენერგეტიკუი გაერთიანების ძირითად პრინციპებთან. მაშ რას წარმოადგენს ეს "ენერგეტიკული გაერთიანება" და რა კონკრეტულ სავალდებულო თუ წამახაისებელ ელემენტებს შეიცავს ის, რამაც ასე აქტუალური გახადა მასში საქართველოს სასწრაფო გაწევრიანება 2016 წლის სექტემბრამდე. ცხადია, ამ წერილის ფორმატში გაერთიანების სრულ დეტალებში გადმოცემას ვერ მოვახერხებთ, თუმცა მოხდება ყურადღების გამახვილება გაერთიანებაში მოქმედ საერთო წესებზე, მნიშვნელოვან სამართლებრივ-საკანონმდებლო სფეროებზე, ისევე როგორც კონკრეტულ საკითხებზე როგორიცაა, ტრანზიტი, ფასწარმოება, სტატისტიკა და აშ.
გაერთიანების საერთო წესები -Acquis Communitaire
ევროკავშირის ენერგოსექტორში მოქმედების საერთო წესების საფუძველს წარმოადგენს 1991 წელს მიღებული ენერგო ქარტია, 1994 წელს მიღებული ენერგოქარტიის ხელშეკრულება და 2005 წელს დაარსებული ენერგეტიკული გაერთიანების ხელშეკრულება, რომელიც 2006 წელს შევიდა ძალაში. ამ დოკუმენტებს ემატება მთელი რიგი სამართლებრივი აქტები და რეგულაციები, რომლებიც ევროკომიისა და პარლამენტის მიერ მტკიცდება და ევროკავშირის ენერგეტიკული სფეროს ეგრეთ წოდებულ Acquis Communitaire -ს წარმოადგენს, ანუ მოქმედ საერთო სავალდებულო სამართლებრივ აქტებს.
უნდა აღინიშნოს რომ ენერგეტიკულ გაერთიანებაში გაწევრიანების მსურველ ქვეყანას ანუ საქართველოსაც მოუწევს საკმაოდ შრომატევადი და მოცულობითი სამუშაოების ჩატარება ენერგეტიკის სექტორში ყველა სამართლებრივი აქტის გადახედვის, შეცვლის თუ გაუქმების კუთხით. ეს პროცესი შესაძლოა საკმაოდ გაიწელოს დროის მიხედვით, თუმცა არავითარ შემთხვევაში გამოდგება რაიმე არგუმენტად პროცესის შესაჩერებლად. როგორც გაერთიანების 2014 წლის მოხსენება “AN ENERGY COMMUNITY FOR THE FUTURE" აღნიშნავს, სფეროში მოქმედი და განსაკუთრებით ახლა მიღებული საერთო სამართლებრივი აქტების მიღება კიდევ უფრო აადვილებს და უფრო ეფექტურს ხდის უკვე ადრე დამტკიცებული კანონებისა თუ რეგულაციების მოქმედებას (მაგ. ქსელების კოდების წესები).
ენერგეტიკული Acquis Communitaire-ის ძირითადი და პრიორიტეტული მიმართულებებია შემდეგ სფეროებში რეფორმების ეფექტური განხორციელება:
• შიდა ენერგობაზარი
• განახლებადი ენერგია და გარემოს დაცვა
• ენერგიის ეფექტური გამოყენება
ამ პრიორიტეტულ სფეროებში გაწევრიანების კანდიდატ ქვეყანას ანუ საქართველოს ენერეგეტიკის სფეროში რეფორმებისა და ცვლილებების გატარებისას დაევალება განსაკუთრებული ყურადღება მიაქციოს ფასწარმოებისა და მონაცემების გამჭვირვალებას, მომპოვებლის/მომწოდებლის/შემნახველის ერთმანეთისგან განცალკევებას, მომხმარებლისა და მოწყვლადი სოციალური ჯგუფების უფლებების დაცვას, გარემოს ევროპული სტანდარტების დაცვას, გამჭვირვალე კონკურენციისა და მომარაგების უსაფრთხოების უზრუნველყოფას. სწორედ ამ კუთხით გადადგმული ნაბიჯები ქმნის 2014 წლის მოხსენების (" ENERGY COMMUNITY FOR THE FUTURE ") მიხედვით კანდიდატ ქვეყანაში " სასურველი საინვესტიციო გარემოს" და ევროკავშირის მხრიდან საჭირო ინვესტიციების მოზიდვის მყარ გარანტიას. ენერგეტიკული გაერთიანების "2016-2017 წლის სამუშაო პროგრამის" მიხედვით გაერთიანების სამდივნო თავის თავზე იღებს დახმარება აღმოუჩინოს კანდიდატ-ქვეყანას ყველა ზემოთხსენებულ სფეროში და უზრუნველყოს კანონმდებლობის მაქსიმალური დაახლოება ევროპულ ენერგეტიკულ Acquis –სთან გაწევრიაწევრიანებამდეც კი.
კითხვა 1 - ამ თვალსაზრისით სასურველი იქნებოდა რომ ენერგეტიკის სამინისტროს მიეწოდებინა საზოგადოებისთვის ინფორმაცია, თუ კონკრეტულად რა სამართლებრივი აქტების გადახედვა მოხდა აქამდე A Acquis Communitaire -თან დასაახლოვებლად და ამ მიზნის მისაღწევად კოორდინაციის რა ხარისხი არსებობს ენერგტიკული გაერთიანების სამდივნოსთან? |
დამატებით, 2016-2017 წლის სამუშაო პროგრამა ითვალისწინებს კანდიდატ-ქვეყნებისთვის დამხარების აღმოჩენას სტატისტიკური სისტემის თავსებადობის მისაღწევად UNECE/IEA/EUROSTAT-ის მიერ გამოყენებად მეთოდოლოგიასთან. აღნიშნული მეთოდოლოგია ითვალისწინებს წლიური ბალანსის, ენერგეტიკის სფეროში სტატისტიკური მონაცემების და პერიოდული (თვიური) მოხსენების სისტემის დანერგვას. სტატისტიკური მონაცემები ასევე უნდა მოიცავდეს გამჭვირვალე ინფორმაციას ენერგეტიკის მდგრადი განვითარების ინდიკატორებისა და ელქტროენერგიის/ბუნებრივი აირის ფასებისა და მათი წარმოშობის მექანიზმების შესაბამისობის შესახებ ენერგეტიკულ გაერთიანებაში მოქმედ წესებთან.
მაგალითი - გაზის სექტორი
გაზპრომთან ბოლო პერიოდში გახშირებული მოლაპარაკეკების ფონზე განსაკუთრებით აქტუალური გახდა იმის გარკვევა თუ რა არგუმენტებს ეყრდნობა ენერგეტიკის სამინისტრო ჩვენი ქვეყნისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღების დროს. ამავე დროს გაზის სექტორი ევროპული ენერგეტიკული გაერთიანების ერთ-ერთ სტრატეგიულ სფეროს წარმოადგენს და მასთან მიმართებაში მოქმედი წესები ასევე სავალდებულო ხასიათს იძენს იმ ქვეყნისთვის, რომელსაც მასში გაწევრიანების პრეტენზია გააჩნია.
ევროპის ენერგეტიკული გაერთიანების გაზის სექტორის მარეგულირებელ სამართლებრივ საფუძველს ევროკომისიის დირექტივა 2009/73/EC წარმოადგენს. მასში საინტერესო დეტალებია ასახული გაზის შიდა ბაზრის სექტორის ორგანიზაციის შესახებ. კერძოდ, მეორე თავში განსაკუთრებით აღსანიშნავია 47-ე მუხლი, რომლის ციტირებაც ურიგო არ იქნებოდა:
"კავშირის მოქალაქეებს....აქვთ უფლება ისარგებლონ მომსახურებით სამართლიანი ტარიფების საფუძველზე. მომხმარებელთა მომარაგების მნიშვნელოვანი ასპექტია თავისუფალი წვდომა ობიექტურ და გამჭვირვალე ინფორმაციაზე მოხმარების შესახებ. მომხმარებელს უნდა ჰქონდეს სრული წვდომა მოხმარებისა და ფასების მონაცემებზე, ისე რომ მათ შეძლონ უკეთესი მომწოდებლის არჩევა. მომხმარებელს ასევე უნდა ჰქონდეთ ინფორმაცია ენერგიის მოხმარების შესახებ. მომხმარებლისთვის საკმაო სიხშირით მიწოდებული ინფორმაცია დახარჯული ენერგიის ღირებულების შესახებ წაახალისებს მომხმარებელს მოიქცეს ისე, რომ შეცვალოს ქცევა და შეამციროს ენერგიის მოხმარება. მომხმარებელთა არსებული უფლებები უნდა განმტკიცდეს და მიეცეს დამატებითი გარანტიები განსაკუთრებით დამატებითი გამჭვირვალების კუთხით. მომხმარებელთა დაცვამ უნდა უზრუნველყოს კონკრეტული სარგებლის მიღება ყველა მომხმარებლისთვის კონკურენტუნარიანი ბაზრის არსებობის პირობებში. ხოლო მომხმარებელთა უფლებები უნდა იქნას დაცული წევრი ქვეყნის მიერ ან არსებული მარეგულირებელი ორგანიზაციის მეშვეობით."
კითხვა 2 - აქაც სასურველი იქნებოდა გაგვეგო ენერგეტიკის სამინისტროსგან, თუ რა ნაბიჯები არის ან იქნება გადადგმული ენერგიის მოხმარებასთან დაკავშირებული ინფორმაციის მაღალი გამჭვირვალების უზრუნველსაყოფად. რა პერიოდულობით და როგორ აპირებს სამინისტრო ან მარეგულირებელი ორგანო ინფორმაციის მიწოდებას ენერგიის დაზოგვასთან და ალტერნატიული მომწოდებლის არსებობის შესახებ? |
საქართველოს ენერგომომარაგებისთვის ასევე უაღრესად მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს ბუნებრივი აირის მოპოვების, მიწოდების, განაწილებისა და შენახვის ერთმანეთისაგან გამიჯვნა. ევროკომისიის დირექტივის 2009/73/EC მესამე თავი სრულიად მოიცავს ამ საკითხს და ჩვენთვის საინტერესო დასკვნებს აკეთებს:
• მე-9 მუხლი მაგალითად სრულიად კრძალავს პირის ან პირთა ჯგუფის მიერ მოპოვების, მიწოდების, განაწილებისა და შენახვის ფუნქციების რაიმე სახით (მათ შორის აქციების საკონტროლო პაკეტის ფლობით) ერთდროულად განხორციელებას.
• მე-10 მუხლის მიხედვით მარეგულირებელი ორგანო ვალდებულია მუდმივად აკონტროლოს გამანაწილებელი (მიმწოდებელი) სისტემის ოპერატორის მიერ მე-9ე მუხლის მოთხოვნების სრული შესრულება.
• მე-11 მუხლი ავრცელებს მე-9 და მე-10 მუხლის მოთხოვნებს მესამე ქვეყნის პირზეც, ვინც აკონტროლებს გამანაწილებელ სისტემას და დამატებით ავალდებულებს მიწოდების უსაფრთხოების უზრუნველყოფას.
ყველა შემთხვევაში დირექტივის მიხედვით მარეგულირეელ ორგანოს გააჩნია სერიოზული მაკონტროლებელი და მოხსენებითი ფუნქცია როგორც ადგილობრივი ბაზრის რეგულირებისა და მომხმარებელთა მუდმივი ინფორმირების, ასევე ევროკომისიასთან ურთიერთობის კუთხით. შესაბამისად, ენერგეტიკის სამინისტროსთვის ურიგო არ იქნებოდა გაეცა პასუხი შემდეგ შეკითხვაზე:
კითხვა 3 - რამდენად გათვალისწინებულია ან რა პერიოდში აპირებს საქართველოს ხელისუფლება დაუახლოვოს და თავსებადობაში მოიყვანოს არსებული კანონმდებლობა ევროკომისიის ამ კონკრეტულ დირექტივასთან? |
ეს კითხვა იმდენად მნიშვნელოვანია, რამდენადაც მოიცავს არა მხოლოდ თავისუფალი ბაზრის და მაღალი კონკურენციის, არამედ მომარაგების უსაფრთხოების მაღალი გარანტიის ელემენტებსაც, და თავიდანვე გამორიცხავს ბაზარზე მონოპოლიური თუ სხვა ფარული (კორუფციული) სქემების გაჩენის ალბათობას.
გარდა ამისა, გაზპრომთან სომხეთისთვის ტრანზიტით მიწოდებული გაზის საფასურის საკითხის განსაკუთრებული სიმწვავის გამო, საინტერესოა, თუ როგორ არეგულირებს ამას ენერგეტიკული ქარტია და რა პრინციპებს ანიჭებს უპირატესობას ტრანზიტისა და ფასწარმოების პროცესის განსაზღვრისას. ქარტიაში ხაზგასმულად არის ნახსენები, რომ მხარეებმა უნდა უზრუნველყონ ტრანზიტი GATT 1994-ისა და ენერგეტიკული ქარტიის ხელშეკრულების დებულებების მიხედვით. არცერთი დოკუმენტი არ ადასტურებს ბუნებრივი აირის ტრანზიტის გადასახადის მხოლოდ ფულად ერთეულში გადახდის აუცილებლობას. ხოლო რაც შეეხება გაზზე ფასწარმოების მექანიზმებს, ენერგეტიკული ქარტიის ხელშეკრულება 16-ჯერ ახსენებს "ბაზრის საორიენტაციო ფასის" ტერმინს და თავისუფალ ბაზარს ასახელებს, როგორც ფასწარმოების ძირითად ფაქტორს, რომელიც თავის მხრივ შემდეგ პრინციპებს ეყრდნობა:
• თავისუფალი საბაზრო წვდომა ენერგიის წყაროზე, მასალებზე, აღჭურვილობაზე და მომსახურებაზე
• თავისუფალი წვდომა შიდა და საერთაშორისო ბაზრებზე
• თავისუფალი წვდომა საუკეთესო საფინანსო (კაპიტალის) მექანიზმებზე
• ტექნიკური და ადმინისტრაციული ბარიერების შემცირება ენერგობაზარზე
ამრიგად ერთის მხრივ გაუგებარია, საიდან ჩნდება ასე უაპელაციოდ რუსეთთან მოლაპარაკების პროცესში ტრანზიტის გადასახადის ფულად ერთეულში აღებაზე დათანხმების მოთხოვნა. ხოლო, მეორეს მხრივ აბსოლუტურად გაუმჭვირვალე და გაუგებარია რა მექანიზმების მეშვეობით დგინდება მომხარებლისთვის ბუნებრივ აირზე არსებული ფასების დადგენა. იგივე შეკითხვა ჩნდება ელექტროენერგიის სფეროში მოქმედ ფასებთან დაკავშირებით.
ასოცირების ხელშეკრულება - ენერგოვალდებულებები
ზემოხსენებული პირობები და ვალდებულებები, ცხადია გამეორებულია და პირდაპირ არის მითითებული ევროკავშირთან დადებულ ასოცირების ხელშეკრულებაში. მასში მთელი სიცხადით (კონკრეტულად 298ე მუხლში) არის მოთხოვნილი მხარეების ვალდებულება უზრუნველყონ ენერგო ბაზრების მზარდი ინტეგრაცია და თანდათანობითი საკანონმდებლო-პროცედურული დაახლოვება ევროკავშირის ენერგო- Acquis -თან. ასოცირების ხელშეკრულების 216 მუხლის (ბაზრის ორგანიზება) მიხედვით აღნიშნულია, რომ გაზისა და ელექტროენერგიის შიდა ფასების განსაზღვრისას, მისი დადგენის მეთოდოლოგია და მექანიზმი უნდა გამოქვეყნდეს მანამადე სანამ დადგენილი ფასი შევა ძალაში.
კითხვა 4 - საინტერესოა ენერგეტიკის სამინისტროსგან გავიგოთ, აქამდე რა პრაქტიკა არსებობდა ამ კუთხით, და მომავალში რა იგეგმება კერძოდ გაზპრომთან და სოკართან მოლაპარაკებების დეტალებისა საზოგადოების სრული ინფორმაციული უზრუნველყოფის მოთხოვნის გათვალისწინებით. |
ასოცირების ხელშეკრულების 288ე მუხლის მიხედვით გათვალისწინებულია ენერგეტიკის სამინისტროს მიერ თანამშრომლობის ვალდებულება ევროპის სტატისტიკურ უწყებასთან EUROSTAT -თან, ენერგეტიკის სფეროში სტატისტიკური მონაცემების, ბალანსის, სტატისტიკური კლასიფიკაციის, ხარისხის მენეჯმენტის, გავრცელების, თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიების და სხვა საკითხებში.
კითხვა 5 - რა კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგა დასახლებული მიმართულებების მიხედვით? |
ასოცირების ხელშეკრულების დანართი #25-ის მიხედვით საქართველო ვალდებულებას იღებს ევროპარლამენტისა და საბჭოს შემდეგი დირექტივების განხორციელებას:
1. დირექტივა 2009/72/EC – ელექტროენერგიის შიდა ბაზრის საერთო წესები
2. დირექტივა 2009/73/EC – ბუნებრივი გაზის შიდა ბაზრის სერთო წესები
3. რეგულაცია (EC) 715/2009 – ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების ქსელზე წვდომის პირობები.
4. დირექტივა 2008/92/EC – სამრეწვლო მომხმარებლებისთვის დაწესებული გაზისა და ელექტროენერგიის ფასების გამჭვირვალების გაუმჯობესების პროცედურების შესახებ
5. რეგულაცია 994/2010 - გაზით მომარაგების უსაფრთხოების უზრუნველყოფის ზომების შესახებ.
6. დირექტივა 2010/31/EU - შენობების ენერგეტიკული ეფექტურობის შესახებ
კითხვა 6 - რა ნაბიჯები არის გადადგმული ამ კუთხით და რა არის დაგეგმილი 2016 წლის განმავლობაში? |
ევროკავშირის ენერგოპოლიტიკის ზოგიერთი სასარგებლო ინსტრუმენტი
“სტრატეგიული ორიენტაციის 2014-2020” დოკუმენტის ფარგლებში საკმაოდ დეტალურად არის გაწერილი «სამეზობლოსთან საინვესტიციო წინაპირობი» (Neighborhood Investment Facility-NIF). NIF -ს გააჩნია მკაფიოდ დეკლარიეებული სტრატეგიული მიზნები, როგორიცაა:
• ენერგომომარაგების და ურთიერთკავშირის გაუმჯობესება ევროკავშირსა და საკუთრივ მეზობლებს შორის,
• ენერგიის ეფექტურად გამოყენებისა და მენეჯმენტის გაუმჯობესება
• ენერგეტიკული უსაფრთხოების გაუმჯობესება ენერგობაზრების დივერსიფიკაციისა და ინტეგრაციის გზით
ამმათთან ერთად NIF-ის ერთ-ერთი პრიორიტეტია ევროკავშირში დადებული შეთანხმებებისა და პროექტების განხორციელება. ჩვენთან მიმართებაში საინტერესოა, რომ ერთ-ერთ ამოცანას წარმოადგენს ევროკავშირის სამეზობლოს ურთიერთდაკავშირება და ძირითად ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაში ინვესტიციების განხორციელება. უფრო დეტალურად NIF- ითვალისწინებს შემდეგი პრიორიტეტული სფეროების ხელშეწყობას:
1. საერთო ინტერესის პროექტები ტრანს-ევროპული ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის და ქსელის ფარგლებში (TEN-E, Trans-European Energy Infrastructure and Networks, Projects of Common Interests-PCI )
2. პროექტები, რომლებიც ემსახურება პარტნიორი ქვეყნების ეროვნული პოლიტიკის მიზნებს და ამოცანებს ენერგიის გენერირებისა და დაზოგვის სფეროში
3. პროექტები, რომლებიც ემსახურება ელექტროენერგიის გადაცემისა და დისტრიბუციის ინფრასტრუქტურის განვითარებას.
კითხვა 7 - არსებობს თუ არა ამ კუთხით NIF-ის ფარგლებში საქართველოს მხრიდან რაიმე პროექტის განორციელების მაგალითი ან თუ იგეგმება რაიმე კონკრეტული პროექტი განსაკუთრებით თურქმენეთის გაზის აზერბაიჯანისა და საქართველოს გავლით ევროპისთვის მიწოდების პერსპექტივის გათვალისწინებით? |
დასკვნა
სტანდარტული დასკვნის სანაცვლოთ ჩვენ ვისურვებდით ენერგეტიკის სამინისტროსგან ამ წერილში დასმულ შეკითხვებზე ამომწურავი პასუხების მიღებას. ეს ნაბიჯი, ერთის მხრივ საგრძნობლად გაზრდიდა საზოგადოების ინფორმირებულობის ხარისხს ენერგეტიკულ გაერთიანებაში საქართველოს დროული (თუ სასწრაფო არა) გაწევრიანების აუცილებლობის შესახებ. ამავე დროს, მოხდებოდა აქამდე საკმაოდ დაფარულ და ტექნიკურ-სამართლებრივ საკითხებზე ღია მსჯელობის სტიმულირება და შექმნილი რთული ვითარებიდან გამოსავლის ოპტიმალურ გზებზე ფართო საზოგადოებრივი კონსენსუსის მიღწევა. ყველაფერთან ერთად არ უნდა დაგვავიწყდეს რომ ევროკავშირში "შოლტისა და თაფლაკვერის" პოლიტიკა არავის გაუუქმებია. როგორც ენერგეტიკული გაერთიანების სამუშაო გეგმაში წერია, მზარდი დაფინანსება და ინვესტიცია უნდა გამოეყოს ორმხრივი და მრავალმხრივი დახმარებებისთვის, განსაკუთრებით იმ პროექტებისთვის, რომლებიც ენერგეტიკული გაერთიანების ინტერესებში შედის. თუმცა ყველა სახის დახმარება და დაფინანსება დამოკიდებული იქნება ენერგეტიკული გაერთიანების ვალდებულებების შესრულებაზე.
ლაშა ძებისაშვილი