GIZ-მა მეღვინეობის მიმართულებით დუალური პროფესიული განათლების მოდელი უკვე შეიმუშავა
სახელმწიფო ყოველ წელს ფილოსოფიის მიმართულების 40 ახალი სტუდენტის სწავლას სრულად აფინანსებს. ფილოსოფიასთან ერთად პრიორიტეტულ მიმართულებებადაა გამოცხადებული კიდევ 20 სპეციალობა, მათ შორის: აგრარული მეცნიერებები, ინჟინერია და საბუნებისმეტყველო სპეციალობები. პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ამბობს, რომ განათლების სექტორში ”რეალურ მოთხოვნაზე დაფუძნებული დაფინანსების სისტემა უნდა შეიქმნას”, რადგან 60%, ვისაც მთავრობამ განათლება დაუფინანსა, ვერ საქმდება და ბევრი მხოლოდ იმიტომ იღებს უმაღლეს განათლებას, რომ სახელმწიფო ამ მიმართულებას აფინანსებს. განათლების სამინისტროში ფიქრობენ, რომ დასაქმების გარანტია გერმანული დუალური პროფესიული განათლების მოდელი იქნება. გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებამ (GIZ) მეღვინეობა-მევენახეობის მიმართულებით მსგავსი მოდელი უკვე შეიმუშავა.
“გერმანიაში, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, უმაღლეს განათლებაზე პასუხისმგებლობა სრულად აიღო სახელმწიფომ, ხოლო პროფესიულზე უფრო მეტი პასუხისმგებლობა დაეკისრა კერძო სექტორს- ბიზნესს. რატომაა აუცილებელი პროფესიული განათლება? ჩვენთან, როდესაც სასწავლებლებიდან საწარმოო პრაქტიკაზე მიდიან სტუდენტები, საწარმო არ არის ვალდებული შეფასება მისცეს და არ იღებს პასუხისმგებელობას მათ კვალიფიკაციაზე. დუალურ განათლებაში კი სკოლასაც და საწარმოსაც ერთნაირი უფლება აქვს, სტუდენტი დროის 60% ატარებს საწარმოში, 40%-ს თეორიული ცოდნის მისაღებად სასწავლებელში, ორივე მხარე აფასებს და ორივეა პასუხისმგებელი კვალიფიკაციაზე“- ამბობს GIZ-ის პროგრამა “კერძო სექტორის განვითარება სამხრეთ კავკასიაში” პროფესიული კვალიფიკაციისა და განვითარების ექსპერტი ირაკლი შურღულაია.
თეორიული სწავლისა და პრაქტიკის ერთობლიობა, რომელსაც გერმანიაში “დუალური განათლების მოდელს” უწოდებენ, საგანმანათლებლო სისტემის მნიშვნელოვან პრინციპად მიიჩევა. სისტემის არსი მდგომარეობს იმაში, რომ სტუდენტი პროფესიულ სასწავლებელში სწავლის პარალელურად მუშაობს საწარმოში, სადაც მას მომზადებული ინსტრუქტორი ასწავლის კონკრეტულ სამუშაო უნარებს. დღეს საქართველოში რამდენიმე სასაწავლებლის (როგორც უმაღლესი, ასევე პროფესიული) პროგრამაც ითვალისწინებს სტუდენტების პრაქტიკას, თუმცა ამას ხშირ შემთხვევაში ფორმალური ხასიათი აქვს.
2013 წელს, როდესაც განათლებისა დამეცნიერების სამინისტროს ინიციატივით ბაკალავრიატის 21 სპეციალობის სრული კურსი უფასო გახდა, ტექნიკურ უნივერსიტეტში აგრარული მეცნიერებების და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტი შეიქმნა, რომელშიც 7 უფასო სპეციალობა გაერთიანდა. დღეს ფაკულტეტის სტუდენტები საველე და საწარმოო პრაქტიკას გადიან, თუმცა, ამ შემთხვევაშიც, კერძო სექტორი მათ კვალიფიკაციაზე პასუხისმგებლობას არ იღებს და არც დამატებითი ფინანსებია მათი უნარ-ჩვევების დასახვეწად გათვალისწინებული.
“საგანმანათლებლო პროგრამა ითვალისწინებს ერთსემესტრიან საწარმოო ან საველე პრაქტიკას (ვენახში, ფერმაში ა.შ.), რაც ეთვლებათ კრედიტებში, ხელშეკრულებები გვაქვს გაფორმებული კომპანიებთან, რამდენი საათი, რამდენ სტუდენტს მიიღებენ, ზოგი ხელშეკრულება ითვალისწინებს ტრანსპორტირებას, ინდივიდუალურად კომპანიის მდებარეობიდან გამომდინარე”,- ამბობს ფაკულტეტის ხარისხის მართვის სამსახურის ხელმძღვანელი მარიკა სიხარულიძე.
იქნება თუ არა ერთი შეხედვით მიმზიდველი გერმანული მოდელი წარმატებული ქართულ რეალობაში, სადაც პროფესიული განათლების პრესტიჟი დაბალია და უმაღლესი განათლების დიპლომი - დასაქმების მთავარი წინაპირობა?- საქართველოში ტემპუსის ეროვნული ოფისის ხელმძღვანელი მიიჩნევს, რომ არსებულ ვითარებაში არც კერძო სექტორისთვის იქნება მარტივი საგანმანათლებლო აქტივობებში ჩართვა და დამატებითი ფინანსების გამოყოფა.
“ეს ნიშნავს იმას, რომ პრინციპულად უნდა შევცვალოთ განათლების დაფინანსების სქემა-დაფინანსებაში შემოგვყავს საწარმო, როგორც ფულის მიმღები, სად არის ამდენი ფული და სად არის საწარმოს მზაობა? სანამ მე საწარმოს მივცემ ფულს გადამზადებისთვის, ინსტრუქტორი უნდა მოვამზადო იქ, იმ საწარმოს არ უნდა შეეშალოს წარმოების ციკლში ხელი, ჰყავს კი იმას იმდენი სპეციალისტი, რომ თავისი სამუშაოც აკეთოს და კიდევ გამოყოს ცალკე ადამიანი?!,...ბიზნესმა უნდა იცოდეს რა სჭირდება და მზად უნდა იყოს თანხის გასაღებად. ცოტა ფრთხილად ვიქნებოდი ზევიდან დაწყებული ინიციატივასთან, თან როცა საუბარია დასაქმებაზე, ძნელია ზუსტი პროგნოზირება: მე, როგორც ბიზნესმენი ჩავდებ თანხას კონკრეტული სტუდენტის განათლებაში და 4 წლის შემდეგ დავასაქმებ ჩემთან-თითქმის წარმოუდგენელია ისეთ ვითარებაში, როდესაც საქართველოში ბიზნესები იხსნება-იხურება”,-ამბობს საქართველოში ტემპუსის ეროვნული ოფისის ხელმძღვანელი ლიკა ღლონტი.
რამდენად მზადაა დღეს საქართველოში კერძო სექტორი იმისთვის, რომ აქტიურად ჩაერთოს საგანმანათლებლო აქტივობებში და საჭიროების შემთხვევაში გამოყოს დამატებითი ფინანსები?- eugeorgia.info-მ ეს შეკითხვა საქართველოში მოქმედ რამდენიმე კომპანიასაც დაუსვა.
“ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტის სტუდენტები ხშირად მოდიან ჩვენთან. ინსტრუქტორი მოყვებათ უნივერსიტეტიდან და დაახლოებით 1-თვიანი პრაქტიკებს გადიან. კომპანიას მათთვის ფინანსები არა აქვს გამოყოფილი. ვერ გეტყვით, რომ მერე ზუსტად ეს კადრები აგვყავს, კადრებზე უფრო დიდი პრობლემა ადგილების რაოდენობაა”,- აცხადებს სამშენებლო კომპანიის “აქსისი” კადრების მენეჯერი თეა სრესელი.
“ვერ გეტყვით, რამდენად მზად იქნება კომპანია დამატებითი ფინანსები გამოყოს, თუმცა საინტერესო იქნებოდა მსგავსი თანამშრომლობა, რადგან ამ მიმართულებით ნამდვილადაა კადრების სიმწირე საქართველოში. ახლახან, GIPA-სთან ერთად დავაარსეთ სასწავლო ცენტრი, სადაც ტრენინგი ჩაუტარდება ნებისმიერ მსურველს ღვინისა და კონიაკის წარმოებაში. სხვა სასწავლებლებთან ჯერჯერობით არ ვთანამშრომლობთ”,-ამბობს კომპანიის “სარაჯიშვილი”ადამიანის რესურსების მართვის მენეჯერი სალომე ირემაშვილი.
მეღვინეობა-მევენახეობის მიმართულებით უკვე შეიმუშავა პროფესიული განათლების დუალური მოდელი GIZ-მა (გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება), რომელიც პროფესიული განათლების პროგრამებს საქართველოში 2006 წლიდან ახორციელებს.
“გერმანია განვითარებული ქვეყანაა, დიდი ინდუსტრია და ეკონომიკა აქვს, რაც ჩვენთან არ არის, ამიტომ საქართველოში ზუსტად ვერ გადმოვიღებთ ამ მოდელს, თუმცა არის სფეროები, სადაც შეიძლება ზუსტად გადმოვიდეს, მაგ. მეღვინეობაში, იგივე შეიძლება გაკეთდეს ტურიზმის მიმართულებითაც... განათლების სამინისტროში შექმნილია ეროვნული პროფესიული საბჭო, სადაც პროფესიულ განათლებაში კერძო სექტორის ჩართულობის მექანიზმების შემუშავების საკითხებზე მომუშავე ჯგუფს GIZ ხელმძღვანელობს. ვმსჯელობთ რა მექანიზმებია საჭირო სახელმწიფოს მხრიდან, რომ კერძო სექტორს პროფესიულ განათლებაში ჩართვის მეტი მოტივაცია ჰქონდეს. 80-მდე რეკომენდაცია შევიმუშავეთ და მარტის ბოლოსთვის გამოვაქვეყნებთ”,- ამბობს ირაკლი შურღულაია.
რა მოტივაცია ამოძრავებთ გერმანულ კომპანიებს როდესაც თანხმდებიან აღნიშნულ მოდელში მონაწილეობასა და ინვესტირებაზე- eugeorgia.info ამ შეკითხვაზე პასუხის მისაღებად საქართველო-გერმანიის ეკონომიკური გაერთიანების დირექტორს ოლივერ რეგნერსაც დაუკავშირდა.
“გერმანული კომპანიები ხარისხზე აკეთებენ აქცენტს. კარგი ხარისხის მისაღწევად გჭირდება კვალიფიციური პერსონალი, კვალიფიციური პერსონალისთვის კი-ძალიან კარგი განათლება, ხშირად ამისთვის საჭიროა არა უმაღლესი, არამედ კარგი, საშუალო დონის პროფესიული განათლება. სწორედ მსგავსი სახის პროფესიონალებს ზრდის გერმანული დუალური პროფესიული მოდელი, მართალია, ეს არ არის უნივერსიტეტის დონეზე, მაგრამ არის მაღალი დონის პროფესიული 3-წლიანი ძალიან ინტენსიური ტრენინგით, რაც გეხმარება დააკმაყოფილო კომპანიის საჭიროებები და შემდეგ კომპანიებმა შეძლონ უმაღლესი ხარისხის პროდუქტისა და სერვისის შეთავაზება. რთულია ამ სისტემის აწყობა თუ არ გაქვს ამის ტრადიცია და შრომის ბაზარი, მაგრამ ისეთი ინსტიტუტები, როგორიცაა: გერმანიის ეკონომიკური გაერთიანება, „სენიორექსპერტთასერვისი“-ს (SES) წარმომადგენლობა საქართველოში და ჩვენი მხარდამჭერი GIZ, დაეხმარებიან განხორციელებაში. „სენიორექსპერტთასერვისს” ჰყავს ექსპერტები პროფესიული დუალური განათლების მიმართულებითაც და შეუძლიათ დახმარება შესთავაზონ ქართულ კომპანიებს”,-ამბობს ოლივერ რეგნერი.
მართალია, განათლების ზოგადი აღქმა იცვლება მსოფლიოში, თუმცა საქართველოში კვლავ პოპულარულია წარმოდგენა, რომ უმაღლესი სასწავლებლის დამთავრების გარეშე ვერ დასაქმდები. ჯერ კიდევ, თითქმის ყველა ბიზნესი ითხოვს უმაღლესი განათლების დიპლომს. ტემპუსის პროგრამების ხელმძღვანელი მიიჩნევს, რომ განათლების სისტემაში პრობლემები კომპლექსურია და აუცილებელია არაფორმალური განათლების აღიარება და მოსახლეობის ინფორმირება თუ სად, რას, როგორ ისწავლიან და რა პერსპექტივა ექნებათ.
“პირობითად, ვმუშაობ რომელიღაც საწარმოში ან რესტორანში, გავიარე რამდენიმე ტრენინგ კურსი, ჩემი პრაქტიკული გამოცდილება და გავლილი კურსები, საერთო ჯამში, მაძლევს იმავე კვალიფიკაციას, რასაც 2 წელიწადში პროფესიული სასწავლებელი, რატომ არ უნდა მაღიაროთ?...იმდენად სწრაფად იცვლება მოთხოვნები კომპეტენციებზე, რომ 4 ან 2-წლიანი საგანმანათლებლო სისტემა მაინც ინერტულია, უცებ ვერ გადაეწყობი, ამიტომ როცა სასწავლებლიდან წავა სტუდენტი, გარდა იმისა, რომ უნდა იცოდეს პროფესიის შინაარსი, უნდა ჰქონდეს უნარები, რომ ახალი თვითონ ისწავლოს, ჩვენ ისევ შინაარსზე ვართ ორიენტირებულები. დიდგორის ბრძოლის თარიღები კი არ უნდა ვაზეპირებინოთ, არამედ, ის კონტექსტი როგორი იყო... განათლებაც დიდი ბაზარია და იქაც უნდა მივცეთ ადამიანებს მიმართულება, ნორვეგიაში პროფესიული ორიენტაციის კონსულტირების სისტემა კარგად მუშაობს, სადაც მიდის მოქალაქე და ეუბნებიან, რომ თუ ჩააბარებს აქ, ისწავლის ამას და მერე ამ კვალიფიკაციით სად შეეძლება დასაქმება. ზოგან, პროფესიული ორიენტაციის ცენტრები მუნიციპალიტეტებთანაა, ზოგან-დასაქმების ცენტრებთან. რესურსცენტრში თუა ისინი სკოლის მოსწავლეებს ელაპარაკებიან”- ამბობს ლიკა ღლონტი.
არაფორმალური განათლების მნიშვნელობაზე საუბრობს გერმანიის ეკონომიკური გაერთიანების დირექტორიც. ოლივერ რეგნერის თქმით, მნიშვნელოვანია შეიცვალოს განათლებისადმი მოსახლეობის დამოკიდებულება.
“ბევრ ქვეყანაში და მათ შორის საქართველოშიც მნიშვნელოვანია განათლებისადმი დამოკიდებულება. ბევრი ფიქრობს, რომ მხოლოდ უნივერსიტეტის ხარისხია წარმატების გარანტია, იმიტომ რომ მშობლებს უნდათ ასე, რეალობა კი განსხვავებულია. ქართულ კომპანიებს სჭირდებათ დუალური პროფესიული სისტემა, იმისთვის, რომ უზრუნველყონ კარგი ხარისხი, იყონ კონკურნტუნარიანი. საბოლოოდ, 3-წლიან სწავლებას აქვს ძალიან კარგი შედეგები. გერმანიაში ზოგს არც უნდა უმაღლესი განათლება, იმიტომ რომ აქვს პროფესია, კარგი სამსახური, თუმცა ვისაც სურვილი აქვს, შეუძლია გააგრძელოს უნივერსიტეტში სწავლა და მიიღოს ხარისხიც“,-ამბობს რეგნერი.
ბოლო წლებში ხელისუფლებამ განათლების სექტორის დაფინანსება გაზარდა, თუმცა უმრავლესობა მაინც თვითონ იფინანსებს თავს, ათასობით სტუდენტს კი სწავლის საფასურის გადაუხდელობის გამო სტუდენტის სტატუსი შეჩერებული აქვს, სანამ დაფინანსების სისტემის შეცვლასა და გერმანული პროფესიული განათლების ელემენტების დანერგვაზე დაიწყება საზოგადოებრივი მსჯელობა, პოლიტიკოსებისა და საზოგადოების ნაწილი იმის გარკვევას ცდილობს, არის თუ არა “ეროვნული იდენტობის შეურაცხმყოფელი” “მე და საზოგადოება”,- სასკოლო საგანი, სადაც ჯანსაღი ცხოვრების წესზე, ძალადობის საკითხებზე, ტოლერანტობასა და სოციალური უნარების განვითარებაზეა საუბარი.
მაიკო გაბულდანი