„საქართველოს თაიგული“ ჩეხეთში ჩაის ექსპორტს გეგმავს
კომპანია „საქართველოს თაიგულმა“ 9-წლიანი მცდელობის შემდეგ წარმოების გასაფართოებლად სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი მიიღო.
კომპანია ოზურგეთის რაიონში 1997 წლიდან უმაღლესი ხარისხის ჩაის აწარმოებს და დაუფასოებლად ადგილობრივ ბაზარსა და ექსპორტზე , ძირითადად, უკრაინაში, ყიდის. საჭირო ნედლეულს კი ძირითადად, მოსახლეობისგან იბარებს.
მთავრობის დადგენილებით, „საქართველოს თაიგულს“ სიმბოლურ საფასურად 7000 კვადრატული მეტრი არასასოფლო დანიშნულების მიწა გადაეცა, სადაც თანამედროვე გადამამუშავებელი ფაბრიკა უნდა ააშენოს და 40 ათასი ლარის ინვესტიცია განახორციელოს.
„მშენებლობას აპრილიდან დავიწყებთ და ივლისში დავასრულებთ, იაპონური დანადგარების დამონტაჟებას ვგეგმავთ, აგვისტოში, სავარაუდოდ, საცდელ პარტიასაც გამოვუშვებთ, თუმცა, სრული სიმძლავრით მომავალ წელს ავმუშავდებით. ვაპირებთ, 30-40 ტონა უმაღლესი ხარისხის დაფასოებული ჩაის ვაწარმოოთ, რომელიც საქართველოსა და ჩეხეთში გაიყიდება“, - განუცხადა eugeorgia.info-ს კომპანიის დამფუძნებელმა, ილია ბასილაშვილმა.
მისი თქმით, უმაღლესი ხარისხის ჩაი დიდი მოთხოვნით სარგებლობს, შესაბამისად, რეალიზაციის პრობლემა არ არსებობს.
„საქართველოში 5 ათასი ტონა ჩაი იმპორტით შემოდის, საქართველო თავისი მოხმარების მხოლოდ 3%-ს აწარმოებს რეალურად. ამასთანავე, უკვე გვყავს პარტნიორები ჩეხეთში, სადაც ჩვენს ჩაის გავყიდით. ვგეგმავთ როგორც ორგანულის, ასევე ჩვეულებრივი პროდუქციის წარმოებას, 30-40 ტონის ფარგლებში, ჩაის ფასი კი ერთ კილოგრამზე გაანგარიშებით . 50-დან 200 ლარამდე იქნება“, - აღნიშნა მეწარმემ.
მისი თქმით, ძირითადი პრობლემა ნედლეულის დეფიციტია - ბოლო ათწლეულების განმავლობაში ჩაის პლანტაციები მოუვლელობის გამო გაპარტახდა, შესაბამისად, გლეხებისგან დიდი რაოდენობით ვეღარ იბარებს. მათ დასაინტერესებლად, წელს შარშანდელთან შედარებით 1 კგ ჩაის 50 თეთრით ძვირად, 2,5 ლარად ჩაიბარებს, თუმცა, იმავდროულად, საკუთარი სანედლეულო ბაზის განვითარებაზე მუშაობს.
„უკვე გვაქვს საკუთარი 2,5 ჰა პლანტაცია, 15 ჰა სახელმწიფოსგან იჯარით ავიღეთ. წელიწადში ჰა-ზე 500 ლარს ვიხდით, რაც საკმაოდ ძვირია, მაგრამ სხვა გზა არ გვქონდა - მიწის გაყიდვისგან ჯერ კიდევ თავს იკავებენ. კარგია, რომ ჩაის განვითარების პროგრამა დაიწყო, მის ფარგლებში დამატებით, 30 ჰა პლანტაციის იჯარით აღებაზე განაცხადი შევიტანეთ. თუ ჩვენს მოთხოვნას დააკმაყოფილებენ, 1 ჰა-ზე მხოლოდ 50 ლარის გადახდა მოგვიწევს, გარდა ამისა, რეაბილიტაციისთვის 2500 ლარის გამოყოფა იგეგმება, რომლის 30%-ს ჩვენ დავფარავთ“, - განაცხადა ილია ბასილაშვილმა.
კომპანია გასაფართოებლად მიწის ნაკვეთს სახელმწიფოსგან ჯერ კიდევ 2007 წლიდან ითხოვდა, თუმცა, სასოფლო -სამეურნეო პოლიტიკისა თუ ბიუროკრატიული ბარიერების გამო მიზნის მიღწევა ამ დრომდე ვერ შეძლო.
ბელა ნოზაძე