მეთევზეებმა წელს ქაფშიის მარაგების მხოლოდ 60% აითვისეს
კომპანია „ცისკარა 2001”-მა, რომელიც თევზის გადამუშავებას 90-იანი წლებიდან ახორციელებს, 2015-2016 წლების სეზონზე თევზის რეწვის ლიცენზიით გათვალისწინებული ქვოტა საერთოდ ვერ აითვისა.
როგორც კომპანიის მენეჯმენტმა eugeorgia.info -ს განუცხადა, კომპანიამ შარშან თავისი ქარხანა მთლიანად გადააიარაღა და დღიური წარმადობა 20-დან 50 ტონამდე გაზარდა. ამ მიზნით, “ცისკარამ“ 145 ათასი დოლარის ინვესტიცია განახორციელა, თუმცა, საბრუნავი სახსრებისთვის ფინანსები აღარ ეყო.
„მუშაობა რომ დაგვეწყო, 250 ათასი დოლარი გვჭირდებოდა, ბანკებს მივმართეთ, თუმცა, სესხი არ გამოგვიყვეს, თან საკმაოდ ძვირი იყო - წლიური საპროცენტო განაკვეთი 13%-ს აღწევდა, წაგებაზე წავიდოდით, ამიტომ კრედიტი ვერ ავიღეთ და გავჩერდით“, - განაცხადეს კომპანიაში.
„ცისკარამ“ ფინანსური სახსრების მოსაძიებლად ეკონომიკის სამინისტროს მიმართა, სადაც შეღავათიანი სესხების პროგრამები ხორციელდება.
„გვითხრეს, რომ მალე სტარტაპების პროგრამა იწყება, სადაც შეიძლება, საბრუნავი თანხა მივიღოთ“, - აღნიშნეს კომპანიაში.
როგორც მენეჯმენტი აცხადებს, თევზზე, ძირითადად, კი ქაფშიაზე, დიდი მოთხოვნაა თურქეთში, სადაც მისი ექსპორტირება ხდება, თუმცა, საქართველო თავისი რეწვის პოტენციალის მხოლოდ 15%-ს ითვისებს.
„შარშან 25 ათასი ტონა თევზი წავიდა ძირს, ვერ დავიჭირეთ. დღეს სულ 4-5 ქარხანაა, სრული დატვირთვით რომ ამუშავდნენ, მთლიანი მოცულობის მხოლოდ 40-50%-ის გადამუშავებას შეძლებენ“, - აღნიშნეს „ცისკარაში“.
დაგეგმილი ქვოტის მხოლოდ 60% აითვისა კიდევ ერთმა ლიცენზიანტმა კომპანია "მადაიმ", თუმცა, მისი ხელმძღვანელი, მურმან ხარაბაძე მიზეზად თევზის სიმცირეს ასახელებს.
"წელს თევზჭერა ორი თვით ადრე შეწყდა. სპეციალისტებმა 80 ათასი ტონა დაითვალეს მარაგების სახით, თუმცა, ყველამ ერთად მხოლოდ 50 ათასი ტონა ამოვიღეთ-თევზი აფხაზეთში გადავიდა. ჩვენი საქმიანობა, რაღაცნაირად ნადირობას ჰგავს - ან გაგიმართლებს, ან -არა. საქართველოს წყლებში თევზის დიდი რაოდენობის შესახებ გაზვიადებული წარმოდგენაა. რეალურად, მეტი კომპანიის, თუ ტექნიკური საშუალებების აუცილებლობის საკითხი დღის წესრიგში არ დგას", - განაცხადა მურმან ხარაბაძემ.
აღსანიშნავია, რომ ქართული ქაფშია პროტეინების მაღალი შემცველობის გამო, იმ პროდუქტების სიაშია, რომლებსაც ევროკავშირის ბაზარზე მოსახვედრად ყველაზე დიდი პოტენციალი აქვთ, - ამის შესახებ თავად ევროპელმა ექსპერტებმა საქართველოში ჩამოსვლისას განაცხადეს. მურმან ხარაბაძის თქმით, "მადაისთან" თანამშრომლობაზე დაინტერესება ბევრმა ევროპულმა კომპანიამ გამოთქვა, თუმცა, ტექნიკური ბარიერები მის განხორციელებას ხელს უშლის.
"საჭიროა სამართლებრივი ბაზის შექმნა, მთელი რიგი კანონების მიღება, ამავე დროს, ევროკავშირის მიერ აკრედიტებული ლაბორატორიის არსებობა, რასაც რამოდენიმე წელი დასჭირდება", - განაცხადა მურმან ხარაბაძემ.
გასულ წელს თევზპროდუქტების (მათ შორის, მთლიანის, ფილეს, ახალის, გაყინულის, თუ დამარილებრულის) ექსპორტი საქართველოდან 2014 წელთან შედარებით ორჯერ გაიზარდა და 8,5 მილიონი დოლარი შეადგინა, სამაგიეროდ, 42%--ით შემცირდა თევზის ფქვილის ექსპორტი, 10,7 მილიონ დოლარამდე, ხოლო ცხიმების -14%-ით , 5,3 მილიონ დოლარამდე.
ავტორი: ბელა ნოზაძე