სავალდებულო აუდიტის ამოქმედება ძველ სიაში მყოფ აუდიტორებსა და სახელმწიფო საწარმოების მენეჯერებს არ აწყობთ
ფინანსური გამჭვირვალების აუცილებლობაზე კამათი მთავრობიდან პარლამენტში ინაცვლებს
ვის და რატომ არ აწყობს გამჭვირვალე სავალდებულო აუდიტი
სამი თვის წინ, როცა www.eugeorgia.info-მ ფინანსური გამჭვირვალების აუცილებლობის შესახებ სტატიათა ციკლზე დაიწყო მუშაობა, ჩვენ ქართველი და უცხოელი ექსპერტების მოსაზრებებზე დაყრდნობით ვხსნიდით, რატომ იყო აუცილებელი ფინანსური ანგარიშგებისა და ბუღალტრული აღრიცხვის შესახებ ახალი კანონის დროული მიღება და მსხვილ კომპანიათა ფინანსური გამჭვირვალობის სისტემის სასწრაფო დანერგვა. რატომაა მთელს მსოფლიოში გამჭვირვალე ფინანსური ანგარიშგება გატოლებული განვითარებულ საკრედიტო ბაზართან, მსხვილ ინვესტიციებთან, მეწარმეებისთვის იაფ ფულთან, ხალხისთვის აქციებიდან მიღებულ მაღალ დივიდენდებთან, მოქალაქეთა კეთილდღეობასთან და ზოგადად ევროპულ ფასეულობებთან? ჩვენი პირველი სტატია დიდწილად ეყრდნობოდა მსოფლიო ბანკის 120 გვერდიან კვლევას, რომელიც საქართველოში მათი რვაწლიანი დაკვირვების შედეგებს ასახავდა.
მსოფლიო ბანკი რეფორმის ტემპებით უკმაყოფილო იყო, ღიად მიუთითებდა დარღვევებსა და ჩამორჩენაზე ყველა მიმართულებით და საქართველოს მთავრობისგან კატეგორიულად ითხოვდა ახალი კანონის დროულ მიღებას. მოწესრიგებულ და ღია ფინანსურ სისტემაზე გადასვლის აუცილებლობა მთავრობამ ასოცირების ხელშეკრულებით ევროკავშირის წინაშეც აღიარა და რეფორმის დასრულების ბოლო ვადად 2017 წლის 1 სექტემბერი გამოაცხადა.
სტატიის გამოქვეყნებიდან სამი თვის შემდეგ მსოფლიო ბანკის უშუალო ჩარევით, მთავრობის უწყებათაშორისმა ჯგუფმა კანონპროექტის სამუშაო ვერსიაზე მუშაობა დაასრულა. თუმცა, როგორც www.eugeorgia.info-მ გაარკვია, კანონის საბოლოო მიღებამდე და მის დროულ ამოქმედებამდე კიდევ ბევრი წინააღმდეგობაა დასაძლევი. პარლამენტის მმართველ გუნდში უკვე ღიად აცხადებენ, რომ რთული და წინააღმდეგობებით აღსავსე კანონია და მის დაჩქარებულ მიღებას მხარს ვერ დაუჭერენ.
წინააღმდეგობა N1
მთავრობას პარლამენტში ყველაზე დიდი წინააღმდეგობა ახალ საზედამხედველო ორგანოს - ე.წ. მარეგულირებელ სააგენტოსთან დაკავშირებით შეხვდება. კანონპროექტის მიხედვით, აქამდე თვითრეგულირებადი აუდიტორული საქმიანობა მკაცრი მონიტორინგის ქვეშ მოექცევა. მარეგულირებელი სააგენტო კი ფინანსთა სამინისტროს ქოლგის ქვეშ იარსებებს. ეს ნიშნავს, რომ მთავრობას და კონკრეტულად, ფინანსთა სამინისტროს (ვის დაქვემდებარებაშიც შედის შემოსავლების სამსახური), აუდიტორულ დასკვნებზე დაყრდნობით, ყველა მსხვილი კომპანიის ფინანსურ მდგომარეობაზე დამატებითი კონტროლის მექანიზმები ექნება. სწორედ ფინანსთა მინისტრი დანიშნავს სააგენტოს 7 წევრიანი მმართველი ბორდის თავმჯდომარეს. თითო წევრით იქნებიან წარმოდგენილი ეკონომიკის სამინისტრო, ეროვნული ბანკი, დაზღვევაზე ზედამხედველობის სააგენტო, აკადემიური, პროფესიული წრეები და ბიზნესასოციაცია.
ევროპული და ამერიკული მოდელის მიხედვით, აუდიტორული საქმიანობის მარეგულირებელი სტრუქტურა უმრავლეს შემთხვევაში მთავრობისგან დამოუკიდებელი ორგანოა. მარეგულირებლის შექმნის აუცილებლობა ამერიკასა და ევროპაში 2000-იანი წლების კორპორაციული სკანდალების შემდეგ დადგა დღის წესრიგში. მანამდე თვითრეგულაციაზე მიშვებული აუდიტორები ე.წ. ”ენრონის საქმის” შემდეგ მკაცრ კონტროლქვეშ მოაქციეს. ამერიკის უზარმაზარი ენერგეტიკული კორპორაციის ”ენრონის” მილიარდობით ვალის ”აორთქლების მცდელობას” და ანგარიშის გაყალბებას სამუდამოდ შეეწირა და გაკოტრებულად გამოცხადდა მსოფლიოს ”დიდი აუდიტორული ხუთეულის” წევრი კომპანია ”არტურ ანდერსენი”. მისი კლიენტების ფინანსური მონაცემების შესწავლის შემდეგ კი ზედიზედ გაკოტრდნენ უმსხვილესი ამერიკული კორპორაციები: ”WorldCom”, ”Qwest Communications”, ”Merck”, ”Global Crossing” და საქველმოქმედო რელიგიური ორგანიზაცია ”Baptist Foundation of Arizona-ც კი”. ყველაზე მსხვილი ფინანსური სკანდალის შემდეგ დიდი ხუთეული დიდ ოთხეულამდე შემცირდა, აუდიტორის პროფესია კი უკვე მკაცრად რეგულირებადი გახდა. 2002 წლიდან აშშ-ში მოქმედებს სარბეინზ-ოქსლის კანონიც, რომელიც უხარისხო აუდიტის შემთხვევაში აუდიტორს 2 მლნ დოლარით აჯარიმებს.
ეს რაც შეეხება აშშ-ს. ზემოთ ნაჩვენებია აუდიტორული კომპანიების მარეგულირებლის დაქვემდებარება ევროკავშირის წევრ ქვეყნებში. სქემაზეც ჩანს, რომ უმრავლეს ევროპულ ქვეყნებში ის სრულიად დამოუკიდებლად არსებობს. განსაკუთრებით ახალი დემოკრატიის ქვეყნებში, სადაც სამთავრობო უწყებების გავლენა და კორუფციული რისკები მაღალია. სწორედ ეს უწყება აწესებს აუდიტის სტანდარტებს, გასცემს აუდიტორის ლიცენზიას, დარღვევების შემთხვევაში აჯარიმებს, ან ართმევს ლიცენზიას და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, უზრუნველყოფს მათ მიერ გაცემული დასკვნის სანდოობას და საჯაროობას. სწორედ ეს სააგენტო მართავს ვებპორტალს, სადაც კომპანიათა ფინანსური ანგარიშგებები და დასკვნები დროულად უნდა გამოქვეყნდეს და ყველა დაინტერესებული პირისთვის ხელმისაწვდომი გახდეს.
ინტერესთა კონფლიქტისა და პროტექციონიზმის თავიდან აცილების მიზნით ამერიკული და ევროპული მოდელები აუდიტორული საქმიანობის ორმაგ რეგულაციასაც ითვალისწინებს. მაგალითად გამოდგება გერმანია, სადაც ერთი დამოუკიდებელი ორგანო გასცემს აუდიტორის ლიცენზიას და ადგენს საქმიანობის სტანდარტს, მეორე კი უზრუნველყოფს მათ მიერ მომზადებული დასკვნების შერჩევით გადამოწმებას და დროულ გასაჯაროებას. საქართველოს მთავრობა კი ყველა ფუნქციის ერთი ორგანოსთვის გადაბარებას გეგმავს და სავარაუდოდ, ის ფინანსთა სამინისტროს ერთ-ერთი სსიპი (საჯარო სამართლის იურიდიული პირი) იქნება. უკვე განსაზღვრულია მარეგულირებლის ბიუჯეტიც, სახელმწიფოს ის დაახლოებით 3 მლნ. ლარი დაუჯდება, რასაც აუდიტორებისგან შემოსული სალიცენზიო მოსაკრებელი და ჯარიმები დაემატება.
სწორედ ამ მოდელს ეწინააღმდეგება საპარლამენტო უმრავლესობა, ოღონდ განსხვავებული არგუმენტაციით. თამაზ მეჭიაურს სურს, აუდიტორული საქმიანობა გიორგი ქადაგიძესთან დაპირისპირების შედეგად შექმნილმა ბანკებზე ზედამხედველობის სააგენტომ განახორციელოს. მართალია, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით ირაკლი კოვზანაძის სტრუქტურამ ბანკებზე ზედამხედველობა ვერ შეძლო, მაგრამ მეჭიაური მიიჩნევს, რომ აუდიტორებზე ზედამხედველობას ნამდვილად გაართმევენ თავს: "კანონს ამ სესიაზე მხოლოდ იმ შემთხვევაში მივიღებთ, თუ შევჯერდებით ვის დაქვემდებარებაში იქნება ახალი სააგენტო. მე ვთვლი, რომ ჩვენს მიერ ეროვნული ბანკიდან გამოყოფილი ფინანსური ზედამხედველობის სააგენტოსთან ერთად დაფუძნება საუკეთესო ვარიანტი იქნებოდა, მაგრამ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ ეს ვარიანტი საეჭვო გახდა. შეიძლება შეიქმნას ცალკე, მაგრამ ძვირი დაჯდება. ისე ფინანსთა სამინისტროსაც და ეროვნულ ბანკსაც სათავისოდ უნდა. როცა რომელიმე უწყებასთან არსებობს, უფრო მეტია შანსი, რომ უწყებამ თავისი ინტერესების მიხედვით გამოიყენოს".
სამთავრობო უწყებებიდან დამოუკიდებელი სტრუქტურის შექმნას ემხრობა დარგობრივი კომიტეტის თავმჯდომარე ზურაბ ტყემალაძეც, თუმცა მას კანონპროექტთან სხვა პრეტენზიებიც აქვს: "საკმაოდ რთული და პრობლემატური კანონია. ბიზნესისითვის მუდმივად ახალ სტანდარტზე გადასვლა ამ ეტაპზე რთული იქნება. ძალიან დაჩქარებულ ვადებში ამის მიღება შეუძლებელია. დოკუმენტი მხოლოდ გუშინ მივიღეთ, განხილვა იქნება, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ აუცილებლად მივიღებთ. რთული ცვლილების განხორციელება მოკლე ვადებში ძალიან სარისკოა. საჭიროა ნელ-ნელა გადასვლა, შეიძლება გადაიწიოს ამოქმედების ვადამ, თუ საერთოდ გავიდა პარლამენტში. მე ვემხრობი დამოუკიდებელ მარეგულირებელს"- აცხადებს ტყემალაძე.
საპარლამენტო ოპოზიცია აზრის გამოთქმისგან თავს იკავებს, რადგან უმრავლესობისგან განსხვავებით კანონპროექტი საერთოდ არ უნახავთ. 1 ივნისამდე უმრავლესობა თუ ვერ შეჯერდა, კენჭისყრისას უმცირესობის აზრი გადამწყვეტი მაინც ვერ იქნება და კანონის მიღება შეიძლება ახალ პარლამენტს მოუწიოს. რაც სააგენტოს ამუშავებას მინიმუმ ერთი წლით გადაავადებს და ევროდირექტივების დროულ ამოქმედებას ეჭვქვეშ აყენებს.
წინააღმდეგობა N2
www.eugeorgia.info სამი თვის წინაც წერდა, რომ სავალდებულო აუდიტორების სიას ფინანსთა სამინისტრო არა რომელიმე რეგულაციით ან საკანონმდებლო ნორმით, არამედ მხოლოდ პირადი სიმპათიით ადგენდადა დასამტკიცებლად უგზავნიდა პრემიერ-მინისტრს! ის ერთპიროვნულად განსაზღვრავდა იმ აუდიტორულ კომპანიებს, ვისაც სახელმწიფო ქონების შეფასების ექსკლუზიური უფლება აქვს. ეს კი აუდიტორთა მთლიანი სფეროს 80%-ია. 2012 წელს სიაში გაუგებარი მოტივაციით 14 კომპანია შეიყვანეს. მას შემდეგ კი მეოთხე წელია, სხვა აუდიტორულ კომპანიებს ნუსხაში ჩასმაზე იმ მოტივით ეუბნებიან უარს, რომ არ არის განსაზღვრული კრიტერიუმები, რომელთა საფუძველზეც აუდიტორული კომპანიების შერჩევა ან დამატება უნდა მოხდეს. სიტუაციის რადიკალურად შეცვლა და სავალდებულო აუდიტორების სიის სამართლიანი ფორმირება სწორედ ახალი მარეგულირებელი სააგენტოს ფუნქცია იქნება. მისი ამოქმედების გადადება კი მთავრობასთან ერთად, ძველ სიაში მოხვედრილ აუდიტორებს და მათ მიერ "შემოწმებულ" სახელმწიფო საწარმოებსაც აწყობთ.
მეოთხე წელია კონკურენციის სააგენტო აცხადებს, რომ მთავრობის მიერ აუდიტორული დასკვნის გამცემ პირთა შერჩევის მოქმედი წესი წინააღმდეგობაში მოდის "კონკურენციის შესახებ" საქართველოს კანონთან. კითხვებს ისიც აჩენს, რომ კომპანიების შერჩევის კრიტერიუმების არარსებობა ხელისშემშლელი ფაქტორი აღმოჩნდა მსოფლიოში სიდიდით მეცხრე საბუღალტრო ასოციაცია Morison International-ის ექსკლუზიური წევრი კომპანიისთვის საქართველოში და არ აღმოჩნდა მაგალითად, შპს "ცოდნისათვის", რომელიც ნუსხას 2014 წლის 17 იანვარს დაემატა. საერთაშორისო აუდიტორული ასოციაცია Morison International-ის ექსკლუზიური წევრი კომპანიის, შპს "აუდიტი და ბიზნეს კონსალტინგის" პარტნიორი მიხეილ აბაიაძე მის ბედქვეშ მყოფ სხვა აუდიტორულ კომპანიებთან ერთად სიმართლის გარკვევას სასამართლოს საშუალებით შეეცადა და ახლაც გადაწყვეტილებას ელის.
სიტუაციის სასწრაფოდ შეცვლის აუცილებლობაზე მსოფლიო ბანკის წინა დასკვნაც მიუთითებდა. როგორც ჩანს, ახალი კანონის სწრაფად ამოქმედების იმედი არც მათ ქონდათ და ამიტომ მთავრობას ასეთი ჩანაწერი დაუტოვეს: ”აუცილებელია, რომ 2016 წლის 1იანვრიდან მაინც სავალდებულო აუდიტი ჩატარდეს სავალდებულო აუდიტის განმახორციელებელი რეგისტრირებული აუდიტორების მიერ, რომლებიც წარმოადგენენ პროფესიონალ ბუღალტერთა აკრედიტებული ორგანიზაციის წევრებს და აუდიტი უნდა ჩატარდეს აუდიტის შესახებ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად" . მიუთითებდნენ იმაზეც, რომ " ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია მესამე მხარეების( ანუ ინვესტორების და კლიენტების) დაცვის მიმართულებით, რომლებიც ეყრდნობიან აუდიტორის მიერ შემოწმებულ ფინანსურ ანგარიშგებებს, დღეს არსებული სიტუაცია კი ჩამორჩება საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკას".
სახელმწიფო საწარმოებში არსებული ვითარება რომ ”საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკას” დიდად ჩამორჩება მსოფლიო ბანკთან ერთად სახელმწიფო აუდიტის ოფიციალური დასკვნაც ადასტურებს. ეკონომიკის სამინისტროს ქონების მართვის სააგენტოს რევიზიის დროს 75 ”ჩრდილოვანი საწარმო” აღმოჩნდა, რომელთა არსებობაზეც აქამდე ეჭვი არავის გასჩენია. გაირკვა ისიც, რომ 2200 სახელწმიფო საწარმოდან აბსოლუტური უმრავლესობა წამგებიანია, მაგრამ მთავრობა მათ ლიკვიდაციას არ ჩქარობს. ამის ნაცვლად ანგარიშვალდებულ საწარმოთა ხელმძღვანელები გადასახადის გადამხდელთა ხარჯზე სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხელფასისა და პრემიის სახით ათასობით ლარს იღებენ.
მსოფლიო ბანკის რეკომენდაციის მიუხედავად, 1 იანვრიდან ანგარიშვალდებული საწარმოების სავალდებულო აუდიტს ისევ ”სპეციალური სიის” წევრი კომპანიები ახორციელებენ. როგორც კანონპროექტის ავტორებისგან ირკვევა, სიტუაცია რადიკალურად არც ახალი კანონის მიღების და ახალი საზედამხედველო სააგენტოს შექმნის შემდეგ შეიცვლება. იქამდე, ვიდრე ახალი სააგენტო სავალდებულო აუდიტორების განსაზღვრის ახალ წესებს შემოიღებს, მთავრობამ გამოსავალი ახლა დროებითი აუდიტორის ცნების დამკვიდრებაში ნახა. ჯერჯერობით ისევ ზუსტად არავინ იცის, ვინ და როგორ გახდება დროებითი აუდიტორი, ცუდად მუშაობის შემთხვევაში ვინ და როგორ განსაზღვრავს მათი დაჯარიმების აუცილებლობას, რა სანქციები იარსებებს და რაც ყველაზე მთავარია, ბოლოსდაბოლოს როდის გააკონტროლებს სახელმწიფო საწარმოებს არა ვიღაცის სიმპათიებით, არამედ რეგულაციების შედეგად შერჩეული აუდიტორული კომპანიები.
ეკა სარია