გადახდისუუნარობის სისტემის სირთულე ინვესტიციების შემოსვლას აფერხებს
eugeorgia.info სპეციალისტებთან ერთად იწყებს სულ ახლახან ხელისუფლების მიერ შემუშავებული მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების სტრატეგიის განხილვას. სტრატეგიის ნომერ პირველი პრიორიტეტული ღონისძიებაა - „ბიზნესის დახურვისა და გადახდისუუნარობის პროცედურების გაუმჯობესება“. როგორც ოფიციალურ დოკუმენტშია აღნიშნული, გადახდისუუნარობის სამართლის სირთულე ბიზნესს დიდ პრობლემებს უქმნის, თუმცა შესაბამისი კანონპროექტი პარლამენტში მხოლოდ წლის ბოლოს, ან მომავალი წლის დასაწყისში შევა.
კომპანია „ნიუ ენერჯის“ გაკოტრების საქმის წარმოება დაახლოებით 3 წლის წინ დაიწყო და ამ დრომდე არ დასრულებულა. ათობით ტენდერის გამარჯვებული კომპანიის საქმიანობით ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურიც დაინტერესდა, ნიუ ენერჯის 1500-ზე მეტი კრედიტორი ჰყავს. ადვოკატ როინ მიგრიაულის განცხადებით, საქართველოში არ არსებობს მექანიზმი, რომელიც 1500 კრედიტორის მოთხოვნის მოკლე ვადაში შემოწმებას უზრუნველყოფს, ამიტომაც პროცესი უსასრულოდ გაიწელა.
„კანონი არ მუშაობს - შეიძლება, 100 000-ზე მეტი საწარმო იყოს შექმნილი და მთელი ქვეყნის მასშტაბით 50-ზე მეტი გაკოტრება არ მიმდინარეობდეს? მაშინ, როდესაც გერმანიაში 100 საწარმო რომ იქმნება, 80 კოტრდება, ეს ჩვეულებრივი ამბავია“, - აცხადებს როინ მიგრიაული.
ბიზნესის გადახდიისუუნარობისა და გაკოტრების ინდექსის მიხედვით, მსოფლიოს ბანკის რეიტინგში საქართველო 101-ე ადგილზეა მაშინ, როდესაც დარეგისტრირების სიმარტივით მე-3 ადგილს იკავებს. PMC კვლევითი ცენტრის კვლევის დირექტორის მაია გრიგოლიას განცხადებით, ამ შემთხვევაში ცალსახა შეუსაბამობასთან გვაქვს საქმე.
„ბიზნესის დაწყების სიმარტივე შეიძლება, სტიმული იყოს ბიზნესის პირველად წამოწყებისთვის, მაგრამ არა მეორე და მესამე მცდელობისთვის. პირველ ჯერზე ბიზნესის გაკოტრება მსოფლიოში მიღებული პრაქტიკაა. ცნობილია, რომ ისრაელი სწორედ რამდენიმეჯერ გაკოტრების შემდეგ წამოწყებული ბიზნესების ხარჯზეა წამყვანი ინოვატორი ქვეყანა. ასე, რომ გადახდისუუნარობის სისტემის გამარტივება ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც რეგისტრაციის პროცედურების. გარდა ამისა, გადახდისუუნარობის სისტემის სირთულე ზრდის ინვესტირების რისკებს. როდესაც ინვესტორი განიხილავს საქართველოში ბიზნესის კეთების შესაძლებლობას, ასევე აანალიზებს ყველაზე უარეს სცენარსაც. არსებული სისტემა აქტივების ლიკვიდურობის შანსებს თითქმის არ იძლევა, ან ძალიან ხარჯიანია და შესაბამისად ზრდის საქართველოში შესაძლო ინვესტირების რისკებს“,- ამბობს მაია გრიგოლია.
გადახდისუუნარობის სამართალში არსებულ ხარვეზებზე ხელისუფლებაშიც საუბრობენ. ბიზნესის დახურვისა და გადახდისუუნარობის პროცედურების გაუმჯობესება მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების სტრატეგიის ნომერ პირველი პრიორიტეტული ღონისძიებაა. მმართველ გუნდში ღიად ამბობენ, რომ გაკოტრებასთან, რეაბილიტაციასთან და ბიზნესის დახურვასთან დაკავშირებული ბარიერები უნდა აღმოიფხვრას. ადვოკატი როინ მიგრიაული გვიყვება, რა უნდა შეიცვალოს, რომ საქართველოში ინვესტიციების მოსაზიდად და ბიზნესის განვითარებისთვის კონკურენტუნარიანი გარემო შეიქმნას. იურისტის თქმით, პირველ რიგში, უნდა გამარტივდეს პროცედურები კრედიტორებისთვის, რათა მათ გადახდისუუნარობის საქმის წარმოება დაიწყონ.
„კრედიტორებს დაწესებული აქვთ გარკვეული წინაპირობები, მათ უნდა ჰქონდეთ მინიმუმ 50 000 ლარზე მეტი მოთხოვნა, უნდა გადაიხადონ ბაჟი, დეპოზიტის თანხა დაახლოებით 10 000 ლარი, აქედან გამომდინარე ვერც ერთი კრედიტორი ვერ იწყებს გადახდისუუნარობის საქმის წარმოებას. ამ დროს ბევრი მოვალეა, რომლებიც ეკონომიკურად და ფინანსურად მძიმე მდგომარეობაში არიან, ან უნდა მოხდეს მათი ამოშლა რეესტრიდან, ან რეაბილიტაცია. გადარჩენა შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ მათ ისეთი ღირებული აქტივები აქვთ, რომლის საფუძველზე შესაძლებელია პროდუქციის წარმოება, ხალხის დასაქმება, მატერიალური დოვლათის შექმნა“, - აცხადებს როინ მიგრიაული.
„მაგალითად, როდესაც კომპანიას სურს, რომ ლიკვიდურობა გამოაცხადოს, პირველ რიგში ვალდებულია, შემოსავლების სამსახურის რევიზია გაიაროს. არსებული რევიზიის არაცალსახა მეთოდის გამო კომპანია მაშინაც კი არ არის დარწმუნებული, რომ ჯარიმას არ დააკისრებენ, როდესაც არანაირი ვალდებულება შემოსავლების სამსახურის მიმართ არ გააჩნია. შესაბამისად, რევიზიის ჩარევა დამატებითი თავის ტკივილი შეიძლება აღმოჩნდეს ისედაც რთულ სიტუაციაში მყოფი კომპანიისთვის“, ამბობს მაია გრიგოლია.
ასევე, კანონმდებლობის მიხედვით, საქართველოში ფიზიკურ პირთა გაკოტრების შესაძლებლობა არ არსებობს. სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს სახელმწიფოს პრივილეგირებულობაც მაშინ, როდესაც მოწინავე პოზიციებზე ინვესტორების ინტერესები უნდა იყოს.
„ასი ათასზე მეტი ფიზიკური პირია მოვალეთა რეესტრში, ისინი სამართლებრივად მკვდარი მოქალაქეები არიან, მათ არ შეუძლიათ, კრედიტის აღება, სამუშაოს დაწყების შიში აქვთ, რომ ხელფასი დაუყადაღდებათ. სახელმწიფო არ ზრუნავს მათზე, თუ მათ მივცემთ საშუალებას, რომ გაკოტრების სუბიექტები გახდნენ, ისინი გათავისუფლდებოდნენ ვალებისგან, მოვალეთა რეესტრიდან ამოიშლებოდნენ, ბანკი კრედიტს მისცემდა და სამუშაოსაც დაიწყებდნენ. ასევე, კანონი მორგებულია უზრუნველყოფილ კრედიტორებზე - ბანკებსა და სახელმწიფოზე. ეს იმას ნიშნავს, რომ თუ რამე გასაყიდი დარჩა გაკოტრების დროს, ყველაფერი მიაქვს სახელმწიფოსა და ბანკს, დანარჩენ კრედიტორებს - მომწოდებლებს, მწარმოებლებს, მუშაკებს არაფერს უტოვებენ. გადახდისუუნარობის წარმოებაში სახელმწიფომ შემოიყვანა სრულიად ალოგიკური მოთამაშე აღსრულების ეროვნული ბიუროს სახით, რომელიც გვევლინება მმართველად და მეურვედ იმ პირობებში, როდესაც ისინი არიან საჯარო მოხელეები და მათ საწარმოებისა და კომპანიების მართვის გამოცდილება არ გააჩნიათ“, - ამბობს როინ მიგრიაული.
მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების სტრატეგიაში წერია, რომ “უნდა აღმოიფხვრას გაკოტრებათან/რეაბილიტაციასთან და ასევე, ბიზნესის დახურვასთან დაკავშირებული ბარიერები, რაც საშუალებას მისცემს კომპანიებს, მარტივად გადავიდნენ უფრო ეფექტიან და კონკურენტუნარიან ბიზნესში, გაუმჯობესდება გაკოტრების შემთხვევაში ამონაგების მაჩვენებელი, ბიზნესის დახურვის პროცედურები კი გამარტივდება". კონკრეტულად რის შეცვლას გეგმავს ხელისუფლება გადახდისუუნარობის სისტემის კუთხით? - ამ შეკითხვით ჩვენ ეკონომიკის მინისტრის მოადგილეს ირმა ქავთარაძეს მივმართეთ. მინისტრის მოადგილე eugeorgia.info-სთან ინტერვიუში ამბობს, რომ ხელისუფლება აღნიშნულ საკითხზე მუშაობს და ამ ეტაპზე დეტალებზე ლაპარაკი არ შეუძლია.
„ძალიან ბევრი საკითხია, გადახდისუუნარობის კანონმდებლობაში ცვლილებებია შესატანი ბევრი კუთხით, მათ შორის რეაბილიტაციის დაწყების უფლებებთან დაკავშირებით, ბიზნესის დახურვა ეს ცალკე თემაა. იუსტიციის სამინისტრო მუშაობს შესაბამის პროექტზე. სავარაუდოდ, წლის ბოლოს შევა პარლამენტში, შესაძლოა, მომავალი წლის დასაწყისშიც, რადგან საკმაოდ რთული საკითხია“, - აცხადებს ეკონომიკის მინისტრის მოადგილე.
ავტორი: ხატია შამანაური