ქართულ ასკილს კონკურენციას ბულგარული და მოლდავური პროდუქცია უწევს
ასკილზე მოთხოვნა ევროპაში მაღალია, თუმცა, საქართველოში შესაბამისი მოცულობით ვერ ვაწარმოებთ, - აცხადებს კომპანია „ფარკონის“ დამფუძნებელი, მამუკა ალფაიძე.
კომპანია ქუთაისში 18 წლის წინ დაარსდა და მას შემდეგ ასკილთან ერთად ტყის მოცვს, ქაცვს, ცაცხვსა და სხვა ველურ მცენარეებს მოსახლეობისგან იბარებს, აშრობს და ექსპორტზე გერმანიაში, ჩეხეთში, ასევე რუსეთსა და უკრაინაში აგზავნის.
მამუკა ალფაიძის თქმით, ევროპის ბაზარზე ასკილის ყველაზე მსხვილი მიმწოდებლები ბულგარეთი და მოლდოვაა, რომლებიც პროდუქციას ადგილზე ჩატანით საკმაოდ იაფად, კგ-ს 1,25 დოლარად ყიდიან. ქართველ მწარმოებლებს ფასებით კონკურენციის გაწევა ხშირად უჭირთ, დაბალ მარჟებზე მუშაობის საშუალებას ნედლეულის სიმცირე არ აძლევთ.
„გლეხებს 1 კილოგრამში 50-60 თეთრს ვუხდით, გასულ წელს 1 ლარიც კი შევთავაზეთ, რადგან ნედლეული არ იყო. მოგეხსნებათ, სოფლები დაცლილია და ხშირად არც კრეფა ეხალისებათ. არადა, 1 კილოგრამი ასკილის მისაღებად საშუალოდ 2,5 კილოგრამი უნდა გადავამუშავოთ და გავაშროთ“, - აღნიშნა მამუკა ალფაიძემ.
„საბჭოთა პერიოდში საქართველო 400 ტონა ასკილს აწარმოებდა, დღეს კი მისი პოტენციალი მინიმალურად არის ათვისებული. არსებობს კულტურული ასკილის ჯიშები, რომლებიც უფრო რენტაბელურია, თუმცა, მათი მოშენება საკმაო დიდი მოცულობით ინვესტიციას, ამოღება კი დროს საჭიროებს, იმ ფონზე, რომ თავად ბიზნესი მცირე მასშტაბისაა“, - აცხადებს კომპანიის დამფუძნებელი.
„ფარკონი“ წელიწადში 20 ტონა ასკილს აწარმოებს. ამ კომპანიის გარდა, 20-25 ტონა ასკილს ექსპორტზე აგზავნიან კომპანიები „ჯეოფლაუერი“ და „ ILJ“ ,
ბელა ნოზაძე