საერთაშორისო კვლევის თანახმად, კივის მოსაყვანად საუკეთესო კლიმატი ახალ ზელანდიასა და საქართველოშია
ქართული კივის გერმანიის სუპერმარტეკებში გამოჩენა ქართველების გარდა ევროპული ინსტიტუტების წარმომადგენლებსაც ეამაყებათ. ვაჭრობის საკითხებში ევროკომისარმა სესილია მალმსტრომმა საქართველოში ვიზიტისას არაერთგზის აღნიშნა, რომ სულ ცოტა ხნის წინ ალბათ ცოტა თუ წარმოიდგენდა, რომ ქართული კივი ევროპის დახლებზე ასე სწრაფად და წარმატებით დაიმკვიდრებდა ადგილს. „ნერგეტას“ თანადამფუძნებლისთვის კოტე ვეკუასთვის ბიზნესის დაწყება საკმაოდ რთული იყო, სასტარტო კაპიტალიც არ ჰქონდა დიდი, თუმცა, თავიდანვე მიზნად ევროპის ბაზარზე გასვლა დაისახა. ჩვენთან ინტერვიუში ვეკუა გვიყვება, როგორ დაამყარა კონტაქტი ევროპელ პარტნიორებთან და რა გზა გაიარა ქართულმა კივიმ Lidl-ის სუპერმარკეტებამდე.
-კივი იტალიაშიც არის და საფრანგეთშიც, თუმცა მათ ხილის ამ სახეობის მოყვანის დეტალები ბოლომდე არ იციან, ვინც იცის, ხშირად არც გეტყვის. ახალ ზელანდიაში დიდი ინფორმაცია აქვთ კივის მოყვანის საიდუმლოებებზე, ამავე დროს საინტერესოა, რომ ჩვენთან ე.წ. ინტერესთან კონფლიქტიც არ აქვთ. როცა საქართელოში გვაქვს კივი, მათ არა აქვთ, ხოლო მათ რომ აქვთ, ჩვენთან არ არის ეს ხილი. ახალ ზელანდიაში ვიპოვეთ პრაქტიკოსი მეცნიერი, ვისთანაც დავმეგობრდი, ის იტალიაშიც იყო ჩამოსული, იქაც ვინახულე, რამდენიმე დღე ერთად გავატარეთ, ჩვენ მიმართ გაუჩნდა სიმპატია, ქართული კივიც მოეწონა იმიტომ, რომ უფრო მეტი შაქრიანობა აქვს, ვიდრე იტალიურს. ქართული კივი უფრო ტკბილია, ენას არ გიწვავს. მათ ჰქონდათ მსოფლიო კლიმატების კვლევა ჩატარებული. სპეციალურ კომპიუტერულ პროგრამაში, სადაც მთელი მსოფლიო 30-40 კმ-იან რადიუსებად არის დაყოფილი, შეიყვანეს მონაცემები. კივისთვის იდეალური კლიმატი სადაც არის, იქ დიდი, სქელი ლურჯი წრე უნდა გამოჩენილიყო, ერთი ასეთი წრე ახალ ზელანდიაში გამოჩნდა, მეორე - ფოთი-ზუგდიდი-გალი-ოჩამჩირის ტერიტორიაზე. ეს კვლევა ჩემ გაცნობამდე რამდენიმე წლის წინ ჰქონდათ ჩატარებული. ასე დაემთხვა რაღაცები, აქვე უნდა ვთქვა, რომ ეს ადამიანი ახალ ზელანდიაში დაბადებული ინდოელია, ძალიან კარგი პიროვნებაა, შემდეგ მასთან ახალ ზელანდიაშიც ჩავედი, საუკეთესო ფერმერებთან წამიყვანა, ბევრი რამ მასწავლეს, კიდევ სხვა მეცნიერი გამაცნო, რომელიც ყოველ წელს ჩამოდიოდა ჩვენთან, ისიც ერთ-ერთი საუკეთესო სპეციალისტია.
-კონკრეტულად რაში გეხმარებოდათ ეს ადამიანი საქართველოში, რას გასწავლიდათ?
გვიხსნიდა, როგორ მოვიყვანოთ კივი, დღემდე ყოველ წელს ჩამოდის და ყოველთვის ახალ რაღაცებს ვიგებთ. იქ მილიონები იხარჯება ყოველ წელს საველე ცდებში, როგორ გასხლან, შემდეგ ადარებენ, თუ 5%-ით მეტი მოსავალი მიიღეს ან 5%-ით მეტი შაქრიანობა, ფერმერებს ეუბნებიან, თუ როგორ უნდა გასხლან. მაკრატელივით ხელსაწყოთი ტოტებს შემოხრახნიან, ასე მეტი შაქრიანობა რჩება ხილში. აქვთ შესაბამისი შესაწამლი, რომელიც ნახევრად ორგანული და ნახევრად ქიმიურია, იანვარში რომ შეასხურებ, უფრო მეტი კვირტი გამოვა. ჩემი მეგობარი ახალ ზელანდიელი თავის ქვეყანაში ნომერ პირველი სპეციალისტია კივის, ვაშლის, ბანანის, მანგოს შენახვის საქმეში, იაპონიაში და სხვა ქვეყნებში მიჰყავთ კონსულტაციებისთვის, დღეში 2 000 დოლარს უხდიან.
- თავდაპირველად ბიზნესს რომ იწყებდით, სასტარტო კაპიტალი რამდენი გქონდათ?
- ძალიან ცოტა, 120 000 მქონდა.
- პირველი ინვესტიცია რაში ჩადეთ?
-სულ პირველად მაცივარი გავაკეთეთ, გვეგონა, ხალხისგან შევიძენდით კივის და გავარჩევდით, ეტიკეტს მივაკრავდით, შემდეგ კი თბილისში გავყიდდით. 60 ტონა ვიყიდეთ პირველ ეტაპზე, დაახლოებით 600 000 კივიზე ეტიკეტი ხელით გვაქვს მიკრული, ბუსუსებსაც ხელით ვაცლიდით. შემდეგ გვალვა იყო და მოსახლეობას არ ჰქონდა კივი. მივხვდით, მათ იმედზე ვერ ვიქნებოდით და გადავწყვიტეთ, ჩვენ თვითონ მოგვეყვანა. თავიდანვე ვიცოდით, რომ ჩვენი კივი სჯობს იტალიურს, ამიტომ ახალ ზელანდიელს ვუთხარი, თუ გვექნება ბევრი, მინდა ევროპაში გავიტანო-მეთქი.
-რატომ გინდოდათ თავიდანვე კივის ევროპაში გატანა და არა სხვაგან?
- უფრო საამაყოა... რუსეთში გატანით ვის გააკვირვებ? ქართველებს სულ გაჰქონდათ პროდუქტი რუსეთში; ევროპაში, მით უმეტეს დასავლეთ ევროპაში თუ გაიტან, პირველი იქნები, ეტიკეტიანად თუ დადებ, შენი ქვეყნის რეკლამაა. ჩვენ სპეციალურად დავაწერეთ Georgia და იქვე, კავკასიაც. ახალ ზელანდიელმა ჯერ კიდევ 2010 წელს მითხრა, Lidl-ის ერთ-ერთი მთავარი შემსყიდველი ფირმის მფლობელს ვიცნობ და დაგაკავშირებო. 2012 წელს კი მე დავურეკე და ვუთხარი, მომავალ წელს მექნება კივი და დამაკავშირე- მეთქი. მეორე დილით პლანტაციაში ვიყავი, როდესაც Lidl-ის მომმარაგებელმა თავად დამირეკა, 20 წუთის განმავლობაში ვილაპარაკეთ, მაშინ გადაწყდა ყველაფერი.
- რა გჭირდებათ, იმისთვის, რომ დღეს გააფართოვოთ ბიზნესი, რა დაბრკოლებებს აწყდებით?
- ყველა შეცდომა და დაბრკოლება, რაც შეიძლებოდა, ყოფილიყო, უკვე გამოვიარეთ. რომ დავიწყეთ ბიზნესი, ისიც არ ვიცოდით, მორწყვა საჭირო იყო, თუ არა. ზოგი გვეუბნებოდა, მორწყვა საჭირო არ არის, ისედაც ხშირად წვიმს სამეგრელოშიო. უცხოელებიც გვეუბნებოდნენ, ნუ მორწყავთო, მაგრამ 2010 წლის აგვისტოში გვალვა რომ მოხდა, მაშინ გადავწყვიტეთ, მოგვერწყა ხოლმე. ამას იმიტომ ვამბობ, რომ დღეს ერთ-ერთი მთავარი, რაც მთავრობამ უნდა გააკეთოს, ეს არის ტერიტორიების მიხედვით მეტეოსადგურების დადგმაა, ყველგან არ არის ეს საჭირო, მთელ სამეგრელოს 5 მეტეოსადგური ეყოფა, 1 მაქსიმუმ 2 000 ევრო ღირს, თან შეგიძლია, ინტერნეტში საიტიც გააკეთო და ნახო, კონკრეტულ სოფელში რა ხდება. ვისაც ახალი საქმის დაწყება სურს, უნდა იცოდეს, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში რა მდგომარეობა იყო. როგორია აორთქლება, ქარის სიჩქარე. ჩვენ მორწყვაში არ შევცდით, მაგრამ ქარზე გვეგონა, რომ არ იქნებოდა პრობლემა. პირველ წელს 2 მეტრი სიმაღლის ქარსაცავი გავაკეთეთ, არც არაფერი მომხდარა, შემდეგ კი ტოტების ნახევარზე მეტი დაგვიმტვრია. ჩვენი ბანკები ფიქრობენ, რომ ბუნება რაღაც ბნელი, მისტიკური რამ არის, რომელსაც ვერ ხედავ და გიტევს. ასე არ არის, ძალიან კონკრეტულია ბუნება - არის სიცხე, ქარი, სეტყვა, ყინვა, ნიადაგი, მეტი სხვა არაფერი არსებობს. თანამედროვე ტექნოლოგიებით ამის მოგვარება შეიძლება, სიცხეს მორწყვით გაუმკლავდები, ქარს ქარსაფარით, სეტყვას - სეტყვის დამცავი ბადით. ბანკების მიდგომა უნდა შეიცვალოს. ჩვენთვის მეტეოსადგურის არარსებობა უკვე აღარ არის პრობლემა, მაგრამ ჩვენ გვერდით სხვას რომ სურდეს, ახალი ბიზნესის დაწყება, ის შეიძლება, შეცდეს, დახარჯოს მილიონები და დავუშვათ, არ გაითვალისწინოს რაიმე. ერთ-ერთი მთავარი, რაც განასხვავებს დასავლურ ცივილიზაციას ჩვენგან და ჩვენზე უარესებისგან, არის ის, რომ მათ ბუნებისთვის არ შეუხედავთ, როგორც ბნელი ძალისთვის. ბუნება უნდა გაზომო და შემდეგ მოერიო, ჩაიყენო შენს სამსახურში. ასე მიუდგნენ საკითხებს და შემდეგ სწრაფად წავიდნენ წინ. ამისთვის საჭიროა, რომ დაფინანსების კრიტერიუმები იყოს შესაბამისი. ბანკი კრედიტის გაცემისას უნდა ითხოვდეს კონკრეტულ დაანგარიშებას, ამ ადამიანს თუ აქვს წინასწარ განჭვრეტილი, ბუნებრივი კატასტროფების წინააღმდეგ რა დამცავი ღონისძიება აქვს დანერგილი, ან რის დანერგვას აპირებს, თუ ყველაფერი დაანგარიშებული აქვს და სათანადო ტექნოლოგიაც მოფიქრებულია, მაშინ რისკი დაბალია.
- სხვა ქვეყნებში ბანკების მიდგომა ასეთი ტიპის ბიზნესისადმი ალბათ განსხვავებულია...
- მე დაზუსტებით ვერ გეტყვით, მაგრამ ჩემი აზრით, ასე უნდა იყოს. დავუშვათ, კალიფორნიაში ბანკები რომ იღებენ იპოთეკაში ღვინის რეზერვებს, ბანკის კალიფორნიის ფილიალმა იცის, რომ თუ 10 წლის ღვინოა, 2 დოლარი კი არ ღირს, არამედ 20 დოლარია მისი ფასი. დასავლეთ ვირჯინიის ბანკი კი 2 დოლარს ადებს, კალიფორნიაში მეღვინეები და ბანკები მჭიდროდ თანამშრომლობენ, ნელ-ნელა კალიფორნიაში ბანკმა აღიარა, რომ 20 წლის ღვინოს სხვანაირად აფასებს, იქიდან 2 000 კილომეტრში მდებარე ბანკისთვის კი იგივე ღვინო ჩვეულებრივი სითხეა. მსგავსი სიტუაციაა საქართველოშიც, თუ ვიღაცას აქვს ქვევრის ღვინო, არ შეიძლება, შეაფასო ლიტრი 2 დოლარად, უნდა შეაფასო, მაგალითად, 7 დოლარად.
- მიწასთან დაკავშირებით თუ გექმნებათ პრობლემები, არსებული კანონმდებლობა რა გავლენას ახდენს თქვენს ბიზნესზე?
- წელიწადზე მეტია არ ვიცი, რა ხდება კანონთან დაკავშირებით, მაგრამ ადრე ჩვენ თუ გვეყოლებოდა მსურველი, რომელსაც ინვესტიციის ჩადება ენდომებოდა, ამას ვერ შეძლებდა, რადგან საჯარო რეესტრი არ დაარეგისტრირებდა მას, როგორც ახალ მეწარმეს. შესაბამისად, შეიზღუდა ჩვენი წვდომა ფინანსებზე.
- თუ ადამიანს უნდა, სამეგრელოში კივის მოშენება, სად არის ხელმისაწვდომი მისთვის ინფორმაცია, როგორ გააკეთოს და დაიწყოს ბიზნესი, რა გზით იღებს ცოდნას ხალხი ადგილზე?
- ადამიანს ეზოში რომ აქვს 20 ძირი და კომერციული დატვირთვა არ აქვს, ამას დიდი ცოდნა არ სჭირდება. გაფართოება კი სერიოზულ ხარჯებთანაა დაკავშირებული. კივი ძალიან ძვირია, ბევრს არ სურს დიდი ხარჯის გაღება. სამეგრელო რომ ავიღოთ, ვისაც თხილი და კივი აქვს იქ, ჩემი აზრით, მათ უმრავლესობას არ უნდა ჰქონდეს, ისინი არ არიან ფერმერები, გაცილებით უკეთესია მათთვისაც და ქვეყნისთვისაც, თუ იქნება საწარმოები და ეს ადამიანები იქ დასაქმდებიან, ზოგი იმუშავებს მძღოლად, ბუღალტრად, ტექნოლოგად, ინჟინრად და ასე შემდეგ, იქ მიიღებენ თვეში 700-800-900 ლარს, ეს სჯობს, ვიდრე იყოს იძულებით ფერმერი, ის ხომ არ არის ნამდვილი ფერმერი, თავს ვიტყუებთ. ზოგს გაუმართლა, რომ თხილზე მაღალი ფასებია და ეჭიდება ამას, თუმცა ძირითადად თხილი არ არის შესაბამისად გასხლული, ფული ენანებათ, არავინ წამლავს.
- სხვა გამოსავალი რომ არა აქვთ ამ ადამიანებს?
-ანაკლიის პორტი თუ აშენდა და კიდევ სხვა ახალი პროექტები დაიწყო, იქ უნდა დასაქმდნენ. მაგალითად, დარჩელში ბევრი ადამიანი ცხოვრობს, დაახლოებით 5 000, იქ ამდენი არ უნდა ცხოვრობდეს, უნდა იყოს მაქსიმუმ 200-300 ფერმერი, როგორც იტალიაშია - მატარებლით მიდიხარ, ერთი სახლი რომ დგას, გარშემო 300-400 ჰექტარი მიწაა, იქვეა ტრაქტორიც. ასე უნდა ცხოვრობდნენ აქაც, ამდენი სახლი და დაქუცმაცებული ტერიტორიები არ უნდა იყოს. ჩვენც ამ ეტაპამდე უნდა მივიდეთ.
ხატია შამანაური