მამუკა ბურდული: გუდაურს უცხოეთში რეკლამა აკლია
გუდაურში კარგი თოვლია, თუმცა, ტურისტები ცოტაა, - განუცხადა eugeorgia.info-ს გუდაურის ტურიზმის ასოციაციის თავმჯდომარემ, მამუკა ბურდულმა.
„სასტუმროები დატვირთული იყო იანვრის შუა რიცხვებამდე, მარტში კი - ორი-სამი კვირა. ანუ, გამოდის, რომ მხოლოდ თვენახევრის განმავლობაში იყო აქტიური ტურისტული სეზონი. ტურისტების 80% რუსები და უკრაინელები არიან, იქ კი -კრიზისია, ალბათ, ამან იმოქმედა“, - აღნიშნა მამუკა ბურდულმა.
მისი თქმით, საჭიროა, უცხოური ბაზრების დივერსიფიცირება, მათ შორის კი, ყველაზე პერსპექტიულად ევროპული (ძირითადად, სკანდინავიური) და აზიური (არაბული) ქვეყნები მიაჩნია.
„ევროპელებს შორის პოპულარულია სკი-ტურიზმი, ძირითადად, ამ სერვისით სარგებლობენ. არაბები, მართალია, დიდი მოთხილამურეები არ არიან, მაგრამ მათ მოსწონთ საქართველოს კლიმატი და ახლოს არიან ტერიტორიულად - 2 საათის ფრენაა საჭირო, თან ჩვენთან გაცილებით ხელსაყრელი ფასებია“, - აცხადებს მამუკა ბურდული.
მისი თქმით, მართალია, საზღვარგარეთ პერიოდულად საქართველოს, როგორც ტურისტული დანიშნულების ადგილის, რეკლამირება ხდება, მაგრამ ცალკე გუდაურის პოპულარიზება არ ხორციელდება.
„უცხოელები აქ ჩამოდიან, ძირითადად, ნაცნობების გადმოცემით, ნალაპარაკევით, რაც მათ მასობრივ მოზიდვას ვერ უზრუნველყოფს“, - აცხადებს ასოციაციის თავმჯდომარე.
„25-28 აპრილს დუბაიში ტურიზმის საერთაშორისო გამოფენა იმართება, სადაც ტურიზმის დეპარტამენტი ქართულ ტურისტულ კომპანიებთან ერთად მონაწილეობას იღებს. მეც ვაპირებ გამგზავრებას, თუმცა, გუდაურის სასტუმროების წარმომადგენლები ვერ ახერხებენ- თანამონაწილოების სახით 1000 ევრო უნდა გადაიხადონ, რაც მათთვის ძვირი სიამოვნებაა“, - აღნიშნა მამუკა ბურდულმა.
მისი თქმით, სასტუმროებს ბოლო დროს აქტიურ კონკურენციას საცხოვრებელი კორპუსები უწევენ, სადაც ნაკლები ხარჯის გამო ღამის გატარება უფრო იაფია.
„უკვე 8-9 კორპუსია გუდაურში, სადაც ფიზიკური პირები ბინებს აქირავებენ, ისინი არ იხდიან კომერციული გაზის საფასურს, არ ჰყავთ დაქირავებული პერსონალი. არ იხდიან გადასახადებს, შესაბამისად, ერთი ღამის ფასი 80- 150 დოლარია, სამაგიეროდ, ბინაში 5-6 ადამიანი შედის. სასტუმროებში კი ორმაგი კვებით ერთი კაცი 40-50 დოლარი ჯდება“, - აღნიშნავს მამუკა ბურდული.
„საჭიროა, გაიზარდოს ტურისტული ნაკადი, ინფრასტრუქტურა კი - გამრავალფეროვნდეს. როგორც ვიცი, თითქმის დასრულებულია გუდაურის განვითარების გეგმა, რომელსაც ეკონომიკური განვითარების სამინისტროს შეკვეთით ერთ-ერთი კანადური კომპანია წერს. ვნახოთ, როგორ შეიცვლება ვითარება“, - განუცხადა eugeorgia.info-ს გუდაურის ტურიზმის ასოციაციის ხელმძღვანელმა.
ბელა ნოზაძე