საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის გადავადება ევროპის წინააღმდეგ პუტინის არგუმენტი გახდება
რუსული პროპაგანდის გავლენას არამხოლოდ სამეზობლოში, არამედ შუაგულ ევროპაშიც განიცდიან და არანაკლებ ცუდად არიან ინფორმირებული ევროკავშირის შესახებ. Russia Today-ისა და სხვა რუსული თუ ადგილობრივი მედიასაშუალებების დახმარებით კრემლი წარმატებით ახერხებს შეცვალოს რუსეთზე წარმოდგენა. კონკრეტულად, როგორ მუშაობს რუსული პროპაგანდისტული მანქანა ევროპაში და რის ფასად უჯდებათ ჟურნალისტებს პუტინის პოლიტიკის კრიტიკა, ამის შესახებ eugeorgia.info-ს საკუთარი გამოცდილება გერმანელმა და ჩეხმა ჟურნალისტებმა გაუზიარეს.
“თუ ევროკავშირი მალე არ მისცემს საქართველოს უვიზო რეჟიმს, ეს მორიგი არგუმენტი გახდება რუსული პროპაგანდისა და პუტინისთვის, რომ ევროკავშირს საქართველო არ უნდა..”,- ამბობს გერმანული გამოცემის “The Daily newspaper” (Die Tageszeitung) უცხოეთის ამბების განყოფილების ჟურნალისტი ბარბარა ორტელი. ბარბარას რუსული პროპაგანდა პირადად შეეხო, როდესაც უკრაინაში მიმდინარე მოვლენების გაშუქება და პუტინის პოლიტიკის გაკრიტიკება დაიწყო-“რადგან აკრიტიკებ პუტინს, გაბრალებენ, რომ ხარ ცენტრალური დაზვერვის სააგენტოს მიერ მოსყიდული, იღებ ფულს ნატოსგან და ა.შ. იმ დროს, ინტერნეტში აღმოვაჩინე სია, სათაურით “რუსეთის მტრები”, სადაც არიან ჟურნალისტები, პოლიტიკოსები, მათ შორის ვიყავი მეც. გამოაქვეყნეს ჩემი ფოტო, წარწერით “პათოლოგიური რუსოფობი”, რომელიც არ უნდა დავუშვათ რუსეთში. დღესაც კი, საღამოს სახლში დაბრუნებისას, გარშემო ვიხედები, ხომ არავინაა ჩასაფრებული. როდესაც უკრაინაში კონფლიქტი დაიწყო, დიდი პოლარიზაცია იყო გერმანულ საზოგადოებაში, ბევრი უჭერდა მხარს პუტინის პოლიტიკას. ჩვენი გაზეთის ხელმომწერების ნაწილმა გაწყვიტა კონტრაქტი, აქციონერების ნაწილმა კი უარი თქვა ფულის ჩადებაზე, რადგან არ მოსწონდათ, რასაც ვწერდი, ბევრი მღელვარება გამოვიარე, მაგრამ ეს არ მადარდებს”.
როგორია დღეს პუტინთან დაკავშირებული ადამიანების გავლენა პოლიტიკურ პროცესებზე გერმანიაში?
-ბევრი ადამიანია ბიზნესწრეებსა თუ პოლიტიკოსებს შორის, რომელთაც სცადეს რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების შეჩერება, რაზეც დღემდე უარს ამბობს ანგელა მერკელი, მაგრამ ზეწოლა დიდია.
ნატოს სტრატეგიული კომუნიკაციების ექსპერტმა ახლახან განაცხადა, რომ პუტინი ცდილობს გამოიყენოს მიგრანტების კრიზისი გერმანიაში, საზოგადოების მერკელის წინააღმდეგ განსაწყობად, რას ფიქრობთ ამასთან დაკავშირებით?
-პუტინის ინტერესებშია ევროპის დაყოფა და დასუსტება, ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ გამოიყენოს ლტოლვილებთან დაკავშირებული კრიზისი. შეიძლება, ამით უნდა აჩვენოს ქვეყნებს, როგორიცაა, საქართველო და უკრაინა: რა გინდათ ევროკავშირში, ვერ ხედავთ რა ხდება იქ?!. ჩვენთან აქტიურად მუშაობს Russia Today, ბევრი ე.წ. გერმანელი-რუსი გვყავს. რამდენიმე თვის წინ, ბერლინში 14 წლის გერმანელი-რუსი გოგონა ლიზა გაუჩინარდა, Russia Today-მ მეორე დღესვე გაავრცელა ინფორმაცია, რომ გოგონა არაბმა ლტოლვილებმა გააუპატიურეს, რის შემდეგაც გერმანელი-რუსები გამოვიდნენ ქუჩაში, თქვეს, რომ ჩვენი ხალხი საფრთხეშია არაბების გამო და უნდა დავიცვათ. ლავროვმა ოფიციალური წერილიც გაუგზავნა ჩვენს საგარეო საქმეთა მინისტრს. 2 დღის შემდეგ გაირკვა, რომ გოგონას სკოლაში ჰქონდა პრობლემები, არ უნდოდა სახლში მისვლა და მეგობართან ერთად იყო. ფული მისცეს გოგონას ახლობლებს, რომ ეთქვათ, რომ ის გააუპატიურეს.... რთული ვითარება გვაქვს, ხალხის ნაწილი ფიქრობს, რომ ვინაიდან გერმანიამ დაიწყო მეორე მსოფლიო ომი და დაიღუპა ბევრი რუსი თუ საბჭოთა სამხედრო, დღემდე გვაქვს რაღაც პასუხისმგებლობა, ასევე, არიან აღმოსავლეთ გერმანელები, რომლებიც 40 წელზე მეტი კომუნიზმში ცხოვრობდნენ, ისინი იდეოლოგიურად დაამუშავეს და დღემდე მათთვის რუსეთი კარგი ბიჭია.
რამდენიმე დღის წინ ნიდერლანდებში ჩატარებულ რეფერენდუმში უმრავლესობამ უკრაინასა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმების რატიფიკაციის წინააღმდეგ მისცა ხმა. რა როლი შეასრულა ამ პროცესში რუსულმა პროპაგანდამ ან როგორ შეიძლება კრემლმა ეს შედეგები გამოიყენოს?
-რუსეთისთვის ეს ძალიან კარგი ამბავია. ის ვინც ნიდერლანდებში რეფერენდუმის ორგანიზება გააკეთა, ზოგადად, ევროპის წინააღმდეგია, არა აქვს მნიშვნელობა, უკრაინა იქნება თუ საქართველო. რუსული მედია ამას კარგად გამოიყენებს იმის საჩვენებლად, რომ ევროპას არ უნდიხართ, დარწმუნებული ვარ გერმანულ მედიაშიც იქნება ასეთი კომენტარები.
რა მეთოდები იქნება დღეს ყველაზე ეფექტური ასეთი პროპაგანდისტული მანქანის შესაჩერებლად?
-ლატვიაში აკრძალეს “Sputnik”-ი, რადგან ჩვენ გვაქვს მედიის თავისუფლება, რამდენად სწორია ეს გზა ასეთი სახის პროპაგანდის წინააღმდეგ? ვფიქრობ, უნდა გამოვიყენოთ ყველა შესაძლებლობა, გავაშუქოთ რა ხდება, ვუთხრათ ხალხს ყველაფერი, მაგრამ დახურო ტველევიზია, რადიო, არ მგონია, რომ სწორი გზაა. გერმანიაშიც გვქონდა დისკუსია უნდა დავხუროთ თუ არა Russia Today, ჩემი აზრია, რომ რომ სხვა გზა უნდა მოვძებნოთ, კვლავ იმ მიზეზით, რომ მერე პუტინი იტყვის: შეხედეთ მედიის თავისუფლებას ამ ქვეყნებში, ისინი ხურავენ ჩვენს ტელევიზია-რადიოებს. 2008 წელს აგვისტოში ომის დასრულებიდან მეორე თუ მესამე დღეს ჩამოვედი საქართველოში, გავიარე რუსთაველზე, აქციები იყო, ბანერებზე ეწერა “პრაღა 1968” და “თბილისი 2008”, დავწერე როგორი იყო ხალხის განწყობა, კოლეგების ნაწილმა მითხრა, რომ ეს იყო ქართული პროპაგანდა. მაშინ, ჩემმა ხელმძღვანელმა უთხრა მათ: ის თბილისშია და არა მოსკოვში. მახსოვს, რუსები 30 კილომეტრში იყვნენ თბილისიდან, ჩავედი გორში, "კალაშნიკოვი" დამადეს კისერზე, რუსმა ჯარისკაცმა მითხრა, რომ ჩვენს სამშობლოს ვიცავთო, ვკითხე- რომელ სამშობლოს, ეს საქართველოა და არა რუსეთი-მეთქი, რის შემდეგაც მოკვლით დამემუქრა. რუსები დღემდე ფიქრობენ, რომ ეს მათ ეკუთვნით და მათ აქვთ უფლება აკონტროლონ. დღემდე ოფიციალურად არცერთი რუსი ჯარისკაცი არ არის დონბასში, როცა თავიდანვე ვიცოდით, რომ გაგზავნეს სამხედროები.
ევროკავშირის საგარეო ურთიერთობების სამსახურმა რუსულ პროპაგანდასთან საბრძოლველად შექმნა ჯგუფი East Stratcom, რომელიც აანალიზებს რა ხდება რუსულ მედიაში, როგორ ფიქრობთ ეს საკმარისია ამ კამპანიის შესაჩერებლად? როგორი უნდა იყოს ევროპის პასუხი?
-ვფიქრობ, მათვარი პრობლემა ისაა, რომ ევროკავშირს არა აქვს კონცეფცია როგორ უნდა გაუმკლავდეს ამ საკითხს, მათ აქვთ აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამა, სემინარებსა და ტრენინგებში ბევრ ფულს დებენ, მაგრამ არა აქვთ თანმიმდევრული პოლიტიკა ამ ქვეყნების მიმართ. იმისთვის, რომ გერმანიაში სემინარზე დაგპატიჟოთ თქვენ ან სხვა ახლგაზრდა ჟურნალისტები ძალიან ბევრი წვალება გვიწვევს ვიზების გასაკეთებლად. რაც შეიძლება მალე უნდა მისცენ საქართველოს უვიზო რეჟიმი და ეს უნდა იყოს არჩევნებამდე. ეს უნდა იყოს პირველი ნაბიჯი რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ. 2 კვირის წინ იყო შემთხვევები, როდესაც ბინები გატეხეს, დაიწერა, რომ “ქართულმა მაფიამ” ჩაიდინა- ესეც პუტინისთვისაა კარგი. მესმის, წმინდა პოლიტიკური საკითხია. ევროკავშირს არ ესმის, რომ არ გვაქვს დასაკარგი დრო”,- ამბობს გერმანელი ჟურნალისტი ბარბარა ორტელი.
ყირიმის ანექსიიდან მალე, ჩეხეთში, ახალი ამბების პორტალმა Aeronet.cz უკრაინის ახალი ხელისუფლების წინააღმდეგ აგრესიული კამპანია დაიწყო. 2014 წელს ჩეხეთის კონტრდაზვერვის სააგენტომ Aeronet.cz საშიში პრო-რუსული პროპაგანდის წყაროდაც გამოაცხადა. ჩეხური ყოველდღიური “ეკონომიკური გაზეთის” (Hospodářské noviny) ჟურნალისტი ანდრეი სოუკუპი ამბობს, რომ 2014 წლის დასაწყისში ჩეხეთში რამდენიმე ახალი ვებგვერდიც გაჩნდა და არსებობს ეჭვები, რომ ნაწილმა მუშაობა რუსეთის წახალისებით დაიწყო.
-ჩვენ არა ვართ რუსული პროპაგანდის ისეთი ძლიერი ზეგავლენის ქვეშ, როგორც სხვა ქვეყნები, ალბათ, იმიტომ, რომ განვიხილებით ძალიან პატარა ქვეყანად, არ გვყავს Russia Today-ის კორესპონდენტი პრაღაში, გვაქვს “Sputnik”-ის ჩეხური ვებგვერდი, მაგრამ ისინი მაუწყებლობენ მოსკოვიდან... ახალი ამბების პორტალი Aeronet.cz ერთ-ერთი მთავარი წყაროა რუსეთის მიერ ინსპირირებული ამბების. პრობლემაა ისიც, რომ საზოგადოებაში პატივსაცემი ზოგიერთი პოლიტიკოსი ამ ამბებს აზიარებს სოციალურ ქსელში, ანუ ის ხალხი, ვინც უფრო მეტად გადახრილია რუსეთისკენ, ძირითადად, ბიზნესინტერესების გამო, ლეგიტიმაციას ახდენენ ამ ინფორმაციების. არის რუსული მედიის არაპირდაპირი გავლენაც, ზოგჯერ, ეროვნული საინფორმაციო სააგენტოშიც ჰყავთ თავიანთი ხალხი. ჩვენი პრეზიდენტი მილოშ ზემანი, რომელიც ხშირად მიიჩნევა პრო-რუსად, დადის რუსეთში, აღრმავებს კავშირებს, მეორე მხარეს ამბობენ, რომ ის ცდილობს ამით პოპულარობის მიღწევას პრაღის პოლიტიკურ ელიტაში, რასაკვირველია, არსებობს ბიზნესინტერესებიც, მაგრამ ბევრად სუსტია, ვიდრე წარსულში, პირველ რიგში, რუბლის დაცემის გამო, ეს ნიშნავს, რომ ჩეხური კომპანიების გავლენა პოლიტიკოსებზე არ არის ისეთი, როგორც ადრე.
პირადი გამოცდილება თუ გაქვთ რუსულ პროპაგანდასთან დაკავშირებით?
-როდესაც უკრაინის კრიზისს ვაშუქებდი, მივხდი, რომ პროპაგანდის ძალა უფრო ძლიერი იყო, ვიდრე ველოდი. 2013 წლის დეკემბრის დასაწყისში, მაიდანზე, კოლეგებთან ერთად ბარში ვისხედით, ტელევიზორში დიმიტრი კისილიოვის გადაცემა გადიოდა, გვეცინებოდა, რომ ვხედავდით რა იყო ეკრანზე და რა ხდებოდა სინამდვილეში, ჩვენგან 5 მეტრში, კარს მიღმა. მალე მივხდი, რომ ეს პროპაგანდა კარგად მუშაობდა. როდესაც ყირიმში ჩავედი, ძველი მეგობრის სახლში ვრჩებოდი, მათ სჯეროდათ, რომ “მემარჯვენე სექტორის” ათასობით წევრი მიდიოდა ყირიმში, ვიცოდი, რომ “მემარჯვენე სექტორის” წევრები მაქსიმუმ 200-300 კაცი თუ იქნებოდა და მათ ნამდვილად არ შეეძლოთ ყირიმში ჩასვლა. იგივე ხდებოდა დონბასშიც..
ჩემს მეგობრებს, რომლებიც არასმათავრობო ორგანიზაციაში “ადამიანი გაჭირვებაში” მუშაობენ, ჰქონდათ საგანმანათლებლო პროექტები სკოლაში მედია განათლებაზე, მეც ვმონაწილეობდი- მედიაში სიძულვილის ენას, პროპაგანდას ეხებოდა. მაშინვე თავს დაგვესხნენ პრორუსი აქტივისტები, გვითხრეს, რომ იდეოლოგიურად ვამუშავებდით ბავშვებს.
ვინ იყვნენ ეს პრორუსი აქტივისტები?
-ნაწილი პან-სლავური ხალხია, რომელთაც სჯერათ რომ რუსეთი კარგია, ნაწილი კომუნისტები, მემარცხენეები, ანტიამერიკანისტები. პრობლემაა ის, რომ მათი ნაწილი დაფინანსებას იღებს. დადასტურეება არ შემიძლია, მაგრამ მითხრეს, რომ ჩვენთან პრორუსებს უხდიან პრორუსი ბიზნესმენები(რუსი, ურკაინელი ბიზნესმენები), პრაღის უნივერსიტეტში სტუდენტების ნაწილმაც მითხრა, რომ მათ შესთავაზეს ფული, ეს ბიზნესმენების ინიციატივაა, შეიძლება ისინი ცდილობენ შემდეგში რაღაც ბონუსებს მიღებას.
მედიაგანათლება მნიშვნელოვანია, მაგრამ გარდა ამისა რა უნდა გაკეთდეს?
-ხალხმა უნდა გაიგოს როგორ მუშაობს მედიამანქანა, იცოდეს მასალის წარმოშობა, ვინ არის ავტორი. Aeronet.cz მკაცრად ანონიმურია, ანონიმურია მისი მთავარი რედაქტორის ვინაობაც. მნიშვნელოვანია მოვძებოთ გზა როგორ გავავრცელოთ ობიექტური ინფორმაცია, შეიძლება ვცადოთ ახალი ფორმატებიც, ახალი თაობისთვის-ეს ერთ-ერთი გზაა ამ პროპაგანდის შესაჩერებლად და კიდევ ერთი- უბრალოდ გავიცინოთ, სიგიჟეა, როდესაც უყურებ Russia Today-ის უცხოური ამბების გაშუქებას, აღმოაჩენ რომ მათი წყარო სრულიად ბუნდოვანია. საბჭოთა და ახლანდელ პროპაგანდას შორის განსხვავება არის ის, რომ საბჭოთა დროს გარწმუნებდნენ, რომ კომუნიზმი საუკეთესო იყო, ახლა- ინფორმაციას ანადგურებენ, დონბასში მალაიზიური ბოინგის ჩამოვარდნასთან დაკავშირებით რუსეთს 2 ოფიციალური ვერსია ჰქონდა, კიდევ 6-7 არაოფიციალური ვერსია არსებობდა, ამ ყველაფრის მიზანი იყო ის, რომ ადამიანი, რომელიც ამას კითხულობს, ფიქრობს, რომ ეს ძალიან ჩახლართულია და ალბათ, ვერასდროს გავიგებთ სიმართლეს”,-ამბობს ჩეხური “ეკონომიკური გაზეთის” (Hospodářské noviny) ჟურნალისტი ანდრეი სოუკუპი.
სლოვაკმა აქტივისტმა და სკოლის პედაგოგმა იურაი სმატანამ თებერვალში გამოაქვეყნა სია, სადაც 42 ვებგვერდია, რომელიც სლოვაკეთსა და ჩეხეთში კრემლის პროპაგანდას ემსახურება. სმატანამ ასევე გამოიკვლია, რომ მსგავსი პრორუსული ვებგვერდები არსებობს უნგრეთსა და ბულგარეთშიც.
2015 წლის სექტემბერში ევროკავშირის საგარეო საქმეთა სამსახურში რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ სპეციალური ჯგუფი-East Stratcom შეიქმნა. სტრატკომი რუსულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის მონიტორინგს ახორციელებს და ძირითადად, რუსულ და ინგლისურ ენებზე აქვეყნებს ინფორმაციას, ასევე, აქვს ყოველკვირეული “დეზინფორმაციის მიმოხილვა”, სადაც რუსულ მედიაში გავრცელებული მაგალითებია მოყვანილი.
მაიკო გაბულდანი