უცხოელებისთვის მიწის რეგისტრირებაზე დაწესებული შეზღუდვები ქვეყნის ეკონომიკას შემოსავალს აკარგვინებს
კანონპროექტი ორი წელია პარლამენტში განხილვას ელოდება - ქვეყანა უცხოურ ინვესტიციებს კარგავს
სასოფლო–სამეურნეო მიწის უცხოეთის მოქალაქეებისთვის გაყიდვაზე მორატორიუმი საკონსტიტუციო სასამართლომ თითქმის ორი წელია გააუქმა და მას შემდეგ 2012 წლამდე არსებული კანონი მოქმედებს, მაგრამ უცხოეთის მოქალაქეებს რეგისტრაციის დროს პრობლემებს მაინც უქმნიან. ოფიციალური პირები უცხოელებისთვის სასოფლო–სამეურნეო მიწის გაყიდვაზე შეზღუდვების არსებობას უარყოფენ, მაგრამ საჯარო რეესტრი იუსტიციის მინისტრის მიერ გაცემული შიდა რეგულაციებით ხელმძღვანელობს და მიწის ყიდვის მსურველებს უარს ეუბნება. რომელი რეგულაციით ხელმძღვანელობს და რა კრიტერიუმებით ახდენს უცხოეთის მოქალაქეების შეფასებას იუსტიციის სამინისტრო, უცნობია.
კანონპროექტი „სასოფლო- სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ”, რომელსაც ამ კატეგორიის მიწების გასხვისების პროცესი უნდა დაერეგულირებინა, პარლამენტში 2014 წლის სექტემბერში შევიდა, მაგრამ დღემდე განხილული არ არის. კანონპროექტით უნდა განსაზღვრულიყო იმ პირთა წრე, რომელთაც სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე საკუთრების უფლება ექნებოდათ. ასევე უნდა განსაზღვრულიყო უცხოელების მიერ სასოფლო-სამეურნეო მიწის შეძენის პირობები. კანონპროექტის მიხედვით, უცხოელი მოიპოვებს საკუთრები სუფლებას მიწაზე თუ: მიწა მემკვიდროების გზით ექნება მიღებული; და, თუ არის მისი საქართველოს მოქალაქესთან ქორწინების ან საქართველოს მოქალაქის ან მოქალაქეების მონაწილეობით არსებული კომლის წევრობის შედეგად მოპოვებული თანასაკუთრების ობიექტი. უცხოელის მიერ შესაძენი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობი არ უნდა ყოფილიყო 5 ჰექტარზე ნაკლები, ხოლო ჯამში შემძენის საკუთრებაში არსებული ნაკვეთის ფართობი არ უნდა აღემატებოდეს 20 ჰექტარს. უცხოელის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირის შემთხვევაში მიწის ნაკვეთის ფართობი არ უნდა ყოფილიყო 20 ჰექტარზე ნაკლები, ხოლო ჯამში მის საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი 200 ჰექტარზე მეტი არ უნდა ყოფილიყო. პირი, რომელიც აღარ დააკმაყოფილებს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრებისათვი სგანსაზღვრულ პირობებს, ვალდებული იქნებოდა ექვსი თვის ვადაში გაესხვისებინა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი მასზე საკუთრები სუფლებამოსილების მქონე პირზე.
აგრარული კომიტეტის თავმჯდომარე გელა სამხარაული ამბობს, რომ კანონპროექტი გაჩერებულია, რადგან მის მიმართ შენიშვნები ჰქონდა პარლამენტსაც და მთავრობასაც. ამიტომ ჯერ ვერ გადაწყვიტეს, კანონპროექტი რა რედაქციით ჩამოაყალიბონ.
„ყველა ნორმალური ქვეყანა ცდილობს საკუთარი მიწის რესურსი რაციონალურად გამოიყენოს. საქართველო მცირემიწიანი ქვეყანაა, თანაც მიწა ამოწურვადი რესურსია, ამიტომ მისი განკარგვა რაციონალურად უნდა მოხდეს. სხვა ქვეყნებში მიწა 10–ჯერ და უფრო ძვირი ღირს. ჩამოდიან უცხოეთის მოქალაქეები, აქ იაფად ყიდულობენ, ბევრს პროდუქტი არ მოჰყავს და შესაბამისად ის არ არის მატერიალური სიკეთის შემქნელი. ამის შედეგად შეიქმნა ადგილები, სადაც უცხოელები კომპაქტურად ჩასახლდნენ. ამ მიწებზე ეკონომიკური აქტივობა უნდა განხორციელდეს და ისეთი კანონი უნდა მივიღოთ, რომ ხალხის ინეტერესები არ დაზიანდეს.
გვინდა მოვძებნოთ ოქროს შუალედი. ერთი მხრივ, გვყავს ორგანიზაციები, რომლებიც ითხოვენ, რომ ყველა კარი გავუხსნათ უცხოელებს. მეორე მხრივ, არის მოსახლეობა, რომელიც ამბობს, რომ უცხოელებს კარი უნდა დავუხუროთ. ამიტომ უნდა მოვნახოთ ოქროს შუალედი, რომ საკუთრების უფლებაც დაცული იყოს და ინვესტიციებიც შემოვიდეს. ასეთი ფორმა ვერ მოიძებნა, ამიტომ პროცესი არის შეჩერებული. დღეს შეზღუდვა არ მოქმედებს. ნებისმიერ პირს შეუძლია იყიდოს “, –ამბობს გელა სამხარაული.
უცხოელებისთვის შეზღუდვების მოხსნაზე მიუთითებს ეკონომიკის სამინისტროც. უწყებაში მათთვის ბარიერების შექმნასაც უარყოფენ და შესაბამისად არ აქვთ დათვლილი, რა მოცულობის უცხოური ინვესტიცია დაკარგა ქვეყანამ მას შემდეგ, რაც სასოფლო-სამეურნეო მიწასთან დაკავშირებული ტრანზაქციების რეგისტრაცია შეფერხებით ხორციელდება.
იმის მიუხედავად, რომ ხელისუფლება ბარიერების არსებობას უარყოფს, არაოფიციალური შეზღუდვების გამო დაზარალებული მეწარმეები საქართველოში არსებობენ, არადა მათ საქართველოში ფერმერული მეურნეობის მოწყობა და ინვესტიციის განხორციელება ჰქონდათ გადაწყვეტილი. რამდენიმე საქმე სასამართლომდეც მივიდა.
ერთ–ერთი მათგანი სამხრეთ აფრიკის მოქალაქეა, რომელმაც კახეთში მიწა შეიძინა . ინვესტორი იქ ფერმერული მეურნეობის მოწყობას გეგმავდა, სადაც მილიონი ევროს ღირებულების თანამედროვე სარწყავი სისტემის დამონტაჟებას აპირებდა. საკონსულტაციო კომპანია SMB Consulting–ი, რომელიც უცხოეთის მოქალაქეს უწევდა მომსახურებას, კლიენტის კონფიდენციალობის დაცვის მიზნით, მის ვინაობას არ ასახელებს, თუმცა, ამბობს, რომ სამხრეთ აფრიკელ ინვესტორს მიწის რეგისტრაციაზე უარი პირადობის მოწმობის არქონის გამო უთხრეს, იმ დროს, როცა მან რეესტრში პასპორტი წარადგინა. სამხრეთ აფრიკელი ინვესტორის შესახებ ინფორმაცია „საერთაშორისო გამჭირვალობა–საქართველოშიც“ აქვთ, სადაც ამბობენ, რომ ლოდინის პროცესი ისე გაიწელა, რომ სამხრეთ აფრიკელი ფერმერი იძულებული გახდა ინვესტიცია საქართველოს ნაცვლად რუმინეთში განეხორციელებინა.
კიდევ ერთი უცხოელი, ვისაც სასოფლო–სამეურნეო მიწის რეგისტრაციაზე უარი უთხრეს, რუსეთის მოქალაქე მარია კურბანოვაა. მან 5 ჰექტრამდე ფართობის ნაკვეთი ზუგდიდში, სოფელ ინგირში ადგილობრივი მფლობელისგან შეიძინა, მაგრამ საჯარო რეესტრმა მის გაფორმებაზე რამდენიმეთვიანი ლოდინის შემდეგ უარი უთხრა. მარია კურბანოვას ადვოკატი ოთარ კვარაცხელია ამბობს, რომ უარის მიზეზი მათთვის დღემდე უცნობი დარჩა.
„სანამ მარია კურბანოვა მიწას იყიდდა, წინასწარ მივედით საჯარო რეესტრში, ვიკითხე ნაკვეთის შეძენა უცხოეთის მოქალაქისთვის პრობლემა ხომ არ იქნებოდა. მითხრეს, რომ კანონით დაშვებულია. ჩემმა კლიენტმა ნაკვეთი, რომელიც თხილის პლანტაციების გასაკეთებლად უნდოდა, შარშან ოქტომბერში შეიძინა და 40 ათასი დოლარი გადაიხადა. ამის შემდეგ მივედი საჯარო რეესტრში, ნასყიდობის ხელშეკრულება მივიტანეთ და დაჩქარებული წესით რეგისტრაციის საფასურიც გადავიხადეთ, მაგრამ დარეგისტრირებაზე უარი გვითხრეს. როცა მიზეზი ვიკითხე, მიპასუხეს უცხოეთის მოქალაქის პიროვნებას ვსწავლობთ და მოთხოვნა სამოქალაქო რეესტრში გადავაგზავნეთო. ამის შემდეგ გავიდა დრო, მაგრამ ვერც თანხმობა მივიღეთ, ვერც უარი. საჩივრით მივმართე საჯარო რეესტრსაც და სამოქალაქოსაც, მაგრამ უშედეგოდ. ჩვენთვის გაუგებარი დარჩა, რატომ გახდა ამ მოქალაქის ვინაობა საეჭვო, როცა მანამდე აქვს ნაყიდი თბილისში უძრავი ქონება და მისი პიროვნების მიმართ ინტერესი არ გამოუთქვამთ. საჯარო რეესტრში ბოლო მისვლის დროს ერთ–ერთმა თანამშრომელმა მითხრა, თეა წულუკიანის მითითება არის, რომ უცხოეთის მოქალაქეებს სასოფლო–სამეურნეო მიწა არ დაურეგისტრიროთო. დაჩქარებული წესით განაცხადის საფასური ცხადია, დავკარგეთ. მიწის ძველიმეპატრონეს გადახდილი ფულის ნაწილი გახარჯული ჰქონდა, ამიტომ უკან დაბრუნების პრობლემა შეიქმნა. ოფიციალურ უარის საბუთს დღემდე ვითხოვ, სასამართლოში რომ ვუჩივლო, მაგრამ არ მაძლევენ.
უცხოეთის მოქალაქეზე მიწის მიყიდვა ოფიციალურად რომ ყოფილიყო აკრძალული, ყველაფერი გასაგები იქნებოდა, მაგრამ როცა კანონით დაშვებულია და ვიღაცის ნებაზეა ყველაფერი დამოკიდებული, ეს არის პრობლემა. თანაც, უარსაც კი არ გეუბნებიან, დროს და ფინანსებს გაკარგვინებენ მხოლოდ. უარი თუ არ გაქვს ვერ მიჩივლებ, ამ პრინციპით ხელმძღვანელობენ, რაც დიდი უკანონობააა. ჩემი კლიენტი ბიზნეს საქმიანობას ეწევა რუსეთში, ჰქონდა დანაზოგი და საქართველოში სოფლის მეურნეობაში აპირებდა მის ჩადებას. მან თხილის ბიზნესზე შეაჩერა არჩევანი, რადგან იცოდა, რომ მომგებიანი საქმე იყო და მისი ექსპორტზე გატანა შემოსავალს მოუტანდა. ნაკვეთის მოვლას, თხილის დარგვას და შემდეგ მოსავლის აღებას მუდმივად დაჭირდებოდა მუშახელი, რაც ბუნებრივია, ადგილობრივების დასაქმების საშუალებას გააჩენდა. ასევე გაყიდული თხილი შემოიტანდა ქვეყანაში ვალუტას. ეს ადამიანი აპირებდა გადმოსულიყო საქართველოში საცხოვრებლად და სხვა ბიზნესიც დაეწყო. მაგრამ გაჩერდა, ფიქრობს, რომ თუ დღეს კანონის დარღვევით აკეთებენ ამას, ხვალ ბიზნესი შეიძლება საერთოდ წამართვანო. ამ რისკების შეეშინდა და ინვესტირება გადაიფიქრა“, –ამბობს ოთარ კვარაცხელია.
უცხოეთის მოქალაქეებისთვის 2013 წელს შემოღებულმა შეზღუდვებმა შეუშალა ხელი კომპანია „ნერგეტას“, რომ უცხოელი პარტნიორისგან კაპიტალი მოეზიდა. კომპანიას, რომელმაც ქართული კივი ევროკავშირში ექსპორტზე პირველმა გაიტანა, 10 მილიონი ლარი სჭირდებოდა, რომ პლანტაცია გაეფართოვებინა და თავისუფალ ტერიტორიაზე კივის ნერგები გაეშენებინა. მეწარმეს ზუგდიდისრაიონისსოფ. ინგირში170 ჰექტარი მიწის ნაკვეთი აქვს ასათვისებელი. კომპანიის დამფუძნებელს კოტე ვეკუას გერმანელი პარტნიორი ჰყავს, რომელიც მზად იყო კივის პლანტაციის გაშენებაში საჭირო თანხა დაებანდებინა. კაპიტალის შემოტანის პარალელურად უცხოეთის მოქალაქე კომპანიაში წილის მფლობელი უნდა გამხდარიყო, რაც იმ დროისთვის მთავრობის მიერ შემოღებულმა შეზღუდვამ შეაფერხა.
„საჯარო რეესტრს ორი წლის წინ მივმართეთ, ონლაინ–კონსულტაცია გავიარეთ და გვიპასუხეს, კაპიტალის შემოტანა არ დარეგისტრირდებაო, ამბობს კოტე ვეკუა,– გვითხრეს, რომ ნოტარიუსის ცნობას რომ მოიტანთ, ის პირი, როგორ მეწილე, არ გამოჩნდებაო. ანუ წილის გაფორმება ვერ მოხდებოდა“.
ცოტა ხნის წინ „ნერგეტას“ დამფუძნებელმა ხელახლა მიმართა იუსტიციის სამინისტროს იგივე კითხვით. უპასუხეს, რომ უნდა შეიტანოს განაცხადი და განიხილავენ.
„ინვესტორმა უნდა მოამზადოს საბუთები, ბიზნეს–გეგმა დაწეროს, პროექტი შეადგინოს, ფული მოამზადოს. ამის შემდეგ რომ ჩამოვა და უარი უთხრან, აღმოჩნდება, რომ დრო და რესურსი ტყუილად დახარჯა. ამიტომ ინვესტორმა წინასწარ უნდა იცოდეს, რა შანსები აქვს. წინასწარ უნდა ჰქონდეს ინფორმაცია, რა კრიტერიუმით მოხდება შეფასება. სხვა შემთხვევაში, ბუნებრივია, ის გარისკვას მოერიდება “, – ამბობს კოტე ვეკუა.
რა კანონმდებლობით ხელმძღვანელობს იუსტიციის სამინისტრო, როცა უცხოეთის მოქალაქეებს უარს ეუბნება, ამ კითხვაზე უწყებაში პასუხი არ აქვთ. ჩვენ სამინისტროს პრესსამსახურთან ვცადეთ გარკვევია, რას გეგმავს სამინისტრო უცხოეთის მოქალაქეებთან დაკავშირებით და აპირებს თუ არა რეგულაციების შეცვლას. მაგრამ პრესასთან პასუხისმგებელი პირი, რომელიც ამ კითხვას პასუხს გასცემდა, სამინისტროში არ აღმოჩნდა.
2013 წლამდე ხელისუფლების დამოკიდებულება უცხოეთის მოქალაქეებზე მიწების მიყიდვის მიმართ ლიბერალური იყო, რამაც ხელი შეუწყო ქვეყანაში რამდენიმე მნიშვნელოვანი საინვესტიციო პროექტის განხორციელებას. მათ შორის იყო „შატო მუხრანი“, „ქართული ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების კომპანია“ (GWS), თხილის კომპანია „ფერერო“ სამეგრელოში, „იმერეთის მემწვანილეობა“ და სხვა. მდგომარეობა 2012 წელს, ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ შეიცვალა. მთავრობამ 2013 წლის ივნისში უცხოელები სმიერ სასოფლო-სამეურნეო მიწების შეძენაზე ერთწლიანი მორატორუმი გამოაცხადა, უცხოელ ინვესტორებსა და კომპანიებს, რომელთა წილსაც უცხოელი ფლობდა, ბანკების ჩათვლით, სასოფლო-სამეურნეო მიწის შეძენის ან დაგირავების უფლება აღარ ჰქონდათ. ამ გადაწყვეტილების მიზანი ერთი მხრივ, უცხოეთის მოქალაქეების მიერ მტრულად განწყობილი მოსახლეობის დამშვიდება და მათი გულის მოგება იყო. თუმცა, რამდენად დააზარალებდა აკრძალვა ქვეყნის ეკონომიკას და შეამცირებდა ინვესტიციების შემოსვლას, ეს მთავრობამ სავარაუდოდ არ გაითვალისწინა. მორატორიუმიერთიწლისშემდეგ, მაშინშეწყდა, როცა „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ სარჩელი ამ გადაწყვეტილების წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლომ 2014 წლისივნისშიგააუქმა. ამის შემდეგ ისევ ძველი კანონი შევიდა ძალაში.
“სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ახალი რეგულაციები სშემოღება ბოლო სამი წელი ააქტიურად განიხილება სახელისუფლებო წრეებში, თუმცა გადაწყვეტილება კვლავ არ არის მიღებული. ცალკე დისკუსიის საკითხია ის, თუ რა შედეგს მოიტანს ახალი შეზღუდვები, მაგრამ კიდევ უფროპ რობლემურია ის ფაქტი, რომ ხელისუფლება კერძო სექტორს გაურკვევლობაში ამყოფებს. დადებითად მივიჩნევ იმ ფაქტს, რომ მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტა დაინტერესებული მხარეების ჩართულობის გარეშე არ ხდება, მაგრამ არ შეიძლება პროცესები უსასრულოდ გრძელდებოდეს. ბიზნესს სჭირდება პროგნოზირებადი გარემო, მათ შორის სოფლის მეურნეობაში. ბუნდოვან საკანონმდებლო გარემოს კი ლოდინის რეჟიმში გადაყავს ინვესტორი, რამაც მისი საბოლოოდ დაკარგვაც შეიძლებაგამოიწვიოს“, –ამბობს გადასახადის გადამხდელთა კავშირის თავმჯდომარე გიგლა მიქაუტაძე.
ნონა ქვლივიძე