ევროკავშირში 1 კგ სტაფილოს თესლის ზეთის ფასი 1000 ევროდან იწყება
ფერმერ თამაზ მღებრიშვილს მარნეულში ხახვისა და კარტოფილის მეურნეობა აქვს, სექტემბრიდან სტაფილოს მოყვანასაც გეგმავს. სტაფილოს თესლის ზეთი რომ მსოფლიო ბაზარზე ძალიან მოთხოვნადია და მისი ფასი კილოგრამზე 1000 ევროდან იწყება, ამის შესახებ ქართველ ფერმერს ინფორმაცია არა აქვს, არც ის იცის, ბიომეურნეობაზე რომ გადავიდეს და ეკოლოგიურად სუფთა სტაფილო აწარმოოს, შემდეგ პროდუქტის რეალიზაციას სად შეძლებს.
„50-70 ტონამდე ხახვი მომყავს, ბიოპრუდქტზე როცა არის ლაპარაკი, ეს რაოდენობა ვერ მექნება, რადგან თვითღირებულება მაღალია, საჭიროა შესაბამისი ბაზარი. როგორ გავიტანოთ ევროპაში? მითხარით, რა საბუთები მჭირდება, რა მოთხოვნები უნდა დაკმაყოფილდეს, ეს არ ვიცი. რომ მქონდეს ინფორმაცია, აუცილებლად ვიფიქრებდი სტაფილოს თესლის ზეთის წარმოებაზეც“,- ამბობს ფერმერი.
ჰოლანდიის კვლევითი ინსტიტუტის (CBI) მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, მსოფლიო ბაზარზე ეკოლოგიურად სუფთა სტაფილოს თესლის ზეთის დეფიციტია და წარმოება ბაზრის მოთხოვნას ვერ აკმაყოფილებს. სტაფილოს თესლის ზეთი ძირითადად კოსმეტიკასა და თავის მოვლის სხვა საშუალებებში გამოიყენება, რადგან კანის გაახალგაზრდავებას უწყობს ხელს. ევროპული ორგანიზაცია ევროპისა და აზიის ქვეყნებს მოუწოდებს, დაინტერესდნენ ამ საკითხით და დაიწყონ სტაფილოს თესლის ზეთზე მუშაობა, რადგან მათ აქვთ უნიკალური შესაძლებლობა, ამ გზით ევროპის ბაზარზე თავი დაიმკვიდრონ.
ორგანული სოფლის მეურნეობის კონსულტანტი ნუკრი მემარნიშვილი ჩვენთან ინტერვიუში ამბობს, რომ საქართველოს აქვს პოტენციალი, ველური სტაფილოს თესლის ზეთი აწარმოოს, ამისთვის მხოლოდ შესაბამისი ცოდნაა საჭირო.
„სტაფილოს მოყვანას სჭირდება სპეციფიკური ცოდნა, უნდა იყოს ორგანული წარმოება, ანუ ბიო. ორგანული სოფლის მეურნეობა ცალკე რამაა, რომელიც მოითხოვს თავისი წესების, მეთოდების შესახებ დიდ ცოდნას. სახელმწიფომ ხელი უნდა შეუწყოს, წაახალისოს ფერმერები, ბიომეურნეობაზე გადავიდნენ. უცხოეთში, როგორც კი იტყვის ფერმერი, რომ სურს ორგანულ სოფლის მეურნეობაზე გადასვლა, მას ყველანაირად ეხმარებიან, თუნდაც იმიტომ, რომ ეს ნიადაგის ნაყოფიერებას გაზრდის. ლაპარაკი მაქვს შვეიცარიაზე, ავსტრიაზე, გერმანიაზე, საფრანგეთზე. პირველი 3 წელი ფერმერს შედარებით ნაკლები მოასავლი აქვს, ამიტომ თავიდან ეხმარებიან. საქართველოში მებოსტნე ფერმერებმა სტაფილოს მოყვანა იციან, 2 - 3 ჰექტარზეც აქვთ, თუმცა სტაფილოს თესლის ზეთის შემთხვევაში თუ რაიმე ნიუანსებია განსაკუთრებული, ეს უნდა ვასწავლოთ, ტრენინგი ჩავუტაროთ“, - ამბობს ნუკრი მემარნიშვილი.
სოფლის მეურნოების სამინისტროში ამბობენ, რომ ფერმერებს მუდმივად აწვდიან ინფორმაციას ბიოპროდუქტების მოყვანის შესახებ და ამ მიმართულებით სახელმწიფო აქტიურად მუშაობს.
„სოფლის მეურნეობის სამინისტროს ჰყავს 54 რაიონული საკონსულტაციო სამსახური, 4 წელია, ფუნქციონირებს, ინფორმაცია და ცოდნა არის ადგილზე, ფერმერებს შეუძლიათ, მიმართონ. ასევე, უკვე მეშვიდე გაზეთს ვუშვებთ, სადაც ყველანაირი ინფორმაციაა ბიოპროდუქტების შესახებ. რეგიონულ ცენტრებთან მჭიდროდ ვთანამშრომლობთ, ვატარებთ ტრენინგებს თემაზე, როგორ უნდა მოიყვანონ ბიოპროდუქტი. რამდენიმე ტრენინგი ჩატარდა კახეთში, ყაზბეგში, ახლა იგეგმება დასავლეთ საქართველოში, გარდა ამისა, დაწერილი გვაქვს ბროშურა - ბიოწარმოება - საქართველოს მომავალი, დაიბეჭდება და დარიგდება რეგიონებში“,- ამბობს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიოაგროწარმოების სამსახურის მთავარი სპეციალისტი რუსუდან ბარკალაია.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ასევე მივმართეთ შეკითხვით - იმ შემთხვევაში, თუ ფერმერი ბიომეურნეობაზე გადასვლას გადაწყვეტს, სახელმწიფო რა სახის დახმარებას სთავაზობს მას?
„ჩვენ შევქმენით სახელმწიფოს ეგიდით ბიოწარმოების მუდმივმოქმედი კომისია. პირველ რიგში, ვიბრძვით იმისთვის, რომ ჩამოყალიბდეს კიდევ ერთი მასერტიფიცირებელი ორგანო, რადგან ბიოპროდუქტს სერთიფიკატი თუ არ მოჰყვება, აზრი არა აქვს, მასერტიფიცირებელი ორგანო კი მხოლოდ ერთია, მონოპოლისტი - „კავკასსერტი“. ინსპექტირებისა და სერთიფიკატის გადასახადი ძალიან მაღალია, ამიტომ საშუალო მეწარმეებს ხშირად არ უღირთ, იმდენად ძვირია. ჩვენი მიზანია, შეიქმნას შესაბამისი ორგანო, რომელიც სახელმწიფო უწყების დაქვემდებარების ქვეშ იქნება და გასცემს სერთიფიკატებს, პირველ ეტაპზე სიმბოლური ფასი უნდა გადაიხადონ ფერმერებმა, რომ წელში გაიმართონ, სტიმული მიეცეთ. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ ბიოპრეპარატებს ჩვენს საცდელ ნაკვეთზე ვცდით, გასულ წელს შესანიშნავი შედეგები მივიღეთ, წელსაც 7 ბიოპრეპარატი უნდა გამოვცადოთ, რის საფუძველზეც ფერმერებს რეკომენდაციებს ვაძლევთ,“ - ამბობს ბარკალაია.
თუ საქართველოში ფერმერები სტაფილოს თესლის ზეთის წარმოებით დაინტერესდებიან, ამ შემთხვევაში რა სახის დახმარება შეიძლება, აღმოუჩინოს სახელმწიფომ მათ?
„ამ ეტაპზე ეთერზეთებზე ვართ კონცენტრირებული, დიდი მოთხოვნაა კაკლის ზეთზე. პირველ რიგში, ბიომეურნეობა ეყრდნობა ტრადიციულ ქართულ ადაპტირებულ კულტურებს, შემდეგ ვილაპარაკოთ სტაფილოზე. თუ დაინტერესებული პირები იქნებიან, შეგვიძლია, მოვიწვიოთ კომპეტენტური პირები, ან კონსულტანტი გავგზავნოთ ევროპაში, ამის პრობლემა არ იქნება“, - ამბობს ბარკალაია.
სტაფილოს თესლის ზეთით დაინტერესებული ქვეყნებისთვის ევროპულ ორგანიზაციას რეკომენდაციებიც აქვს შემუშავებული:
- იმუშავეთ სპეციალისტებთან, რათა თქვენს ქვეყანაში სტაფილოს მოსაყვანად საუკეთესო ადგილი შეარჩიოთ.
- იყავით ფრთხილად, ერთმანეთში არ აურიოთ გარეული სტაფილო და სხვა მცენარე, რომელიც შეიძლება, იყოს მომწმავლელი და ხშირად ვიზუალურად ძალიან ჰგავს სტაფილოს.
- იმუშავეთ ლაბორატორიასთან, რათა იცოდეთ როგორია თქვენი გარეული სტაფილოს შემადგენლობა.
- გაეცანით აკრედიტებული ლაბორატორიების მოთხოვნებს პროდუქტის შემცველობაზე.
- შეისწავლეთ, რომელ ბაზარზე აქვს თქვენს სტაფილოს თესლის ზეთს პოტენციალი.
- ერთი კილოგრამი სტაფილოს თესლის ზეთის ფასი 1000 ევროა. ამის მიზეზი ბაზარზე არსებული დიდი მოთხოვნა და პროდუქტის დეფიციტია, იმ შემთხვევაში, თუ სტაფილოს თესლის ზეთი ორგანულია და ამის დამადასტურებელი დოკუმენტებიც არსებობს, მისი ფასი კილოგრამზე 3 000 ევროსაც აღწევს.
პროდუქტს აუცილებლად უნდა ჰქონდეს იარლიყი, რომელზეც ინგლისურ ენაზე იქნება შემდეგი ინფორმაცია:
- პროდუქტის სახელი, კოდი, მოყვანის ადგილი, ექსპორტიორის სახელი და მისამართი, წარმოების თარიღი, ვარგისიანობის დრო, წონა, შენახვის შესახებ რეკომენდაცია.
- შეფუთვასთან დაკავშირებით კონსულტაციები გაიარეთ თქვენს მყიდველებთან.
- ევროპელი მყიდველები ეძებენ სანდო და მაღალი ხარისხის პროდუქტს, სწორედ ამიტომ ხშირად მათი მინიმალური მოთხოვნა HACCP-ის სტანდარტია.
სტაფილოს თესლის ზეთი ძირითადად საფრანგეთსა და ინდოეთში იწარმოება. თუმცა ველური სტაფილოს მოყვანა ევროპის, აზიის, ჩრდილოეთ აფრიკისა და ჩრდილოეთ ამერიკის ქვეყნებშიც შესაძლებელია. საფრანგეთში ველური სტაფილოს ზეთი ძირითადად არაორგანულია. წარმოებული ზეთის 80% შიდა ბაზარზე პარფიუმერიის დასამზადებლად გამოიყენება, რაც შეეხება ინდოეთს, ის სტაფილოს თესლის ზეთის ექსპორტს ევროპაში, აშშ-ში, ავსტრალიაში, სამხრეთ აფრიკასა და იაპოანიში ახორციელებს. ევროპაში ძირითადი იმპორტიორები იტალია, საფრანგეთი, გერმანია, ესპანეთი, გაერთიანებული სამეფო და სკანდინავიური ქვეყნები არიან. ჰოლანდიური კვლევითი ინსტიტუტი განვითარებად ქვეყნებს მოუწოდებს, დასავლეთ ევროპის ქვეყნებზე იყვნენ ფოკუსირებული, რადგან ამ სახელმწიფოებს სტაფილოს თესლის ზეთი კოსმეტიკის დასამზადებლად ყველაზე დიდი ოდენობით სჭირდებათ.
სპეციალისტების თქმით, საქართველოს აქვს პოტენციალი, რომ სტაფილოს თესლის ზეთი ევროპაში გაიტანოს. თუმცა ამ ეტაპზე საქართველოში მოყვანილი პროდუქტი ადგილობრივ ბაზარსაც ვერ აკმაყოფილებს. 2015 წელს საქართველოში თურქეთდან 6,607.7 ტონა, ისრაელიდან 515.7, სხვა ქვეყნებიდან კი 175.2 სტაფილო შემოვიდა.
ხატია შამანაური