"საწყობის ჩეკი" - ახალი საფინანსო ინსტრუმენტი ფერმერებისთვის
სოფლის მეურნეობის სამინისტრო დონორ ორგანიზაციებთან ერთად ახალ საფინანსო ინსტრუმენტზე - ე.წ. საწყობის ჩეკზე მუშაობს. საპილოტე პროექტი, სავარაუდოდ, 2016 წლის ბოლოსთვის ამოქმედდება. საწყობის ჩეკით პირველ ეტაპზე კოოპერატივის - „დარჩელის თხილი" მეპაიეები ისარგებლებენ.
ახალი საფინანსო ინსტრუმენტის შესახებ www.eugeorgia.info სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეს, დავით გალეგაშვილს ესაუბრა:
- რა ტიპის საფინანსო ინსტრუმენტია "საწყობის ჩეკი"? რომელ დონორ ორგანიზაციებთან ერთად მუშაობს სამინისტრო ამ პროექტზე და რატომ ისარგებლებს ამ საფინანსო ინსტრუმენტით მხოლოდ კოოპერატივი "დარჩელის თხილი"?
- ამ ინსტრუმენტით მარტო ერთი კოოპერატივი არ ისარგებლებს. საუბარია პილოტურ პროექტზე, რომელიც ჩვენ წარვადგინეთ კოოპერატივში "დარჩელის თხილი". ამ შეხვედრას ესწრებოდა დონორი ორგანიზაცია - PAFAI. მეორე დონორი ორგანიზაციაა FAO, რომელმაც რამდენიმე თვის განმავლობაში დაწერა ძალიან კარგი პროექტი ქვეყანაში ახალი საფინანსო ინსტრუმენტის შემოტანის თაობაზე. ჩვენ შევხვდით "დარჩელის თხილის" მეპაიეებს და ამ პროექტის შესახებ ვესაუბრეთ. თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ამ ინსტრუმენტით მხოლოდ ერთი კოოპერატივი ისარგებლებს. საპილოტე პროექტი თუ გაამართლებს, შემდეგ მას სხვა კულტურებზეც გამოვიყენებთ. პირველი ეტაპისთვის თხილი იმიტომ შევარჩიეთ, რომ ის მსოფლიო ბაზარზე მოთხოვნადია და მისი შენახვაც მარტივია. "დარჩელის თხილს" კარგი საწყობი აქვს და ის ყველაზე დიდი კოოპერატივია. მასში 542 მეპაიეა გაერთიანებული. ამიტომ, უფრო იოლად შეგვიძლია ამ კუთხით პირველი ნაბიჯების გადადგმა.
- რომელი ქვეყნის მოდელს იყენებთ ამ შემთხვევაში და რატომ უნდა შემოვიტანოთ ეს ინსტრუმენტი?
- იტალიაში არის ცნობილი ყველი პარმიჯანო და არსებობს "პარმიჯანოს ყველის ბანკი" - ბანკში დევს ყველი და დაახლოებით, 200 მლნ ევრო გაიცემა სესხად. ანალოგიური მოდელი იქნება აქაც.
ახლა რაც შეეხება იმას, რატომ უნდა შემოვიტანოთ ეს ინსტრუმენტი. მიუხედავად იმისა, რომ არსებობს პროგრამა - "შეღავათიანი აგროსესხი", ფერმერებს, ხშირად არ აქვთ საშუალება, რომ სესხი აიღონ: არ აქვთ ქონება, რომელსაც ბანკი ან მიკროსაფინანსო ორგანიზაცია გირაოში ჩაიდებს. ამიტომ, მათთვის ფინანსებისადმი ხელმისაწვდომობა შეზღუდულია. როცა არსებობს ისეთი ინსტრუმენტი, როგორიცაა "საწყობის ჩეკი", ფერმერს კოოპერატივი მისცემს ჩეკს - ქვითარს, სადაც აღნიშნული იქნება, რომ ამ ადამიანს საწყობში აქვს 1 ტონა თხილი. ის ამ დოკუმენტს მიიტანს მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში. ორგანიზაცია შეაფასებს პროდუქციის ღირებულებას და ფერმერი ამ დოკუმენტის საფუძველზე მიიღებს სესხს.
- სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობისა და სურსათის დეპარტამენტის უფროსმა, თენგიზ კალანდაძემ ერთ-ერთ კომენტარში აღნიშნა, რომ ამ ინსტრუმენტის მეშვეობით ფერმერები ბანკებისგან შეღავათიან სესხს, იაფ ფულად რესურსს მიიღებენ. რა მექანიზმით იქნება ეს სესხი შეღავათიანი?
- ამ კუთხით ეს პროექტი ჯერ არ დამუშავებულა. არ არის განსაზღვრული, რომ ეს შეღავათიანი სესხი იქნება. თუ მთავრობა სუბსიდიის გადაწყვეტილებას მიიღებს, მაშინ სესხი გახდება შეღავათიანი. ასეთი გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის.
- მაშინ, როცა არ არსებობს ქვეყნაში თხილის ბირჟა და ფასების პროგნოზის სისტემა, ფერმერებმა და ბანკის წარმომადგენლებმა არ იციან, რა ფასი ექნება თხილს 4-5 თვის ან ერთი წლის შემდეგ, როგორ მოხდება ფასის განსაზღვრა? ბანკი საქონელს, სავარაუდოდ, საბაზრო ღირებულებაზე ნაკლები ფასით შეაფასებს, სესხს კი ექნება მაღალი საპროცენტო განაკვეთი. რატომ უნდა უღირდეს ფერმერს ამ სესხის აღება?
- წლების განმავლობაში უკვე დაგროვდა გამოცდილება. თხილის მინიმალური ფასი არის 3 ლარი, მაქსიმალური - 10 ლარი. ბანკი შეაფასებს თავის რისკს და ისე მიიღებს გადაწყვეტილებას. ფერმერს თუ არ უნდა, სესხს არ აიღებს. მისი აღება სავალდებულო არ არის. შესაძლოა, სესხის აღება აწყობდეს: თუ აიღებს თანხას და მისი მეშვეობითი კარგად მოუვლის თხილს, შეიძლება მოსავლის რაოდენობა გააორმაგოს და 2 ტონის მაგივრად 4 ტონა თხილი მიიღოს.
- თქვენ აქცენტს აკეთებთ თანხის ისევ მეურნეობაში ინვესტირებაზე. "საწყობის ჩეკით" მიღებულ სესხს ექნება მიზნობრიობა და ფერმერს მისი გამოყენება მხოლოდ მეურნეობის განვითარებისთვის შეეძლება, თუ ექნება უფლება ეს თანხა საყოფაცხოვრებო პრობლემის მოგვარებისთვისაც გამოიყენოს?
- განიხილება ორი ვარიანტი. თუ ფერმერი სესხს მოსავლის მიღებამდე აიღებს, ის ვალდებული იქნება, რომ ეს თანხა პლანტაციას მოახმაროს. მაგალითად, იყიდოს სასუქი ან ტექნიკა დაიქირავოს. მას შემდეგ, რაც ის მოსავალს აიღებს და თხილს საწყობში შეიტანს, სესხის გამოყენება პირადი საჭიროებისთვისაც შეეძლება. გააჩნია, ბანკი და ფერმერი როგორ მოილაპარაკებენ. ეს სიახლეა და უნდა ვნახოთ, პრაქტიკაში ეს მექანიზმი როგორ იმუშავებს.
- თუ საპილოტე პროექტი გაამართლებს, შემდეგი პროდუქტების შერჩევა როგორ მოხდება, "საწყობის ჩეკს" მხოლოდ წარმატებული საექსპორტო პროდუქტის მწარმოებელი ფერმერები მიიღებენ?
- ჩვენი მიზანია, რომ ეს ინსტრუმენტი შემოვიტანოთ ქვეყანაში. შემდგომში მას ბანკები და ფერმერები სურვილისამებრ გამოიყენებენ. თუ ბანკი მისთვის მისაღებად ჩათვლის, უნდა კომბოსტოზე იმუშაოს და უნდა ჭარხალზე.
- ბანკებს თუ შესთავაზეთ ეს პროექტი და როგორი იყო მათი მოსაზრება?
- ბანკებთან საუბარი და განხილვა არ გვქონია. განხილვა გვქონდა მხოლოდ მიკროსაფინანსო ორგანიზაციასთან - "კრისტალი" და ის თანახმაა ამ პროექტში ჩაერთოს
www.eugeorgia.info "კრისტალის" აგროსესხების კოორდინატორს, სერგო ჯოლიას დაუკავშირდა:
- პროექტი დამუშავების სტადიაზეა და ბევრი დეტალი დაზუსტებული არ არის. რა ოდენობის სესხს გავცემთ და რა ვადით, ეს ჯერ გადაწყვეტილი არ არის. თხილის სექტორს და ამ პროდუქციის ფასს რამდენიმე წელია ვაკვირდებით. პროდუქციის შეფასებისას გავითვალისწინებთ მეურნეობაში არსებულ მდგომარეობას: გვყავს ფერმერები, რომელთა მოსავალიც წლიდან წლამდე მცირდება, რადგან პლანტაციებს კარგად არ უვლიან და გვყავს ისეთი ფერმერებიც, რომლებიც პლანტაციებს ძალიან კარგად უვლიან. ამიტომ, ყველა მეურნეობის და პროდუქციის შეფასება იდენტური არ იქნება.
- ახლა ფერმერი თქვენთან სესხს რომ იღებდეს, თხილი როგორ შეფასდება?
- მის საბაზრო ღირებულებას დააკლდება 20%.
- სესხის საპროცენტო განაკვეთი როგორი იქნება?
- სესხის საპროცენტო განაკვეთი დამოკიდებულია სესხის ოდენობასა და ვადაზე. რაც უფრო ხანგრძლივი ვადით გაიცემა სესხი, მით უფრო დაბალია საპროცენტო განაკვეთი. გააჩნია სესხის ოდენობასაც.
- 10 000 ლარის სესხის აღების შემთხევაში, მისი წლიური საპროცენტო განაკვეთი რამდენი იქნება?
- 10 000 ლარის აღების შემთხვევაში მისი წლიური საპროცენტო განაკვეთი იქნება 20%-დან ზემოთ.
- ფერმერებისთვის თქვენი შეთავაზება მისაღებია?
- ფერმერთა მხრიდან იყო დიდი ინტერესი. იმედი გვაქვს, რომ პროექტი წარმატებით განხორციელდება.