წესდების დარღვევა, წევრებს შორის უთანხმოება - 115 კოოპერატივის შეჩერებული სტატუსის მთავარი მიზეზები
კოოპერატივების თაფლი ევროკავშირის ბაზარზე, შესაძლოა, ერთი ბრენდით გავიდეს.
სოფლის მეურნეობის სამინისტრო უახლოეს დღეებში მთავრობას ახალ პროექტს წარუდგენს. ინიციატივა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს ეკუთვნის და კოოპერატივების თაფლის ერთიანი გადამამუშავებელი საწარმოს შექმნას გულისხმობს. ევროკომისიის ადამიანის ჯანმრთელობისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის დირექტორატმა რეკომენდაციით უკვე მიმართა ევროკომისიას, რომ საქართველო მესამე ქვეყნების იმ ჩამონათვალში შეიყვანოს, საიდანაც ევროკავშირის ბაზარზე თაფლის შეტანა ნებადართულია. იმ შემთხვევაში კი, თუ მთავრობა მეფუტკრეობის საწარმოს პროგრამას დაამტკიცებს, ევროპაში ქართული თაფლი ერთი ბრენდით გავა.
„ამჟამად მეფუტკრეობის საწარმოს პროგრამაზე ვმუშაობთ. გვინდა, კოოპერატივების თაფლის ერთიანი გადამამუშავებელი საწარმო შეიქმნას, რომ ევროკავშირის ბაზარზე ერთი ბრენდით დიდი რაოდენობით თაფლი გავიდეს. დღეს სხვადასხვა კოოპერატივსა თუ ფერმერს იმდენად ცოტა თაფლი აქვს, რომ მათთვის პროდუქტის ევროპაში გატანა რენტაბელური არ იქნება“, - აცხადებს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი მიშელაძე
უახლოეს მომავალში ევროპის ბაზარზე თაფლის გატანას გეგმავს კოოპერატივი ,,გომიგურია '', რომელსაც დღეს სტატუსი შეწყვეტილი აქვს. ოზურგეთში სოფელ შემოქმედში კოოპერატივის წევრებს სხვადასხვა პროდუქტი დღემდე ერთად მოჰყავთ, ამ ეტაპზე კი ჰოლანდიაში ექსპორტზე ხურმა გააქვთ.
„ხურმის ჩირს ვინც ყიდულობს ჩვენგან ჰოლანდიაში, ის მალე თაფლსა და თხილსაც შეიძენს. იქ ბევრი ქართველია, მეგობრები მყავს, რომლებიც თანამშრომლობენ სუპერმარკეტების ქსელთან. რომ გაიგეს, თხილი მაქვს, დიდი ინტერესი გამოთქვეს, ასევე დააინტერესათ წაბლის თაფლმაც და უახლოეს მომავალში ალბათ ევროპაში გავიტან“, - ამბობს გრიგოლ დუმბაძე.
კოოპერატივი ,,გომიგურია'' ამჟამად ჰოლანიდელებთან მოლაპარაკებებს აწარმოებს, ,,გომიგურიას'' ხელმძღვანელი გრიგოლ დუმბაძე ჩვენთან ინტერვიუში ამბობს, რომ უახლოეს მომავალში ხელშეკრულებასაც გააფორმებს, თუმცა კოოპერატივის აღდგენას არ აპირებს, რადგან მიაჩნია, რომ ოფიციალური სტატუსი დღეს არ სჭირდება.
„ჩემი მეგობარი და კოოპერატივის ერთ-ერთი წევრი გარდაიცვალა, უნდა შემეცვალა წევრი, ვერ მოვახერხე, თხოვნით მივმართე, რომ ცოტა დრო მოეცათ, მაგრამ მომივიდა შეტყობინება, გაუქმებულია კოოპერატივიო. გული ამიცრუვდა, ახლა ვმუშაობთ როგორც კოოპერატივი, თუმცა არ გვაქვს სტატუსი. 600 ლარამდე გადავიხადე, ახლა წევრის შეცვლა 200-300 ლარი მიჯდება, არ მიღირს“, - აცხადებს გრიგოლ დუმბაძე.
,,გომიგურიას '' პრობლემები ჩვენ გიორგი მიშელაძეს გავაცანით.
„600 ლარი იმ შემთხვევაში შეიძლება, გადაეხადა, არასწორად თუ შეადგინა წესდება, საჯარო რეესტრმა ხარვეზები დაუდგინა და შემდეგ ცვლილებები შეიტანა. საჯარო რეესტრში კოოპერატივის რეგისტრაცია 110 ლარამდე ჯდება, მოგვიანებით კი სასოფლო სამეურნეო კოოპერატივის სტატუსის მინიჭება უფასოა. ბევრი ნოტარიუსში მიდის, იქ ამოწმებინებს, იხდის თანხას, მერე მიაქვს საჯარო რეესტრში, არ არის საჭირო, წესდების ფორმა არსებობს, პირდაპირ შეუძლიათ, მივიდნენ საჯარო რეესტრში“, - აცხადებს გიორგი მიშელაძე.
დღეს საქართველოში 1483 კოოპერატივია, ამ მხრივ ლიდერი რეგიონი სამცხე-ჯავახეთია, სადაც 340 კოოპერატივია დარეგისტრირებული, მეორე ადგილზეა ქვემო ქართლი - 218 კოოპერატივით, მესამე ადგილს კი აჭარა - 153 კოოპერატივით იკავებს. ამჟამად სტატუსი 115 კოოპერატივს აქვს შეჩერებული. გიორგი მიშელაძის განცხადებით, ხშირად კოოპერატივის წევრები წესდებით ნაკისრ ვალდებულებებს არ ასრულებენ, რაც სტატუსის შეწყვეტის მიზეზი ხდება. საგარეჯოს სოფელ უდაბნოში კოოპერატივი „იმედი“ ერთ-ერთია, რომელსაც დოკუმენტების მოუწესრიგებლობის გამო სტატუსი შეუჩერდა. კოოპერატივის ხელმძღვანელი მაიზერ გუჯეჯიანი ამბობს, რომ სტატუსის აღდგენა მათთვის მნიშვნელოვანია, რადგან გარკვეული შეღავათებით სარგებლობენ, ამიტომ უახლოეს მომავალში „იმედი“ ოფიციალური სტატუსის მქონე კოოპერატივების სიაში გადაინაცვლებს.
„20 მეპაიე ვიყავით, უნდა ჩაგვერიცხა 100-100 ლარი ბანკში, ასევე საჭირო იყო მეპაიეთა ჟურნალის წესრიგში მოყვანა. ფული ჩავრიცხეთ, მაგრამ ყველა მეპაიეზე არ შევიტანეთ, როგორც საჭირო იყო, თანხა ჩავრიცხეთ კოოპერატივის სახელით. თავდაპირველად ინფორმაცია არ გვქონდა, როდესაც გავიგეთ, უკვე გვიან იყო. დაშორებული ვართ რაიონს და 20 ადამიანის შეკრება და მისვლა რეესტრში, შემდეგ ბანკში, ძალიან რთულია,“ - ამბობს მაიზერ გუჯეჯიანი.
რატომ არის საბუთების მოუწესრიგებლობა კოოპერატივის სტატუსის შეჩერების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, არის თუ არა ინფორმაციის ნაკლებობა ფერმერებში? - ამ შეკითხვით ჩვენ გიორგი მიშელაძეს მივმართეთ.
„ინფორმაციის ნაკლებობა არაფერ შუაშია, ოფიციალურ ელექტრონულ ფოსტას, რომელიც მათ მითითებული აქვთ საჯარო რეესტრში საკონტაქტოდ, უმეტეს შემთხვევაში არ ამოწმებენ. ტელეფონის მითითებულ ნომერზე შეტყობინებებს ვუგზავნით, რომ მუდმივად ინფორმირებული იყვნენ, მაგრამ ზოგი ვერ აცნობიერებს, რასთან აქვს საქმე. სამწუხაროდ, ისეთი შემთხვევებიც არის, როდესაც კოოპერატივი შექმნილია და ელოდება სასურველ პროგრამას და არ ფიქრობს, რომ კოოპერატივი პროგრამაში ჩართვას არ ნიშნავს. როდესაც ვხვდებით მოსახლეობას, მუდმივად ვეუბნებით, ილუზია არ გქონდეთ, კოოპერატივის შექმნა არ ნიშნავს, რომ ყველა სახელმწიფო პროგრამაში ჩაერთვებით და ყველა მიმართულებით ფულს დაგაყრიან თავზე, ეს ასე არ იქნება. საქართველოში 800 000-მდე წვრილი ფერმერია, ყველამ რომ შექმნას კოოპერატივი, სახელმწიფო ყველას როგორ დაეხმარება?“ - აცხადებს მიშელაძე.
ხაშურში კოოპერატივ „ჭერათხევსაც“ სტატუსი აქვს დღეს შეჩერებული, თუმცა ამის მიზეზი არა საბუთების მოუწესრიგებლობა, არამედ მიწის რეგისტრაციაა.
„საპაიო შენატანი მიწის ნაკვეთები გვაქვს, რომლის დარეგისტრირებაა საჭირო, სხვადასხვა ზომის მიწის 14 ნაკვეთია, ამის დარეგისტრირება ძალიან ძვირი გვიჯდება, დიდ თანხებთანაა დაკავშირებული. ელექტრონული ვერსიები უნდა გაკეთდეს, შემდეგ საჯარო რეესტრში გატარდეს. ამ მიმართულებით თუ გვექნება ხელშეწყობა, კოოპერატივს აღვადგენდით“ , - ამბობს ვაჟა ლოლაძე.
რა დახმარების მიღება შეუძლიათ კოოპერატივის წევრებს ახალი რეფორმის ფარგლებში, რომელიც მოქალაქეებისთვის მიწის უფასო რეგისტრაციას ითვალისწინებს? - ამ შეკითხვით ჩვენ იუსტიციის სამინისტროს პრესსამსახურის ხელმძღვანელს მივმართეთ, რომელიც გვპასუხობს - „მიწის რეგისტრაცია უფასოა, თუმცა, აზომვა, მოგეხსენებათ, ცალკე თანხა უჯდებათ, რადგან ეს კერძო საქმიანობაა“. გიორგი მიშელაძე კი ასეთ შემთხვევაში წესდებაში ცვლილებების საჭიროებაზე საუბრობს.
„პაის სახით შეტანის შემთხვევაში ქონება უნდა იყოს კოოპერატივზე რეგისტრირებული. მათ ცვლილება უნდა შეეტანათ წესდებაში, საპაიო შენატანის სახით მიწის ნაცვლად უნდა ყოფილიყო ფულადი თანხა. მინიმალური - 100 ლარის ფარგლებშია, ხანდახან უფრო მეტია - ადამიანის ეკონომიკური მონაწილეობის პროპორციულად“, - ამბობს გიორგი მიშელაძე.
ვაჟა ლოლაძე კიდევ ერთ პრობლემაზე გვიყვება, რომელიც ბევრი კოოპერატივისთვის არის აქტუალური.
„ტრაქტორი გვინდოდა შეგვეძინა, ოღონდ კრედიტის აღებას ვერიდებით, დიდი შემოსავალი არ გვაქვს, ვერ ვახერხებთ თანხების მობილიზებას. თუ აგროვადებში არ შესრულდა ყველაფერი - მიწის დამუშავება, თესლის ჩაყრა, კულტივაცია და ასე შემდეგ, მოსავალს ვერ ვიღებთ, ამიტომ საჭიროა გამწევი ძალა, ტრაქტორი გამაერთიანებელი ფაქტორი იქნებოდა და ასევე მაგალითიც მეზობლებისთვის, რომ გაფართოვდეს კოოპერატივი“, - ამბობს ლოლაძე.
კოოპერატივის ეს პრობლემა eugeorgia.info-მ გიორგი მიშელაძეს გააცნო.
„მექანიზაციის მცირე გაბარიტიანი სასოფლო სამეურნეო პროგრამა გვქონდა, 1541 მოტობლოკის კომპლექტი გადავეცით კოოპერატივებს, მაგალითად, კოოპერატივში 5 წევრი იყო და ჰქონდათ 5 ჰექტარი, შესაძლებელი იყო, ერთი მოტობლოკი კოოპერატივის ყველა წევრს მომსახურებოდა, მაგრამ ყველამ სათითაოდ წაიღო. მიუხედავად იმისა, რომ კოოპერატივში გაწევრიანებული არიან, საკუთარი პირადი ინტერესებიდან გამომდინარე ფიქრობენ, სწორად რომ შეეხედათ კოოპერატივისთვის, ის მოტობლოკები გაცილებით მეტს შეხვდებოდა. გამომდინარე იქიდან, რომ პირველი პროგრამა იყო და მცირემიწიან ფერმერებზე იყო გათვლილი, ძალიან მკაცრად არ მივუდექით, საქართველოში ტექნიკის სიმწირე გავითვალისწინეთ“, - აცხადებს მიშელაძე.
კოოპერატივში გაწევრიანებულ ფერმერებს შორის რომ ხშირად აზრთა სხვადასხვაობაა და ეს კოოპერატივის გაუქმების მიზეზიც ხდება, ამას რამაზ მოსიაშვილიც გვიდასტურებს. ხაშურში კოოპერატივ “ზემოქართლის'' სტატუსის შეჩერების მიზეზი სწორედ წევრებს შორის უთანხმოება გახდა.
„2 ძმა ვერ რიგდება ერთმანეთში, 14 ადამიანი მოვრიგდებოდით? ყველას სხვადასხვა მოსაზრება გვქონდა. მე რომ, მაგალითად, კარტოფილის დათესვა მინდოდა, მეორე მეწინააღმდეგებოდა, მეორეს რისი გაკეთებაც სურდა, ის მესამეს არ უნდოდა და ასე შემდეგ. დავანებეთ თავი, აზრი არ ჰქონდა. კოოპერატივის იდეას ვეთანხმები, ერთი თუ ვერ აკეთებს, ათი ახერხებს, მაგრამ გასათვალისწინებელია ისიც, რომ აქ 10 სხვადასხვა აზრია“, - ამბობს რამაზ მოსიაშვილი.
ასეთი შემთხვევების თავიდან ასარიდებლად გიორგი მიშელაძე ფერმერებს რეკომენდაციებს სთავაზობს.
„ეს იმიტომ მოხდა, რომ სპონტანურად გაერთიანდნენ, ამიტომ ჩვენ სულ ვამბობთ, რომ, როდესაც შეიკრიბებიან, გაერთიანდნენ ერთგვაროვანი პროდუქციის გარშემო, ინტერესთა თანხვედრა რომ იყოს. რეკომენდაციას ვუწევთ, თუმცა ეს სავალდებულო არ არის“, - ამბობს მიშელაძე.
ლაგოდეხის სოფელ შრომაში ”მარგი ლ“ იმ კოოპერატივების რიცხვს მიეკუთვნება, რომლებმაც კანონით გათვალისწინებული სიკეთეები მაქსიმალურად გამოიყენეს, კოოპერატივში 6 წევრია გაერთიანებული, საგადასახადო შეღავათებით სარგებლობენ, სახელმწიფო პროგრამებშიც მონაწილეობენ, შესაბამის ტრენინგებს ესწრებიან და წარმატებამაც არ დააყოვნა. „მარგილ-ს“ თხილი უკვე ექსპორტზე თურქეთში გააქვს.
„ადრე მოდიოდნენ და ჩვენგან დაბალ ფასში ყიდულობდნენ თხილს, შემდეგ მათ თავად გაჰქონდათ თურქეთში, მას შემდეგ, რაც კოოპერატივი შევქმენით, ინტერნეტით ვაფორმებთ ხელშეკრულებას, როგორც კოოპერატივი და ჩვენ თვითონ გაგვაქვს თურქეთში“,- ამბობს კოოპერატივის ხელმძღვანელი გიორგი ენუქიძე.
რა სახის საგადასახადო შეღავათებითა და მხარდაჭერით სარგებლობენ კოოპერატივები?
- მოგების გადასახადით არ იბეგრება სასოფლო-სამეურნეო საქმიანობით მიღებული შემოსავალი (პირველადი წარმოება)დაგრანტი;
- სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივთან დაკავშირებით, არ არის დაწესებული მოგების გადასახადის ზღვარი წლიური ბრუნვის მიხედვით, რომელიც მაგალითად შპს-ს შემთხვევაში, 200 000 ლარს შეადგენს;
- ქონების გადასახადით არ იბეგრება კოოპერატივის ქონება, რომელიც გამოიყენება სასოფლო-სამეურნეო საქმიანობისთვის;
- სასოფლო სამეურნეო საქმიანობისთვის ლიზინგით გაცემული მოძრავი ქონება; საშემოსავლო გადასახადით არ იბეგრება კოოპერატივის საქმიანობის ფარგლებში, კოოპერატივის წევრების მიერ მიღებული დივიდენდი;
- სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივები ასევე სარგებლობენ ყველა იმ საგადასახადო შეღავათებით, რომლებიც სოფლის მეურნეობასთან მიმართებაში მოქმედებს.
- სოფლის მეურნეობის სამინისტრო „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მოტობლოკებითა და ხელის სათესი უზრუნველყოფის პროექტს“ ახორციელებს. პროექტი ითვალისწინებს კოოპერატივებისთვის 1700 ერთეული მოტობლოკისა და 2000 ხელის სათესის შეღავათიანი პირობებით, ან ლიზინგით (გრძელვადიანი იჯარა-გამოსყიდვის უფლებით) გადაცემას;
- სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს “სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების გადამამუშავებელი საწარმოების თანადაფინანსების პროექტით“, რომელიც სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამამუშავებელი, ახალი საწარმოების შექმნას ან უმოქმედო საწარმოს ამუშავებას ითვალისწინებს,ფინანსური და ტექნიკური დახმარების გაწევა განსაზღვრულია კოოპერატივებისთვისაც ;
- სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი სარგებლობს უპირატესობით, მიიღოს გრანტი;
- განსაზღვრულია სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებში დასაქმებულების უფასო სწავლება-გადამზადება და კვალიფიკაციის ასამაღლებელი სხვა პროგრამები;
ავტორი: ხატია შამანაური