ევროკავშირში ინდუსტრიული პროდუქტის ექსპორტის შემაფერხებელი მიზეზები და ტენდენციები ბაზრებზე
სლოვენიის სასტუმროებში შესაძლოა მალე საქართველოში დამზადებული ტელევიზორები გამოჩნდეს. კომპანიამ AG Microelectronics უკვე დაიწყო მოლაპარაკებები ადგილობრივ კომპანიასთან, რომელიც სასტუმროებს ელექტროსაქონელს აწვდის. ევროპაში პროდუქტის გასატანად ემზადება კიდევ ერთი კომპანია “საქკაბელი”. ევროკავშირის ბაზარზე მოხვედრამდე, ექსპორტისთვის საჭირო ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობის დამადასტურებელი სერტიფიკატის ასაღებად ორივე კომპანიას ევროკომისიაში ნოტიფიცრებული ლაბორატორიების მოწვევა მოუწევს, ვინაიდან საქართველოში ჯერ არ არსებობს შესაბამისობის შემფასებელი ორგანო, რომლის სერტიფიკატსაც ევროკავშირი უპირობოდ აღიარებდა.
ასოცირების შეთანხმება ერთგვარი იმპულსი გახდა AG Microelectronics-თვის, რომ LED ნათურებისა და ტელევიზორების წარმოება ევროკავშირის სტანდარტების შესაბამისად დაეწყო. ტელევიზორებს მიმდინარე წლის მაისიდან, LED ნათურებს კი დაახლოებით 10 თვეა ამზადებს. პროგრამის “აწარმოე საქართველოში” მხარდაჭერით კომპანიამ წარმოება გააფრთოვა და წლის განმავლობაში 1 მილიონამდე ნათურის დამზადება შეუძლია. ქართული LED ნათურებისა და ტელევიზორების მცირე პარტია აზერბაიჯანში უკვე გაიყიდა, შემდგომი ნაბიჯი ევროკავშირის ქვეყნებში გასვლაა.
“სლოვენურ კომპანიასთან საუბარია წლიურად დაახლოებით 30 ათასი ტელევიზორის მიწოდებაზე, ეს კომპანია კორპორატიულ კლიენტებზე მუშაობს, უკვე გავუგზავნეთ ჩვენი მონაცემები, შეთავაზება ტელევიზორებთან დაკავშირებით, რომ სასტუმროებისთვის საჭირო მოდელები დავუმზადოთ”,- ამბობს AG Microelectronics-ის ფინანსური დირექტორი სოსო მაზმიშვილი.
ევროკავშირის ბაზარზე მოსახვედრად პროდუქტს თან უნდა ახლდეს წარმოშობის სერტიფიკატი ანუ ევრო-1, იმისთვის, რომ თავისუფალი სავაჭრო შეთანხმებით გათვალისწინებული საბაჟო შეღავათებით ისარგებლოს. მაზმიშვილის თქმით, ტელევიზორებთან დაკავშირებით უჭირთ ევრო1-ის აღება, ვინაიდან, ნედლეული ძირითადად, აზიის ქვეყნებიდან (ჩინეთი, ტაივანი, ჰონგ-კონგი) შემოაქვთ, ევროკავშირი კი გამოყენებული ნედლეულის ფასის კრიტერიუმსაც ადგენს, რომლის მიხედვითაც საბოლოო მზა პროდუქციაში ევროკავშირის არაწევრ ქვეყანაში წარმოებული ნედლეული ღირებულებაში 50%-ს არ უნდა აღემატებოდეს.
“ნათურების წარმოებისთის ევრო1-ის სერტიფიკატი მიღებული გვაქვს, ტელევიზორების შემთხვევაში საკითხი უფრო რთულად დგას, იმიტომ რომ უნდა აკმაყოფილებდეს მზა პროდუქციაში გამოყენებული ნედლეულის ფასის კრიტერიუმსაც, ამიტომ ვცდილობთ მოვიძიოთ ევროკავშირში წარმოებული საჭირო ნედლეული ან გავაიაფოთ მოწოდებული ნედლეულის ღირებულება, იმისთვის, რომ საბოლოო პროდუქტში ევროკავშირის არაწევრ ქვეყნებში წარმოებული ნედლეული არ აცდეს 50%-ს ღირებულებაში”- ამბობს მაზმიშვილი.
თურქეთთან "დიაგონალური კუმულაცია", რომელიც ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებაშია ჩადებული, საქართველოს საშუალებას აძლევს თურქეთიდან შემოტანილი ნედლეული ქართულ ნედლეულად ჩაითვალოს და მისი მეშვეობით დამზადებული პროდუქტი, როგორც ქართული პროდუქტი, ევროკავშირის ბაზარზე დაუბეგრავად გაიტანოს (შეთანხმება ჯერ მიღწეული არ არის, თურქეთთან მიმდინარეობს მოლაპარაკებები). თუმცა როგორც სოსო მაზმიშვილმა განცხადა, ტელევიზორების შემთხვევაში, მათთვის საჭირო ნედლეული არც თურქეთს აქვს.
ევროკავშირში ექსპორტისას, გარდა წარმოშობის სერტიფიკატისა, პროდუქტს თან უნდა ახლდეს უსაფრთხოებისა და CE-შესაბამისობის სერტიფიკატები. შესაბამისობის სერტიფიკატის მისაღებად სასერტიფიკაციო ორგანო ამოწმებს სტანდარტებთან შესაბამისი ტექნოლოგიით ხდება თუ არა წარმოება, გამოყენებულია თუ არა ევროკავშირში აკრძალული ნივთიერებები, სერტიფიცირებულ კომპონენტებს იყენებს თუ არა კომპანია, შემდეგ უკვე საბოლოო პროდუქტს ამოწმებს ხარისხობრივად- რამდენად შეესაბამება ისსტანდარტს.
კიდევ ერთი პრობლემა მეწარმეებს შესაბამისობის დამადასტურებელი სერტიფიკატის აღების პროცესში ექმნებათ. საქართველოში ელექტროპროდუქტებისთვის მსგავსი სერტიფიკატის აღება ჯერჯერობით შეუძლებელია, ვინაიდან არ არსებობს ლაბორატორია, რომლის გაცემულ დოკუმენტსაც ევროკავშირი უპირობოდ აღიარებდა, მეწარმეებს ერთი გზა რჩებათ: მოიწვიონ ევროკომისიაში ნოტიფიცრებული შესაბამისობის შემფასებელი ორგანო, რომელიც შეიძლება ევროკავშირის არაწევრი ქვეყნიდანაც იყოს.
“როცა დადგება ტელევიზორის ექსპორტის საკითხი, მოგვიწევს რომელიმე ევროპულ ქვეყანაში ავიღოთ სერტიფიკატები, დაახლოებით, 20 ათასი ევროს ფარგლებში ეღირება ერთი ერთეულის შემოწმება. ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის დროს “სეტ ტოპ ბოქსებისთვის” ფინეთის ლაბორატორიაში მივიღეთ სერტიფიკატი. დღეს ჩვენთან ლაბორატორიის სრული აღჭურვა და მისი სერტიფიცირების ორგანოდ გადაქცევა ერთი მეწარმისთვის რთულია, ძალიან ძვირი დაჯდება, სახელმწიფოს კი შეუძლია შექმნას სასერტიფიკაციო ორგანო, რომელიც დასკვნებს გასცემს ევროკავშირისთვის, რომ იმ ბაზარზე მოხვედრა გაადვილდეს”,-ამბობს AG Microelectronics-ის ფინანსური დირექტორი.
ლაბორატორიის არარსებობა პრობლემას უქმნის ელექტროპროდუქტების მწარმოებელ კიდევ ერთ წამყვან კომპანიას “საქკაბელი”, რომელსაც ამჟამად ფრანგებთან აქვს მოლაპარაკებები, საფრანგეთში საკაბელო პროდუქციის შეტანაზე. საჭირო დოკუმენტაციის ჩამონათვალი ედიშერ მამალაძეს ჯერ არ მიუღია, თუმცა ფიქრობს, რომ CE მარკირება მაინც დასჭირდება.
“თუ ეს ხელშეკრულება გრძელვადიანი იქნება და რამდენიმე ასეულ ათას დოლარს გადააჭარბებს, ამ შემთხვევაში ღირს ხარჯის გაწევა რომ წავიდე რომელიმე ქვეყნის ლაბორატორიაში, რომელიც აკრედიტებულია ევროპული სტანდარტით და შევამოწმებინო ჩემი პროდუქცია, მაგრამ თუ ეს იქნება ერჯერადი, მაშინ აზრი არა აქვს, თავის თავს ვერ ამოიღებს. შეიძლება საერთოდ არ მოგვთხოვონ ეს სერტიფიკატი, ვინაიდან ჩამოვიდნენ, ნახეს წარმოება და მოეწონათ. თუ ეს სერტიფიკატი მოითხოვეს, ძალიან გააძვირებს პროდუქციას, ან ისინი უნდა მოვიწვიო აქ ან მე წავიღო პროდუქტი. სახელმწიფოს შეუძლია ამ შემთხვევაში აიღოს სერტიფიცრების დაფინანსება თავის თავზე (გრანტებით)”,-ამბობს კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს ხელმძღვანელი.
კომპანიამ “საქკაბელი” ევროპის ბაზრისთვის ნელ-ნელა მომზადება დაახლოებით 2 წლის წინ დაიწყო, სამთავრობო პროგრამის “აწარმოე საქართველოში” დახმარებით ახალი დანადგარები შეიძინა, დანერგა ევროპული სტანდარტები, თანამშრომლები საზღვარგარეთ გაგზავნა გადასამზადებლად და საერთაშორისო სერტიფიკატებიც აიღო. მამალაძე ფიქრობს, რომ პირველ რიგში ადგილობრივ ბაზარზე უნდა იყოს სტანდარტულ საქონელზე მოთხოვნა, რომ ევროპელსაც გაუჩნდეს ნდობა საქართველოში წარმოებული პროდუქციისადმი.
“თუ ეუბნები რომ ჩვენ ქვეყანაში არანაირი სტანდარტი არ გვაქვს, მაშინ ის გეტყვის: შენ თუ არა გაქვს, ჩვენთან როგორ მოგაქვს სტანდარტული პროდუქცია?!. დღეს თოკი რომ შემოვიტანო საზღვარზე და ვთქვა, რომ კაბელია, შემიძლია განვაბაჟო ნებისმიერი სერტიფიკატის გარეშე და გავყიდო. ბევრი შემთხვევაა ასეთი და იწვევს ცუდ შედეგებს, პასუხისმგებელი არავინაა”,-ამბობს მამალაძე.
სეტიფიცირებასა და ადგილობრივი ბაზრის დაუცველობასთან ერთად “საქკაბლის” წარმომადგენელი ინდუსტრიულ სფეროში მოღვაწე მეწარმეებისთვის მთავარ პრობლემად ბაზრის მოძიებას ასახელებს.
“რთულია გაჯერებულ ბაზარზე შეხვიდე და რაღაც სეგმენტი დაიკავო, მითუმეტეს ასეთი პატარა ქვეყნიდან, როცა ამაზე მუშაობს მთელი ევროპა, აზია, თურქეთსაც აქვს თავისუფალი სავაჭრო შეთანხმება ევროკავშირთან და გაცილებით კონკურენტუნარიანია. ჩემთვის ძნელია, თუ ვინმე დამხმარე არ გვეყოლება”,-ამბობს მამალაძე.
ჰოლანდიური კვლევითი ინსტიტუტის (CBI) მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, მოკლე და საშუალოვადიან პერიოდში მუშახელისა და წარმოების ხარჯების ზრდა “ტექნოლოგიურად მდიდარ” ქვეყნებში, როგორიცაა გერმანია, შვეიცარია, ფინეთი და შვედეთი გამოიწვევს წარმოების აუთსორსინგს მუშახელით მდიდარ ქვეყნებში, რითაც შეუძლიათ ისარგებლონ ექსპორტიორებმა განვითარებადი ქვეყნებიდან. უცხოურ კომპანიებთან თანამშრომლობის პერსპექტივას რეალურად უყურებენ ქართველი მეწარმეებიც, თუმცა ამის წინაპირობად საკუთარი პროდუქტის ევროკავშირის ბაზარზე გატანას ასახელებენ.
“ეს ხდება მას შემდეგ, რაც გაიცნობენ კომპანიას, თუ შევედით საფრანგეთში და ევროკავშირის სხვა ქვეყნებშიც, იქაური მომხმარებელი გაგვიცნობს, ნდობა გაუჩნდება. სხვა ქვეყნებში გადააქვთ წარმოება იმიტომ, რომ იქ დიდია დაბეგვრა, მუშახელის ხელფასი, სხვა ბევრი ისეთი ხარჯია, რაც ჩვენთან არ არის, ჩვენთან წარმოების კუთხით საგადასახადო სივრცე დადებითია, ეს უნდა დაინახონ ნელ-ნელა”,- ამბობს ედიშერ მამალაძე.
“თუნდაც ერთი პროდუქტის გატანა ევროკავშირში და სერტიფიცირება კიდევ უფრო მეტ იმპულსს მისცემს სხვა კომპანიებსაც, რომ ევროკავშირის ბაზრისთვის აქ ვაწარმოოთ გარკვეული ელექტრონიკა. პერიოდულად გვაქვს შეხვედრები, “ინტელის” წარმომადგენელთან. გვინდა უახლოეს ხანებში შევქმნათ პრეცენდენტი, რომ ჩვენმა წარმოებულმა მსხვილმა საყოფაცხოვრებო ტექნიკამ, როგორიც ტელევიზორია, მიიღოს ევრო1-ის სერტიფიკატი, ამის შემდეგ შევძლებთ სხვა კომპანიებს, Toshiba, LG ვუთხრათ, რომ პირობითად, თურქეთის ბაზრისთვის საჭირო ელექტროტექნიკა აწარმოოს ჩვენთან. Samsung-მა რუსეთში ახლახან გახსნა ქარხანა და დსთ-ის ქვეყნებისთვის იქ დაიწყო წარმოება, ტელევიზორები, რომელიც ჩვენთან შემოდის, მთლიანად რუსეთშია აწყობილი. გვინდა ჩვენც გავიდეთ ასეთ კომპანიაზე”,- ამბობს სოსო მაზმიშვილი.
ინდუსტრიულ ნაწარმთან დაკავშირებით საქართველოს 21 ევროპული დირექტივა აქვს მისაღები (აქედან 6 სექტორული დირექტივა მიღებულია). ის დირექტივები, რომელიც ტელევიზორებს, LED ნათურებსა და კაბელებს მოიცავს, ჯერ ტექნიკურ რეგლამენტებად მიღებული არ არის, თუმცა მეწარმეებს შეუძლიათ ამ რეგლამენტში განსაზღვრულ სტანდარტებთან შესაბამისად აწარმოონ პროდუქცია. დანარჩენი 15 დირექტივის დანერგვა ასოცირების ხელშეკრულების ძალაში შესვლიდან 8 წელზეა გაწერილი. ორმხრივ აღიარებას ელოდება აკრედიტაციის ეროვნული ცენტრიც, რომელიც უკვე არის (EA-ს) ევროპის აკრედიტაციის თანამშრომლობის ასოცირებული წევრი, ამჟამად მიმდინარეობს მუშაობა ორმხრივი აღიარების ხელშეკრულებაზე, რომლის გაფორმების შემთხვევაშიც საქართველოში გაცემული შესაბამისობის დამადასტურებელი სერტიფიკატისადმი ნდობა ევროკავშირში გაიზრდება. როგორც აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის დირექტორმა eugeorgia.info-ს განუცხდა, ევროპის აკრედიტაციის თანამშრომლობის ექსპერტები ცეტრის სრულ შეფასებას სავარაუდოდ წლის ბოლოს ჩაატარებენ.
“ჩვენ გვაქვს ასოცირებული შეთანხმება, რომლის ფარგლებშიც ისინი ხელს უწყობენ ჩვენი გაცემული დოკუმენტების აღიარებას, ორმხრივი შეთანხმება (BLA) კი გაზრდის ამ აღიარების დონეს, მეტ სანდოობას გულისხმობს. თუმცა ელექტრონიკისა და სხვა ახალი მიდგომის დირექტივებით დარეგულირებული პროდუქტების შემთხვევაში ჩვენ მიერ BLA-ის ხელმოწერა საკმარისი არ არის, იმისთვის, რომ საქართველოში გაცემული დოკუმენტი ევროკავშირში პირდაპირ აღიარონ, დამატებით საჭიროა ე.წ. ACCA შეთანხმება (შეთანხმება შესაბამისობის შეფასებისა და ინდუსტრიული პროდუქტების აღიარების შესახებ), რომელიც ქვეყნებს შორის ფორმდება”,- ამბობს პაატა გოგოლიძე.
ე.წ. ACAA შეთანხმების (რომელიც ერთ ან რამდენიმე სექტორს მოიცავს) გაფორმება კი მხოლოდ მას შემდეგ იქნება შესაძლებელი, რაც ევროკავშირი დაადასტურებს, რომ საქართველოს შესაბამისი კანონმდებლობა, ინსტიტუტები და სტანდარტები სრულადაა დაახლოებული მის კანონმდებლობასა და სტანდარტებთან. ACAA უზრუნველყოფს მხარეებს შორის ვაჭრობას იმავე პირობებით, რაც გამოიყენება ამავე პროდუქციით ვაჭრობისას ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის. ACAA-ს ერთ-ერთი წინაპირობა აკრედიტაციის ცენტრის საერთაშორისო აღიარებააცაა.
ევროდირექტივები
CE- ევროპულ სტანდარტთან შესაბამისობის ნიშანი -მიუთითებს იმაზე, რომ ბაზარზე განთავსებამდე პროდუქტი
შემოწმდა და აკმაყოფილებს ევროკავშირის უვნებლობის, ჯანდაცვისა და გარემოს დაცვის მოთხოვნებს.
ელექტრომოწყობილობები ევროპაში დარეგულირებულია სპეციალური დირექტივებით, აქედან, ყველაზე მნიშვნელოვანი დირექტივებია დაბალი ძაბვის მოწყობილობებისა (‘Low Voltage Directive’ (LVD)- და ელექტრომაგნიტური თავსებადობის შესახებ (The Directive on Electromagnetic Compatibility (EMC). ასოცირების შეთანხმების სამოქმედო გეგმის მიხედვით, საქართველოს ამ დირექტივების მისაღებად ვადა შეთანხმების ძალაში შესვლიდან 8 წლის განმავლობაში აქვს (2024 წლამდე). კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დირექტივა (RoHS-Restriction of Hazardous Substances) ელექტრომოწყობილობებში საშიში ნივთიერებების (სუბსტანციები) გამოყენებას არეგულირებს. საშიშ ნივთიერებებს შორისაა ტყვია, ვერცხლისწყალი, ექვსვალენტიანი ქრომი და კადმიუმი.
ხარისხის მენეჯმენტი
ევროპა სტანდარტების შესაბამისობით საზღვრავს რა ტიპის პროდუქტი უნდა მოხვდეს მის ბაზარზე. ევროკავშირის ბაზრისთვის რელევანტურია შემდეგი სტანდარტები:
1) ISO სტანდარტები: აღიარებულია მსოფლიოში და მოიცავს პროდუქტების ფართო სპექტრს.
2) EN- სტანდარტები: ევროპის სტანდარტიზაციის კომიტეტის მიერ შექმნილი და ჰარმონიზებული ევროკავშირის მასშტაბით. ISO სტანდარტები ხშირად ჰარმონიზებულია EN-სტანდარტებთან და გამოქვეყნებულია, როგორც EN სტანდარტები.
ტენდენცია ბაზრებზე
ევროკავშირში იზრდება მოთხოვნა ეკოლოგიურად სუფთა ელექტროპროდქციაზე. ეს პროდუქტები შეიძლება გაიყიდოს კომპანიის ან მესამე მხარის ეკომარკით, როგორიცაა EU Ecolabel, გერმანული მარკა ‘Blaue Engel’. ასევე, იზრდება მოთხოვნა ელექტროავტომობილებისთვის საჭირო პროდუქტებზე. კიდევ ერთი ტენდენცია უკავშირდება ხანშიშესული ადამიანების საჭიროებებს, როგორიცაა მათ უსაფრთხოებასთან, კომფორტთან ან განსაკუთრებულ საჭიროებებთან დაკავშირებული ელექტრომოწყობილობების/ პროდუქტების დამზადება.
ევროკავშირის ბაზარი
2014 წელს ევროპაში 174.6 მილიარდი ევროს ღირებულების ელექტროპროდუქტების იმპორტი განხორციელდა, აქედან 30% განვითარებად ქვეყნებზე მოდის.
ყველაზე მსხვილი მომხმარებლები და იმპორტიორები: გერმანია, იტალია, საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, უნგრეთი, ესპანეთი, პოლონეთი. იმპორტის სწრაფი ზრდა შეინიშნება ირლანდიაში, მალტაში, რუმინეთში, ხორვატიაში, ლატვიასა და ლიტვაშიც.
წამყვანი მწარმოებლები: გერმანია, საფრანგეთი, ესპანეთი, ბელგია, იტალია, ავსტრია, უნგრეთი.
მთავარი ექსპორტიორები: ჩინეთი (44%), მალაიზია, კოსტა-რიკა, ფილიპინები, ტაილანდი, ტუნისი, ინდოეთი, მექსიკა.
CBI-ის კვლევის მიხდევით, 2015-2020 წლებში ელექტროპროდუქტების წარმოება, ძირითადად, ავტომობილების, განათების მოწყობილობების, ენერგო და სამედიცინო ინდუსტრიების ხარჯზე იქნება. აზიის ქვეყნების (ჩინეთის გამოკლებით) და სხვა განვითარებადი ქვეყნების მნიშვნელობა კი გაუსწრებს განვითარებული ქვეყნებს, როგორიცაა, იაპონიისა და ევროპის ქვეყნების წარმოება, ვინაიდან ევროპიდან წარმოება გადადის შედარებით დაბალხარჯიან რეგიონებში. ბოლო წლებში(2009-2014), მნიშვნელოვნად გაიზარდა ექსპორტი ისეთი ქვეყნებიდან, როგორიცაა კოსტა-რიკა და ტუნისი, ამის მთავარი მიზეზი ისაა, რომ დაბალი ხარჯების გამო ამერიკელმა მწარმოებლებმა კოსტა-რიკაში, ევროპელებმა კი ტუნისში გადაიტანეს წარმოება.
მაიკო გაბულდანი