ესტონეთის ამბიციური გეგმა - გამდიდრება ვირტუალური მოქალაქეების ხარჯზე
1,3-მილიონიანი მოსახლეობით, ესტონეთი ერთ-ერთი ყველაზე ციცქნა ევროპული ქვეყანაა, მაგრამ ამბიცია აქვს - მსოფლიოს უმსხვილეს სახელმწიფოებს შორის მოხვდეს. თუმცა, გეგმავს, გაიზარდოს არა გეოგრაფიული არეალის, ან თუნდაც მოქალაქეების, არამედ ვირტუალური მობინადრეების ხარჯზე.
პროექტი, რომელიც ბალტიისპირეთში ორი წლის წინ დაიწყო, ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქეს ელექტრონული ბინადრობის, ესტონურ ბანკში ანგარიშის გახსნისა და ბიზნესის დისტანციურად, ონლაინ რეჟიმში ოპერირების უფლებას აძლევს. პროგრამა სახელმწიფო მართვის ელექტრონული სერვისების განვითარების შედეგია. ეს პროცესი ესტონეთში 15 წლის წინ დაიწყო და მიზნად ისახავდა სახელმწიფო სექტორში დასაქმებულებზე თანხის დაზოგვას. დღეს ესტონელები ყველა ოპერაციას ელექტრონულად ახორციელებენ, სამედიცინო მომსახურებისა და გადასახადების გადახდის ჩათვლით.
„თუ გსურთ, კომპანიამ ევროკავშირში სრულფასოვნად იმუშავოს, კარგ ბიზნესგარემოში, მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნიდან, ამისთვის მხოლოდ ელექტრონული ბინადრობა და კომპიუტერი დაგჭირდებათ“, - განაცხადა ესტონეთს პრემიერ-მინისტრმა, ტაავი როივასმა.
ელექტრონული ბინადრობა არ ითვალისწინებს მოქალაქეობის მინიჭებასა და პასპორტის გადაცემას, არც ავტომატურად ქვეყნის საგადასახადო რეჟიმში მოქცევას. თუმცა, ციფრულ კომპანიებს, რომლებიც ინტეგრირებას გადაწყვეტენ და ფიზიკურ მისამართს მიიღებენ, შეუძლიათ, დაბალი გადასახადებით ისარგებლონ.
ესტონეთიდან ბიზნესის წარმოების იდეა საკმაოდ პოპულარული გახდა. ოფიციალური სტატისტიკური მონაცემებით, ქვეყანაში უკვე ათასამდე ელექტრონული მობინადრე დარეგისტრირდა და შვიდასამდე ბიზნესი წამოიწყო.
ხელისუფლება იმედოვნებს, რომ 2025 წლისთვის ესტონეთს 10 მილიონი ვირტუალური მაცხოვრებელი ეყოლება, თუმცა, საზოგადოების ნაწილი მიიჩნევს, რომ ეს ციფრი ცოტა გადაჭარბებულია.
ესტონელი მოხელეები ელექტრონულ ბინადრობას აღიქვამენ, როგორც მობილური მომავლისკენ გადადგმულ პირველ ნაბიჯს, რომლის მეშვეობით ქვეყნები პერსპექტიული ადამიანების მოსაზიდად ერთმანეთს კონკურენციას გაუწევენ, მათ აზრს მეცნიერები და კერძო სექტორიც იზიარებენ.
გასულ წელს არვინდ კუმარმა, რომელიც მუმბაის გარეუბანში ცხოვრობს, მიატოვა ელექტროინჟინრის 30-წლიანი კარიერა ფოლადის ინდუსტრიაში და მუშაობა კომპანია Kaytek Solutions OÜ-ში დაიწყო, სადაც წარმოების ხარისხისა და ეფექტურობის გაუმჯობესებისთვის მოდელებს ქმნის. შარშან, სექტემბერში, კუმარი ინდოეთიდან ტალინში ჩაფრინდა და ნახევარი დღე საბანკო ანგარიშისა და ვირტუალური ოფისის გახსნას მოანდომა. მოგზაურობისა და საწყისმა ხარჯებმა, დაახლოებით, 3 300 აშშ დოლარი შეადგინა, მიმდინარემ კი- მხოლოდ 480 აშშ დოლარი. როგორც მეწარმე აცხადებს, ინდოეთში ახალი ბიზნესის გახსნის პროცესი ძალიან დამღლელი და რთულია, მოითხოვს გაცილებით დიდ დროს, ამავე დროს, საკმაოდ ძვირია.
ხარჯების შემცირება მთავარი ფაქტორი აღმოჩნდა ვოჟკან ტასიჩისთვისაც, რომელიც მაღალი კლასის მანქანებით მომსახურების კომპანია Limos4 -ს მართავს. Limos4 სამშობლოში, სერბეთში, ექვსი წლის წინ გაიხსნა, სადაცსაკრედიტო ბარათების ტრანზაქციებისთვის 7%-ს იხდიდა. კომპანია ოპერირებდა ევროპის 20 მსხვილ ქალაქში, ასევე დუბაისა და სტამბულში, მის კლიენტებს შორის საუდის არაბეთისა და შვედეთის სამეფო ოჯახები, აგრეთვე, ამერიკული და ევროპელი ცნობილი ადამიანები იყვნენ.
არსებული ბიზნესგარემოს შესწავლის შემდეგ, ტასიჩმა ირლანდიასა და დელავერს ესტონეთი არჩია, სადაც საკრედიტო ბარათების მომსახურებაზე PayPal-ის შვილობილი კომპანია Braintree მხოლოდ 2,9%-ს ახდევინებს. ამავე დროს, Limos4 არ იხდის კორპორატიული მოგების გადასახადს, რადგან ამ თანხის ინვესტირებას ბიზნესში ახდენს. ესტონეთში ვირტუალური ბინადრობის წყალობით, მისი მოგება 20%-ით გაიზარდა, წლიური შემოსავალი კი 2 მილიონ დოლარს აღწევს.
პროექტს ესტონეთისთვის ორმაგი სარგებელი მოაქვს: ელექტრონული მობინადრეები სახელმწიფო ბიუჯეტში გადასახადებს იხდიან, გარდა ამისა, იყენებენ საბუღალტრო და იურიდიული ადგილობრივი ფირმების მომსახურებას.
ტასიჩს, რომელსაც თავისი მძღოლების შესახებ ინფორმაციის გადამოწმება უწევს, ისიც ახარებს, რომ ესტონეთის პოლიცია ყველა აპლიკანტის შესახებ მოკვლევას ახორციელებს. ესტონეთმა უფლება მისცა თავის ვირტუალურ მობინადრეებს, საბანკო ანგარიშები ონლაინ-რეჟიმში გაეხსნათ, მხოლოდ უსაფრთხოების პირობების დაცვით. ბინადრობის მოწმობის აღებისას აპლიკანტები ვალდებულნი არიან მსოფლიოში არსებულ ესტონეთის 39 საელჩოში პირადად მივიდნენ და საკუთარი თავის იდენტიფიცირება მოახდინონ.
საზოგადოების ნაწილი შიშობს, რომ ელექტრონული ბინადრობით შესაძლოა, საეჭვო წარსულის პიროვნებებმა ისარგებლონ, მათ, ვინ მართლმსაჯულებას ემალებიან, შეიძლება, წამოიწყონ ბიზნესი ესტონეთში. თუმცა, ტალინის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის საერთრაშორისო და საჯარო ფინანსების პროფესორი, კარსტენ სტაერი აცხადებს, რომ ჯერჯერობით, გაყალბების, ან არალეგალური მოქმედებების არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა. მისთვის გაურკვეველია, რატომ იწვევს ახალი პროდუქტი ასეთ სერიოზულ შეშფოთებას.
და მაინც, როგორც ყველა ციფრული სისტემისთვის, უსაფრთხოება ელექტრონული ბინადრობისთვის ძირითადი რისკია. ესტონეთმა, რომელიც რუსეთს დასავლეთით უშუალოდ ესაზღვრება, ახლახანს განაცხადა, რომ მონაცემთა ბაზების (მათ შორის, საბანკო მონაცემების, დაბადების მოწმობების, მნიშვნელოვანი სამთავრობო ინფორმაციების) ასლების შენახვას დიდ ბრიტანეთში გეგმავს. არცთუ ტყუილად: 2007 წელს მასშტაბურმა კიბერშეტევამ ქვეყანაში საინფორმაციო სისტემების სრული პარალიზება მოახდინა. ინცინდენტის სავარაუდო წყაროდ რუსეთი დასახელდა - მიზეზი ესტონეთის მთავრობის გადაწყვეტილება გახდა, რომელიც მეორე მსოფლიო ომისადი მიძღვნილი საბჭოთა მემორიალის ტალინის ცენტრიდან გადატანას ითვალისწინებდა.
ბელა ნოზაძე