სამაცივრე მეურნეობები სეზონურად და ნაწილობრივი დატვირთვით მუშაობენ
ხელისუფლებამ 2013 წლიდან დღემდე სამაცივრე მეურნეობების მოწყობის მიზნით 5 417 850 აშშ დოლარის ოდენობის შეღავათიანი სესხი გასცა
ადგილობრივი წარმოების პროდუქცია საქართველოში არსებული სამაცივრე ინფრასტრუქტურის სრულად დატვირთვისთვის საკმარისი არ არის. მიუხედავად ამისა, ხელისუფლება სხვადასხვა პროექტების ფარგლებში ახალი სამაცივრე მეურნეობების მოწყობას აფინანსებს.
თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი სამაცივრე მეურნეობა აუცილებელია იმისთვის, რომ მწარმოებლებმა და რეალიზატორებმა პროდუქციის სათანადოდ შენახვა და არასეზონზე მისი უფრო მაღალ ფასად გაყიდვა შეძლონ. თუმცა, კვლევები მოწმობს, რომ საქართველოში არსებული სამაცივრე ბიზნესი ამჟამად ძირითადად იმპორტული პროდუქციის შენახვაზე მუშაობს. საქსტატის ინფორმაციით, 2016 წლის პირველ ნახევარში საქართველოში 27 სამაცივრე მეურნეობა მუშაობდა და იქ 134,5 ათასი ტონა პროდუქცია ინახებოდა. ოფიციალური მონაცემებით, სამაცივრე საწარმოებში შენახული პროდუქციის ყველაზე დიდი ნაწილი იმპორტულ ხორცს და ხორცპროდუქტებს უკავია. შემდეგ მოდის თევზეული, ხილი და ბოსტნეული.
როგორც კვლევები აჩვენებს, საქართველოში არსებული სამაცივრე მეურნეობები სეზონურად და ნაწილობრივი დატვირთვით მუშაობენ - სრული დატვირთვით მუშაობისთვის მათ პროდუქცია არ ჰყოფნით.
სამაცივრე მეურნეობა, სადაც 260 ტონა ხილის შენახვა შეიძლება, შპს „ელენიქსტამ“ პროექტის - " შეღავათიანი აგროკრედიტის" ფარგლებში აღებული სესხით მოაწყო. საწარმო ქარელის რაიონის სოფელ სამწევრისში მდებარეობს. მისი მოწყობა 270 000 აშშ დოლარი დაჯდა. „ელენიქსტა“ მცივარში ძირითადად ვაშლს, ქლიავს, მსხალს და ატამს ინახავს. ამჟამად მეურნეობა მხოლოდ 30%-ით არის დატვირთული: "სამაცივრე მეურნეობა რამდენიმე თვეა მუშაობს. ჩვენ წლებია ხილის ბიზნესით ვართ დაკავებული. ეს ბიზნესი რომ არ გვქონოდა, სამაცივრე მეურნეობის მუშაობას, ალბათ, ვერ შევძლებდით. მაცივარში ამჟამად მხოლოდ ჩვენს მიერ მოყვანილი და შეძენილი პროდუქცია ინახება. ხილის შენახვაზე დიდი მოთხოვნა არ არის. ცოტაა პროდუქცია და ხარისხიანი პროდუქტის შერჩევაც ჭირს. იმისთვის, რომ ხილი მაცივარში კარგად შეინახოს, არ უნდა იყოს დაზიანებული, არც გადამწიფებული. მისი მოკრეფის დროს ტექნოლოგიური ციკლი უნდა იყოს დაცული. ფერმერმა უნდა იცოდეს, როდის, როგორ ტემპერატურაზე და შაქრიანობის რა დროს უნდა მოკრიფოს ხილი. მოკრეფის შემდეგ ის უნდა დაფასოვდეს ზომისა და ხარისხის მიხედვით და სპეციალურ ტარაში მოთავსდეს. სხვა შემთხვევაში, გაფუჭდება. ასეთი პროდუქციის შერჩევა ძალიან რთულია. ჩვენს სამაცივრე მეურნეობაში ქლიავი და ატამი მაქსიმუმ ერთი თვის განმავლობაში ინახება. რამენიმე თვის განმავლობაში ვაშლის, მსხლის და ყურძნის შენახვაა შესაძლებელი. ევროკავშირში ექსპორტზე არ ვფიქრობთ: ხარისხიანი პროდუქცია ცოტაა, ევროკავშირი კი საუკეთესო ხარისხის ხილის სტაბილურ მიწოდებას ითხოვს. ამჟამად მხოლოდ შიდა ბაზარზე ვართ ორიენტირებული," - ამბობს www.eugeorgia.info-სთან საუბარში „ელენიქსტას“ ერთ-ერთი დამფუძნებელი, გიორგი კვირიკაძე.
ხარისხიანი ხილის შერჩევა პრობლემაა გურჯაანის რაიონის სოფელ ველისციხეში არსებული სამაცივრე მეურნეობისთვისაც. მეურნეობა, რომელიც მთლიანად თანამედროვე ტექნიკითაა აღჭურვილი, USAID/REAP–ის მხარდაჭერით გაკეთდა. მას ერთდროულად 250 ტონა ხილის მიღება-გადამუშავება შეუძლია. საწარმოს მოწყობა 413 000 აშშ დოლარი დაჯდა. "ელენიქსტას" მსგავსად ეს სამაცივრე მეურნეობაც სეზონურად და ნახევარი დატვირთვით მუშაობს. "ატამს და ვაშლატამას ძირითადად ადგილობრივი ფერმერებისგან ვიბარებთ. 1 კგ-ს 50-80 თეთრად ვყიდულობთ და შემდეგ 60 ცენტად ვყიდით. მოგების ძალიან დაბალ მარჟაზე ვმუშაობთ. მაღალი გადასახადების გამო მაცივარში პროდუქციის შენახვა ძვირია. ნახევარი დატვირთვით მუშაობდა მაცივარი და ერთ თვეში ელექტროენერგიის გადასახადის სახით 966 ლარი გადავიხადეთ," - აცხადებს სამაცივრე მეურნეობის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი, მარინა აკოლაშვილი, - "მაცივარში შენახულ პროდუქციას სეზონზევე ვყიდით, რადგან ატამი მხოლოდ ერთი თვის განმვლობაში ინახება. ხილი ძირითადად ექსპორტზე რუსეთსა და უკრაინაში გაგვაქვს. ევროკავშირში გატანაზე ფიქრი ახლა არარეალურია. მართალია, ჩვენი ატამი ადრე შემოდის, მაგრამ ჩვენს შემდეგ ატმის მოსავალს მალევე იღებს საბერძნეთი და სერბეთი. მათი დიდი მოსავალი აქვთ, თანც უფრო ხარისხიანი და იაფი. ადგილობრივ ბაზარზეც ნაკლებად ვყიდით: საქართველოში მაცივარში შენახული პროდუქცია არ მოსწონთ. ასეთ ხილს შემდეგშიც დაბალ ტემპერატურულ რეჟიმზე შენახვა სჭირდება. აგრარულ ბაზრებში და მაღაზიათა ქსელში შენახვის ასეთი პირობები არ არის და ამიტომ იქ სამაცივრე მეურნეობიდან შეტანილი ხილი მალე ფუჭდება. ასეთი ხილის სათანადოდ შენახვა მხოლოდ მსხვილ მაღაზიათა ქსელს შეუძლია. მაცივარში ახლა არაფერი აღარ გვაქვს: შენახული ხილი სულ ამოვყიდეთ. სამაცივრე მეურნეობაში ყურძნის შენახვაც შეგვიძლია, მაგრამ წელს ყურძენი ძალიან დაზიანებულია და არ ვიბარებთ. სეზონზე კარალიოკს და ხურმასაც ვიბარებთ. ხურმის ჩაბარება პრობლემურია. ცოტა მომწიფებული ხურმა რომ შეგეპაროს, შემდეგ ის ეთილს გამოყოფს და ყველას ამწიფებს. ხარისხიანი და ტექნოლოგიური ციკლის დაცვით მოკრეფილი ხილის შეძენა ძალიან გვიჭირს. გლეხებს ამ ციკლის შესახებ ცოდნა არა აქვთ. ვაპირებთ, რომ იმ ფერმერებს, რომლებთანაც ვთანამშრომლობთ, ხეხილის სწორად მოვლის და ხილის მოკრეფის ტექნოლოგიური ციკლის შესახებ სემინარი ჩავუტაროთ და ყველა საჭირო ინფორმაცია მივაწოდოთ."
სამაცივრე მეურნეობების მოწყობას პროგრამა - "შეღავათიანი აგროკრედიტი" აფინანსებს. როგორც სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოში აცხადებენ, 2013 წლიდან დღემდე სამაცივრე მეურნეობების მოწყობის მიზნით 38 ბენეფიციარზე 5 417 850 აშშ დოლარია გაცემული.
სამაცივრე ინფრასტრუქტურის მშენებლობას აფინანსებს გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროექტიც. www.eugeorgia.info ამ პროექტის მენეჯერს, რევაზ ასათიანს ესაუბრა.
- პროექტში გვაქვს შემნახველი საწარმოების კომპონენტი. ეს კომპონენტი მთავრობის განკარგულების საფუძველზე 2015 წლის ნოემბერში დაგვემატა. 4 ბენეფიციარი გვყავს უკვე. აქედან ერთი სამაცივრე მეურნეობა ბოლნისში შენდება, დანარჩენები კი ხობში, კასპსა და საგარეჯოში. ბოლნისის რაიონის სოფელ სავანეთში სასაწყობე მეურნეობა უკვე შენდება. ის 1800 ტონა კარტოფილის შენახვაზეა გათვლილი. ამ მეურნეობის მოწყობაზე 660 348 აშშ დოლარი დაიხარჯება. აქედან 330 000 აშშ დოლარი კრედიტია, 80 000 დოლარი თვითონ ბენეფიციარის თანამონაწილეობაა, დანარჩენი თანხა კი გრანტია. დანარჩენ სამ ბენეფიციართან ამ ეტაპზე მოსამზადებელი საკონსულტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
- რა პირობებით ხდება სესხის გაცემა?
- ერთ-ერთი მთავარი პირობაა ის, რომ ასეთი საწარმოს ტევადობა 500 ტონაზე ნაკლები არ უნდა იყოს, გრანტის მოცულობა კი 250 000 დოლარს არ უნდა აღემატებოდეს. ამაზე მეტ თანხას ჩვენ ვერ გავცემთ. თანხის სტრუქტურა ასეთია: 40% არის გრანტი, 50% შეღავათიანი აგროკრედიტის თანხაა, ხოლო 10% საკუთარი თანადაფინანსება. კიდევ ერთი მთავარი პირობა არის ის, რომ მეურნეობა თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტებს უნდა შეესაბამებოდეს.
- რა საბუთებს ითხოვთ მეწარმეებისგან და როგორ დგინდება ამა თუ იმ კონკრეტულ ადგილზე სამაცივრე მეურნეობის მშენებლობის აუცილებლობა?
- მეწარმემ აუცილებლად უნდა წარმოადგინოს დასაბუთების წერილი იმ რაიონის სასოფლო-სამეურნეო საკონსულტაციო ცენტრიდან, სადაც შემნახველი-სამაცივრე საწარმოს შექმნა იგეგმება, შესაბამისი ტექნოლოგიების არსებობის დამადასტურებელი ცნობა სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრიდან და ხარჯთაღრიცხვის შესახებ აუდიტორული კომპანიების მიერ მომზადებულ დასკვნას იმის თაობაზე, რომ თანხა, რომელსაც ბენეფიციარი ითხოვს, რეალური და ადეკვატურია.
- თუ სწორად გავიგე, საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრმა უნდა განსაზღვროს, რომ არსებობს რაიონში პროდუქციის შენახვის და სამაცივრე მეურნეობის საჭიროება და აუცილებლობა?
- ჩვენს მიერ განსაზღვრულია საქართველოს ესა თუ ის რეგიონი რომელი სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოებაზეა სპეციალიზებული. ამასაც აქვს მნიშვნელობა. საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრში იციან, რა კულტურა მოდის მათ რაიონში. შესაბამისად, როცა ადამიანი აპირებს შემნახველი საწარმოს შექმნას, რა თქმა უნდა, ის უნდა პასუხობდეს იმ რეგიონის სპეციალიზაციას.
- სხვა რამ მაინტერესებს. 36 ბენეფიციარი უკვე არის სხვა პროექტის ფარგლებში დაფინანსებული. 2013 წლიდან დღემდე შეღავათიანი აგროკრედიტის ფარგლებში 36 მეწარმეს ჯამში 5 მლნ აშშ დოლარზე მეტი თანხა აქვს აღებული. ამავე დროს არსებობს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის კვლევა, რომლის თანახმადაც 2014 წელს ქვეყანაში 57 სამაცივრე მეურნეობა ფუნქციონირებდა, 2016 წლის პირველ ნახევარში კი მხოლოდ 27. თქვენ გაქვთ რაიმე კვლევა, რაც ადასტურებს, რომ ბაზარზე არის სამაცივრე მეურნეობების საჭიროება და პერსპექტივა? ვინ იღებს პასუხისმგებლობას, რომ გარკვეული პერიოდის შემდეგ ეს სამაცივრე მეურნეობა არ გაკოტრდება?
- შეღავათიანი აგროკრედიტის ფარგლებში რა ტიპის სამაცივრე მეურნეობები ფინანსდება, ეს ინფორმაცია არ მაქვს. იმ 57 საწარმოდან რამდენს აქვს თანამედროვე სტანდარტები დანერგილი, არ ვიცი. მაგრამ შემიძლია დარწმუნებით გითხრათ, რომ ძალიან რთულია ძველი სამაცივრე მეურნეობები ISO-ს და HACCP-ის სტანდარტებს მოარგო. ზოგჯერ კი ამ საწარმოების თანამედროვე სტანდარტებზე გადაყვანა საერთოდ შეუძლებელია. ამიტომ ავიღეთ ორიენტაცია ახალი საწარმოების შექმნაზე.
ჩვენ ახალი საწარმოებისგან ვითხოვთ ახალი, თანამედროვე სტანდარტების დანერგვას. რა თქმა უნდა, ასეთი საწარმოები კონკურენციასაც გაუძლებენ და ის პროდუქციაც, რომელიც იქ შეინახება, კონკურენტუნარიანი იქნება. შესაძლოა, დღემდე არსებული საწარმოებდან ზოგს ჰქონდეს ISO და HACCP დანერგილი, მაგრამ მათი დიდი ნაწილი ვერი იქნება ისეთი მაღალი სტანდარტის, რასაც ჩვენ ვითხოვთ. რაც შეეხება ბაზრის კვლევას, შეღავათიანი აგროკრედიტის პროგრამას, შესაძლოა, ასეთი კვლევა ჩატარებული აქვს. მე ასეთ კვლევას არ ვიცნობ.
ციფრები და სტატისტიკური ინფორმაცია
საქართველოში ამჟამად 27 სამაცივრე მეურნეობაა. მათი დიდი ნაწილი თბილისსა (40,7%) და იმერეთშია (22,2%) განთავსებული.
2016 წლის პირველ ნახევარში სამაცივრე მეურნეობები 14 199მომხმარებელს მოემსახურნენ და პროდუქცია 739 პირისგან იყიდეს.
სამაცივრე მეურნეობებში ყოველთვიურად 988 ადამიანია დასაქმებული.
2016 წლის პირველ ნახევარში მაცივრებში შენახული იყო 134,5ათასი ტონაპროდუქცია.
სამაცივრე მეურნეობებში შენახული პროდუქციიდან ყველაზე დიდი ნაწილიხორცს და ხორცპროდუქტებს უკავია. შემდეგ მოდის თევზეული, ხილი და ბოსტნეული.
სამაცივრე მეურნეობებმა წლის პირველ ნახევარში შემდგომი რეალიზაციის მიზნით 9.52 ათასი ტონა პროდუქცია შეიძინეს. მათ მიერ გაწეული მომსახურების საფასურმა კი - 8,1მლნ ლარი შეადგინა.
2016 წლის პირველ ნახევარში სამაცივრე მეურნეობებმა 21.7მლნ ლარისღირებულების პროდუქცია გაყიდეს. საიდანაც ღირებულებით გამოსახულებაში დიდი ნაწილი იმპორტულ პროდუქციაზე მოდის.
სამაცივრეების მიერ გაყიდული ადგილობრივი პროდუქციის დიდი წილი ქათმის ხორცზე მოდის.
2014 წელს საქართველოში 57 სამაცივრე მეურნეობა მუშაობდა და იქ 164 ათასი ტონა პროდუქცია ინახებოდა. აქედან 66.8% იყო საქონლის ხორცი, 12.6% - თევზი, 11.4% - ქათმის ხორცი, 3.9% - კარაქი, 3.2% - ბანანი,
2014 წელს სამაცივრე მეურნეობების მიერ გაყიდული ადგილობრივი წარმოების პროდუქციის მოცულობის 95% ვაშლზე მოდიოდა.
ამავე პერიოდში თანამედროვე ტექნოლოგიებითაა აღჭურვილი იყო სამაცივრე მეურნეობების 33.3%, ნაწილობრივ - 49%, ხოლო საერთოდ არ იყო აღჭურვილი 17.6%.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ 2014 წელს ჩატარებული კვლევის თანახმად, სამაცივრე მეურნეობებში მიაჩნდათ, რომ კონკურენტუნარიანობაზე ყველაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენდა: დაბალი მოთხოვნა მომსახურებაზე - 26.4%; შესაბამისი აღჭურვილობისა და ტექნოლოგიების არქონა -20.8%, მაღალი კომუნალური გადასახადები - 15.1% ; ფინანსურ რესურსებზე სუსტი წვდომა -11.3%; მაღალი გადასახადები - 9,4%; მწარმოებლებთან კავშირის არქონა - 5,7% ; თანამშრომელთა კვალიფიკაცია - 3,8%.