"სკიჯი" და "სკიჯის სახლი" - გურული მეწარმე ქალი ბიზნესის გაფართოებას აპირებს
პროფესიით ფინანსისტი დარეჯან ბერძენიშვილი 1 წლის წინ თბილისიდან მშობლიურ გურიაში, ჩოხატაურის რაიონის სოფელ ხიდისთავში დაბრუნდა, საკუთარ ეზოში მოწეული და მეზობლებისგან ნაყიდი ხილით ჩირის გაკეთება დაიწყო და სოფლად დაწყებული "გემრიელი საქმიანობა" გემრიელ ბიზნესადაც აქცია. ახლა მას ჩირის წარმოების საკუთარი ბრენდი - "სკიჯი" აქვს, რომელსაც საოჯახო სასტუმროც შეუთავსა. ამბობს, რომ ახალ გარემოსა და საქმიანობაში თავს კარგად გრძნობს და თბილისში დაბრუნება აღარ უნდა. ფინანსურ მენეჯერად დისტანციურადაც იმუშვებს, სოფლის მამისეულ ნაკვეთში კი "სკიჯის" დიდ საწარმოს და დიდ საოჯახო სასტუმროს გააკეთებს.
- ჩირის გაკეთება ყოველთვის მინდოდა. შარშან სახელმწიფო პროგრამაში - „აწარმოე საქართველოში“ მივიღე მონაწილეობა და პროექტის ფარგლებში აღებული 5000 ლარით ჩირის გასაკეთებელი აპარატი ვიყიდე. სოფელში ბევრიხილია. ეს ხილი ფაქტობრივად, ბიოპროდუქტია, რადგან აქ ჯერ არც შეწამვლის კულტურაა და არც მისთვის საჭირო ფინანსები. სულ პირველად ვაშლის და მსხლის ჩირი გავაკეთე. შემდეგ ასორტიმენტი გავზარდე. გავაკეთე კივის, ნიკანდროს, ქლიავის, მანდარინის, ალუბლის, ლეღვის, თეთრი ბლის, მარწყვის და ნესვის ჩირიც კი. სხვათაშორის, ნესვის ჩირი ძალიან გემრიელი გამოვიდა. მაქვს დაშაქრული კივი და მანდარინი,ფორთოხლის კანის ცუკატები,მანდარინის, კივის დაფორთოხლის ტყლაპი. ჩირის და ტყლაპის მომზადებისთვის ძალიან ხარსხიანი პროდუქციის გამოყენება არ არის საჭირო, სეტყვისგან დაზიანებული და არასტანდარტული ზომის ხილის გამოყენებაც შეიძლება. ნაფცქვენებს არყის და ლიქიორის მოსამზადებლად ვიყენებ. ერთი სიტყვით, უნარჩენო წარმოება მაქვს.
სოფლად დაწყებული გემრიელ საქმიანობაში მხარი ბევრმა ადამიანმა დამიჭირა. მეგობრების და მეგობრების მეგობრების დახმარებით "სკიჯის" ლოგო და შეფუთვა 2 კვირაში გავაკეთე. სკიჯი ყურძნის ჩირის ძველი, ქართული სახელწოდებაა. ჩირს და ტყლაპს ადგილზეც ვყიდი: ტურისტებს ძალიან მოსწონთ ჩვენი პროდუქცია და წასვლისას თან აუცილებლად მიაქვთ ხოლმე. "სკიჯის" პროდუქცია კარგად იყიდება შარდენის ქუჩაზე არსებულ კაფე-რესტორნებში და ტურისტებზე გათვლილ ღვინისმაღაზიებში. 100 გრამი ჩირი4-7ლარი ღირს. გვაქვს ჩირის მიქსი კალათებში, სადაც სხვადასხვა ხილის ჩირია შერეული და ცალკე აღებული რომელიმე ხილის ჩირი მუყაოს შეფუთვებში.
ყვავილების გახმობაც დავიწყე. გავაშრე იის, ვარდის და აკაციის ყვავილები. იას ბევრი სამკურნალო თვისება აქვს ჩაისთვისაც ძალიანარომატული დანამატია.მინდა, მაქსიმალურად გამოვიყენო ყველა ბუნებრივი რესურსი სხვადასხვა ხმელი პროდუქტის დასამზადებლად. უკოფეინო ჩაი ახლა მთელს მსოფლიოში ძალიან პოპულარულია. ხილის ჩირით და გამხმარი ყვავილებით მომზადებულ ჩაის ჩემს საოჯახო სასტუმროში ჩამოსულ ტურისტებსაც ვთავაზობთ და ძალიან მოსწონთ.
- საქართველოს პოპულარულ ტურისტულ მარშრუტებში აქამდე გურია არ ჩანდა. არც თქვენ აპირებდით სასტუმროს გაკეთებას. როდის გადაწყვიტეთ საოჯახო სასტუმროს მოწყობა და როგორ მოახერხეთ ტურისტების მოზიდვა?
- ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის, გიორგი კეკელიძის და ტურისტული კომპანიის - welcom to Georgia მეშვეობით დამუშავდა ტურისტული მარშრუტი, რომელსაც გურული დღიურების გზა ჰქვია. ტური გომისმთიდან ბახმარომდე გრძელდება. მარშრუტში შედის ჯიხეთის, იოანე ნათლისმცემლის, აჭის და უდაბნოს მონასტრების, გომისმთის, ბახმაროს, ნაბეღლავის მინერალური წყლის წყაროს, "გურიელის" ჩაის ფაბრიკის, ნოდარ დუმბაძის მუზეუმის და საოჯახო მარნების მონახულება. 3-დღიანი ტურია. კომფორტული სახლი მაქვს და ტურისტების მიღების სურვილი მეც გამოვთქვი: ჩამოვიყვანე გიდი, სახლი ვაჩვენე და ასე მოვხვდი ამ მარშრუტში. საოჯახო სასტუმროს სკიჯის სახლი დავარქვი. გურული დღიურების გზა ახლა უკვე პოპულარული ტურისტული მარშრუტია. ამ დღეებში ტურისტთა მეოთხე ჯგუფს ვუმასპინძლებთ უკვე.
უცხოელი ვიზიტორებიც გვყავს. პირველი უცხოელი ტურისტები 9 ივლისს მივიღე. გერმანელი ცოლ-ქმარი იყო. გიდი, რომელმაც ისინი ჩემთან მოიყვანა, ძალიან ნერვიულობდა:გურიაში ტურისტები პირველად წამოვიყვანედა რომ არ მოეწონოთ, მერე რა ვქნაო. გერმანელი სტუმრები საქართველოში შვებულების გასატარებლადიყვნენ ჩამოსულები. აჭარა, ყაზბეგი და სამეგრელო უკვე ნანახი ჰქონდათ. წავიყვანეთ ნაბეღლავის წყაროზე, შემდეგ ბახმაროში, სადაც შემთხვევით მწყემსებს შევხვდით. ისინი ყველით, პურით და კაიმაღით გაგვიმასპინძლდნენ. სახლში რომ დავბრუნდით, სტუმრებს ვერაფრით დავაჯერეთ, რომ მწყემსებთან ჩვენი შეხვედრა წინასწარ დადგმული ღონისძიება არ იყო. ჩვენი გერმანელი სტუმრები აქედან ვარძიაში წავიდნენ. იქ მოსკოველ ქალს შეხვდნენ და მას ჩემთან ჩამოსვლა ურჩიეს. მოსკოველი სტუმარი აქ 10 დღე დარჩა. ძალიან მოეწონა მსხალდიდიც, ჩვენი სასტუმროც და გურიაც. ასე, სიტყვიერი რეკომენდაციით და ყოველგვარი რეკლამის გარეშე მოგვძებნეს უცხოელმა ტურისტებმა. მოსკოველ სტუმარს ლატვიელები მოჰყვნენ, ლატვიელებს თურქები... ლიხტენშტეინის პრინციც კი გვსტუმრობდა. მან და მისმა ქართველმა მეუღლემ Facebook-ის მეშვეობით მოგვძებნეს. ორი თვის განმავლობაში 50 ტურისტი მივიღე. სტუმრების მიღება და მათთვის პატარა ტურის ორგანიზება დამოუკიდებლადაც შემიძლია. ჩვენს სოფელთან ორი მდინარე ჩამოდის. გუბაზოულზე ბანაობაც შეიძლება და თევზაობაც. ჭურისწყალზე კი ქვაში ამოკვეთილი საბანაოა. ერთხელ თუ ჩავიყვან იქ სტუმარს, შემდეგ ჩემი გიდობა აღარ სჭირდებათ - დილით ადგომას მეც კი მასწრებენ. ეზოში პატარა ბოსტანი მაქვს. სტუმრებს შეუძლიათ იქ კიტრი, ბადრიჯანი და პამიდორი საკუთარი ხელით მოკრიფონ. ერთად ვაკეთებთ ხაჭაპურს, ფელამუშს და ჯანჯუხას. საფირმო კერძიც მაქვს - დაკიტასი, რომელიც ჩირით და ხორცით მზადდება და ტურისტებშიც დიდი მოწონებით სარგებლობს. ჩემს სახლში 11 სტუმრის მიღება შემიძლია. როცა ბევრი ტურისტი მოდის, მეზობლებთან ვგზავნი. ისეთი პირი უჩანს, რომ ტურისტების რაოდენობა მომავალში გაიზრდება და სოფელში მაცხოვრებელ ხალხს შემოსავლის წყარო გაუჩნდება.
- თუ სწორად მახსოვს, თქვენ ჩირის ექსპორტზე გატანის შემოთავაზება გქონდათ პოლონეთიდან. აპირებთ საზღვარგარეთ "სკიჯის" გატანას?
- მქონდა შემოთავაზება პოლონეთიდანაც და ჰონკონგიდანაც. წარმოების მცირე მასშტაბის გამო ჩირის ექსპორტზე გატანას ახლა ვერ შევძლებ. არა მაქვს დიდი რაოდენობის პროდუქცია. აპარატში, რომელიც პროგრამაში - „აწარმოე საქართველოში" აღებული თანხით ვიყიდე, მხოლოდ 100 კგ ხილის დაჩირება შემიძლია. ჩირის შესანახადაც ცალკე სათავსო საჭირო. ბიზნესის გაფართოების გარეშე წარმოების მოცულობას ვერ გავზრდი.
- აპირებთ გაფართოებას?
- ეს წელი ჩემთვის გამოსაცდელი პერიოდია. მაინტერესებს, რა და როგორ გამოვა. როცა რომელიმე ხილის ჩირს ან ტყლაპს ვაკეთებ, რეცეპტს ვიწერ. თუ საბოლოო პროდუქტი არ მომწონს, რეცეპტს, რომლის მიხედვითაც ის გავაკეთე, აღარ ვიყენებ. ჩემი ოცნება და მთავარი მიზანი ხიდისთავში, მამისეულ მიწის ნაკვეთზე "სკიჯის" დიდი საწარმოს და ახალი საოჯახო სასტუმროს მოწყობაა. სასტუმროში უცილებლად იქნება გურული გარემო და მას სხვადასხვა ღონისძიებებისთვის გამოვიყენებ.
- თანხას საიდან მოიძიებთ?
- იმედი მაქვს, ევროკავშირის მიერ მცირე და საშუალო მეწარმეების დახმარებისთვის გამოყოფილი ფულიდან ბიზნესის განვითარებისთვის თანხას მეც მივიღებ.