ლარის რყევის მიზეზები - რა ელის ეროვნულ ვალუტას საშუალოვადიან პერსპექტივაში
ლარის კურსი დოლართან მიმართებაში, თითქმის, ყოველდღე ეცემა, ბოლო ერთ თვეში 2%-ით, ხოლო ივნისიდან - 5%-ით გაუფასურდა და ოფიციალური გაცვლითი კურსი 2,35 ლარით განისაზღვრა. ბანკებსა და სავაჭრო ჯიხურებში ეს მაჩვენებელი გაცილებით მაღალია. ეროვნულმა ბანკმა სექტემბრიდან დღემდე ქართული ვალუტის მხარდასაჭერად 160 მილიონი დოლარი გაყიდა, თუმცა, მისი გაუფასურება ვერ შეაჩერა. eugeorgia.info დაინტერესდა, რამდენად იძლევა ლარის გაუფასურების ობიექტურ საფუძველს ქვეყნის ძირითადი მაკროეკონომიკური მაჩვენებლები:
საგარეო ვაჭრობა
იანვარ-სექტემბერში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 9 მილიარდ 104 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 24%-ით მეტია. აქედან, ექსპორტი 8%-ით შემცირდა და 1 მილიარდ 512 მილიონი დოლარით განისაზღვრა, სამაგიეროდ, 34%-თ გაიზარდა იმპორტი და 7 მილიარდ 592 მილიონ დოლარს მიაღწია. სავაჭრო ბალანსმა, რომელიც ყოველთვის უარყოფითია, წელს 9 თვის განმავლობაში რეკორდულ მაჩვენებელს - 6 მილიარდ 80 მილიონ დოლარს მიაღწია. თუმცა, როგორც სტატისტიკის ეროვნულ სამსახურში აცხადებენ, იმპორტის ზრდა C ჰეპატიტის მედიკამენტების ხარჯზე მოხდა, რომელიც დონორების დახმარებით შევისყიდეთ, შესაბამისად, მათ გარეშე იმპორტის მაჩვენებელი გასულ წელთან შედარებით, პირიქით, 3%-ით შემცირდა და უცხოეთში რეალურად 5 მილიარდ 194 მილიონი დოლარი გავიდა.
ამასთანავე, ექსპორტის მონაცემები სექტემბრის თვეში გაცილებით დამაიმედებელია: წინასწარი ინფორმაციით, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 7,7%-ით გაიზარდა და 202 მილიონ დოლარს მიაღწია.
ტურიზმი
კიდევ ერთი ფაქტორი, რაც საგადამხდელო ბალანსსა და, შესაბამისად, ლარის კურსზე ახდენს გავლენას, ტურიზმიდან მიღებული შემოსავლებია. ამ მიმართულებით ოპტიმისტური მონაცემებია: იანვარ-სექტემბერში საქართველოში ჩამოსული საერთაშორისო მოგზაურების რაოდენობამ 4,9 მილიონს გადააჭარბა, რაც წინა წელთან შედარებით, 8,6%-ით მეტია, აქედან ტურისტების რაოდენობა, რომლებიც ქვეყანაში 24 საათზე მეტი დროით დარჩნენ, 19,5%-ით გაიზარდა და 2,2 მილიონს მიაღწია. სექტემბერში წინა წლის სექტემბერთან შედარებით, ვიზიტების 11%-იანი ზრდა დაფიქსირდა (613 ათასი).
რაც შეეხება ტურიზმიდან მიღებულ შემოსავლებს, ამ ეტაპზე ცნობილია მხოლოდ პირველი-ორი კვარტლის მონაცემები, რომლის მაჩვენებელი 13,2% -ით გაიზარდა წინა წლის ორ კვარტალთან შედარებით და 868 მილიონი დოლარი შეადგინა.
ინვესტიციები
ინვესტიცების მოცულობა ორ კვარტალში (მესამე კვარტლის მონაცემები ჯერ გამოქვეყნებული არ არის) წინა წელთან შედარებით უმნიშვნელოდ, მაგრამ 9,5%-ით მაინც გაიზარდა და 834 მილიონი დოლარი შეადგინა.
ემიგრანტების ფულადი გზავნილები
უცხოეთიდან მიღებული ტრანსფერების მოცულობა მოცულობა იანვარ-სექტემბერში წინა წელთან შედარებით, 3,5 %-ით გაიზარდა და 803 მილიონ დოლარს მიაღწია. ამასთანავე, სექტემბერში წინა წელთან შედარებით, ჩვენმა თანამემამულეებმა 11,6%-ით მეტი უცხოური ვალუტა გადმორიცხეს (100 მილიონ დოლარზე მეტი). აღსანიშნავია, რომ წინა წელთან შედარებით 12,5%-ით გაიზარდა საქართველოდან გადარიცხული ტრანსფერების მოცულობაც და 141 მილიონი დოლარი შეადგინა, თუმცა, ეს თანხა ჩარიცხვებს მაინც მნიშვნელოვნად ჩამორჩება.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, დიმიტრი ქუმსიშვილი ლარის კურსის რყევას ბაზარზე განხორციელებული რამდენიმე მსხვილი ტრანზაქციით ხსნის, თუმცა, გულისხმობს, თუ არა ამ ტრანზაქციებში სულ ცოტა ხნის წინ "თიბისი ბანკის" მიერ ფრანგული „სოსიეტე ჟენერალისგან“ „რესპუბლიკა ბანკის“ აქციების შესყიდვას, არ აკონკრეტებს.
ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის (ISET) უფროსი მკვლევარი, გიორგი მჟავანაძე მიიჩნევს, რომ ლარის გაუფასურებას მოკლევადიანი ეფექტი აქვს და არ არის განპირობებული მაკროეკონომიკური ფაქტორებით.
„თუ გახსოვთ, ლარი მნიშვნელოვნად გაუფასურდა წლის დასაწყისში, ეროვნული ბანკი კი არ ჩქარობდა ინტერვენციების განხორციელებას, შემდეგ კურსის კლება დაიწყო და ივნისში დოლართან მიმართებაში 2,13 -იან ნიშნულს მიაღწია. თუმცა, ეროვნულმა ბანკმა აუქციონებზე დოლარის შესყიდვები დაიწყო და, ჯამში, 200 მილიონამდე დოლარი ამოიღო, ის ცდილობდა, არ დაეშვა ლარის გამყარება, რადგან ეს გამოწვეული იყო ცრუ მოლოდინებით და სპეკულაციებით, სინამდვილეში კი კურსი ასეთი დაბალი არ უნდა ყოფილიყო. შემდეგ დაიწყო ბუნებრივი პროცესი -ლარის გაუფასურება და მან თავის წონასწორობის დონეს - 2,28, 2 29 -ს მიაღწია, ეს ხდებოდა სექტემბრის ბოლომდე. ის, რაც ბოლო ორი კვირის განმავლობაში ფიქსირდება, მოკლევადიანი მოვლენაა და არ ემყარება ფუნდამენტურ ეკონომიკურ ცვლილებებს, რისი ვარაუდის საფუძველსაც არსებული მონაცემები გვაძლევს“, - განუცხადა მკლევარმა eugeorgia.info-ს.
გიორგი მჟავანაძის აზრით, 160 მილიონი დოლარი, რომელიც ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონებზე გაყიდა, სწორედ დროებითი რყევების თავიდან აცილებას ისახავდა მიზნად.
„ეს ერთი შეხედვით, დიდი ციფრია, თუმცა, თუ სავალუტო აუქციონების ისტორიას დავაკვირდებით, არცთუ ისე მნიშვნელოვანია. მით უფრო, რომ უცხოური სავალუტო რეზერვების მოცულობა 2 მილიარდ დოლარს აჭარბებს“, - მიიჩნევს მკვლევარი.
მისი თქმით, ლარის კურსის ფორმირებაში მნიშვნელოვანი ფაქტორი საპარლამენტო არჩევნებიც იყო, რომელმაც, ძირითადად, არასტაბილურობის განცდა გააჩინა.
„არჩევნების პერიოდში მედიაში მიიჩნევდნენ, რომ საბიუჯეტო სახსრების გადაჭარბებული ხარჯვა მიმდინარეობდა, რაც ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა, უარყო. სექტემბრის მონაცემები ჯერ ცნობილი არ არის, თუმცა, აგვისტოს მაჩვენებლები ნამდვილად დაგეგმილს შეესაბამება. რაც შეეხება არჩევნებს, ბუნებრივია, რომ ხალხი გაურკვევლობის მოლოდინშია: ინვესტორები, ბანკები და მსხვილი კომპანები თავისი სახსრების აკუმულირებას დოლარში ამჯობინებენ“, - აღნიშნა მკლევარმა.
გიორგი მჟავანაძის თქმით, ლარის გაუფასურების კიდევ ერთი მიზეზი, ზოგადად, სხვა ვალუტების მიმართ დოლარის გამყარებაა. აღსანიშნავია, რომ ეს პროცესი ჯერ კიდევ მაისიდან დაიწყო. დოლარის ინდექსი დღემდე 5%-თ გაიზარდა და 97,9-იან ნიშნულზე შეჩერდა. განსაკუთრებულად სწრაფად 26 სექტემბრის შემდეგ მოიმატა (2,6%-ით). იმავე პერიოდში ლარი, თითქმის, 2 %-ით გაუფასურდა (მაისიდან დღემდე კი - 9%-ით).
„ბოლო დროს დოლარი ევროსა და სხვა ვალუტების მიმართ მნიშვნელოვნად გამყარდა, მიზეზი ისაა, რომ საპრეზიდენტო კანდიდატებს, დონალდ ტრამპსა და ჰილარი კლინტონს შორის დებატები დაიწყო. ტრამპის შანსები მნიშვნელოვნად შემცირდა, რამაც ინვესტორებში პოზიტიური მოლოდინები გააჩინა. საგარეო და საშინაო ფაქტორების გათვალისწინებით, ვფიქრობ, ლარის მხოლოდ მოკლევადიანი რყევებია მოსალოდნელი და საშუალოვადიან პერსპექტივაში სტაბილურობას მიაღწევს“, - მიიჩნევს ISET -ს მკვლევარი.
ბელა ნოზაძე