პოლონეთის თვითმმართველობის მოდელის წარმატების „საიდუმლო“
„მთავარი მიზანი ის არის, რომ მოსახლეობასთან სიახლოვის მიხედვით დასახო რეალური ამოცანები და შემდეგ განახორციელო“
საქართევლოში თვითმართველობის რამდენიმე რეფორმა განხორციელდა და ამ სფეროს მარეგულირებელი კოდექსიც შეიქმნა, თუმცა სპეციალისტების აზრით, პროცესები მაინც ნელი ტემპით მიმდინარეობს. www.eugeorgia.info რეგიონული განვითარების პრობლემებზე ადგილობრივი თვითმართველობის საკითხების ექსპერტს დავით ლოსაბერიძეს ესაუბრა.
- რას ითვალისწინებს ევროპული თვითმმართველობის მოდელი და რით განსხვავდება ის ჩვენი მოდელისგან? რატომ მიგაჩნიათ რომ პოლონური მოდელი არის ჩვენთვის კარგი არჩევანი?
- ყველა თვითმართველობისთვის პრინციპი ერთია. უბრალოდ პოლონეთს ჰქონდა გამოცდილება ჩვენსავით პოსტტოტალიტარული სისტემიდან ევროპულ სისტემებზე გადასვლის. პოლონეთმა გაითვალისწინა ის პრინციპები, რომელსაც ევროპული თვითმართველობა ეფუძნება. ეს არის უმთავრესი, რისთვისაც შეიძლება მივბაძოთ მას. მეორე მნიშვნელოვანი ფაქტორი არის ის, რომ პოლონეთმა თავიდანვე ორიენტაცია თვითმართველობის განვითარებაზე აიღო და ბევრი სხვა აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებისგან განსხვავებით პრიორიტეტად გამოაცხადა.
პოლონეთის ორი უმთავრესი მიზანი ეკონომიკის სწრაფი განვითარება და ადმინისტრაციული-ტერიტორიული მოწყობა იყო, რომელიც ცენტრალიზებული სისტემიდან დეცენტრალიზებულ მოდელზე გადასვლას გულისხმობდა. პოლონეთი დღეს არის ერთ-ერთი დეცენტრალიზებული სახელმწიფო არამარტო აღმოსავლეთ ევროპაში, არამედ ევროპაში მთლიანად და ბევრი მაჩვენებლით უსწრებს კიდეც ევროპის ქვეყნებს.
მესამე, რატომაც პოლონეთი ჩვენთვის მისაბაძია არის ის, რომ ამ ქვეყანამ ევროპასთან ასოცირების შეთანხმების ხელმოწერისთანავე დაიწყო დონორების დახმარების მოზიდვა და მიზნობრივი ხარჯვა, განსხვავებით ბევრი პოსტსაბჭოთა ქვეყნისგან, რომლებიც დახმარებებს იღებდნენ, მაგრამ ეს დახმარება ილექებოდა ჩინოვნიკების თუ პოლიტიკური პარტიების ხაზინებში. მიუხედავად იმისა, რომ მთავრობები იცვლებოდა, არც ერთ მთავრობას არ გადაუხვევია მთავარი კურსისგან, პოლონეთმა ევროკავშირის ფინანსური რესურსები გამოიყენა ძალიან კარგად. სადაც კი შანსები იყო რესურსების მოზიდვის, პოლონეთი მაქსიმუმს აკეთებდა და ამ რესურსებს დებდა თავის განვითარებაში, არ ჭამდა, არ ფლანგავდა ტყუილად და სწორი გათვლა ჰქონდა, თუ წავიდოდა ყველაფერი წინ სწრაფი ტემპით, ეს შემოსავალი თითოეული პოლონელის ჯიბეზეც აისახებოდა.
- როგორია კონკრეტულად პოლონური თვითმმართველობის მოდელი?
- პოლონეთი არის დიდი ქვეყანა. პირველ რიგში უნდა შევხედოთ ტერიტორიულ მოწყობას. ცენტრალური ხელისუფლების ქვემოთ არსებობს სამი საფეხური. ზედა საფეხური ეს არის რეგიონი, სადაც არსებობს აღმასრულებელი ხელისუფლება - გუბერნატორი, „ვოევოდა“. მის გვერდზე აუცილებლად არსებობს მარშლები ან საკრებულოები თუ რეგიონალური პარლამენტები. თუმცა პოლონეთი არ არის ფედერალური სახელმწიფო უნიტარული სახელმწიფოა. განსხვავება ის არის, რომ კანონის მიღება შეუძლია მხოლოდ და მხოლოდ სეიმს ანუ პარლამენტს. ფედერალურ დონეზე კანონს სიტყვაზე, ბავარიის მთავრობაც მიიღებს, მაგრამ უნიტარულ სახელმწიფოში კანონს იღებს მხოლოდ და მხოლოდ უზენაესი საერთო ეროვნული დონე. დანარჩენები ნორმატიულ აქტებს იღებენ და ყველას თავისი უფლებამოსილება აქვს.
შემდეგი დონე არის „პოვიატი“ - ეს არის ჩვენი გაგებით რაიონი, მუნიციპალიტეტები, რომლებიც დღეს არსებობენ საქართველოში დაახლოებით ეგეთი ტიპის; და ქვედა დონე კი არის „გმინა“ ანუ ის, რაც საქართველომ 2006 წელს გააუქმა. ამ „გმინებზე“ არის ძირითადი აქცენტი გაკეთებული. მათ აქვთ ყველაზე მეტი უფლებამოსილება გადაცემული, მათ აქვთ საკუთარი შემოსავლები განსაზღვრული კანონმდებლობით, ამას გარდა, ცენტრისგან იღებენ გამოთანაბრებით ტრანსფერს. კიდევ იღებენ მიზნობრივ ტრანსფერებს, რომლებსაც ცენტრი განსაზღვრავს და ითვალისწინებენ იმას, რომ „გმინა“ ყველაზე ახლოს დგას მოსახლეობასთან და საზოგადოების ინტერესს ყველაზე უკეთ გამოხატავს.
თვითმართველობის რეფორმა პოლონელებმა თავის დროზე ოთხმოცდაათიან წლებში ორ ეტაპად განახორციელეს. პირველი იყო ადგილობრივ დონეზე გმინების, სოფლის და დაბის დონეზე თვითმართველობების გაძლიერება, ხოლო 10-12 წლის შემდეგ ორიათასიან წლებში რეგიონალურ დონეზედაც წარმომადგენლობითი ორგანოები „მარშალკოვსკები“ ანუ სამხარეო საკრებულოები შექმნეს.
ჩვენთან ამბობენ, რომ ხალხს არ შეიძლება ძალაუფლება მიეცეს, ბრძენი კაცი გვინდა და ა. შ. ამიტომაც ადგილზე მუდმივად პრომლემები არ წყდება და მერე ბრალდება სწორად თუ არასწორად სახელმწიფოს მეთაურს. მერე სახელმწიფოს მეთაურს ხალხი მოიცილებს და მოიყვანს რაინდს, რომელიც ასევე დრაკონი გახდება.
- დონეებზე უფრო კონკრეტულად როგორ ხორციელდება მმართველობა?
- მე ვფიქრობ, რომ პატარა ქვეყნებს არ სჭირდებათ სამი დონე, ზოგიერთ ქვეყანას ოთხი დონეც აქვს, მაგალითად ამერიკას. არსებობს შტატი, მერე საგრაფო, მერე ოლქი, მერე მუნიციპალიტეტი, სადაც პატარა საკრებულოები არის იმიტომ, რომ დიდი ქვეყანაა და მასშტაბის მიხედვით სხვადასხვა ფუნქციებს ასრულებენ.
საქართველოში ორი დონე უნდა ჩამოყალიბებულიყო, რისი ტრადიციული საფუძველიც არსებობდა.
- ჩვენ რა გვაქვს, გვითხარით და პოლონურ მოდელს შევადაროთ
- ხაშურის მაგალითზე ვთქვათ. ჩვენ რომ პოლონეთში ვყოფილიყავით, ხაშურში იქნებოდა არა ხაშურის მუნიციპალიტეტი, არამედ თვითმმართველი ქალაქი ხაშური, „ხაშური სითი“ და კიდევ იქნებოდა ერთეულები: სურამი, ქვიშხეთი, გომი - ცალკე.
- ასეთი მოწყობა რაში დაეხმარებოდა სურამს ან ქვიშხეთს?- მე რიგით „ობივატელს“ მოქალაქეს, რომელსაც არც იურიდიული პროცედურები მესმის, არც ეკონომიკური კანონზომიერება, ვცხოვრობ და ვხედავ რას? რომ ჩემს სოფელში, მაგალითად, გომში არ ფუნქციონირებს საბავშვო ბაღი, არ არის წყალი, თუ წყალი მოვიდა იმ წყალს დავლევთ და მერე ბავშვებს დიარეა ემართებათ, რაც ხშირად ხდება. მე ვიცი რომ გზა არის ანგრეული და მანქანა არ მყავს, ამიტომ ავტობუსს ველოდები და ჭყლეტვაში დავდივარ, თუარადა საკუთარ მანქანას დავლეწავ იმ გზებზე. დავუშვათ მე ყველა გადასახადს ვიხდი და სურამში ვცხოვრობ. ხაშურის მუნიციპალიტეტს ბიუჯეტი 20 მილიონი აქვს. რას აკეთებს ხაშურის მუნიციპალიტეტი? პირველ რიგში ხაშურის სკვერებს მიხედავს, საბავშვო ბაღებს, გზის დაასფალტებას და ა. შ. როცა ხაშურში ცხოვრობს 30 ათასი კაცი და კიდევ გარშემო სოფლებში ცხოვრობს 50 ათასი კაცი ბიუჯეტის 80% ქალაქს ხმარდება, სოფლებში არაფერი კეთდება.
- სოფლებს არ აქვთ თავის ხმა?
- რელური ხმა არ აქვთ.
- ხომ არსებობს ხაშურის საკრებულო, სადაც სოფლების წარმომადგენლები არიან?
- როცა განხილვა მიდის ძირითადი მნიშვნელობის პროექტებს ახორციელებენ ქალაქ ხაშურის ტერიტორიაზე. საკრებულოში მე სურამელი როგორც კი დავიწყებ ლაპარაკს იცით რა, საბავშვო ბაღები იყოს სურამში, ჯერ ერთი ხაშური წამომიხტება და იტყვის, რომ რას მელაპარაკები, მერე პარტიები წამომიხტებიან და იტყვიან, რომ ხაშურში 30 ათასი ამომრჩეველი მყავს და შენ კიდევ 2 ათასი ამომრჩეველი გყავს მარტო - ეს ერთია, მეორე - ის ხაშური ბოროტი კი არ არის, ისედაც იმდენი რამე აკლია და რაც არ უნდა ჩააყარო, მაინც უამრავი რამ იქნება გასაკეთებელი.
- სოფლის წარმომადგენლები ნომინალური ფიგურები არიან?
- ხაშურსაც როგორც ერთეულს ერთი წარმომადგენელი ჰყავს და რომელიმე სოფელსაც. კარგი ხაშურს არ მივცეთ ფული და 3 საბავშვო ბაღის გაკეთებაზე თანხა გამოვუყოთ სხვა სოფლებს. მაშინათვე სურამელი რომ ვიტყვი, აქ 2 საბავშო ბაღი მაინც მჭირდება, იყვირებს გომი და სხვები, რომ მათაც იგივე პრობლემები აწუხებთ.
- რას გვთავაზობს პოლონური სისტემა ამის “სამკურნალოდ”?
- მთელ ევროპაში კვლევები არსებობს და მარტო ჩვენთან კი არა, იქაც მიდის დავა თუ რამხელა უნდა იყოს მუნიციპალიტეტი. დანიელებმა გაამსხვილეს, ფინელებს კი მცირე ერთეულები აქვთ და დასცინოდნენ დანიელებს არ გამოგივათო. დანიელებმა ეკონომიკურ ზრდას მიაღწიეს და მერე დასცინეს ფინელებს და მერე აღმოჩნდა, რომ სინამდვილეში ვერაფერსაც ვერ მიაღწიეს. ანუ მუნიციპალიტეტი დიდია თუ მცირეა, ნაკლები კადრი დაჭირდება თუ ბევრი, ამაზე მსჯელობა პოპულისტურია. ის რომ ნაკლები პარლამენტი ნაკლები ხარჯია, ეს ყოველთვის სიმართლე არ არის, შესაძლებელია, რომ ნაკლებმა პარლამენტმა ათჯერ მეტი ხარჯი გაწიოს. მთავარი მიზანი ის არის, რომ მოსახლეობასთან სიახლოვის მიხედვით დასახო რეალური ამოცანები და შემდეგ განახორციელო.
- რა უნდა ვიცოდეთ პოლონეთის გამოცდილებიდან, რა არის ის წარამატება, რასაც ვერასოდეს ვერ მიაღწევენ არსებული თვითმართველობის სისტემით ქართული ტერიტორიული ერთეულები?
- ჩემი აზრით, რაც დღეს გვაქვს ასეთი დიდი მუნიციპალიტეტები არ უნდა იყოს, მაგრამ ეს არის მხოლოდ პირველი ნაბიჯი. მეორე საკითხი რომელზედაც უნდა გამახვილდეს ყურადღება, გინდა დიდი იყოს, გინდაც პატარა, მთავარია რისთვის მინდა მე ეს მუნიციპალიტეტი. რუკაზე რომ დავხატო და დროშა რომ ვაფრიალო, რა აზრი აქვს. მუნიციპალიტეტი გვჭირდება იმისთვის, რომ მას ჰქონდეს გარკვეული უფლება-მოსილებები. აქაც „ჭრიალით“ მიდის საქმე, 25 წელიწადში წინ ოდნავ წავიწიეთ . უფლებამოსილებები ჩვენთან იყო აბსოლიტურად ცენტრალიზებული, საბჭოთა პერიოდში დამლაგებელიც კი ლამის მოსკოვში ინიშნებოდა, ადგილზე ვერავინ ვერაფერს ვერ წყვეტდა. თვითმმართველ ერთეულს უნდა ჰქონდეს უფლება გზას შეაკეთებს თუ ხიდს შეაკეთებს, ცენტრს არ შეუთანხმოს.
ფულის სწორად განკარგვის ერთადერთი საშუალებაა, რომ იქ პოლიტიკური პარტიები ერთმანეთს ებრძვიან და ფულის გაფლანგვის საშუალებას ისინი არ მისცემენ, სხვა შემთხვევაში მაგის წამალი დედამიწაზე არ არსებობს. ჩემი ფული არ ნიშნავს იმას, რომ ფინანსთა მინისტრი მომაკუთვნებს და მერე პრემიერმინისტრი გადმოუშვებს ჩემთან, მეორე წელს არ გადმოუშვებენ და პირდაღებული ვარ. ჩემი ფული თავიდანვე უნდა იყოს გამიჯნული, წილობრივად ახლაც გამიჯნულია. მკაფიო უნდა იყოს გადასახადების რა ნაწილი და რომელი ტიპის გადასახადები რჩება ჩემთან. მაგალითად, ქონების გადასახადი, რჩება მუნიციპალიტეტში, სადაც თქვენ ხართ რეგისტრირებული. თქვენ რომ საშემოსავლოს იხდით ეს მთლიანად იყო ცენტრალიზებული. ისეთი გადასახადები, როგორიც არის დღგ და აქციზი ეს, ბუნებრივია, მთლიანად იქნება ცენტრალიზებული, საბაჟო გადასახადი ფოთში დარჩეს თუ თელავში, კითხვას ასე ვერ დასვამ, ეს გადასახადი ქვეყანაში შემოდის და საბაჟო მოსაკრებელი ერთად იკრიბება.
პოლონეთში ეს გადასახადები გაყოფილია. თვითმმართველობის კოდექსის მიღების შემდეგ დიდი პროცესები დაიძრა, საშემოსავლოს დიდი ნაწილი 15 პროცენტი რჩება ადგილზე მუნიციპალიტეტებში და სასოფლო ერთეულებში. საქართველოში არაფერიც არ რჩება, რადგან იქ არც არაფერი არსებობს. პოლონეთში რჩება ეს წილი, მცირე, მაგრამ საკუთარი. ბიზნესების საშემოსავლოც ნაწილობრივ. მიწის გადასახადი ჩვენთანაც და იქაც ადგილზე რჩება, მაგრამ ძალიან მცირეა.
- ის რომ გადასახადების ნაწილი ადგილზე რჩება და საკუთარი ფული აქვთ, რას აძლევს ეს პოლონეთის თვითმმართველ ერთეულებს?
- პოლონეთს აძლევს იმას, რომ ადგილობრივი მუნიციპალური სერვისების (წყალი, დასუფთავება, ბაღი, საშუალო სკოლების მოვლა-პატრონობა, გზები) მიწოდება ადგილზეა.
- როგორ კორელაციაშია თვითმართველობა ბიზნესთან?
- ის რომ თვითმართველობა მისცემს ყვეყანას კარგ ეკონომიკას ეს ასე არ არის, ეკონიმიკა უნდა განავითაროს ბიზნესმა.
- თუ იქნება ადგილზე სასოფლო ერთეულებში თვითმართველობა, შეუწყობს თუ არა ხელს ბიზნესის განვითარებას? თუ „გმინამ“ ადგილობრივი სერვისების მიწოდებას კარგად გაართვა თავი და პოლიციამაც უსაფრთხოება უზრუნველყო ხომ არის ეს ბიზნესისთვის უკეთესი?
- რა თქმა უნდა. მაგრამ თუ არ გაკეთდა თვითმართველობის რეფორმა ჩვენთან, ჩვენ ვიქნებით მსოფლიო ისტორიაში და ყველა კონტინენტზე ერთადერთი ქვეყანა ვისაც ეგ არ გამოუვიდა. გამოუვიდა პოლონეთსაც, შვედეთსაც, ახალ გვინეასაც, პარაგვაისაც და ვინც მოინდომა ყველას.
- მოდი ისევ დაუბრუნდეთ რუტინას, როგორ უდა გადაწყდეს მაგალითად წყლის პრობლემა ადგილებზე?
- წყლების საკითხი არის ჰიპერცენტრალიზებული. რაიონში არსებული წყლების ცენტრალიზაცია 2006 წელს განხორციელდა, იმისთვის რომ გაეყიდათ, თუმცა არავინ იყიდა. თბილისი გაიყიდა იმიტომ, რომ მომგებიანი იყო. შატილის ჟანგიან მილს რომელი ბილ გეიცი იყიდის? მილიონებს რაში ჩადებს, რას ამოიღებს იმ შატილის წყლისგან? სუბსიდიანობის პრინციპების მიხედვით უფლებების მაქსიმალურად უნდა გადეცეთ თვითმმართველობებს , ანუ ყველაფერი რისი გაკეთებაც შეიძლება ქვედა დონეზე, არ უნდა გადაეცეს ზედა დონეს. არსებობს ევროპული გამოცდილებით სასწარაფო დახმარების ერთიანი ქსელი, მაგრამ სასწრაფოს დახმარებისთვის ცენტრში არ რეკავენ, დახმარების მისაღებად ადგილებზე განთავსებულ სამსახურებს უკავშირდებიან.
განვითარებულ და ნაკლებად განვითარებულ ქვეყნებში მუნიციპალიტეტებს აქვთ საერთო ბიუჯეტის მესამედი. 3, ან 4 მილიარდი მაინც უნდა იყოს მუნიციპალიტეტის საკუთარი შემოსავალი. საკააშვილის დროს მუნიციპალიტეტის შემოსავალი იყო 50-100 მილიონი ანუ ნორმალური სიტუაციის 1 პროცენტიც კი არა. შევარდნაძის დროს პროცენტულად მეტი ეკუთვნოდა მუნიციპალიტეტს, მაგრამ ბიუჯეტში არაფერი შედიოდა. როდესაც სააკაშვილის დროს გადასახადების ადმინისტრირება მოხდა, მუნიციპალიტეტებს არაფერი არ დარჩა, ყველაფერი ცენტრმა წამოიღო. იმ დროს იყო მიდგომა, რა დროს დემოკრატიაა, მთავარია ბიზნესი. მსოფლიო გამოცდილება გვიჩვენებს, რომ ბიზნესი ვერ შველის ამ სისტემას, მოსახლეობა უნდა ჩაერთოს. როგორ უნდა ჩაერთოს? ერთადერთი ამის წამალია, ადგილზე გადაწყვეტილების მიმღები ერთეულების ჩამოყალიბება, მეტი მანდ გამოსავალი არ არსებობს.
ცენტრში ყოველდღე პრეზიდენტს და პრემიერს მთელი ერი ვერ შეხვდება და არც უნდა შეხვდეს, რაზე უნდა შევაწუხო საერთოდ, მაინც ვერ მომხედავს ჩემისთანა 3522 სოფელი ჰყავს. წყლის სიტემის მოგვარება ყველგან არის ქვედა დონის უფლებამოსილება. არსებობს დავუშვათ შიდა ქართლში ტირიფონის ან ლიახვის წყალსადენი, რომელიც არის ერთიანი სიტემა, ვინ უნდა იყოს მისი მეპატრონე და ვინ უნდა მიხედოს მას? მაგალითად თბილისის წყალი არ არის მარტო თბილისის ტერიტორიაზე, დუშეთიდან მოდის, ასეთ დროს ან საერთო ერთიანი რეგულირების სისტემაა ან მუნიციპალიტეტები ერთიან საწარმოს ქმნიან, მაგალითისთვის ქარელი, კასპი და გორი ერთად პროპორციულად აფინანსებენ.
- როგორია თქვენი ხედვა რამდენი დონე უნდა იყოს საქართველოში თითმართველობების განვითარებისთვის და რა გადასახადები უნდა დარჩეს თვითმმართველ ერთეულში?
- საქართველოს სჭირდება ტერიტორიულად მოსახლეობასთან უფრო მიახლოებული თვითმართველობა. უნდა იყოს უფრო მცირე ერთეულები ვიდრე დღეს არის. იმიტომ რომ ჰომოგენური, მსგავსი ეკონომიკური ინტერესების ჯგუფი გაჩნდეს. თვითმართველობის სპეციალისტების ლობირებით თელავი თვითმმართველი ქალაქი გახდა. ვინც თელავს იცნობს, იცის, რომ თელავში არის სამი ძირითადი ზონა: ერთი არის იყალთოს მხარე, მეორე ნაფარეულის მხარე და მესამე არის წინანდლის მხარე, იმის ნაცვლად რომ მათ ერთად მიიღონ ცხრა მილიონი ჯობია, რომ გაიყოს და ცალცალკე მიიღონ სამ-სამი. სამი მისი იქნება და ცხრა მილიონის პროგრამას სამ წელზე გათვლის და იმაში აღარ ჩაუხტება მეორე მხარე. შეიძლება, ვიღაცამ თქვას, რომ ნაფარეულის გარშემო სოფლებიც ხომ მერე თავისთვის დაიწყებენ ლაპარაკს და აქ უკვე უფრო მცირე ერთეულებზე გავდივართ. ჩვენი კონცეფციის თანახმად, საუბარია მსგავს ეკონომიკურ ინტერესებზე და ისეთ საკითხებზე, რომლებიც საქართველოში წარმოშობს მცირე მიზიდულობის ცენტრებს.
პირველი წინაააღმდეგობა მცირე ერთეულების შექმნის ის არის, რაზეც მოგვედავენ, რომ ადგილებზე აპარატი რომ შექმნილიყო, გაიზრდებოდა ადმინისტრაციული შტატი, ბიუროკრატია, შესაბამისად ხარჯიც მოიმატებდა. არიან და ყოვლთვის იყვნენ გამგებლები, რომლებიც ტყუილად არავის დანიშნავს თუნდაც იმიტომ, რომ იცის მერე ის პასუხს აგებს და თან რეიტინგის აწევაც უნდა.
ჩვენთან მედია და სამოქალაქო საზოგადოებაც ხშირად არასწორად უყურებენ საკითხს. ამბობენ, რომ საბავშვო ბაღში მუშაობდა 50 კაცი და ახლა არის 80 კაცი გაიბერა შტატი, იჭმება ხალხის ფული. თუ საჭიროა 80 კი არა 100 უნდა იყოს. ევროკავშირის რეგულაციებში, რომელსაც ასოცირების შეთანხმების შემდეგ ჩვენც შევუერთდით, პირდაპირ არის შეზღუდვები. არ შეიძლება, რომ მასწავლებელი უმაღლესი განათლებაზე ნაკლები დიპლომით იყოს და 2 წლამდე ასაკის 7 ბავშვზე მეტი ჰყავდეს მიბარებული.
არის ხოლმე შემთხევები, როდესაც 40 ბავშვს ერთი მასწავლებელი ჰყავს და 250 ლარი ხელფასი აქვს. სამაგიეროდ ასეთ ბაღში იყო საერთაშორისო ურთიერთობის განყოფილება, ვიღაცეები ისხდნენ 700-800 ლარიანი ხელფასებით, რომლებიც იქ არ დადიოდნენ საერთოდ. ესენი იყვნენ ვიღაცის ცოლები ან პარტიული აქტივისტები. იმაზე კი არ მიდის საუბარი, რომ ასეთი შავი ხარჯების გამჭირვალობა მოხდეს. მედია შტატის გაზრდაზე პირდაპირ მწვავედ რეაგირებს. სადღაც უნდა გაიზარდოს და სადღაც უნდა შემცირდეს.
შევარდნაძის დროს დაახლოებით 11 ათასი მოხელე იყო მუნიციპალიტეტებში დასაქმებული, სააკაშვილის დროს დაიწყო გაყრები და 6 ათასზე ჩამოიყვანეს. თვითმართველობა გამსხვილდა რაიონების დონეზე. ამ ცვლილების მერე ის 6 ათასი 12 500-ზე ავიდა .
- ახალი თვითმართველობის კოდექსით რა გაუმჯობესდება?
- კანონში ჩადებულია მექანიზმები ახალი მუნიციპალიტეტების შესაქმნელად. წინა კანონშიც იყო, ახლა კიდევ უფრო დაიხვეწა ეს ფორმები. მუნიციპალიტეტი დასაბუთებულ შუამდგომობას დააყენებს, მერე მთავრობა ახდენს შესაბამისად გაანალიზებას, მერე იტყვის ან კი ან არა და ეს მიდის მერე პარლამენტში იმიტომ, რომ ტერიტორიული მოწყობა არის ეროვნული მნიშვნელობის საქმე.
- რას მიიღებს კონკრეტული თვითმართველი ერთეული თვითმართველობის რეფორმის განხორციელების შედეგად?
- როცა ზუგდიდი გაიყო, ტრანსფერებით 21 მილიონი ჰქონდა ზუგდიდს, ახლა არის ქალაქი ზუგდიდი და ცალკე ზუგდიდის რაიონი, დამოუკიდებელია ერთმანეთისგან, 38 მილიონ ლარზე აუვიდათ ბიუჯეტი. პატარა მუნიციპალიტეტის გაყოფას აზრი არ აქვს, რა აზრი აქვს მაგალითად ყაზბეგის გაყოფას. მაგრამ რატომ არ უნდა იყოს ხევსურეთის და ბარისახოს მუნიციპალიტეტები, რომელსაც სახელმწიფო პროგრამებიც ექნება? დუშეთს რომლის შემადგნლობაში ახლა ესენი შედიან, თავად არ აქვს იმდენი ფული, რომ დუშეთის რაიონს მიხედოს და აღარაფერი რჩება ბარისახოსთვის და ხევსურეთისთვის. ჭიათურამ მაგალითად, შეიტანა მოთხოვნა, თვითმართველი ქალაქის სტატუსი უნდა. ქალაქები იგებენ იმით რომ ცენტრალური ბიუჯეტიდან დაფინანსება ეზრდებათ.
- რომ არ გაიყოს თვითმართველ ქალაქად და რაიონად კონკრეტული დასახლება და პირდაპირ გაეზარდოს ბიუჯეტი?
- ამაზედაც მიდის ლაპარაკი, ეგეც კარგი იქნებოდა რასაკვირაველია. მარტო ტერიტორიული მოწყობა არაფერია, ამას უფლებების და ფინანსების გადაცემა და სამოქალაქო აქტივობის გაძლიერება უნდა მოყვეს.
თვითმართველობას აქვს ორი ფუნქცია, ერთი სერვისების მიღება და მეორე მოსახლეობის ჩართვა. იმიტომ კი არა რომ დემოკრატობანა ვითამაშოთ, არამედ როცა წყალი არ იქნება, შენ თვითონვე დააყენო ეს საკითხი. კონსტიტუციის დარღვევაა, როცა მაჟორიტარი გამოდის და იძლევა დაპირებებს ამას გავაკეთებ, იმას გავაკეთებ, რა უფლება აქვს? მე მერი იმიტომ მყავს, რომ ადგილობრივი საკითხების გადასაჭრელად იმან იზრუნოს, მაჟორიტარის საქმე კიდევ სახელმწიფო პოლიტიკის განსაზღვრაა და არავითარი შეხება არ აქვს იმასთან, რა დაპირებებსაც იძლევა.
- შეუძლიათ თუ არა მუნიციპალიტეტებს საერთაშორისო დახმარების პროგრამების ბენეფიციარი გახდეს და თვითონ იზრუნოს საკუთარ საჭიროებებზე?
- დიახ დონორები მუნიციპალიტეტებს აფინანსებენ, მაგრამ მხოლოდ საქართველოსთვის კი არ ცხადდება კონკურსი. კონკურენცია დიდია. კონკურენტები არიან მოლდავეთი, უკრაინა, სომხეთი და ბელორუსი. აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში 50 მილიონი უნდა განაწილდეს.
ევროკავშირი დგას სამ დიდი ვეშაპზე, მისი ხარჯების 90 % იხარჯება სამი ძირითადი მიმართულებით:სოფლის მეურნეობის დოტაცია; ინოვაციები, ტექნოლოგიები და განათლება; რეგიონების გათანაბრება. დახმარებას ძირითადად იღებენ ევროკავშირის წევრი ჩამორჩენილი ქვეყნები. მიმღები შეიძლება იყოს კრაკოვი ან სერბეთის რომელიმე ზონა და ასე შემდეგ. 100-120 მილიარდი ევრო გრანტებად მიდის ყოველწლიურად. პარტნიორ ქვეყნებს ამის მცირე ნაწილში აქვთ მონაწილეობის უფლება.
პოლონეთმა 1993 წლიდან დაიწყო პროექტების წერა. პოლონეთის ელჩი მეუბნეოდა, რომ ჩვენთან პრეზიდენტით დაწყებული, ფერმერი დამთავრებული ყველა გრანტებს წერდა და ზოგი ტრაქტორს ყიდულობდა, ზოგი აეროპორტისთვის დაფინანსებას იღებდა. ახალგაზრდებს საზღვარგარეთ სწავლას უფინანსებდნენ, დონორების ფულს მაქსიმალურად იყენებდნენ.
- რამდენად ეფექტურად განკარგავენ მცირე თვითმმართველი ერთეულები ბიუჯეტს?
- პოლონეთის გამოცდილებაც ეგ არის. თუ ცურვა გინდა წყალში უნდა შეხვიდე. პირის დაბანვით ცურვას ვერ ისწავლი. ცურვას ვერც ცარიელ აუზშიც ისწავლი. ბულგარეთში, ჩვენთან, რუსეთში და სომხეთში არის ხედვა, რომ ჯერ ხალხი უნდა მოემზადოს და მერე გაკეთდეს თვითმართველობის რეფორმა. რაში უნდა მოემზადოს ხალხი? რომ მოემზადები, მერე მოეწყობი? იქ იმიტომ ვეწყობი, რომ ვისწავლო.
როცა პოლონეთმა თვითმართველობის რეფორმა განახორციელა, თვითონ ისინი ამბობდნენ, რომ გაოგნებულები იყვნენ. პირველ წელს გმინების 97% ხარჯთაღრიცხვაც ვერ შეადგინეს. არაფერი გაეგებოდათ. მე თუ მინდა ბავშვს ცურვა ვასწავლო, ბავშვს ვკიდებ ხელს და წყალში შემყავს. ეს იმას არ ნიშნავს, რომ დავიფერთხავ ხელებს და წავალ, ცხადია ყურადღებას მივაქცევ, მაგრამ სულ ხელში არ მეჭირება, თორემ ვერ ისწავლის. შეიძლება წყალი გადაყლაპოს ან უცებ აითვისოს, მაგრამ მე თუ წყალი არ დავანახე და უდაბნოში ვისხედით, იმას ცურვა არ ეცოდინება. შეიძლება ძალიან ნიჭიერია, მაგრამ წყალი ნანახი არ აქვს და მისგან შესაბამისად მოცურავეც ვერ დადგება.
პოლონელებმა გადაწყვიტეს, რომ წყალში უნდა შესულიყვნენ. დაიწყეს იმით, რომ გაბედეს და გმინებს უფლებები გადასცეს. პირველ წელს ძალიან გაუჭირდათ, მომდევნო წლებში უფრო ნაკლებად. ჯერ კიდევ 1991 წლიდან ლეხ ვალენსამ ( 1990-1995 წლებში პოლონეთის პრეზიდენტი, ნობელის პრემიის ლაურეატი, დამოუკიდებელ პროფკავშირთა გაერთიანება „სოლიდარობა“-ს ყოფილი ხელმძღვანელი) დაიწყო პირველმა უფლებების გადაცემა თვითმმართველობებისთვის. პოლონეთმა მიზანს მიაღწია.
2014 წელს საქართველომ თვითმმართველობის კოდექსი მიიღო. 1991 წლიდან მოყოლებული ეს არის მეხუთე რეფორმა. შეიძლება ვთქვათ, რომ თითო-თითო აგური იდება, პოლონელებმა ეს ერთ წელიწადში გააკეთეს, ჩვენ კი 25 წლის განმავლობაში შესასრულებელი საქმის 4-5 პროცენტი გავაკეთეთ.
- რისი გვეშინია, რატომ არ ვახორციელებთ თვითმართველობის რეფორმას წარმატებული ქვეყნების მაგალითზე?
- პირველ რიგში მენტალობის პრობლემის გამო. მე ვარ შეფი, შენ სულელი ხარ, ასეთია მიდგომა. ყველას ჰგონია, რომ მის ქვემოთ ყველა სულელია და მართვას ვერ შეძლებს. მეორე მენტალური საკითხია, რომ არც უნახავთ და ვერც იჯერებენ.
- ახალი კოდექსით ვიღებთ თუ არა რეალურ თვითმართველობას?
- აქ არის მექანიზმები რომლის გამოყენებითაც რაღაც-რაღაცების მიღწევა შეიძლება. ამ კანონით ჩვენ ცოტა წყალი ჩავასხით აუზში. შევძლებთ, რომ ფეხები დავისველოთ, მაგრამ ამით ცურვას ვერ ვისწავლით, სამაგიეროდ წყალს ვნახავთ, რომელიც ნანახი არ გვქონდა.
ესაუბრა ზურაბ მოდებაძე