150 მატარებელი ტრანსკასპიური სატრანსპორტო დერეფნით - გამართლდება თუ არა ხელისუფლების პროგნოზი?
2017 წელს საქართველოს ტერიტორიაზე 150 მატარებელი გაივლის - საქართველოს რკინიგზის დეპარტამენტის ამ პროგნოზს ლოგისტიკის ექსპერტები სკეპტიკურად უყურებენ. მათი განმარტებით, წელს ტრანსკასპიური სატრანსპორტო დერეფნით საქართველოს გავლით მხოლოდ რამდენიმე საკონტეინერო ვაგონის გადაზიდვა მოხდა.
ყაზახეთის დედაქალაქში მიღებული გეგმის თანახმად, ასოციაციის მთავარი საქმიანობა სატრანზიტო და სავაჭრო ტვირთების მოზიდვისკენ, ასევე „ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტით“ ინტეგრირებული ლოგისტიკური პროდუქციის განვითარებისკენ იქნება მიმართული.
ასოციაციის მონაწილეები იმუშავებენ ისეთ საკითხებზე, როგორიცაა ეფექტური სატარიფო პოლიტიკის გატარება, ინტეგრირებული მომსახურების ღირებულებისა და ხარჯების ოპტიმიზაცია, გადაზიდვების პროცესის ერთიანი ტექნოლოგიის შექმნა, სასაზღვრო და საბაჟო პროცედურებთან დაკავშირებული ადმინისტრაციული ბარიერების გადალახვის ხელშეწყობა.
„ამ პროექტის და ასოციაციის ძირითადი ამოცანაა ტრანსკასპიური სატრანსპორტო დერეფნის პოპულარიზაცია და მისი ჩართვა ჩინეთიდან ევროპის მიმართულებით ტვირთების ტრანსპორტირების გლობალურ სქემაში, - განმარტავენ საქართველოს რკინიგზის დეპარტამენტში EUGeorgia.info-სთან საუბარში, - ასოციაციის ძირითადი ამოცანებია, ამ დერეფნის ფარგლებში ერთიანი, კონკურენტული სატარიფო პოლიტიკის შემუშავება საკონტეინერო გადაზიდვებზე, ამავე გადაზიდვების ტექნოლოგიური სქემების შემუშავება“.
საქართველოს რკინიგზის დეპარტამენტის ინფორმაციით, აღნიშნული სქემა საშუალებას იძლევა, მანძილი ჩინეთიდან საქართველოს შავი ზღვის ნავსადგურებამდე დაიფაროს 9–10 დღეში, რაც, თავის მხრივ, მოცემული დერეფნის მიმზიდველობას ზრდის.
უწყების პროგნოზების მიუხედავად, მიმდინარე წელს ტრანსკასპიური სატრანსპორტო დერეფნით საქართველოს გავლით არც ერთ მატარებელს არ გაუვლია. წინა წლების დინამიკა კი შემდეგია:
2015 წლის 28 ივლისს გაუშვეს პირველი სადემონსტრაციო საკონტეინერო მატარებელი შიჰეძი (ჩინეთი) - დოსტიკი (ყაზახეთი) - აქტაუს პორტი (ყაზახეთი)-კიშლის (აზერბაიჯანი) მარშრუტით. მაშინ „აზერბაიჯანის რკინიგზის“ ხელმძღვანელმა ჯავიდ ყურბანოვმა განაცხადა, რომ 2020 წლამდე „ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტით“ დაახლოებით 300-400 000 კონტეინერის გადაზიდვაა დაგეგმილი.
2015 წლის 29 ნოემბერს აღნიშნული დერეფნით გაუშვეს მეორე საკონტეინერო მატარებელი ლიანიუნგანი (ჩინეთი) - დოსტიკი (ყაზახეთი) - აქტაუს პორტი (ყაზახეთი) - ალიათის პორტი (აზერბაიჯანი) - ფოთი - სტამბოლის მარშრუტით.
2016 წლის 15 იანვარს კი, ევროპა-უკრაინა-საქართველო-აზერბაიჯანი-ყაზახეთი-ჩინეთის მარშრუტით, საკონტეინერო გადაზიდვების ტექნოლოგიური ეფექტურობის განსაზღვრის მიზნით, „ტრანსკასპიური სატრანსპორტო დერეფნით“ ილიჩევსკის პორტიდან (უკრაინა) ჩინეთში სატესტო მატარებელი გაუშვეს.
საქართველოს რკინიგზის დეპარტამენტის პროგნოზით, მომავალ წელს ამ დერეფნით, საქართველოს გავლით, ჩინეთიდან ევროპის დანიშნულებით 150-მა მატარებელმა უნდა გაიაროს.
«აღნიშნულ პროექტში მონაწილეობით მომავალ წელს იგეგმება 150 მატარებლის მიღება, რასაც შემდგომ წლებში ასევე ექნება ზრდის ტენდენცია», - აცხადებენ რკინიგზის დეპარტამენტში.
„სატრანსპორტო დერეფნის კვლევების ცენტრის“ ხელმძღვანელი პაატა ცაგარეიშვილი მიიჩნევს, რომ არსებული დინამიკიდან გამომდინარე, რთულად წარმოსადგენია, როგორ მოახერხებენ ტრანსკასპიური დერეფნის წევრი ქვეყნები მოცულობის მკვეთრ ზრდას ასეთ მოკლე პერიოდში.
„გამომდინარე იქიდან, რომ წელს არც ერთ მატარებელს არ გაუვლია და ფრაგმენტულად, მხოლოდ რამდენიმე ვაგონს აქვს გავლილი ჩინეთიდან საქართველოში, ცოტა რთულად მესახება, პრაქტიკულად წარმოუდგენლადაც კი მიმაჩნია, რომ ერთ წელიწადში 150-მა მატარებელმა გაიაროს“, - აცხადებს ცაგარეიშვილი EUGeorgia.info-სთან საუბარში.
მისი განმარტებით, კვლავ არ არის გადალახული ისეთი ინფრასტრუქტურული პრობლემები, როგორიც არის საბორნე გადაზიდვები შავ და კასპიის ზღვებზე, არსებობს ბორნების ნაკლებობა, გადაზიდვის ვადა კი, რაც ტვირთმფლობელისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, ჯერჯერობით არ არის კარგად დარეგულირებული.
„მართალია, ტრანსკასპიურ დერეფანში სატარიფო ველი მოწესრიგდა, მაგრამ რუსეთის მიმართულებას დამატებითი პრეფერენციები აქვს. მათ დამატებით შეუძლიათ ტარიფების დაწევა“, - ამბობს ცაგარეიშვილი.
დღეს «ტრანსკასპიურ საერთაშორისო სატრანსპორტო კორიდორს» ჰყავს სერიოზული კონკურენტი ჩრდილოეთის მარშრუტის სახით, რომელიც გადის ჩინეთ-ყაზახეთის საზღვრიდან, ყაზახეთის და რუსეთის გავლით (ტრანსციმბირული მაგისტრალით), ბელორუსში და შემდეგ ევროპაში. USAID-ის მონაცემებით, ტრანსკასპიურ სავაჭრო და სატრანზიტო დერეფანში ტვირთების გადაზიდვა მიმდინარე პერიოდში 30%-ით ძვირი ჯდება, ვიდრე რუსეთის გავლით.
„თუ კონკურენტუნარიანობის თვალსაზრისით შევადარებთ, რუსეთზე გამავალი დერეფანი არის მიმზიდველი პირველ რიგში იმის გამო, რომ გადაზიდვაში მხოლოდ ყაზახეთი, რუსეთი და ბელორუსი მონაწილეობენ. მათ უფრო მყისიერად შეუძლიათ, შეთანხმდნენ და მოახდინონ სატრანსპორტო ბაზარზე მიმდინარე პროცესებზე რეაგირება, დაწიონ ტარიფები. ჩვენს შემთხვევაში კი, დერეფნის პროექტში ბევრი ქვეყანა მონაწილეობს, შესაბამისად, მყისიერად რეაგირება და ერთიანი გადაწყვეტილების მიღება უფრო რთულია“, - მიიჩნევს პაატა ცაგარეიშვილი.
„ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტით“ ტვირთგადაზიდვებზე კონკურენტუნარიანი საშეღავათო ტარიფების დაწესების შესახებ პროტოკოლს აზერბაიჯანმა, ყაზახეთმა, საქართველომ და უკრაინამ მიმდინარე წლის 14 იანვარს მოაწერეს ხელი. ახალი ტარიფები ძალაში 1 ივნისიდან შევიდა.
მიმდინარე წლის ბოლომდე კი, იგეგმება „ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტი მარშრუტის ასოციაციის“ წევრთა შეკრება, რომელზედაც დამტკიცდება შეღავათიანი სატარიფო განაკვეთები სავაგონო გადაზიდვებზე (გარდა არსებულისა კონტეინერებზე), ზოგიერთი სახეობის ტვირთებისთვის, კერძოდ ხორბალზე, ფერადი ლითონის ნაწარმზე (ცინკი), ქიმიკატებზე (გოგირდი), ქვანახშირზე, გაზოილსა და მაზუთზე. საქართველოს რკინიგზის დეპარტამენტში ირწმუნებიან, რომ აღნიშნული ხელს შეუწყობს ახალი ტვირთნაკადების მოზიდვას ყაზახეთიდან და უკრაინიდან.
საქართველოს რკინიგზის, როგორც «ასოციაციის» ერთ-ერთი დამფუძნებლის და ძირითადი წევრის ვალდებულება იქნება, აქტიური მონაწილეობა მიიღოს ასოციაციის მუშაობაში, მიავლინოს შესაბამისი კომპეტენციის მქონე წარმომადგენლები ასოციაციის მუდმივმოქმედ ოფისში და ხელი შეუწყოს მის წარმატებულ ფუნქციონირებას.
საქართველოს რკინიგზას უშუალოდ და ასევე, მის შვილობილ კომპანიას Trans Qafqasus Terminals-ს, ამ დერეფნის და ასოციაციის საქმიანობის პოპულარიზაციის მიზნით, სატრანსპორტო – ლოჯისტიკური გამოფენების ფარგლებში, დაგეგმილი აქვს ღონისძიებები უკრაინასა და ჰოლანდიაში.
მრგვალი მაგიდის ფორმატის შეხვედრებზე მოწვეული იქნებიან ამ ქვეყნების სამთავრობო უწყებების და სატრანსპორტო სექტორის ძირითადი და მსხვილი წარმომადგენლები. მოხდება მათი დეტალური ინფორმირება არსებულ სატარიფო და ტექნოლოგიურ პოლიტიკაზე, მომსახურების თავისებურებებზე, სპეციფიკაზე. ანალოგიური ღონისძიებები უკვე ჩატარდა შანხაისა და ჩუნცინში (ჩინეთი), ასტანასა და ალმაატაში (ყაზახეთი), ასევე სტამბოლში (თურქეთი).
„აღნიშნული კიდევ უფრო მეტად გაზრდის დაინტერესებას ჩვენი დერეფნითა და ასოციაციით, რაც დამატებითი ტვირთების მოზიდვას შეუწყობს ხელს“,- ირწმუნებიან საქართველოს რკინიგზის დეპარტამენტში.
„სატრანსპორტო დერეფნის კვლევების ცენტრის“ ხელმძღვანელიპაატა ცაგარეიშვილი კი მიიჩნევს, რომ «ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო კორიდორის» მონაწილე ქვეყნებმა მეტი ყურადღება უნდა დაუთმონ არა ჩინეთის, არამედ ცენტრალური აზიის ბაზარს, რაც მისი მოსაზრებით, პროექტის სიცოცხლისუარიანობას მეტად გაზრდის.
„ჩემი მოსაზრებით, აქცენტი არ უნდა იყოს გადატანილი ჩინეთის სახმელეთო ტვირთებზე, რადგან ჩინეთს უფრო საზღვაო მიმართულება აინტერესებს და მეტწილად, ზღვით ახორციელებენ ტვირთგადაზიდვებს. ჩინეთი არ არის ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ბაზარი ტვირთნაკადების მოზიდვის კუთხით, არამედ უფრო მნიშვნელოვანია ყაზახეთი, უზბეკეთი და თურქმენეთი. ცენტრალური აზიის ამ ქვეყნებში დღესდღეობით ყველაზე დიდი საწარმოები, მათ შორის გოგირდის, ლითონის, ალუმინის, ხორბლის - ეკუთვნის სახელმწიფოს. აქედან გამომდინარე, საქართველომ და აზერბაიჯანმა ამ ქვეყნებთან უნდა გამართონ მოლაპარაკებები. მაგალითად, ყაზახეთის ტვირთნაკადი, რომელიც რუსეთში გადის, წელიწადში 100 მილიონს აღწევს. ჩვენ რომ ყაზახეთის თვირთნაკადის 15-20%-მდე მაინც ავიდეთ, ეს ჩვენთვის დიდი მიღწევა იქნება“, - ამბობს ცაგარეიშვილი.
როგორც EUGeorgia.info წერდა, 2015 წელს სარკინიგზო გადაზიდვების მთლიანი მოცულობა 2014 წელთან შედარებით 15%-ით შემცირდა. აქედან ადგილობრივი ტვირთები 7%-ით, ტრანზიტული 16,5%-ით, იმპორტზე შემოსული ტვირთები კი 9%-ით შემცირდა. ყველაზე დიდი, 32%-იანი ვარდნა - ექსპორტზე გასულ ტვირთებს შეეხო.