ქალი მეწარმეები 40 000 ლარამდე სესხის აღებას ქონებით უზრუნველყოფის გარეშე შეძლებენ
“საქართველოს ბანკმა”, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მხარდაჭერით, ქალი მეწარმეების სტარტაპ ბიზნესის დაფინანსება დაიწყო. პროექტი განკუთვნილია იმ ქალი მეწარმეებისთვის, რომლებსაც სურთ საინტერესო ბიზნესიდეის განხორციელება, არსებული ბიზნესის საქართველოს მასშტაბით გაფართოება ან არსებული ბიზნესის პარალელურად ახლის დაწყება.
ახალი პროგრამა „ქალი სტარტაპერისთვის“ EBRD-მა “საქართველოს ბანკს” 25 მილიონი ლარი გამოუყო, შესაძლო დანაკარგების შემთხვევაში, ევროკავშირი “საქართველოს ბანკს” ამ თანხის 10%-ს აუნაზღაურებს.
“თუ ამ რესურსით აკრედიტირებულ ბიზნესში პრობლემა შეიქმნა და ბანკმა თანხა ვერ დაიბრუნა, ევროკავშირი სუბსიდირების სახით ბანკს 2,5 მილიონს დაუბრუნებს. ეს საშუალებას გვაძლევს, კიდევ უფრო ლიბერალური გავხადოთ ჩვენი საკრედიტო პოლიტიკა ქალი მეწარმეების დაფინანსების მიმართულებით და შევამსუბუქოთ მოთხოვნები უზრუნვლყოფაზე”, - აცხადებს “საქართველოს ბანკის” ბიზნესის საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორი ზურაბ მასურაშვილი.
“თბილისის ბიზნეს ტრეინინგის ცენტრის” რეგიონული მენეჯერი სოფიო კუპრავაEUGeorgia.info-სთან საუბარში ამბობს, რომ ბიზნესის დაწყების კუთხით, ქალი მეწარმეებისთვის ყველაზე დამაბრკოლებელ ფაქტორს მაღალი საპროცენტო განაკვეთი და ბანკის მხრიდან თანამონაწილეობის მოთხოვნა წარმოადგენს.
“თუ ხდება სტარტაპის დაფინანსება, კარგი იქნება, რომ თუნდაც 1 წლის განმავლობაში საშეღავათო პირობები იყოს. მაგალითად, 11%-იანი განაკვეთის ნაცვლად, დაწესდეს 6%-იანი განაკვეთი. ბევრი სტარტაპ პროექტი, ასევე, თანამონაწილეობის პრობლემის წინაშე დგას. მიუხედავად იმისა, რომ თანამონაწილეობა ითვალისწინებს მოთხოვნილი თანხის 20%-ის დაფინანსებას, ბევრ მეწარმეს, განსაკუთრებით რეგიონებში, ამ დაფინანსების მოძიება უჭირს. კარგი იქნება, თუ მოხდება პროექტების თანამონაწილეობის მოთხოვნის გარეშე დაფინანსება”, - ამბობს სოფიო კუპრავა.
“საქართველოს ბანკის” წარმომადგენელი ზურაბ მასურაშვილი განმარტავს, რომ ახალი პროგრამა შეღავათიან პირობებს ითვალისწინებს. მისი ცნობით, აქამდე, სტარტაპების განხილვის დროს, მაღალი რისკიანობის გამო, უფრო მაღალი საპროცენტო განაკვეთი იყო გათვალისწინებული. “ქალი სტარტაპერის” პროგრამის ფარგლებში კი, ეროვნულ ვალუტაში სესხის აღების შემთხვევაში, საპროცენტო განაკვეთი მინიმუმ 11,5% იქნება, აშშ დოლარში კი - 8,5 %.
“ეს იქნება იგივე განაკვეთი, რაც ჩვეულებრივ, არადამწყებ ბიზნესს დავაფინანსებდით. ამაზე დაბალი განაკვეთი არასაბაზრო იქნება და, შესაბამისად, ვერ განვიხილავდით”, - განმარტავს მასურაშვილი.
„ქალი სტარტაპერის“ პროგრამის პირობების თანახმად, სესხის მოცულობა 10 000 ლარიდან იწყება, ვადა 5 წელია, საშეღავათო პერიოდი კი 1 წლამდეა. “საქართველოს ბანკში” აცხადებენ, რომ პროექტის ფარგლებში თანამონაწილეობა სავალდებულო არ არის, ქონებით უზრუნველყოფის გარეშე კი, შესაძლებელია 40 000 ლარამდე სესხის აღება.
“ბიზნესმენ ქალთა საბჭოს” თავმჯდომარე ნათია მეფარიშვილი იმედოვნებს, რომ სამომავლოდ, ქონებით უზრუნველყოფის საკითხში უფრო ლიბერალური პირობების დაწესება იქნება შესაძლებელი.
“სტატისტიკის სამსახურის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ქალ მეწარმეებს უფრო ურთულდებათ სესხის აღება, ვიდრე მამაკაცებს. ერთ-ერთი მიზეზი არის მოთხოვნა ქონებით უზრუნველყოფაზე, რადგან ჩვენს ქვეყანაში, ძირითადად, ქონება მამაკაცზეა დარეგისტრირებული. გვინდა, რომ ეს ფორმა უფრო გამარტივებული იყოს. EBRD-ის ჩართულობით, ამ მიმართულებით ერთი ნაბიჯი უკვე გადაიდგა. არის ევროკავშირის მხარდაჭერაც EU4business-ის პროგრამის ფარგლებში, რომელიც მეწარმე ქალების გაძლიერებისკენ არის მიმართული”, - ამბობს ნათია მეფარიშვილი.
ქალი მეწარმეები EUGeorgia.info-სთან საუბარში ამბობენ, რომ ბევრ მათგანს ბიზნესის გაფართოება სურს, თუმცა ბანკთან ურთიერთობას თავს არიდებენ. ბიზნეს ასოციაცია “ქალები მომავლისთვის” აღმასრულებელი დირექტორის, ნინო ღანიშაშვილის განმარტებით, ამის ერთ-ერთი მიზეზი ინფორმირებულობის დაბალი დონეა.
“ჩვენი მუშაობის ორწლიან მანძილზე გამოიკვეთა, რომ მეწარმე ქალებისთვის ყველაზე დიდი გამოწვევა ბიზნეს უნარების დაუფლებაა. ხშირად, იკვეთება ამ უნარების ნაკლებობა. ქალები ნაკლებად ინფორმირებული არიან, არ იციან რა შესაძლებლობები აქვთ და, შესაბამისად ვერ იყენებენ მას”, - განმარტავს ღანიშაშვილი EUGeorgia.info-სთან საუბარში.
ლეილა ბაღაევა საცხობის მფლობელია. მის მიერ დაფუძნებული შპს “თეოლინე” პურის გამოსაცხობად ქართული ჯიშის ხორბალს და საქართველოში მოყვანილ ჭვავს იყენებს. საცხობი ერთი წელიწადია რაც მუშაობს, დღეში დაახლოებით 50-70 პურს აცხობენ. ბიზნესის დასაწყებად ლეილა ბაღაევამ 8 ათასამდე აშშ დოლარის ინვესტიცია ჩადო.
“ბიზნესის განვითარების სურვილი მაქვს, მაგრამ სესხს გრანტი მირჩევნია, ვინაიდან, სესხი რისკებთან არის დაკავშირებული. არ მაქვს მყარი გარანტია, რომ სესხის აღების და გაფართოების შემთხვევაში ბაზარზე დამკვიდრებას მალევე შევძლებ. ბანკი უზრუნველყოფას ითხოვს, მეშინია, მთელი ქონება არ დავკარგო”, - ამბობს ლეილა ბაღაევა.
მეწარმე მანანა ახვლედიანი ღვინის ჩამოსასხმელი კომპანია “Madam Wine”-ის დამფუძნებელია. კომპანიაში ამჟამად 7 ქალბატონია დასაქმებული. ბიზნესის დასაწყებად მეწარმემ 2012 წელს, უძრავი ქონების გარანტიით სესხი აიღო. ცოტა ხნის წინ კი, “ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა”, კომპანიის ვებგვერდის შესაქმნელად საჭირო თანხის, 10 000 ლარის 60% დაუფინანსა.
“ქალი მეწარმეები ბანკთან ურთიერთობას სკეპტიკურად უყურებენ. თუმცა, ბოლო პერიოდში უამრავი პროექტი დაიწყო. დავდივართ სემინარებზე იმისთვის, რომ ბანკს უფრო თამამად მივმართოთ. ბევრ ქალს შესანიშნავი იდეა აქვს, მაგრამ ბიზნესის დასაწყებად ქონებით უზრუნველყოფის საშუალება არ გააჩნია. მე ამ კუთხით გამიმართლა, რადგან ღვინის მაღაზია მქონდა. სხვა შემთხვევაში სესხის აღებას ალბათ ვერ შეძლებდი”, - ამბობს მანანა ახვლედიანი.
“ბანკს არ შეუძლია კრედიტების უპროცენტოდ გაცემა, ამისთვის არსებობს სახელმწიფო პროგრამები, მათ შორის 15 000-მდე ლარის საგრანტო პროგრამები. ჩვენ გავაკეთეთ ის, რისი შესაძლებლობა გვქონდა - „ქალი სტარტაპერი“ ერთი წლის განმავლობაში საოპერაციო მომსახურებებით უფასოდ სარგებლობას ითვალისწინებს”, - ამბობს “საქართველოს ბანკის” ბიზნესის საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორი ზურაბ მასურაშვილი.
“საქართველოს ბანკის” ინფორმაციით, მამაკაც მეწარმეებზე გაცემულ სესხებთან შედარებით, ქალ მეწარმეებზე გაცემული სესხების რაოდენობა გაცილებით დაბალია. კერძოდ, ქალ მეწარმეებზე გაცემულია 11 000 კრედიტი (გაცემული კრედიტების 30%), რაც დაახლოებით 250 მილიონ ლარს შეადგენს. ქალ მეწარმეზე გაცემული სესხის თანხა საშუალოდ, 25 000 ლარს შეადგენს, რაც მამაკაც მეწარმეზე გაცემულ საშუალო თანხაზე ასევე დაბალია.
„ქალი სტარტაპერის“ პროგრამის შესახებ დამატებითი ინფორმაცია ხელმისაწვდომია ვებ მისამართზე www.womeninbusiness.ge.