EBRD: ქართველების მომავალ სოციალურ სტატუსს ძირითადად წინასწარ განსაზღვრავს დაბადებისას მოცემული გარემოებები
საქართველოს გამორჩეულად ცუდი შედეგები აქვს ინკლუზიურობასა და სოციალურ მობილობაში. სხვა გარდამავალი ეკონომიკის ერებთან შედარებით, ვერ სთავაზობს თავის შეძლებულ (ძირითადად, ქალაქის მაცხოვრებლებს) და ღარიბ მოსახლეობას (ძირითადად, სოფლის მაცხოვრებლებს) თანაბარ შესაძლებლობებს, - აღნიშნულია ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) 2016 წლის „გარდამავალი ქვეყნების” ანგარიშში. აღნიშნული კვლევა 34 სახელმწიფოს 51 ათასი რესპონდენტის გამოკითხვას ემყარება.
EBRD-ის ექსპერტების მიხედვით, რეგიონში შემოსავლების უთანასწორობის 20-50% განპირობებულია დაბადებისას მოცემული გარემოებებით: დაბადების ადგილით (ქალაქი, თუ სოფელი), მშობლების განათლების დონით და კომუნისტური პარტიის წევრობით (ძველი ელიტისადმი მიკუთვნებით), სქესითა და ეთნიკური წარმომავლობით.
“კაცმა რომ თქვას, თითქოს, საგანგაშო არაფერია, თუ გავითვალისწინებთ, რომ არათანაბარი შესაძლებლობები კიდევ უფრო მწვავე პრობლემაა აშშ-სა და განვითარებადი ქვეყნების უმეტესობაში. თუმცა, საქართველოს პრობლემა ის არის, რომ მისი მაჩვენებელი რეგიონის საშუალო მაჩვენებელზე ბევრად მაღალია. EBRD-ის მონაცემებით, ქართველების მომავალ სოციალურ-ეკონომიკურ სტატუსს, თითქმის, წინასწარვე განსაზღვრავს დაბადებისას მოცემული გარემოებები: არათანაბარი შესაძლებლობები ზღუდავს სოციალურ მობილობას და უცვლელად ტოვებს საზოგადოების ხისტ დაყოფას: ერთი ნაწილი ჩართულია თანამედროვე ეკონომიკაში, მეორე კი ტრადიციული თვითკმარი მეურნეობით, თვითდასაქმებით ან საკუთარი უნარ-ჩვევებისთვის შეუფერებელი საქმიანობით იბრძვის თვითგადარჩენისთვის”, - აცხადებს საერთაშორისი ეკონომიკური სკოლის (ISET) აღმასრულებელი დირექტორი, ერიკ ლივნი თავის ბლოგში “ქართველი მქონებელნი და უქონელნი: ვინ არის დამნაშავე და როგორ უნდა მოვიქცეთ?”
გრაფიკი: შემოსავლების და შესაძლებლობების უთანასწორობა რეგიონში. საქართველო მოხვდა ყველაზე უთანასწორო შესაძლებლობებისა და შემოსავლების მქონეთა ზედა მარჯვენა კუთხეში.
როგორც უცხოელი ექსპერტი მიიჩნევს, ვარდების რევოლუციის შემდეგ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მთავარი პარადოქსი იყო ის ფაქტი, რომ მზარდი მოთხოვნის მიუხედავად, დაქირავებული სამუშაო ძალის წილი ქვეყნის საერთო მუშახელში უცვლელად 13%-ს შეადგენს. აქედან, 5% საჯარო სექტორშია დასაქმებული: მასწავლებლები, არმია, პოლიცია და საჯარო ადმინისტრაცია.
“13% გამაოგნებლად დაბალი მაჩვენებლია. შედარებისთვის, გერმანიის 80-მილიონიანი მოსახლეობის 53%-ია ჩართული დაქირავებულ შრომაში”, -წერს ერიკ ლივნი.
ანალიტიკოსის აზრით, ამ სტაგნაციის მიზეზი სამუშაო ადგილების ნაკლებობა არ არის, ისინი სწორედ სათანადო სამუშაო ძალის დეფიციტის გამო ვერ იქმნება, რასაც ქართველი დამქირავებლებიც აღნიშნავენ.
“საქართველოში დიდი ინვესტიციები ჩაიდო ეკონომიკის თანამედროვე სექტორებში: საბანკო სექტორში, ვაჭრობაში, ტრანსპორტში, წარმოებაში, თანამედროვე ინდუსტრიულ სოფლის მეურნეობასა და საკვების გადამუშავებაში. ერთის მხრივ, დამსაქმებლები სანთლით ეძებენ სპეციალური პროფესიული კვალიფიკაციის მქონე ადამიანებს, მაგალითად, საინფორმაციო ტექნოლოგიების სპეციალისტებს, საწარმოოს ხაზზე მომუშავეებს, ტრაქტორის ოპერატორებს, გაყიდვების, სამზარეულოსა და სასტუმროს პერსონალს. მეორეს მხრივ, მათ სჭირდებათ ისეთი კადრებიც, რომლებიც კულტურულად შესაფერისი არიან მომსახურების ინდუსტრიაში დასაქმებისთვის, შეუძლიათ მშობლიურ და უცხო ენებზე ურთიერთობა, ინსტრუქციების კითხვა და შესრულება, შეუძლიათ კომპიუტერთან მუშაობა და ფლობენ საბაზისო დისციპლინას”, - აცხადებს ერიკ ლივნი.
მისი თქმით, ვინაიდან მოთხოვნა დაქირავებულ მუშახელზე მიწოდებას აჭარბებს, ეკონომიკის დაწინაურებულ სექტორებში ხელფასები 2011 წლიდან მოყოლებული წლიურად 5-12%-ით იზრდება, რაც დასაქმებულთა და დაუსაქმებელთა შემოსავლებს შორის არსებულ უფსკრულს ზრდის .
“იმისათვის, რომ საქართველოს ეკონომიკამ კონკურენტულობა შეინარჩუნოს, გარკვეული ნაბიჯებია გადასადგმელი, რომ დაბალპროდუქტიული სოფლის მეურნეობიდან და სხვა ტრადიციული საქმიანობიდან (დიასახლისობა) ადამიანები ეკონომიკის თანამედროვე სექტორებში გადაერთონ. სოციალური მობილობის არარსებობის წამალი მხოლოდ პროფესიული სწავლება როდია, როგორც ბევრი სწავლული გვარწმუნებს. ამისთვის საჭიროა, ინვესტიცია ჩაიდოს ადრეული განათლების სისტემაში, რომელიც სოფლის მოსახლეობისთვის იქნება გამიზნული”, - აცხადებს ერიკ ლივნი.
განათლების სისტემას ახალი ტექნოლოგიები, ახალგაზრდა მასწავლებლები, ახალგაზრდა მისაბაძი მაგალითები, მათ შორის, ქართველები და უცხოელები, სჭირდება, მსგავსი პროგრამის -“ასწავლე საქართველოსთვის”, სადაც ამერიკის მშვიდობის კორპუსის მოხალისე-მასწავლებლები არიან ჩართულნი, - მიიჩნევენ ეკონომიკურ სკოლაში.
თუმცა, უცხოელი ექსპერტი აცხადებს, რომ აღნიშნული პროექტი საკმაოდ შეზღუდულია და მხოლოდ 111 მოხალისე მსახურობს. შესაბამისად, პერიფერიებში მცხოვრები ნაკლებად პრივილიგებული ბავშვებისთვის საჭიროა არსებული პროგრამების მასშტაბების გაზრდა და ახალი იდეების მოფიქრება.
“საჭირო არ არის ბორბლის გამოგონება. ერთი-ერთი მარტივი გზაა სამხედრო სამსახურის ალტერნატივად სამოქალაქო სამსახურის დაწესებაა. დამატებით, საქართველოს შეუძლია შექმნას მექანიზმი, რომელიც სამოქალაქო საქმეში ჩართავს ქვეყნის ყველაზე ჭკვიან და გამორჩეულ ადამიანებს: მათ, ვინც სახელმწიფოს დაფინანსებით სწავლობს, შეეძლებათ დაეხმარონ საქართველოს პატარა დასახლებებისა და სოფლების მოსახლეობას და ასე გადაუხადონ ამაგი სახელმწიფოს”- აცხადებს ერიკ ლივნი.
აღსანიშნავია, რომ დასაქმების ზრდის ძირითად გამოწვევად ეკონომიკური განვითარების ახალი მინისტრი, გიორგი გახარიაც სტრუქტურულ უმუშევრობას ასახელებს.
“ეკონომიკური ზრდის დეკომპოზიციას თუ შევხედავთ, ძირითადად, სწრაფად იზრდება სერვისები, სერვისები ვერ ასაქმებს ადამიანებს… არ არის დასაქმებით ინტენსიური დარგი და იმ დარგებში, სადაც მოსახლეობა სადაც ყველაზე მეტად გვყავს დასაქმებული, შედარებით დაბალი ტემპებით იზრდება და ეს არის სტრუქტურული გამოწვევა, რომელსაც უნდა ვებრძოლოთ და გამოვასწოროთ”, - განაცხადა მინისტრმა 24 ნოემბერს საქართველოს პარლამენტში, გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე.
ბელა ნოზაძე