შებოლილი სულუგუნი ამერიკულ ბაზარზე - რატომ არის მნიშვნელოვანი HACCP-ის დანერგვა და რა პრობლემებს აწყდებიან ბიზნესოპერატორები
რძის პროდუქტების ქართული კომპანია “ცეზარი” ამერიკულ ბაზარზე თავს იმკვიდრებს. წალკის ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლის სარდაფში გახსნილი საწარმო 2013 წელს, ორგანიზაცია “მერსი ქორფსის” ფინანსური მხარდაჭერით ახალ შენობაში გადავიდა, თანამედროვე ტექნიკით აღიჭურვა და HACCP-ი (საფრთხის ანალიზი და კრიტიკული საკონტროლო წერტილები) დანერგა.
“ზაფხულის პერიოდში დღეში, დაახლოებით, 700 კილოგრამ სულუგუნს ვამზადებთ, რომელსაც “კარფურში”, “გუდვილში”, რესტორნებსა და სხვა ობიექტებში ვაბარებთ”, - ყვება EUGeorgia.info-სთან საუბარში კომპანიის მფლობელი, ცეზარ კახაძე.
მიმდინარე წლის ივნისიდან “ცეზარის” პროდუქცია, კერძოდ კი, შებოლილი სულუგუნი, აშშ-ის ბაზარზე გადის და ნიუ იორკის მაღაზიებში იყიდება. ცეზარ კახაძე ამბობს, რომ უახლოეს მომავალში შებოლილი სულუგუნი ლოს ანჯელესშიც გაიყიდება.
“თავიდან 300-400 კილოგრამი გაგვქონდა, ახლა კი მოცულობა 3 ტონამდე გავზარდეთ. ცოტა ხნის წინ, “მერსი ქორფსის” დახმარებით, ახალი საწარმო აჭარაში გავხსენით. მოთხოვნა ამერიკულ ბაზარზე მაღალია, ამიტომ ვფიქრობ, რომ ერთ-ერთი ჩვენი საწარმო მთლიანად ექსპორტზე იქნება ორიენტირებული. როგორც ვიცი, ნიუ იორკში ჩვენი ყველი 15 აშშ დოლარი ღირს”, - ყვება ცეზარ კახაძე.
EUGeorgia.info-სთან საუბარში ამბობს, რომ სწორედ მაღალი სტანდარტების დანერგვა დაეხმარა როგორც ქართულ ბაზარზე დამკვიდრებაში, ისე საექსპორტო პოტენციალის გაზრდაში. თუმცა, ქართულ ბაზარზე წარმოდგენილი დაბალხარისხიანი პროდუქცია კომპანიას სერიოზულ კონკურენციას უწევს.
“ბაზარი რძის ფხვნილმა წალეკა. საუბარია დაბალხარისხიან, არაეტიკეტირებულ პროდუქციაზე, რომლის კონტროლიც არ ხდება. ნატურალური რძე, რომლისგანაც ყველს ვამზადებთ, ძვირი ღირს, ფხვნილით კი უხარისხო ყველს ამზადებენ და, შესაბამისად, უფრო დაბალ ფასადაც ყიდიან. ეს ჩვენთვის ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემაა. ბევრი მაღაზია ამ პროდუქტს იბარებს, მათ მაღალხარისხიანი და შედარებით ძვირადღირებული პროდუქცია არ სურთ, რადგან ჩვენთან ორიენტირებული არიან ფასზე და ნაკლებად - ხარისხზე”, - ამბობს ცეზარ კახაძე.
აშშ-ში, ისე როგორც ევროკავშირში სურსათის უვნებლობის კონტროლის მთავარ სისტემას საფრთხის ანალიზი და კრიტიკული საკონტროლო წერტილები – HACCP-ი წარმოადგენს, რომელიც სურსათის წარმოების პროცესში პოტენციური საფრთხეების დადგენას, მათ პრევენციას და აღმოფხვრას გულისხმობს.
HACCP-ის დანერგვა ევროკავშირის ტერიტორიაზე მომუშავე საწარმოებში 2002 წლიდან არის სავალდებულო. საქართველოში კი, HACCP-ის სტანდარტების დანერგვა სავალდებულოა მხოლოდ სასაკლაოებისთვის და ნედლი რძის გადამამუშავებელი ქარხნებისთვის.
“სასაკლაოებსა და ნედლი რძის გადამამუშავებელ ქარხნებს ეს ვალდებულება 4 წლის წინ ჰქონდათ. სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ მიღებულ იქნა პოლიტიკური გადაწყვეტილება და საწარმოებს ვაცადეთ - 2015 წლის 1 იანვრამდე HACCP-ის სისტემის დანერგვის კუთხით საჯარიმო სანქციები არ გამოყენებულა. ინსპექტირება 2015 წლის 1 იანვრიდან დაიწყო, ხოლო მომავალი წლის იანვრიდან სასაკლაოები და ნედლი რძის გადამამუშავებელი ქარხნები, რომლებსაც HACCP-ი დანერგილი არ აქვთ – ვერ იმუშავებენ”, - ამბობს სურსათის ეროვნული სააგენტოს ხარისხის კონტროლის დეპარტამენტის უფროსი გიორგი მიქაძე.
EUGeorgia.info-სთან საუბარში HACCP-ის სისტემაზე გადასული სასაკლაოებისა და ნედლი რძის გადამამუშავებელი ქარხნების მფლობელები ამბობენ, რომ მათ სერიოზულ კონკურენციას გარე მოვაჭრეები უწევენ.
კანონმდებლობით, გარე ვაჭრობა აკრძალულ საქმიანობას წარმოადგენს და მის პრევენციას შინაგან საქმეთა სამინისტრო და ადგილობრივი თვითმმართველობები უნდა ახორციელებდნენ, თუმცა ეფექტური კონტროლი დღემდე არ ხდება.
ბიზნესოპერატორები EUGeorgia.info-სთან საუბარში ამბობენ, რომ კიდევ ერთ პრობლემას სარეალიზაციო ქსელის ფაქტორი წარმოადგენს, რადგან ხშირად სუპერმარკეტები და მაღაზიები, განსაკუთრებით რეგიონებში, შიდა კონტროლს არ ახორციელებენ და არაეტიკეტირებულ პროდუქციას იბარებენ.
“სურსათის ეროვნული სააგენტოს დამსახურებით, თუ 5 წლის წინ სასაკლაოებზე დღეში, საშუალოდ, 5 პირუტყვი იკვლებოდა, ახლა რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა. თუმცა, დღესაც ძალიან ბევრი პირუტყვი გარეთ იკვლება. ჩვენთან მსხვილფეხა პირუტყვის დაკვლა 30 ლარამდე ღირს, შესაბამისად, სახლის პირობებში დაკლული პირუტყვის ხორცს უფრო იაფად აბარებენ. უნდა გადაიკეტოს გზები, სადაც ხდება ასეთი საქონლის ჩაბარება, რადგან ამით როგორც სახელმწიფო ბიუჯეტი ზარალდება, ისე მეწარმე და მომხმარებელი”, - მიიჩნევს კასპიის რაიონში მდებარე სასაკლაოს მფლობელი გივი მელხაური.
ანალოგიურ პრობლემებს აწყდებიან ნედლი რძის გადამამუშავებელი ბიზნესოპერატორები, რომლებიც “რძის ტექნიკური რეგლამენტით” გათვალისწინებულ სტანდარტებს იცავენ და HACCP-ის სისტემა აქვთ დანერგილი.
რძის კომპანია “ნებიერას” მენეჯერი კახა ცქიფურიშვილი ამბობს, რომ ყოფილა შემთხვევები, როცა ფასის გამო მაღაზია მისი პროდუქციის მიღებაზე უარს ამბობდა, რადგან კერძო პირებისგან ანალოგიურ პროდუქციას 15-20%-ით იაფად იბარებდა.
“ნებიერა” 2009 წელს გაეროს ერთ-ერთ პროგრამის დაფინანსებით აშენდა, რაშიც 50 ათასი ლარის ინვესტიცია ჩაიდო, HACCP-ის სისტემა კი საკუთარი სახსრებით დანერგა.
“დიდ სუპერმარკეტებში პროდუქციის მიმართ მაღალი მოთხოვნებია, მაგრამ ბევრი მაღაზიისთვის დაბალი ფასი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ხარისხი”, - ამბობს კახა ცქიფურიშვილი.
სპეციალისტი სურსათის უვნებლობის საკითხებში ეკატერინე ბურკაძე განმარტავს, რომ არარეგისტრირებული ბიზნესოპერატორები რძის ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებული მოთხოვნების თავიდან აცილების მიზნით სხვადასხვა ხერხს მიმართავენ.
“მაგალითად, ბაზარში იყიდება პროდუქტი, რომელსაც აწერია “იმერული”. ის მრგვალი და თეთრია, შესაბამისად, მომხმარებელს ჰგონია, რომ ყველზეა საუბარი. თუმცა, ეს მეწარმის მარკეტინგული სვლაა: მას სიტყვა “ყველის” გამოყენების უფლება არა აქვს, რადგან მისი პროდუქტი მცენარეული ცხიმით და რძის ფხვნილითაა დამზადებული”, - ამბობს ეკატერინე ბურკაძე.
სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელი გიორგი მიქაძე სარეალიზაციო ქსელის პრობლემაზე საუბრისას სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსს იშველიებს.
“სარეალიზაციო ქსელში გაყიდული სურსათის უმეტესობა, მათ შორის ისეთი პროდუქტი, როგორიცაა ყველი, არის ნაწარმოები ფიზიკური პირების მიერ, რომლებსაც ჩამოაქვთ და აბარებენ მაღაზიებში. ჩვენი კოდექსის თანახმად, 2020 წლის 1 იანვრამდე ფიზიკური პირები გათავისუფლებული არიან სახელმწიფო კონტროლისგან”, - ამბობს გიორგი მიქაძე.
მის მოსაზრებას, რომ სარეალიზაციო ქსელებში სურსათს ფიზიკური პირები აბარებენ, არ ეთანხმება ორგანიზაცია “მერსი ქორფსის” წარმომადგენელი ლელა კობახიძე.
“ისინი არარეგისტრირებული მეწარმეები არიან, რომლებიც კუსტარულ პირობებში აწარმოებენ ყველს და შეაქვთ მაღაზიებში, როგორც ფიზიკურ პირებს. ზუსტად ეს არის პრობლემა. სამწუხაროდ, სურსათის ეროვნულ სააგენტოს ამის კონტროლის მექანიზმი არა აქვს, ვინაიდან საწარმო არარეგისტრირებულია, კანონით იქ ინსპექტირება შეუძლებელია”, - ამბობს ლელა კობახიძე.
სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელი გიორგი მიქაძე პრობლემის მოგვარების ერთ-ერთ გზად მომხმარებლის ცნობიერების ამაღლებას მიიჩნევს.
“მოხდა სურსათის გაყოფა. 2015 წლის 1 აგვისტომდე ყიდულობდით კარაქს, მაგრამ არ იცოდით, ეს სინამდვილეში კარაქი იყო თუ არა. დღეს კი, ეტიკეტის დასახელება შეესაბამება პროდუქტის შემადგენლობას. მომხმარებლის არჩევანია, რძეს იყიდის თუ მცენარეულ ცხიმზე დამზადებულ პროდუქტს”, - ამბობს გიორგი მიქაძე.
სურსათის უვნებლობის უზრუნველყოფა საქართველო-ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებაზე მოლაპარაკებების პროცესში ევროკავშირის მიერ წაყენებული ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა იყო.
საქართველოში პირველი კანონი სურსათის უვნებლობისა და ხარისხის შესახებ 2005 წლის დეკემბერში მიიღეს. 2030 წლამდე სოფლის მეურნეობის სამინისტროს გაწერილი აქვს 356 ნორმატიული აქტი, ეს არის ევროკავშირის დირექტივები და ნორმატიული აქტები, რომელთანაც ჰარმონიზირება უნდა მოხდეს, აქედან 87 ნორმატიული აქტი სურსათის უვნებლობას ეხება.