ევროკავშირის ქვეყნებში ქართული ექსპორტის შემაფერხებელი ფაქტორების ანალიზი
2014 წლის 1 სექტემბრიდან საქართველო ევროკავშირის ქვეყნებთან DCFTA-ს შეთანხმებით სარგებლობს, რაც ქართველ ექსპორტიორებს საშუალებას აძლევს, ევროპულ ბაზარზე ქართული პროდუქცია ნულოვანი ტარიფით შეიტანონ. შეთანხმებიდან ჯერ მხოლოდ 2 წელი და 3 თვე გავიდა, თუმცა, ევროკავშირში ქართული პროდუქციის ექსპორტი მნიშვნელოვნად არ გაზრდილა.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2016 წელს იანვარ-ნოემბერში საქართველოდან ევროკავშირში 513 მილიონი დოლარის ექსპორტი განხორციელდა, რაც 14%-ით ნაკლებია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე, რაც შეეხება იმპორტს, 17%-ით გაიზარდა.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემები არ ემთხვევა ევროსტატის მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებს. კერძოდ, ქართული სტატისტიკის მიხედვით, 2015 წელს ევროკავშირში მთლიანი ექსპორტის ღირებულება 2014 წელთან შედარებით, 3,4%-ით გაიზარდა, ევროპული კი - 12%-იან მატებას აფიქსირებს. განხვავება შესაძლოა, რამდენიმე ფაქტორით აიხსნას: 1. ექსპორტის FOB (Free On Board) ღირებულება განსხვავდება იმპორტის CIF(Cost, Insurance, Freight) ღირებულებისგან. FOB ფასი არ მოიცავს ტვირთის დაზღვევას და ფრახტს, ამიტომ, საბოლოო ჯამში, CIF ფასი უფრო მაღალია; 2. ევროსტატზე მონაცემები ევროშია დაანგარიშებული, 2015 წელს კი ევრო დოლართან მიმართებაში მნიშვნელოვნად გაუფასურდა, რამაც გაზარდა საქართველოდან იმპორტირებული საქონლის ღირებულება ევროში. ორივე ფაქტორი გარკვეულ გავლენას ახდენს საქსტატისა და ევროსტატის მონაცემებზე, თუმცა, სხვაობა მაინც ძალზე თვალსაჩინოა. საქსტატის საგარეო ვაჭრობის დეპარტამენტში აცხადებენ, რომ ევროსტატს სწორედ ისინი უგზავნიან ვაჭრობის მონაცემებს. ექსპერტები ასევე აღნიშნავენ, რომ ევროკავშირის ბაზარზე შედის ისეთი ქართული პროდუქტებიც, რომელიც არ არის აღრიცხული საქსტატის მონაცემებში, რაც ასევე შესაძლოა იყოს განსხვავების მიზეზი.
თვალი გადავავლოთ ზოგიერთი აგრარული პროდუქტის წარმოების სტატისტიკასაც: ხილის წარმოება 2015 წელს წინა წელთან შედარებით 36%-ით შემცირებულია, მათ შორის, 70%-ით - ვაშლის, ხოლო 38%-ით - ატმის წარმოება. სამაგიეროდ,19%-ით გაზრდილია ყურძნის და 12,2%-ით - ციტრუსის წარმოება. ხოლო საქართველოსთვის ისეთი მნიშვნელოვანი საექსპორტო პროდუქტის, როგორიცაა, თხილის წარმოება, 2015 წელს მხოლოდ 2,7%-ითაა გაზრდილი. რაც შეეხება ბოსტნეულს, მისი წარმოება 15%-ით შემცირდა, მათ შორის, კარტოფილის - 4,6%-ით. ზოგადად, 2015 წელს ბოსტნეულის საშუალო მოსავლიანობამ 7%-ით მოიკლო (კარტოფილის - 30%-ით), რაც კიდევ ერთხელ მიანიშნებს არაეფექტიან და არაპროდუქტიულ წარმოებაზე, რასაც მრავალი მიზეზი აქვს.
ვაჭრობის კლასიკური თეორიის მიხედვით, თავისუფალი ვაჭრობა საშუალებას აძლევს ვაჭრობის ორივე მხარეს, გააცნობიერონ თავიანთი კონკურენტული უპირატესობები და გაზარდონ ეკონომიკური ეფექტიანობა. საქართველოსა და ევროკავშირის მაგალითზე, შეგვიძლია მივიჩნიოთ, რომ საქართველოს კონკურენტული უპირატესობა შესაძლოა ჰქონდეს შრომაინტენსიურ დარგებში, როგორიცაა, მაგალითად, სოფლის მეურნეობა, სადაც ჩართულია დაბალი და საშუალო კვალიფიკაციის მქონე მუშახელი (მით უფრო,რომ მოსახლეობის, თითქმის, ნახევარი დაკავებულია სოფლის მეურნეობით) მაშინ, როცა ევროკავშირის კონკურენტულ უპირატესობად შესაძლოა, განიხილებოდეს კაპიტალინტენსიური სექტორები წარმოებასა და მომსახურებაში. იმისათვის, რომ გამოვიკვლიოთ, აქვს თუ არა საქართველოში წარმოებულ პროდუქტებს კონკურენტული უპირატესობა, გამოიყენება რამდენიმე ინდექსი, მათგან ფართოდ გავრცელებულია ბალასას გამოვლენილი კონკურენტული უპირატესობის ინდექსი (RCA), რომელიც ექსპორტის მონაცემებზე დაყრდნობით გამოითვლება. ინდექსი მერყეობს 0-დან + უსასრულობამდე და გვიჩვენებს მხოლოდ გამოვლენილ უპირატესობას დროის კონკრეტულ მომენტში. Eugeorgia.info შეეცადა, შეერჩია 5 ყველაზე მნიშვნელოვანი საექსპორტო ჯგუფი და გამოეთვალა შესაბამისი პროდუქტებისთვის გამოვლენილი კონკურენტული უპირატესობის ბალასას ინდექსები 2009-2015 წლებში. ეს ჯგუფებია: სპილენძის მადნები და კონცენტრატები, თხილი და სხვა კაკალი, რკინა და ლითონი, ყურძნის ნატურალური ღვინოები და მინერალური წყლები. შედეგების მიხედვით, ხუთივე პროდუქტზე გამოვლინდა კონკურენტული უპირატესობა 2009-2015 წლებში, თუმცა, გასათვალისწინებელია ამ ინდექსის ნაკლოვანებები, რომელიც ვერ ასახავს რეალურ სურათს, და, იმავდროულად, არ არის შედარებადი წლების მიხედვით, გარდა ამისა, ისინი არასიმეტრიულია, რაც არ გვაძლევს გამოვლენილი უპირატესობის ხარისხობრივი შედარების საშუალებას; პასუხობს მხოლოდ ერთადერთ კითხვას: ჰქონდა თუ არა დროის კონკრეტულ პერიოდში ქვეყანას კონკურენტული უპირატესობა დანარჩენ მსოფლიოსთან შედარებით. მკვლევარების მიერ ასევე შემოთავაზებულია სხვადასხვა მეთოდოლოგია კონკურენტული უპირატესობების გამოსავლენად, რომელიც ითვალისწინებს კორექტირებებს სხვადასხვა ეკონომიკური ინდიკატორების საშუალებით.
DCFTA-ს ეფექტის შესაფასებლად მკვლევარები იყენებენ კეთილდღეობის ანალიზს და აფასებენ თავისუფალი ვაჭრობის შესაძლო სარგებელსა და დანაკარგებს ორივე მხარისათვის. მკვლევართა აზრით, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნები ცალსახა სარგებელს მიიღებენ ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების შედეგად.
“ვაჭრობის მდგრადობაზე ზემოქმედების შეფასების” საბოლოო ანგარიშში ვკითხულობთ, რომ მაკრო დონეზე საქართველოშიც მოხდება პოზიტიური ცვლილებები. შეფასების მიხედვით, საქართველოდან ექსპორტი ევროკავშირში მოკლევადიან პერიოდში გაიზრდება 9%-ით, ხოლო იმპორტი - 4,4%-ით. გრძელვადიან პერიოდში ექსპორტის 12,4%-იანი ზრდა ივარაუდება, იმპორტის შემთხვევაში კი - 7.5%-იანი მატება, რაც გააუმჯობესებს სავაჭრო ბალანსს. გარდა ამისა, მოსალოდნელია, რომ ხელფასები გაიზრდება 3,6%-ით. სამომხმარებლო ფასების მოსალოდნელ კლებასთან კომბინაციაში ეს ცვლილება განკარგვადი შემოსავლის ზრდას განაპირობებს. (ევროკომისია, 2012) საყურადღებოა ის ფაქტი, რომ ეს შეფასებები არ ითვალისწინებს მაკროეკონომიკური ფაქტორების ცვლილებას, რაც დღეს ჩვენი ქვეყნისთვის ასე აქტუალურია.
ასოცირების ხელშეკრულების 2016 წლის 25 ნოემბრის ანგარიშში ვკითხულობთ:
“სოფლის მეურნეობის სექტორი სტრუქტურული ხარვეზების წინაშე დგას, რაც განპირობებულია: მიწის ფრაგმენტაციით, განათლებაზე, თანამედროვე ტექნოლოგიებზე, სასოფლო-სამეურნეო კრედიტსა და დაზღვევაზე შეზღუდული წვდომით, რასაც შედეგად მოაქვს დაბალი მწარმოებლურობა, იმპორტდამოკიდებულება, საკვები პროდუქტების მაღალი ფასი. მიუხედავად იმისა, რომ მოსახლეობის ნახევარზე მეტი სოფლად ცხოვრობს, სოფლის მეურნეობის პირველადი წარმოების წილი მთლიან შიდა პროდუქტში 2015 წლისათვის 9,2% იყო. საერთო ჯამში, სოფლის მეურნეობა და აგრობიზნესი 2009 წლიდან სტაბილურ ზრდას განაგრძობს. 2015 წელს მთლიანი გამოშვება 2014 წელთან შედარებით, 2,7%-ით გაიზარდა, თუმცა, ექსპორტის მოცულობა 26%-ით შემცირდა, რაც, ძირითადად, გამოწვეულია რეგიონული ბაზრების შემცირებითა და სავალუტო რყევებით. საქართველო აგრძელებს საექსპორტო ბაზრების დივერსიფიცირებას DCFTA-ს ახალი შესაძლებლობებიდან გამომდინარე.”
კითხვაზე - რატომ არ იზრდება საქართველოდან ევროკავშირის ქვეყნებში ექსპორტი- უამრავი მიზეზი სახელდება, რომლებიც შესაძლოა, განსხვავდებოდეს პროდუქტების ჭრილში, თუმცა, აქ განვიხილავთ, იმ შემაფერხებელ ფაქტორებს, რასაც მსხვილი ექსპორტიორები ყველაზე ხშირად ასახელებენ, ასევე, ზოგადად, აგრარული სექტორის პრობლემებს, რომლებიც ხელს უშლის ადგილობრივ მწარმოებლებს გავიდნენ ევროკავშირის ბაზარზე.
პროდუქციის დაბალი ხარისხი და არაერთგვაროვნება
საქართველოში წარმოებული პროდუქტი არ არის კონკურენტუნარიანი ევროკავშირის ბაზარზე, რადგან პროდუქტის ხარისხი არ არის შესაბამისობაში ევროკავშირის სტანდარტებთან. ამის მიზეზი შესაძლოა იყოს როგორც ხარისხიანი პროდუქტის შექმნისთვის შესაბამისი ცოდნის უქონლობა, ასევე ფინანსებზე ხელმისაწვდომობის პრობლემა. ფერმერებს არ იციან, როგორ გააუმჯობესონ ხარისხი. მსხვილი ექსპორტიორებისთვის უდიდეს პრობლემას წარმოადგენს როგორც ხარისხიანი, ასევე, ერთგვაროვანი პროდუქციის შეგროვება, შესაბამისად, პროდუქტის სტანდარტულ კატეგორიებად დაყოფა რთულდება. ადგილობრივი შემგროვებელი პუნქტების არარსებობის გამო პროდუქცია დამატებით ტრანსპორტირებას საჭიროებს, რაც ზრდის პროდუქტების დაზიანებით გამოწვეულ დანაკარგებს. მნიშვნელოვნად შემაფერხებელია ხარისხის დამადასტურებელი სერთიფიკატების უქონლობა, რომლის აღება ისედაც მცირემასშტაბიანი ფერმერებისთვის დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული. მეორეს მხრივ, ფერმერებს არ აქვთ საბრუნავი საშუალებები და არ მიუწვდებათ ხელი ფინანსებზე. შედეგად, წარმოების მცირე მოცულობების გამო ფერმერები ვერ გადიან ევროკავშირის ბაზარზე, რომელიც უწყვეტ მიწოდებას და ხარისხიან პროდუქტს ითხოვს, ამიტომ ისინი, ძირითადად, ადგილობრივ ბაზარზე ფოკუსირდებიან. თუმცა, აქ ახალ პრობლემას აწყდებიან - იმპორტს კონკურენციას ვერ უწევენ. საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგიაში აგრარულ სექტორში დასაქმებულთა კონკურენტუნარიანობის ზრდისთვის, ფერმერთა ცოდნის ამაღლებასა და ეფექტიანი სასოფლო-სამეურნეო ექსტენციის მომსახურების გაწევასთან ერთად პროფესიული სწავლების ხარისხისა და უმაღლესი განათლების გაუმჯობესების ხელშეწყობაც არის დასახელებული.
მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურა, ლოგისტიკა, სამაცივრე მეურნეობები და ტრანსპორტირება
ინფრასტრუქტურის მოუწესრიგებლობა უდიდეს პრობლემას წარმოადგენს, განსაკუთრებით, სოფლად მცხოვრები ფერმერებისთვის. სოფლამდე მისასვლელი გზების მდგომარეობა ხშირ შემთხვევაში ზრდის ტრანსპორტირებისას პროდუქციის დაზიანების რისკს, სარწყავი და სადრენაჟე სისტემების გაუმართავობა საფრთხეს უქმნის ნათესებს და მნიშვნელოვანი ხელისშემშლელი პირობაა მწარმოებლურობის გაზრდისთვის. სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგია მოიცავს სამელიორაციო სისტემების რეაბილიტაციასა და მოდერნიზაციასაც.
“2012-2014 წლებში საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გატარებული ქმედითი ღონისძიებების (სარეაბილიტაციო და საექსპლუატაციო სამუშაოები) შედეგად წყალუზრუნველყოფილი ფართობები გაიზარდა 88 ათას, ხოლო დაშრობილი - 25 ათას ჰექტრამდე. 2020 წლამდე იგეგმება გასარწყავებული და დაშრობილი ფართობების რაოდენობის გასამმაგება”,- გაწერილია სტრატეგიაში.
სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგიაში ერთ-ერთ სტრატეგიულ მიმართულებად ასევე დასახელებულია მოსავლის აღების შემდგომი ტექნოლოგიების დანერგვის ხელშეწყობა.
“სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, ჩატარდება კვლევა, როგორც ქვეყნის მასშტაბით, ისე რეგიონალურ დონეზე მოსავლის აღების შემდგომი ტექნოლოგიების, სადისტრიბუციო და გადამმუშავებელ შესაძლებლობებში არსებული მოთხოვნის გამოსავლენად. განისაზღვრება ამ ტიპის ინვესტიციების ტექნიკური და ფინანსური დასაბუთება, რომელიც ხელმისაწვდომი იქნება ყველა დაინტერესებული მხარისათვის. შემუშავდება რეკომენდაციები პირველადი და გადამუშავებული პროდუქტების შესანახი სასაწყობე და სამაცივრე ინფრასტრუქტურის, ლოჯისტიკის (საბითუმო) ცენტრების მოწყობისა და ექსპლუატაციის შესახებ, რაც ხელს შეუწყობს პროდუქციის ხანგრძლივი პერიოდით შენახვას, ხარისხისა და სასაქონლო სახის შენარჩუნებასა და სადისტრიბუციო ქსელის გაფართოებას”, - აღნიშნულია სტრატეგიაში.
ლოჯისტიკური ცენტრები და სამაცივრე მეურნეობები ფერმერებს საშუალებას მისცემს, პროდუქტი დიდი ხნით შეინახონ და გაიტანონ გასაყიდად მაშინ, როცა იქნება ყველაზე მაღალი ფასი. ამგვარად, ფერმერები შეძლებენ არა მხოლოდ სეზონურად გაიტანონ ექსპორტზე თავიანთი პროდუქცია.
საბრუნავი საშუალებების სიმცირე და ფინანსებზე ხელმისაწვდობის პრობლემა
ექსპორტიორებს სჭირდებათ საბრუნავი საშუალებები იმისათვის, რომ შეიძინონ ხილ-ბოსტნეული ფერმერებისგან, თუმცა, სახეზეა საბრუნავი კაპიტალის სიმცირე. როდესაც ქართველ ექსპორტიორს უნდა ევროპის ბაზარზე შესვლა, იგი უნდა იყოს პროდუქციის სტაბილური მიმწოდებელი, იმავდროულად, კონკურენცია უნდა გაუწიოს სხვა მიმწოდებლებს, რაც გამოიხატება დიდი მოცულობებით მიწოდებაში. ძირითადად, ამ პროდუქციას სუპერმარკეტების ქსელები და საბითუმო დისტრიბუტორები იბარებენ. იმისათვის, რომ ექსპორტიორმა არსებული მოთხოვნა დააკმაყოფილოს, დიდი რაოდენობით საბრუნავი საშუალებები ესაჭიროება, ბანკები კი, თავის მხრივ, თავს იკავებენ, ან მაღალ პროცენტად გასცემენ მსგავსი დანიშნულების სესხებს: მაღალია პროდუქტის დაზიანების რისკი, რომლის დადგომის შემთხვევაში ექსპორტიორი ვერ შეძლებს ვალის დაფარვას. ფინანსებზე ხელმისაწვდომობის პრობლემა ერთ-ერთი პირველია, რაც ხელისშემშლელ ფაქტორად შეიძლება დასახელდეს ბიზნესის კეთებისას. სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ ინიცირებული შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტი გარკვეულწილად ხელმისაწვდომს ხდის ფინანსებს ფერმერებისთვის, რადგან, სესხის დამტკიცების შემთხვევაში, საპროცენტო განაკვეთის თანადაფინანსებას ახორციელებს. თუმცა, პროექტს აქვს ხარვეზებიც, კერძოდ, თანხები ლიმიტირებულია და ბიზნესის გაფართოებისას შეუძლებელია იმავე სარგებლის მიღება.
მიწის ფრაგმენტაცია
სასოფლო-სამეურნეო სავარგულების მაღალი ფრაგმენტაცია როგორც სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოების, აგრეთვე მომდევნო ეტაპებთან დაკავშირებული უამრავი პრობლემის ძირითადი გამომწვევი მიზეზია. დღეისათვის საქართველოში 700 ათასზე მეტი მეურნეობაა, რომელთა მფლობელობაშია, საშუალოდ, 1,5ჰა მიწის ნაკვეთი; საკადასტრო რუკა მოუწესრიგებელია და, ჯერჯერობით, რეგისტრირებულია მიწების მხოლოდ 25%. წელს მთავრობამ მიწის უფასო რეგისტრაციის პროგრამა წამოიწყო, თუმცა, პროგრამის ეფექტიანობა ჯერ კიდევ არ შეფასებულა. სოფლის მეურნეობაში მწარმოებლურობის გასაზრდელად ორი ძირითადი მიმართულების გამოყენება შეიძლება: ათვისებული მიწის ფართობების ზრდა და რესურსების უფრო ეფექტიანი გამოყენება. დამატებითი ინფორმაცია, როგორ მიიღწევა მწარმოებლურობის ზრდა სოფლის მეურნეობაში აუთვისებელი მიწების ზრდის ხარჯზე, იხილეთ ჩვენი სტატია.
განათლებაზე შეზღუდული წვდომა
საბჭოთა პერიოდისაგან განსხვავებით, როცა აგრარულ სასწავლებლებსა და სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტებში მზადდებოდა საშუალო და უმაღლესი კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტი, დღეს ეს ინსტიტუციები მოშლილია და შეინიშნება აგრარული პროფილის მქონე სპეციალისტების ნაკლებობა, სტუდენტებში აგრარული მიმართულება პოპულარული არ არის, შესაბამისად, სახელმწიფომ უნდა განახორციელოს ქმედითი პოლიტიკა, პრიორიტეტული მიმართულებები და სპეციალური პროგრამები, ამასთანავე, უზრუნველყოს უცხოელი სპეციალისტების ჩამოყვანა და ადგილობრივი ფერმერებისთვის ტრენინგების ჩატარება. 2014 წლიდან დაიწყო ფუნქციონირება “სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითმა ცენტრმა”, რომლის ერთ-ერთ მიზანს ცოდნის გავრცელების პროგრამის ფარგლებში რეგიონული ექსტენციის ცენტრების განვითარება და ხელშეწყობა წარმოადგენს.
ევროპის ბაზრების შესახებ მწირი ინფორმაცია
ეკონომიკური პოლიტიკის კვლევითი ცენტრის (EPRC) მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით (მცირე ზომის ფერმერთა საჭიროებებისა და ინფორმირებულობის კვლევა), გამოკითხული 500 ფერმერიდან 71%-მა არაფერი იცოდა DCFTA-სა და სხვა შეღავათიანი სავაჭრო რეჟიმების შესახებ. სურსათის ჰიგიენის სტანდარტის - HACCP-ისა და Global Gap-ის შესახებ ინფორმაცია ფერმერთა უმრავლესობამ არასამთავრობო ორგანიზაციებისგან მიიღო. ამიტომ მნიშვნელოვანია,სახელმწიფომ გააძლიეროს კომუნიკაცია ფერმერებთან და გააცნოს მათ ევროკავშირის ბაზრის მოთხოვნები. ფერმერებმა მაქსიმალურად უნდა გამოიყენონ ის შესაძლებლობები, რასაც DCFTA სთავაზობთ.
ქართული პროდუქტების დაბალი ცნობადობა ევროპის ბაზარზე
ქართული აგრარული პროდუქტების წარმომავლობა ევროკავშირის ბაზრისთვის ჯერ კიდევ უცხოა, ამიტომ საჭიროა აგრესიული მარკეტინგული ღონისძიებების ჩატარება და ქვეყნის ერთიანი ბრენდის შექმნა, რაც ევროკავშირის ქვეყნების მომხმარებლებს შეუქმნის გარკვეულ წარმოდგენას ქართულ პროდუქტზე, თუმცა, მანამდე ხარისხის გაუმჯობესებაზე მუშაობაა საჭირო. ამ მხრივ მნიშვნელოვანია საერთაშორისო გამოფენებშიც აქტიური მონაწილეობა.
ზემოთ ჩამოთვლილი პრობლემების აღმოსაფხვრელად ექსპერტების მიერ შემოთავაზებული რეკომენდაციების მიხედვით, შესაძლებელია ეფექტიანობის გაზრდა სოფლის მეურნეობაში და ახალი შესაძლებლობების ათვისება. კოლექტიური წარმოების ხელშეწყობა და კოოპერატივების განვითარება შეიძლება მივიჩნიოთ პრობლემის გადაჭრის გზად, თუ გვინდა მივაღწიოთ ერთიანი მოცულობების ზრდას და საექსპორტო პოტენციალის ათვისებას. კოლექტიური წარმოება ამცირებს ხარჯებს ღირებულებათა ჯაჭვის თითოეულ ეტაპზე და ხელს უწყობს მასშტაბის ეკონომიის მიღწევას. კოოპერირების პროცესი წარმატებით მიმდინარეობს, რასაც მოწმობს 2013 წლიდან დღემდე დარეგისტრირებული კოოპერატივების რაოდენობა (1595), თუმცა, ახლა ჯერი მათ ხარისხობრივ მახასიათებლებზეა. მნიშვნელოვანია სახელმწიფოს როლი სოფლის მეურნეობის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისა და განათლებაზე ხელმისაწვდომობის მისაღწევად. სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს ასევე ევროკავშირის ბაზრების კვლევა და გააცნოს ფერმერებს ახალი შესაძლებლობები.
ქეთევან მელქაძე (ISET-ის მაგისტრი)